ბოლო დროს ისინი ცხონდებიან, ვინც ღმერთსა და ზეციურზე იფიქრებს
ბოლო დროს ისინი ცხონდებიან, ვინც ღმერთსა და ზეციურზე იფიქრებს
მორწმუნეთა კითხვებს პასუხობს მღვდელმონაზონი არსენი, ბურეზარის სქიტის წმინდა ნიკოლოზის კელიის მოძღვარი, და არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი), დოქიარის მონასტრის იღუმენი.

კითხვა: გვწერს დედა, რომლის ერთადერთი ქალიშვილი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტია. დედას სული სტკივა, არ იცის, როგორ დაიცვას შვილი, მისი უმანკოება. ქალიშვილი დადიოდა საკვირაო სკოლაში, დადიოდა ტაძარში. როგორ აუხსნას მას, რომ ყველაფერი, რაც მას გარს არტყია - წარმავალია და უმთავრესია გავარკვიოთ ის, თუ რა არის სათნო ღვთისათვის და რა - წარმწყმედელი?

მამა არსენი: ბავშვები მშობლების სახლში ხუთ წლამდე აღიზრდებიან. ახლა საჭიროა, რომ დედამ პირველ რიგში სიტყვით აუხსნას ყველა საკითხი, მეორე - მისცეს მას მაგალითი თავისი ცხოვრებით, მესამე - გულმოდგინედ სთხოვოს უფალს ქალიშვილის დაცვა და გადარჩენა.

კითხვა: რა არის ყველაზე დიდი საცდური ქალებისთვის, კაცებისთვის, მონაზვნისა და ეკლესიის იერარქიისთვის?

მამა არსენი: უნდა გავმიჯნოთ ამ ადამიანების მდგომარეობა. მონაზვნისთვის ეს საკუთარი ნების მიყოლაა, საკუთარი ნების აღსრულებაა.

დაოჯახებული კაცისთვის ყველაზე დიდი საცდური - საკუთარი გემოვნების მიხედვით საქმიანობაა, მხოლოდ საკუთარი განზრახვების მიყოლაა, როცა ცოლ-ქმარი თანხმობასა და კეთილ ურთიერთობებს არ ინარჩუნებენ.

პირველ შემთხვევაში ეს თავმდაბლობის უქონლობაა, მეორეში კი სიამაყე. არ არის გამორიცხული, რომ შემკითხველი გულისხმობდა ხორციელ საცდურს, ვნებებს. შეუძლია მას ისინი ყველაზე დიდ საცდურად ჩათვალოს.

კითხვა: მე მქვია პელაგია, 29 წლის ვარ. უკვე ათი წელია, გათხოვილი ვარ და შვილი არ მყავს. არ ვიცი, რა ვქნა: გამოვიყვანო ბავშვი ბავშვთა სახლიდან თუ ლოცვა განვაგრძო?

მამა არსენი: უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა წერილში მრავალი მაგალითია, როცა ცოლ-ქმარი მრავალი წლის მანძილზე ელოდება შვილის ეძენას: აბრაამი და სარა, ისააკი და რებეკა, იოაკიმე და ანა, ზაქარია და ელისაბედი.

ეს ქალი, სჯობს, ღმერთს მიენდოს, შესთხოვოს მას და იმ წმინდანებს, რომელთაც გვიან ეყოლათ შვილები, უშუამდგომლონ, რათა უფალმა, როცა ის ინებებს, მოუვლინოს მას პატარა.

კითხვა: როგორ ვიცხოვნო თავი ურწმუნო ცოლთან?

მამა არსენი: როგორც ამბობს მოციქული პავლე, კანონიერი მეუღლის მიტოვების ერთადერთ საბაბი მრუშობაა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, თუ ერთი მხარე ურწმუნოა, მეორემ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და თავისი მაგალითით და ლოცვით მიიყვანოს იგი ღმერთთან. თანამედროვე ყოფაში ამის ბევრი მაგალითია.

კითხვა: რა ვქნა, თუკი ერთი და იგივე ცოდვები გარს მივლიან, მოდიან და სიცოცხლეს მიმწარებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მუდმივად ვამბობ აღსარებაში და ვეზიარები?

პასუხი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სასოს წარკვეთა - ეს პირველია და მეორეც - სიკვდილამდე უნდა ვებროლოთ ამ ცოდვას, უნდა მოვიძულოთ ცოდვა, რათა ის არ განმეორდეს.

კითხვა: ზოგიერთი მამის წინასწარმეტყველებით, ანტიქრისტეს მოსვლამდე ცოტაღაა დარჩენილი. როგორ ვცხონდე, რა ვქნა, რომ ანტიქრისტეს ძეგლი არ მივიღო ამ სოფლის საცდურთა საუკუნეში?

მამა არსენი: ყოველივე მომხდარი გვიტკიცებს, რომ თუ ანტიქრისტე ჯერ არ გამოჩენილა, იგი უკვე კარიბჭესთან დგას. უნდა გვქონდეს დიდი რწმენა, არ შევშფოთდეთ და არ უნდა გვეშინოდეს. საქმის კურსში უნდა ვიყოთ, ვინაიდან ეშმაკი ისეთი მზაკვარია, რჩეულების მოტყუებასაც კი ეცდება.

ბეჭდების დასმა უკვე დაიწყეს ამერიკასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. წმინდა ეფრემ ასური ხაზგასმით ამბობს, რომ ბოლო დროს ისინი ცხონდებიან, ვინც ღმერთსა და ზეციურზე იფიქრებს. სამწუხაროდ, უახლოეს წლებში მრავალი მსგავსი წინასწარმეტყველება აღსრულდა.

კითხვა: როგორ ვიცხოვრო სწორად ოჯახში, როგორ აღვზარდო ბავშვები?

მამა გრიგოლი:
მშვიდად უნდა იქცეოდე ყვირილისა და გაბრაზების გარეშე. სიბრაზე სიკეთეს არ მოგვიტანს.

კარგი ოჯახი მრავალ კარგ მაგალითს უჩვენებს ბავშვებს: როცა მშობლები არ ილანძღებიან, არ ყვირიან, ერთმანეთს არ შეურაცხყოფენ. თუ მათ შორის რაიმე უთანხმოებაა, ეს ბავშვების წინაშე არ უნდა არკვიონ.

კითხვა: თუ ცოლი მართალი არ არის, შენ კი ბავშვების წინაშე ჩხუბობ, მერე როგორ უნდა მოიქცე?

მამა გრიგოლი: ისე რომ არ მოხდეს, მამა ერთს ამბობდეს და დედა - მეორეს. საჭიროა ცოლქმრულ ურთიერთობაში ჰარმონია სუფევდეს. როგორც ამბობდა პლატონი, კაცმა სათნოებები უნდა ისწავლოს.

მშობელი შვილს მობილურ ტელეფონსა და ფულს არ უნდა აძლევდეს, რომელსაც ბავშვი, ვინ იცის, რაში დახარჯავს. ფული საჭიროზე მეტი არ უნდა მისცე, თორემ ხდება ხოლმე, რომ ბავშვს დილით ერთი სამოსი აცვია, შუადღისას - მეორე, საღამოს კი - მესამე.

თუ ოჯახში ფულია, დაე, მოწყალება გაიღონ, დაეხმარონ სხვებს საკუთარი სულის ცხონებისთვის, ნუ ჩაიცვამენ ჩვენი შვილები საუკეთესო სამოსს, უფლისწულებივით ნუ იტრაპეზებენ მაშინ, როცა სხვები შიმშილობენ.

თვალი ადევნეთ ბებიებსა და პაპებს, რადგან მათ ხშირად დიდი ზიანი მოაქვთ ბავშვებისთვის. თუ ბებია ანდა პაპა ღვთის კაცია, ოჯახთან ახლოს გყავდეთ, თუ არადა, მოშორებით. სამწუხაროდ, ხშირად ნათლიებიც არ იცავენ სახარებისეულ მცნებებს და ბავშვებს ცუდ მაგალითს აძლევენ.

თუ ეშმაკი სიყმაწვილის ასაკში გამოგვიჭერს, დაგვეუფლება. პატარა ბავშვის ცოდვა მეტია დიდი ადამიანის ცოდვაზე, რადგან დიდს განსჯის უნარი აქვს, ბავშვს - არა. როცა გვეუბნებიან, ბავშვი უცოდველიაო, ეს ძალზე ფარდობითია.

ჩვენს დროში ასე ხდება: ქალები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე მამაკაცები და ისინი უფრო მეტნი არიან, ვიდრე კაცები. შინ ხშირად უნდა ვკითხულობდეთ იმ დედაკაცების ამბებს, რომლებიც ცოდვილ ცხოვრებას ეწეოდნენ, მერე კი შეინანეს (ღირსი მარიამ მეგვიპტელი, ღირსი პელაგია და სხვა). მამათა ცხოვრებაში მრავალი მსგავსი მაგალითია.

უნდა ვესაუბროთ შვილებს საცდურების საფრთხეზე. გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ახალი ეპოქა დადგა ევროპაში, თავს ერთდროულად ორი უბედურება დაგვატყდა: პოსტქრისტიანობა და გლობალიზმი, მსხვრევა რწმენისა, მსხვრევა ზნეობისა.

ხანდაზმულ ასაკს რომ მივაღწიე, მივხვდი, რომ სწორედ იმ დროს დაიწყო ეშმაკის ბოლო შეტევა, რომელიც მიმართულია მართლმადიდებლური რწმენისა და ქრისტიანული ცხოვრების დასანგრევად.

გლობალიზმი, როგორც უზარმაზარი წისქვილი, ყველაფერს ერთნაირად ფქვავს, შედეგად კი ვიღებთ ერთგვარ ნარევს, სადაც არც ერთ ჩვენგანს საკუთარი პიროვნება არ გვექნება, ჩვენ დავკარგავთ თვითშეგნებას. ყველაფერი ადვილი და დასაშვები იქნება - სრული თავისუფლება, რისთვისაც ეკლესია ყოველთვის წინაღობა, ზღუდე იყო.

კითხვა: რისთვის შექმნა ღმერთმა ეს სამყარო და მე, როგორც ამ სამყაროს ნაწილი?

მამა გრიგოლი:
პირველი ქმნილებები, რომლებიც ღმერთმა შექმნა, ანგელოზები იყვნენ, რომელთაც უნდა განედიდებინათ იგი. ადამიანი კი მან ერთგვარ შემაკავშირებელ არსებად შექნა "გონიერ სამყაროსა" და "გრძნობების სამყაროს" შორის. შექმნის მიზანი ღვთის განდიდება იყო. ამიტომაც ამბობენ წმინდანები "ყველაფერს ღვთის სადიდებლად".

ქრისტიანობასა და კომუნიზმს შორის ის განსხვავებაა, რომ კომუნიზმში მუდამ ადამიანზე საუბრობენ, ქრისტიანობაში კი ღმერთზე.

ანგელოზს ორი დიდი ფრთა აქვს - ადიდებს ღმერთს და სამყაროს ხსნაში ეხმარება. სულით ადამიანი სულიერ სამყაროსთან არის დაკავშირებული, ხორცით კი ხილულ სამყაროთან. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობდა, რომ ადამიანი დამაკავშირებელი რგოლია ხილულ და უხილავ სამყაროს შორის.

კითხვა: როგორ ვიპოვოთ მოძღვარი? სულს სტკივა და გოდებს, არ ვიცი, რა ვქნა: როგორ ვიცხოვრო, როგორ მოვიქცე სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე?

მამა გრიგოლი:
ძლიერი ცხოვრებისთვის დამრიგებლის პოვნაა საჭირო. თუ ის ქალი დამრიგებლად ეძებს ვინმე დიდებულ, ნათელმხილველ მამას - არასწორ გზაზე შემდგარა. უბრალო, გულწრფელი მღვდელი მოძებნოს. როგორც მონაზვნები ამბობენ, სრულიად უსახელო.

აქ ჩამოვიდა ერთი შვეიცარიელი, რომელიც კათოლიკე იყო და მართლმადიდებლობის მიღება სურდა. მან სახელგანთქმულ მამებს მიმართა, მაგრამ მათ ის ვერ დაარწმუნეს. მაშინ ის ამ მონასტერში მოვიდა.

აქ კი ერთი მონაზონი ცხოვრობს, ხარლამპე, რომელმაც ადრეულ ასაკში ინსულტი გადაიტანა, ამიტომაც ლოგიკა მთლად წესრიგში ვერ აქვს. ამ მონაზონმა მოიყვანა შვეიცარიელი ეკლესიაში. როცა ისინი საუბრობდნენ, ხარლამპემ უთხრა: "ახლა წავიდეთ წყაროსთან, საიდანაც წყალი წმინდა მთავარანგელოზებიდან მოდის, შენ ამ წუთს შესვამ და პირს დაიბან". შვეიცარიელმა ჰკითხა: "მთავარანგელოზები გვაწვდიან ამ წყალს?" მაშინ ბერი მას საყელოში სწვდა, შეანჯღრია და დაუყვირა: "ვინ ხარ შენ, რომ არ გჯერა, წყალს რომ მთავარანგელოზები გვაწვდიან?!"

შვეიცარიელი წავიდა და მოინათლა, იღუმენს კი უთხრა, რომ ამ გიჟმა სალოსმა მისგან დასავლური რაციონალიზმი გამობერტყა, რაც ვერ მოახერხეს ცნობილმა მამებმა.

კითხვა: როგორ ვიცხოვრო ყოველთვის ღვთის ნების თანახმად?

მამა გრიგოლი:
რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: სურს თუ არა ეს ღმერთს? სურს თუ არა ეს ღვთისმშობელს? სურთ თუ არა ეს წმინდანებს? ასე კი თავიდანვე უნდა მოვიქცეთ, დრო რომ არ გავუშვათ ხელიდან. ჩვენთან, მართლმადიდებელ ეკლესიაში, არ არის მისტიკური ღვთისმეტყველება, ჩვენში უპირველესი მღვიძარების ღვთისმეტყველებაა.

წადით, ილოცეთ და ნუ ჩავარდებით განსაცდელში. ხორცი უძლურია, სული - ფხიზელი. მონაზონს ერისკაცისგან ძალისხმევა გამოარჩევს. თუ ერისკაცი ეტყვის საკუთარ თავს: "შეხედე, რა ქალია!" - მონაზონს ასეთი უფლება არ აქვს.

იოანე ღვთისმეტყველმა ასე განარჩია ერთმანეთისაგან მონაზონი და ერისკაცი, თუმცა კი სიტყვა "სოფელი" ბერძნულად სამკაულს ნიშნავს.

კითხვა: რა გველოდება ზეციურ სასუფეველში?

მამა გრიგოლი:
ზეციური სასუფეველი სიხარული და სიმშვიდეა, რომელიც ქრისტესგან მოედინება, როგორც ამას ამბობენ წმინდა მამები, და არა სიხარული და ტკბობა, როგორც ამას მუსლიმანები ამბობენ.

გარდაცვალებისას ღირსმა ანთიმოზმა თქვა: "შევხვდებით ზეციურ იერუსალიმში". რადგანაც ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი, ვკითხე: "რა არის ეს ზეციური იერუსალიმი?" "სიხარული და სიმშვიდე", - მიპასუხა მან. არ შეიძლება აქ გვქონდეს ეს მშვიდობა, რადგან აქ ბრძოლაა, ომია გაჩაღებული.
ბეჭდვა
1კ1