წადი და შენ გვერდით ყოველთვის ვიქნები
წადი და შენ გვერდით ყოველთვის ვიქნები
სიტყვა მოსაგრეობაზე. მთაწმინდაზე მოღვაწეობდნენ მეუდაბნოენი, რომელთაც ერისკაცობაში მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა ეკავათ, ანდა მეცნიერის სახელი ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ კარულელი მღვდელმონაზონი პართენი, რუსი უფლისწული, რომელიც თავიდან წმინდა ნიკოლოზის სახელობის "ბურეზარის" კელიაში ცხოვრობდა, სადაც მონაზვნად აღიკვეცა.

მამა პართენი კელიის მდივანი იყო. ტაძრის მშენებლობისას ერთი რუსი გლეხის ქალის წერილი მიიღო, რომელმაც უფრო მკაცრი მოღვაწეობისთვის აღძრა საშინელ კარულში.

ქალი სწერდა: "წმიდანო მამანო, მიიღეთ ჩემგან, უღირსისაგან, ეს მცირე ფული. შევიტყვე, ტაძარს აშენებთ და დახმარება გჭირდებათ. შევწუხდი, რადგან არაფერი მაქვს თქვენთვის გამოსაგზავნი. ამიტომაც მოვიკვეცე ჩემი გრძელი ნაწნავები და დიდებულ ქალბატონებს მივყიდე, რომლებიც საკუთარ თმას იპარსავენ და მიღებებზე სხვისას ატარებენ. ასე რომ, მიიღეთ ჩემგან მცირე წვლილი..."

ამ მოვლენამ ისე შეძრა უფლისწული, მამა პართენი, რომ გმირული გადაწყვეტილება მიიღო, - დასახლებულიყო კარულის თითქმის უნაყოფო კლდეებში. როცა ამ გადაწყვეტილებას იხსენებდა, ამბობდა: ეს წერილი რომ წავიკითხე, გავიფიქრე: ერთნი საკუთარ თმას იჭრიან, სხვები, თვითონ გაჭირვებულები, აქეთ ფულს გვიგზავნიან, მე კი ვზივარ სავარძელში, ვსვამ ჩაის, ვჭამ ნაირფერ საჭმელს და ყველა სიკეთე მაქვს... არა, აქედან კარულში უნდა წავიდე, ქრისტეს სიყვარულისა და საკუთარი სულის ხსნისთვისო.

ამბობენ, რომ მამა პართენს მუდამ სახე უბრწყინავდა და წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა. ის თავისთვის არასოდეს იმზადებდა საჭმელს და მხოლოდ დამბალ საკვებს იღებდა. ზამთარშიც კი არ ანთებდა ღუმელს. ლეიბად ტყავი ეფინა და ბალიშად შეშის ნაპობი ედო. ძალზე კეთილშობილი, ძმათმოყვარე და ყველას მიმართ მოწყალე იყო, მისი დახეული კაბა კეთილსურნელებას აფრქვევდა. მრავალი ნაყოფი შესწირა უფალს: თავგანწირვა, მხურვალე სიყვარული, უდიდესი უპოვარება და სიგლახაკე. მრავალიც მიიღო - როგორც აქ, ამ სიცოცხლეში, ასევე დაუსრულებელ და საუკუნო ზეციურ სასუფეველში.


ძველ მამათა მსგავსად ცხოვრობდა მონაზონი იოანე ადესელი, მშვიდად, დიდი სიმკაცრით და იძულებით საკუთარი თავის მიმართ. სამოსის ქვეშ სხეულის დასათრგუნად ჯაჭვს ატარებდა, გაურბოდა ურთიერთობებს და დროის დიდ ნაწილს საკუთარ კელიაში ატარებდა. სტუმრებს იოანე უგემრიელეს წიწიბურას ორცხობილებს და უბრალო კონსერვის ქილით წვიმის წყალს შესთავაზებდა, რომელსაც თავისი ცისტერნიდან იღებდა.

ნეტარ იოანეს სამი წელი არ უჭამია პომიდორი, ახალი ლეღვი და სხვა ხილი, რადგან საკუთარი ქოხის დატოვება და ლავრაში ანდა წმინდა ანას სკიტში ჩასვლა არ უნდოდა. არც ის სურდა, მეზობლებისთვის რამე ეთხოვა. როცა ათასში ერთხელ ჩავიდოდა კარიესში წიწიბურას ან სხვა რაიმეს საყიდლად, რაც სჭირდებოდა, არავისთან შედიოდა, რათა მასპინძელი არ დაემძიმებინა და ღია ცისქვეშ ათენებდა ღამეს.


"ვმადლობ და ვადიდებ ღმერთსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ისინი არასოდეს დამიტევებენ", - ამბობდა ყოფილი ავაზაკი ნიკიტა წმინდა ბასილის სკიტიდან, რომელმაც მიჰბაძა მაცხოვართან ჯვარცმულ კეთილგონიერ ავაზაკს. ის შეამონაზვნა ცნობილმა ისიქასტმა და მოძღვარმა მამა ხარიტონმა.

- თავი როგორ გაგაქვს, თუ არანაირ ხელსაქმეს არ ეწევი? - ჰკითხა მას ღირსსახსოვარმა მამა იოაკიმემ.

- ვმადლობ და ვადიდებ ღმერთს. მივდივარ მონასტერში და პურის ერთ ნატეხს ვთხოულობ, როცა ჩემს კალივაში ვბრუნდებ, კიდევ ორ-სამ ცალს ვპოულობ, - უპასუხა მამა ნიკიტამ გასაოცარი უბრალოებით, რისთვისაც მოიწეოდა მასზე ღვთის მადლი.

როცა დაუძლურდა და ლოგინად ჩავარდა, მეზობლები ემსახურებოდნენ, მეუდაბნოე დამასკინი თავისი საძმოთი. სიცოცხლის ბოლო წლებში ნიკიტას სხეულს ტილები შეაწუხებდნენ. მამები მას დანით წმენდდნენ, მაგრამ ვიდრე მთელ სხეულს გაუსუფთავებდნენ, ტილები კვლავ მრავლდებოდნენ.

- ერში ავაზაკი ვიყავი, - ამბობდა, - და ღმერთს ვთხოვე, რაღაცით გადამეხადა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩავიდინე. და აი, ტილები ცოცხლად მჭამენ!


ჩვენ ბედნიერება გვხვდა წილად, ცოცხლისთვის მიგვესწრო ღირსსახსოვარი კარულელი მეუდაბნოის, მამა გაბრიელისთვის. მკაცრ და უდრეკ მეუდაბნოეს ხშირად ვხვდებოდით წმინდა ანას კირიაკონში, ანდა გზაზე, იგი მუდამ მდუმარე, სიტყვაძუნწი და ლოცვაში ჩაღრმავებული გახლდათ. შესაძლოა, ვინც მას არ იცნობდა, უკარებად სჩვენებოდა, მაგრამ მამა გაბრიელის უკარებობა სხვანაირი სულიერი სახისა იყო.

უკანასკნელად მისი ცხოვრების დაისისას ვეწვიეთ ბერს კარულში. იქ ვიხილეთ, როგორ კვნესოდა ტკივილისაგან ქრისტეს მოძღვრების წარჩინებული მოწაფე, რომელიც ფიცრის საწოლს არჩევდა და მიუხედავად უძლურებისა და გამოფიტვისა, არ სურდა ზეთიანი საჭმლის მიღება, რომელიც მასთან დანიელის საძმოს მიჰქონდა, ცდილობდა, უგემური საჭმელი ეგემა, რათა სასა არ დასტკბობოდა.

მთაწმინდაზე მამა გაბრიელი უკვე მოწიფული მოვიდა. მანამდე დარაჯად მუშაობდა. თავის მოძღვართან ერთად ოცი წელი იცხოვრა და აღდგომამდე ზეთიანს არ ჭამდა.

რეგულარულად ეზიარებოდა ცრემლითა და გულშემუსვრილებით. გამზადებული ჰქონდა სუდარა, რომელიც დაკეცილი ედო თაროზე და ზემოდან ეწერა: "ჩემი სუდარა".

გარდაცვალებამდე ოცდაორი დღით ადრე წრფელი სიყვარულით და ძმათმოყვარებით წაიყვანეს ის თავისთან დანიელელებმა.

ეს მოსაგრე არ არღვევდა კანონს, რომელიც საკუთარ თავს დაუდგინა - ვიდრე მშვიდობიან აღსასრულამდე ზეთიანი საჭმელი არ უჭამია.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამა გაბრიელმა ქრისტეს წმინდა საიდუმლოებასთან ზიარება გადაწყვიტა. ამ დროს ის ნეტარად გამოიყურებოდა და სიხარულით ბრწყინავდა. როცა ცოტა ხნით მარტო დარჩა, თვალები ზეცად აღაპყრო და წამოიძახა: "ყვავილი, ბევრი ყვავილი! ჰოი, სამოთხე! ღირსია კი სული ასეთი სიკეთეებით დატკბობისა".


როგორი მოთმინება გამოიჩინა საკვირველმა წმინდა სვიმეონმა, რომელსაც მხოლოდ ერთი სამოსი ჰქონდა და ყოველთვის ფეხშიშველი დადიოდა! თავიდან ის ფილოთეოსის მონასტრის საზღვრებში მოღვაწეობდა, მერე კი პილიონზე გადასახლდა (საბერძნეთის ნახვარკუნძულია), სადაც მონასტერი დააარსა. ქვარკინისაგან ხომ არ იყო შექმნილი ეს მრავალდამთმენი, უპოვარი, მაგრამ სულიერი ნიჭებით მდიდარი მოსაგრე, მონა ღვთისა სვიმეონი? არა, მოთმინებისა და მოღვაწეობის სულიერი ალმასისგან იყო შექმნილი და ამიტომაც ზამთარ-ზაფხულ ერთი კაბის ამარა, ფეხშიშველი დადიოდა, ვიდრე მშვიდობით არ მიიცვალა.


კარულელი მეუდაბნოე ფილარეტი, რომელიც ოცი წლის წინ გარდაიცვალა, ასევე ფეხშიშველი დადიოდა. ფეხისგულები კუს ბაკანივით გაუხდა. კლდეებს შორის, სადაც ცოტაოდენი მიწა იყო, კარტოფილს, კომბოსტოს, ბაბუაწვერასა და ღორის ქადას რგავდა, რითაც თვითონაც იკვებებოდა და ძმებს მოწყალებად აძლევდა.

მას ხის საწოლი ყოველთვის ალაგებული ჰქონდა. ყველაფრით ჩანდა, რომ მამა ფილარეტს მიწაზე ეძინა. ამაში მისი სიკვდილის მერე დავრწმუნდით, როცა საწოლის ქვეშ შეშის ნაპობი ვიპოვეთ, რომელსაც ის მცირეხნის ძილის დროს თავქვეშ იდებდა.

დაუტევა რა ერისკაცული დიდება, წოდება და ამაოება (ერში ის ასეულის მეთაური იყო), კარულელი მოსაგრე ფილარეტი სიკეთით, ტკბილი სიტყვითა და, უპირველეს ყოვლისა, ნებაყოფლობითი სიგლახაკითა და მოსაგრეობით გამოირჩეოდა.

მამა ფილარეტმა იმავე კაბით გალია სიცოცხლე, რომლითაც მონაზვნად აღკვეცეს და ამავე კაბით დაიკრძალა. მთელ კაბაზე საკერებლები ჰქონდა დადებული და თავდაპირველი ქსოვილისა კვალიც აღარ დარჩა.


1948 წელს გარდაიცვალა მამა ევლოგი "ფანერომენის" კელიიდან (მას წმინდა გიორგის კელიასაც ეძახდნენ), რომელმაც ბევრი სასწაული მოახდინა. ახალგაზრდობაში მამა ევლოგი შვიდი დღე უზეთოდ მარხულობდა, სიბერეში კი ექვს დღეს. ძალზე უყვარდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჯერ კიდევ პატარა ბიჭს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, - წადი და შენ გვერდით ყოველთვის ვიქნებიო. მთაწმინდაზე ბერმა ოცი წელი იცხოვრა.


დიდებული მოსაგრე ჰაჯი-გიორგი, ჯერ კიდევ მორჩილებისას, ოთხი წელი ღირსი ნიფონტ კავსოკალიველის მღვიმეში მოსაგრეობდა. იყო სრულ სიმყუდროვეში, მარხვასა და ლოცვაში, მამა ნეოფინტის სულიერი ხელმღვანელობით, რომელიც გიორგი კავსოკალიველის კალივაში ცხოვრობდა და რომელიც ხშირად მიდიოდა მასთან ქრისტეს წმინდა საიდუმლოებასთან საზიარებლად.

ჰაჯი-გიორგის ასკეტური ცხოვრების წესი ისტორიის მონაპოვარი გახდა. უდიდესი თავშეკავების გამო მას მმარხველი ეწოდა. არც ის და არც მისი მოწაფეები არასოდეს ჭამდნენ არც სახსნილოს და არც ცეცხლზე მომზადებულ საკვებს. მათი ჩვეულებრივი საკვები იყო ხილი და თაფლი. აღდგომას კვერცხის ნაცვლად კარტოფილს ხარშავდნენ და წითლად ღებავდნენ.

წამლებს არ იყენებდნენ. თუ რომელიმე მამა გაცივდებოდა, ბერი მას ღუმელში ამწყვდევდა დაბალ ტემპერატურაზე და ასე კურნავდა. თუ ვინმე სხვა სნეულებისგან იტანჯებოდა, ჰაჯი-გიორგი მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ აყენებდა, მთელი ღამე ლოცულობდნენ, ლიტურგიის ბოლოს წამლად იღებდა წმინდა ზიარებას და იკურნებოდა. ჰაჯი-გიორგიმ მოსაგრე მონაზონთაგან დიდი საძმო შემოიკრიბა. ის მხოლოდ ერთ სამოსს ატარებდა, ყოველთვის ფეხშიშველი დადიოდა და მხოლოდ ტაძარში იცვამდა სქელ წინდებს.

ერთ რუს მთაწმინდელ მოსაგრეს ფეხებიდან ჩირქი და სისხლი სდიოდა, მაგრამ წამლებს არ იღებდა და სნეულებისგან განსაკურნებლად არ ზრუნავდა. მე მონაზონი ვარ და უნდა ვიტანჯოო, - ამბობდა.


ცნობილი მოძღვარი ილარიონ ქართველი, პარასკეობით არც საჭმელს ჭამდა და არც წყალს სვამდა. ამ დღეს ის ჯვარცმასა და ჯვარცმულ უფალს უძღვნიდა.

მისი მოწაფე, მისნაირადვე დიდებული მოსაგრე-მოძღვარი მამა საბა, დღეში ერთხელ ჭამდა, ხოლო სიცოცხლის ბოლო ორი წელი არაფერს იღებდა, ყოველდღიურ ლიტურგიაზე წმინდა საიდუმლოებათა გარდა. საკუთარ თავს მხოლოდ საღამოობით ერთი ჭიქა ყავის დალევის ნებას ალევდა, ღამე თოკებზე ჩამოკიდებული კელიაში ლოცულობდა.


ღირსსახსოვარი იოაკიმე (სპეციარისი) ასკეზისა და მკაცრი ცხოვრების სიკეთეს აღიარებდა. ყინვაშიც კი არ ათბობდა ეკლესიასა და თავის კელიას. თავის მოწაფეს მამა თეოფილაქტეს, რომელსაც ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ახალ სკიტში და გვიყვებოდა თავის არჩეულ სულიერ მოღვარზე, ეუბნებოდა: - მამაო, როგორ უძლებდნენ სვეტზე მოღვაწე მამები, რომლებიც ყველანაირ ცუდ ამინდს დაითმენდნენ? ნუთუ არ იყინებოდნენ? ჩვენ კი ჩვენს სახლებში, სამოსში გახვეულნი ვიყინებით!
ბეჭდვა
1კ1