რაც უფრო მრავლდებოდა ღვთაებრივი მადლი და ცოდნა, მით უფრო სასტიკდებოდა ბრძოლა, განსაცდელები
რაც უფრო მრავლდებოდა ღვთაებრივი მადლი და ცოდნა, მით უფრო სასტიკდებოდა ბრძოლა, განსაცდელები
განსაცდელის გაძლიერება. ზემოთ აღწერილი ხილვის შემდეგ მამა იოსებისთვის უმძიმესი ბრძოლის ფრონტი გაიხსნა. სიმშვიდე რამდენიმე დღე შენარჩუნდა, რომლის მერე ხორციელმა ბრძოლამ გაათმაგებით შეუტია. მამა იოსები ჰყვებოდა: "მე ვტიროდი და ვმსახურობდი, ჩვეულებრივზე აღმატებულად ვზრდიდი მღვიძარების დროს, მაგრამ მდგომარეობა არ იცვლებოდა. თავდასხმები მცირე ხნით სუსტდებოდა, მერე კი იმავე სისასტიკით იწყებოდა. ისე ვიგვემდი თავს ჯოხით, რომ წელს ქვევით სხეული გაშავებული მქონდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა. ჩემი ერთადერთი ნუგეში ცრემლები და ლოცვა იყო, თუმცა ვხედავდი, რომ ვნებამ ძალა შეინარჩუნა და უკან არ დაუხევია. როცა მადლი გამოაჩენს თავის სიახლოვეს, ყველაფერს დაითმენ. თუმცა ხდება ხოლმე, მადლი საღვთო განგებულების მიზეზით განეშორება და მაშინ კაცი კარგავს თავის სასოებას, მისი მოშურნეობა მცირდება, თვით რწმენაც კი უსუსტდება. ამაში მდგომარეობს ყველაზე მძიმე წუთები სულიერ ცხოვრებაში და რომ არ იყოს ღვთის შეწევნა, ადამიანი მათ დათმენას ვერ შეძლებდა. თანამოაზრე და გამოცდილი ძმები ძალზე ეხმარებიან და ხდება ისე, როგორც ბრძანებს ფსალმუნთმგალობელი: ძმა ძმის შემწე, ვითარცა ზღუდე შეურყეველი. მაგრამ როგორ იქნება მაშინ, როცა საქმე პირიქითაა? თუ უპასუხისმგებლო და ამ მდგომარეობის უცოდინარი ძმები ცდილობენ, გული გაგიტეხონ თავიანთი დაცინვითა და შეურაცხყოფით, მაშინ ეს ყველა უბედურების მწვერვალი იქნება. ჩემი საომარი განწყობის გამო და რომ არ მსურდა, რამე დამეთმო, რაც მყუდროებას (განმარტოებას) ეხებოდა, არავისთან აღარ დავდიოდით. ჩვენი ძველი სამოსი გაცვდა და დავგლახაკდით, რადგან არ ვმუშაობდით. მონასტრები რომ შემოგვევლო, ყველაფერ აუცილებელს მივიღებდით, რაც გვჭირდებოდა, მაგრამ, როგორც ვთქვი, მე გავურბოდი ამას, რათა არ დაგვერღვია, ჩვენი უცხოობა (სოფლისგან) და განდეგილობა. მამა არსენი დადიოდა ლავრაში, სადაც მას საჭმელს აძლევდნენ და ამით რაღაცნაირად გაგვქონდა თავი. მე ვგრძნობდი საკუთარ თავს, სატანას და ყველა საგანს, რომელიც ჩემს ბრძოლას თან სდევდა. განუწყვეტლივ ვევედრებოდი ქრისტეს და მარადის ქალწულს, დედოფალს ჩვენსას, რომლის მიმართაც თავიდანვე დიდი კრძალვა და სიყვარული მქონდა: "დედუფალო ჩვენო, დედუფალო, - შევღაღადებდი ტკივილით, - ჰოი, დამმოძღვრელო ქალწულთა, შენ იცი, რომ მე არასოდეს დავშორებივარ ხორციელ ცოდვამდე და შენი ძის შეცნობის მერე კანონად დავიდე, სრულ სიწმინდეში ვყოფილიყავი, რამდენადაც ეს შესაძლებელია კაცისთვის. რატომ მაქვს ატეხილი ამგვარი ძალითა და სიჯიუტით ეს ბრძოლა? ხომ არ სძლევს იგი ჩემს ნებას?"

ამგვარად, მძიმე მდგომარეობაში დავბრუნდი ჩემს კალივაში, მივხურე კარები და სკამზე ჩამოვჯექი, რათა ლოცვისთვის განვწყობილიყავი. თანდათანობით დავმშვიდდი. კარი გაიღო, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ, რადგან ვიფიქრე, არსენი შემოვიდა-მეთქი. ვიგრძენი, რომ ვიღაც დაბლა ხელებს მიფათურებს. მაშინღა გავახილე თვალი და რას ვხედავ? სიძვის არაწმინდა სულს! ის სწორედ ისეთი იყო, როგორც აღწერენ წმინდა მამები: ბინძური და მელოტი, პატარა, სწორი რქებით, ფერმკრთალი, მრგვალი და ბოროტებით აღსავსე პატარა თვალებით, სხეული ჭუჭყიანი და ჯაგრიანი ჰქონდა! მთელი ძალით ვეცი, მაგრამ მისი დაჭერა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მხოლოდ ხელებზე შემრჩა უხეშ ტყავთან შეხების შეგრძნება, ირგვლივ სიბინურისა და გოგირდის სუნი დატრიალდა, თვითონ კი უხილავი შეიქმნა. იმ მომენტიდან ქრისტესი და ჩვენი დედოფლის, ღვთისმშობლის მადლით დამტოვა ამ ბრძოლის სიმძიმემ, გულისთქმები სრულიად დამიწყნარდა და პატარა ბავშვივით ვნებებს ვეღარ ვგრძნობდი.

ძლევის საგალობლების გალობა დავიწყე, მათ შორის წინასწარმეტყველ მოსეს საგალობლისა: "ცხენები და მხედრები შთასხია ზღვასა" (გამოსვლათა 15,1). მთელი ღამე ვადიდებდი ქრისტეს, რომელმაც მოხედა ჩემს არარაობას.

განთიადისას, როცა დასაძინებლად დავჯექი, ღმერთმა მიჩვენა ამ ბრძოლის მნიშვნელობა, სახელდობრ ის, თუ როგორ ებრძვიან ვნებები ადამიანებს და იმონებენ მათ. თითქოს რომელიღაც საკმაოდ მაღალ მთაზე აღმოვჩნდი, ჩემს წინ კი გადაიშალა ზღვასავით უსაზღვრო ველი. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უამრავი ადამიანი მიემართებოდა, უმეტესწილად მონაზვნები. მათ წინ, მთელი ველის გასწვრივ, ბადეები იყო დაგებული. ისინი, ვინც უყურადღებოდ მიდიოდნენ, ბადეებში ჰყვებოდნენ, თუმცა ყველა ერთნაირად კი არა, ზოგი ხელით ებმებოდა ბადეში, ვიღაც - ფეხით, ზოგიც - კისრით, ზოგიც - მუცლით და ზოგიც - სასირცხვო ნაწილით. მოკლედ, ეს ბადეები ადამიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილით იჭერდნენ, ბადეში მოხვედრილი ხალხი თითქოს მაშინღა იღვიძებდა და ისე მწარედ იწყებდნენ ტირილს, რომ მეც ავტირდი მწუხარებისაგან. მაშინ ვიხილე, რომ ეს ველი შუაზე გაიპო და მისი სიღრმიდან ამოვარდა ყორნის მსგავსი უბოროტესი ეთიოპი, უზარმაზარი, ენაგადმოგდებული. იგი ხარობდა და დასცინოდა მისი მახის მსხვერპლთ. მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავდა ეს და მწარედ ამოვიოხრე: ვაი ჩვენს მოდგმას ამ გველის გამო, რომელიც ამგვარი გამძვინვარებითა და სიჯიუტით გვებრძვის!

ქრისტეს კაცთმოყვარებითა და მეოხებით რაც უფრო მრავლდებოდა ღვთაებრივი მადლი და ცოდნა, მით უფრო სასტიკდებოდა ბრძოლა, განსაცდელები. მამა იოსები ჰყვებოდა: "ჩვენ ვარჩიეთ, რაც შეიძლება დიდხანს ვყოფილიყავით ჩვენს კელიაში და დაყუდებულებს გვეღვაწა. ამიტომაც გადავწყვიტეთ სხვა მამების მგავსად პური მოგვემარაგებინა. იმ დროს მთელი წლის საკვებს ზაფხულობით ვყიდულობდით. სკიტის ნავებს სხვადასხვა ნავმისადგომთან მოჰქონდა ყოველგვარი აუცილებელი საკვები და მამები ჩადიოდნენ ზღვის პირას საყიდლებზე. მონასტრებს მომარაგების ამგვარი სისტემა არ ჰქონდათ, რადგანაც მათ თავიანთი მეტოქიონები ჰქონდათ, საიდანაც მთელი წლის პროდუქტს აწვდიდნენ. ამგვარად, მე და მამა არსენი ასევე წავედით კესარიის სკიტის ნავმისადგომთან ცოტაოდენი ფქვილის საყიდლად. ტომრებში ოცდაათი-ოცდათხუთმეტი კილოგრამი ფქვილი ჩავყარეთ, ზურგზე მოვიკიდეთ და შინისკენ წამოვედით. იმ დღეს ჩვეულებისამებრ ვმარხულობდით, მეცხრე ჟამზე, ანუ მწუხრის მერე, უნდა გვეჭამა. როცა ციცაბო აღმართს შევუდექით, მზე თითქმის ზენიტზე იდგა. მომეჩვენა, რომ გზას ვეღარ გავაგრძელებდი, რადგან სხეული დაუძლურებული მქონდა და ტვირთის გარეშეც მიჭირდა სიარული. "არსენი, - ვთხოვე მას, - ტვირთს აქ დავტოვებ, მისი წაღების თავი არ მაქვს". მაგრამ ისიც კი მეეჭვებოდა, რომ ასეთი დაუძლურებული ზევით შევძლებდი ასვლას. ცოტა ხანს შევჩერდი და ავტირდი: "შენ ყოველივე იცი, უფალო, და ყოველივე ძალგიძს", - ვთქვი და მაშინვე ნუგეშის მობერვა ვიგრძენი. კვლავ ავიკიდე ტომარა და მამა არსენს გზის გაგრძელება შევთავაზე. გაოცებულმა შემომხედა. მდუმარედ წავედით. კალივაში მისვლამდე ვგრძნობდი, რომ ვიღაცას ჩემს ზურგს უკან ეს ტვირთი ეკავა ისე, რომ მე თვითონ აღარაფერი მიმქონდა".

აი, რა მოგვითხრო მოძღვარმა ჩვენი სულმოკლეობის პასუხად. და რამდენად გაგვამხნევა ჩვენ ამ ამბავმა! სხვა მაგალითსაც მოგითხრობთ მამა იოსების მიერ თავის უარყოფისა... თავისი ცხოვრების მიმწუხრს მამა იოსები, რომელიც საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის სიმკაცრით გამოირჩეოდა, ახლა რაღაცაში მომსახურების ნებას გვაძლევდა. ერთხელ, ძლიერ გაოფლიანებულმა, ზურგის გაწმენდის ნება მომცა. სხეულზე შეხორცებული იარების ნაკვალევი შევნიშნე. ვიცოდი, რომ მას არასოდეს უავადმყოფია, არც დასახიჩრებულა, გაოცებულმა ამის შესახებ ვკითხე. მოძღვარი მოგვიყვა: ბასილი დიდის სკიტში მკაცრად მოღვაწეობისას იგი თურმე თითქმის არ იცვლიდა თეთრეულს, კერძოდ, პერანგს. რადგანაც სხეული ოფლს და უყურადღებობას არ იყო მიჩვეული, მთელი ზურგი ძირმაგარებით დაეფარა, რაც ძალზე აწუხებდა. "მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვაძლევდი, - ჰყვებოდა მამა იოსები, - თუ ძალზე შემაწუხებდა, კედელზე მიყრდნობით გავსრესდი ხოლმე. ყოველი ძირმაგარა გამიღიზიანდა, გაიზარდა და სისხლით გაივსო. ერთხელ ივერონიდან გამოტანებული ორცხობილათი სავსე დიდი გუდა მოვიკიდე და შინისკენ წამოვედი. გზაში ძირმაგარები, ეტყობა, გასკდა, რადგან პერანგი სხეულს მიეწება. მაგრამ არც ამაზე მიზრუნია, მთლიანად მივენდე ღმერთსა და ჩვენს დედუფალს. თანდათანობით ისინი თავისით შეხორცდა, როცა პერანგი გაცვდა და მომცილდა".

ამის მოსმენამ შეგვაძრწუნა. მოძღვარმა ღიმილით გვითხრა: "მძიმეა პატივმოყვარეობის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ყველაფერი ღვთის მადლით აღესრულება. თუ კაცი იმაზე არ იზრუნებს, რომ თავის წამოწყებას სიმკაცრე შეუერთოს, მაშინ სიფრთხალე და პატივმოყვარეობა სუნთქვას შეუკრავს. თუ კაცი განსაცდელების ზღვაში ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე, მხოლოდ რწმენით არ გადაეშვება, ვერ იხილავს ღვთის აშკარა მოსარჩლეობას და ნაბიჯითაც ვერ წაიწევს წინ. როგორც წერს წმინდა ისააკ ასური, თუ გონება ვერ იხილავს ღვთის ცხად შეწევნას, რომელსაც "ღვთაებრივი ქომაგობის გამოციდლება" ჰქვია, თავის უარყოფას ვერ მიაღწევს. მაშინ პატივმოყვარეობის გამოვლენა ხიბლში ჩააგდებს მას და ქვემოთ უბიგებს, ვიდრე ნელ-ნელა დათმობაზე არ წავა. ამიტომაც ნუ იქნებით მფრთხალები, განსაკუთრებით გზის დასაწყისში, თუ გსურთ, რომ მოუხმოთ საღვთო მადლს, რომელიც ჩვეულებისამებრ ანუგეშებს ადამიანებს, როგორც მტკიცე რწმენისას, ასევე მათაც, რომლებიც ღვთაებრივი მცნებისა და სიყვარულის გამო ყურყუმელაობენ თავის უარყოფის უსაზღვრო ზღვაში. დაბოლოს, როცა გონება დარწმუნდება, რომ მორწმუნეებს თანაუძღვით შეწევნა, მაშინ სხვა სახის რწმენა მოდის, რომელიც განსხვავდება თითოეულ ქრისტიანისთვის დამახასიათებელი საწყისი რწმენისაგან, როგორც წმინდა მამები ამბობენ, მას "ჭვრეტითი რწმენა" ჰქვია. ეს პირველი სტადიაა, რომლითაც კაცი დანარჩენებისგან განსხვავდება. თუ მას სხვა, ზარმაცი და უცოდინარი ხალხის დაცინვა საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებლობას ვერ აიძულებს, ბევრისთვის უცნობი, აღმსარებელთა ვიწრო და ეკლიანი გზით წავა. ნეტარია ასეთი კაცი, თუ მას გვერდით ჰყავს დამრიგებელი, გამაძლიერებელი და დამდასტურებელი, რომ ღვთის მადლით იგი წარმატებისკენ მიიწევს. მე, - განაგრძო მამა იოსებმა, - არავინ მყავდა, ვისაც ჩემი გაგება შეეძლო და ბევრი დავითმინე სხვათა მცირედმორწმუნეობისგან. ამასთან, ლანძღვასა და დაცინვებს ვეჯახებოდი მათგან, ვისთანაც მუდმივად მიხდებოდა შეხვედრა".
ბეჭდვა
1კ1