მე კი დღეს საღამოს ვილოცებ, რომ უფალმა ნიშანი მოგცეს და დაიჯერო
მე კი დღეს საღამოს ვილოცებ, რომ უფალმა ნიშანი მოგცეს და დაიჯერო
ათენელი ფიზიოთერაპევტი, ფილიპას პანაიოტისი იგონებს:

- უფალმა ღირსმყო სიცოცხლეში ერთადერთხელ შევხვედროდი და გავსაუბრებოდი განსვენებულ მამა პაისის. დავოჯახდი 1992 წელს, მაგრამ ბავშვი არ გვიჩნდებოდა. დაიწყო ნერვიულობა და სამედიცინო გამოკვლევები. პირველად ჩემი ცოლი გაესინჯა, მას ყველაფერი წესრიგში აღმოაჩნდა. მერე ექიმმა მირჩია, ვარიკოცელე ამომეკვეთა. ჩემს მოძღვარს, მამა ევსევი ვიტისს ვკითხე რჩევა. რაც ღმერთს უნდა, ყველაფერი მოხდება. ღვთის განგებულება ჩვენ არ ვიცით. ნუ გაიკეთებ ოპერაციას, მოდი, ვილოცოთ და ხვალ წადი ათონზეო, - მითხრა.

1993 წლის ივლისში მამაჩემთან ერთად ათონზე წავედი. მივედით მამა პაისისთან. მისი კელიის კუტიკართან საკმაოდ ბევრი ადამიანი იდგა. დაახლოებით ათ წუთში ბერმა კარები გაგვიღო. კურთხევის ასაღებად დავიხარე და სულში ისეთი სისავსე ვიგრძენი, რომ აღარ მომინდა ჩემი სტუმრობის მიზეზის ახსნა. კუნძებზე დავსხედით და დაახლოებით ოცი წუთი დავყავით, ბერმა ხალხს სხვადასხვა რჩევა მისცა და მერე მითხრა: "აბა, ახლა, ძვირფასებო, წადით უფლისა მიერ". წამოვედით.

დაახლოებით ოცდაათი მეტრი რომ გავიარეთ, უეცრად მოგვესმა: "ჰეი შენ, გრძელო, მოდი აქ! რა მითხარი, რა მქვიაო?" "პანაიოტისი, მამაო". ის მხრებზე მომეხვია და მითხრა: "შესაძლოა, გინდა, რომ რაიმე კონკრეტულზე ვილოცოთ?" "დიახ, მამაო, მინდა, რომ ჩემი შვილთასხმისთვის ილოცოთ". მან ჰორიზონტის მხარეს გაიხედა და მითხრა: "ოპერაციის გაკეთება არ გინდა. უფალმა ეს ხერხი შენს დასამდაბლებლად აირჩია. ის მოგცემს შვილებს. ბინა, სადაც ცხოვრობ, ძალზე პატარაა იმისთვის, რომ ყველა ბავშვი დაიტიოს, ვისაც უფალი მოგცემს. პირველი ორი გოგონა იქნება, მესამე კი ბიჭი. ამ ბავშვების შეხედვა შეგახსენებს ღვთის სიახლოვეს შენს სახლში და შენს ცხოვრებაში. უფალს უნდა მეტი შვილი მოგცეს, მაგრამ ეს მთლიანად შენს ცოლზე არის დამოკიდებული - რამდენს გაუძლებს". "როდის მოხდება ეს, მამაო?" "გაისად, ივლისში გარდავიცვლები და თუ კადნიერებას მოვიპოვებ ღვთის წინაშე, გიშუამდგომლებ, რომ უფალმა პირველი შვილი გამოგიგზავნოს და შენ მას იულიანას დაარქმევ". "რატომ, მამაო?" "ილია წინასწარმეტყველის პატივსაცემად". "რატომ, მამაო?" "აბა, დაფიქრდი". დავფიქრდი და გამახსენდა, რომ ჩემი ცოლი წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს მოინათლა, რომ ჩვენ წმინდა ილიას ხსენების დღეს დავქორწინდით, რომ აღსარებას ყოველთვის წმინდა ილიას ტაძარში ვამბობდით, სოფელ ფეა პეტრაში, სადაც მამა ევსევი ვიტისი მსახურებდა. როცა შეხვედრები დავიწყეთ, პაემანი წმინდა ილიას ტაძართან დავთქვით პირეაში. მამა პაისი მართალი იყო. შემდეგ მკითხა: "პანაიოტის, ახლა საით წახვალ?" "გრიგორიატის მონასტერში". "მოძებნე კარგი მოძღვარი და იქ ნამდვილი აღსარება თქვი. მე კი დღეს საღამოს ვილოცებ, რომ უფალმა ნიშანი მოგცეს და დაიჯერო. დაიმახსოვრე, რაც გითხარი. როცა დაგჭირდები, დამიძახე". შემძრა ამ სიტყვებმა და ავტირდი. გრიგორიატის მონასტერში ძილში ვნახე, თითქოს მთავარ ტაძარში ვიდექი და წმინდა იოანე ნათლისმცემლის უზარმაზარი ხატის მარჯვნივ ცოცხალი მამა პაისი იდგა. მის უკან ცისფერი ჰორიზონტი გადაიშალა. ხელში ყრმა ეპყრა. მეხსიერებაში აღმებეჭდა ყრმის სახე. ბერდიდმა მითხრა: "მე შემოქმედის ტახტრევანთან ვარ. ეს იულიანაა, შენი პირველი შვილი".

ერთი წლის მერე, 1994 წლის ივლისში, კვლავ აღმოვჩნდი გრიგორიატის მონასტერში. მამა ნიკიტამ შემატყობინა, მამა პაისი გარდაიცვალაო. ძალზე შევწუხდი. ამასობაში ცოლმა მობილური ტელეფონით დამირეკა, - ცუდად ვარ, რაღაც ვჭამე და გული მერევაო. მეორე დღეს კვლავ დამირეკა და დაბრუნება მთხოვა. დავბრუნდი. სისხლის ანალიზი გავუკეთეთ. ანალიზმა აჩვენა - ფეხმძიმედ იყო, მამა პაისის გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს. ორსულობა მშვიდი ჰქონდა. როცა მშობიარობდა, სამშობიარო პალატაში ვიყავი. როგორც კი გოგონა დაიბადა, მივხვდი, რომ სწორედ იმგვარი იყო, როგორიც იმ ღამეს ძილში ვიხილე! როგორც მითხრა მამა პაისიმ, ისეც მოხდა. პირველი შვილი გოგონა შეგვეძინა, მეორე - ერთი წლის მერე. მესამე ბავშვზე კი მითხრა: - შენი რწმენის გასაძლიერებლად გეტყვი, როცა მეორე გოგონას სკოლაში წასვლის დრო მოუვა, მაშინ დაიბადება შენი მემკვიდრეო. ასეც მოხდა, ქრისტინე წელს დაწყებით სკოლაში წავიდა, ივლისში კი, სწავლის დაწყებამდე ორი თვით ადრე, ნიკოლოზი დაიბადა!

ვიდრე ათონზე წავიდოდი, 1993 წელს, ერთმა გოგონამ მთხოვა, მამა პაისისთვის მეკითხა, მონაზონი გახდებოდა თუ გათხოვილიყო. მეუხერხულა მამა პაისისთვის ეს მეკითხა. გრიგორიატის მონასტერში კელიაში ვიყავი. ჩემს სიცოცხლეში პირველად მოვუხმე დიდბერს: "მამა პაისი, რადგანაც მითხარი, საჭიროების შემთხვევაში დამიძახე და გავიგონებო, უბრალო გულით გეკითხები: "რა ელის იმ გოგონას, გათხოვდება?" ამ დროს მამა პაისის ხმა მომესმა: "უთხარი პენეს (ეს გახლდათ კნინობითი ფორმა პენელოპას სახელისა), რომ ის სრულყოფილზე გათხოვდება". სრულყოფილი ხომ ქრისტეა. დღეს ის მონაზონია კუნძულ ეგინაზე".
ბეჭდვა
1კ1