მხოლოდ მაშინ უნდა განრისხდე ძმაზე, როცა ის ღვთისაგან განგაშორებს
მხოლოდ მაშინ უნდა განრისხდე ძმაზე, როცა ის ღვთისაგან განგაშორებს
განურისხველობის უდიდესი საზომისკენ მოგვიწოდებს ამბა პიმენი: ერთხელ მას ძმამ ჰკითხა: "რას ნიშნავს ძმისადმი ტყუილად (ამაოდ) განრისხება?" "ამაოდ მრისხანებ, როცა ძმისგან ყველაფერი გწყინს. თუნდაც მარჯვენა თვალი ამოგთხაროს, თუნდაც მარჯვენა ხელი მოგკვეთოს, მასზე ამაოდ განრისხდები. მხოლოდ მაშინ უნდა განრისხდე ძმაზე, როცა ის ღვთისაგან განგაშორებს".

* ძველი პატერიკი მოგვითხრობს: ძმაზე განრისხებული ერთი ბერი ლოცვად დადგა და ღმერთს შესთხოვა, რომ დიდმოთმინება მოეცა ძმასთან ურთიერთობისას, რათა ამ განსაცდელს უვნებლად ჩაევლო. ამავე დროს მან დაინახა, რომ პირიდან კვამლი გამოუვიდა და იმავე წამს გაუქრა მრისხანებაც.

საკუთარი თავის მძლეველს ჩემს გვერდით დავსვამ
მრისხანებასთან ბრძოლას დიდ დამსახურებად უთვლიდა ვნებასთან მებრძოლს წმინდა სერაფიმე საროველი. ერთხელ მეუდაბნოე მაკარმა ჰკითხა ღირს სერაფიმეს: "ჩვენს სავანეში ყველაზე მაღლა ვინ არის ღვთის წინაშე წარმდგარიო?" ბერმა მცირე ხნის ფიქრის მერე თქვა: "ჩვენი მზარეული, ყოფილი ჯარისკაციო" და თავისი სიტყვები შემდეგნაირად ახსნა: "ეს მზარეული ფიცხია. აფეთქებისას მზად არის, კაცი მოკლას, მაგრამ მისი განუწყვეტელი შინაგანი ბრძოლა მისკენ ღვთის დიდ კეთილმოწყალებას მოიზიდავს. ამგვარი ბრძოლისთვის მას ზეითგან მიეცემა სულიწმინდის მადლმოსილი ძალა, რამეთუ უცილობელია ღვთის სიტყვა, რომელიც ამბობს: "საკუთარი თავის მძლეველს ჩემს გვერდით დავსვამ და შევმოსავ მას სპეტაკ სამოსელს". და პირიქით, თუ კაცი არ ებრძვის საკუთარ თავს, საშინლად გაუსასტიკდება გული, რომელიც მის სულს ითრევს სასოწარკვეთილებისა და უცილობელი დაღუპვისაკენ".
ბეჭდვა
1კ1