ვლოცულობდი უწმინდესისთვის და თან პატიებას ვთხოვდი
ვლოცულობდი უწმინდესისთვის და თან პატიებას ვთხოვდი
არქიმანდრიტი ფოკას (მარკოზია) მოგონებებიდან

ფოკის მონასტერში მოღვაწეობის პერიოდი:
- ფოკის მონასტერში მომხდარი ამბები და სასწაულები ბევრჯრ მომიყოლია მეგობრებთან და გაგვიხსენებია ფოკის მონასტერში მყოფ საძმოს. ვიფიქრეთ, რომ ეს ამბები ეკლესიის მრევლისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა რომ მოგვეთხრო. ფოკის მამათა მონასტერში 1994 წლის აგვისტოში მივედი. მონასტრის წინაძღვარი მამა სერაფიმე, დღევანდელი მიტროპოლიტი სერაფიმე იყო, რომელიც ჩემზე სამი წლით ადრე დამკვიდრდა. მეუფე სერაფიმეს ყველაზე მძიმე და რთული წლები ჰქონდა გავლილი ფოკის დედათა მონასტრის დედებთან ერთად.

მისვლისთანავე გამაცნეს მძიმე კლიმატური პირობების შესახებ, ზამთარში ყინვა -35%-მდე აღწევდა და მონასტერი თითქმის 6 თვის განმავლობაში მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. აქ სხვა სირთულეებიც დამხვდა. მონასტერში მისვლისას დამხვდნენ ერის ადამიანები, დროებით ჩასულები. მამა სვიმონი, მღვდელ-მონაზონი მიქაელი (ამჟამად თიანეთისა და ფშავის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე,). მამა სვიმონი (აბრამიშვილი), რომელიც მოღვაწეობს სამების ლავრაში, მამა ანტონი (ოსიაშვილი) ოდესაში მოღვაწეობს, მღვდელი დავითი (კონჯარია) თბილისში მოღვაწეობს, მაშინ შეუმოსავი მორჩილი იყო, დღეს მღვდელია, იღუმენი გაბრიელი ქაჯაია (შეუმოსავი მორჩილი). ერის ადამიანები: გიორგი ნადარეიშვილი (ბიზნესმენი), ზაზა მირიანაშვილი, გიორგი მერებაშვილი, მიშა, ომარი ქელბაქიანი, ზურა, ალექსანდრე. ეს ადამიანები არიან ამ ისტორიების მომსწრეები.

ამჯერად მინდა თხრობა განკითხვის თემით დავიწყო:

-ამას წინათ წავიკითხე უწმინდესის ქადაგება. სამების ლავრაში, მას მიუახლოვდა ერთ-ერთი ქალბატონი და უთხრა, რომ ის განიკითხავდა უწმინდესს. უწმინდესი დაინტერსებულა, თუ რატომ განიკითხავდა, მაგრამ ქალბატონი უხმოდ განშორებია. უწმინდესი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ განიკითხავ ადამიანს, მაშინ მას უნდა განუმარტო დაბრკოლებისა და განკითხვის მიზეზები.

ჩემი ისტორია, სწორედ უწმინდესის განკითხვას შეეხება. წარმოშობით სამეგრელოდან ვარ, სადაც საზოგადოება უმეტესწილად ზვიად გამსახურდიას ერთგული და თანამებრძოლი იყო. მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, ამის ფონზე ხშირი იყო განკითხვა ყველა იმ ადამიანის, რომლებიც ამ პროცესებში მონაწილეობდა, ძალიან გამაღიზიანებლად ჩანდა ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობაც. კერძოდ, უწმინდესისა და ხელისუფლების. სწორედ, ასეთი იდეებით ნასაზრდოები 1994 წელს მონასტერში მივედი.

რაოდენ გასაკვირვიც არ უნდა იყოს, ამ თემას ხშირად წამოვჭრიდი ხოლმე წინამძღვართან პირად საუბარში, - გაბრაზებით და განკითხვით. მეუფე სერაფიმე ხშირად მიხსნიდა ეკლესიის როლს, მის განსაკუთრებულ მისიას საზოგადოებისთვის, მაგრამ მაინც ვერ ვუძებნიდი ვერანაირ გამართლებას კონკრეტული პიროვნებების ფარისევლურ დამოკიდებულებას სახელმწიფოსა და ეკლესიასთან მიმართებაში.

მონასტერში მისვლისთანავე დამევალა საცხოვრებელი ვაგონების (მონასტერი განთავსებული იყო სამ ვაგონში) ერთმანეთთან დაკავშირება, რათა ზამთრის პირობებში მონასტრის წევრებს გაიოლებოდა ყოფა. სამუშაო პროცესში, გონებით ისევ ამ თემებს ვიხილავდი, რა თქმა უნდა, განკითხვით და როგორც კი უწმინდესის მიმართ მებადებოდა განკითხვის აზრები, ხელში ვირტყამდი სხვადასხვა სამუშაო იარაღს. საკმაოდ ხელმარჯვე ვიყავი, ამიტომ ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ მომდიოდა ასეთი დაზიანებები. როგორც კი ჩავირტყამდი ჩაქუჩს, ვიწყებდი კვნესას, მეუფე თავისი კელიიდან გამოაღებდა ფანჯარას და მეკითხებოდა, ისევ განვიკითხე თუ არა უწმინდესი. მე გაღიზიანებული ვპასუხობდი - დიახ, განვიკითხე! ეს მდგომარეობდა თითქმის მთელი თვე გაგრძელდა და იმდენი დაზიანება მივიღე ამ დროის განმავლობაში, რომ მარცხენა ხელზე კანმა დაიწყო გახმობა. წარმოიდგინეთ, არ გვქონდა არანაირი სამკურნალო მალამო, ან ცხოველური ცხიმი, რომელიც დაზიანებას შეამსუბუქებდა. სამუშაოებსაც ვერ შევწყვეტდი, რადგან ზამთრამდე მოსასწრები იყო. ვაგონები ერთმანეთს მჭიდროდ, გერმეტულად თუ არ დაუკავშირდებოდა, ზამთარში ძლიერი ქარი მთლიანად დაშლიდა მონასტერს, ამიტომ იძულებული ვიყავი მემუშავა, ეს თვით გადარჩენის ინსტინქტი იყო.

მარცხენა ხელზე იმდენად დამიმძიმდა დგომარეობა, რომ მთელმა მკლავმა შეწითლება და შესიება დამიწყო. მივანებე სამუშაოს თავი, შევედი ჩემს კელიაში და ღონემიხდილი საწოლზე წამოვწექი. მეუფეს ალბათ, გაუკვირდა, თუ რატომ არ ვმუშაობდი და შემოვიდა ოთახში. მე იმდენად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვიყავი ამ სიტუაციით, რომ საწოლიდანაც არ წამოვწეულვარ. მეუფეს ავუხსენი, რომ დაზიანებულ მკლავზე სისხლი აღარ მოძრაობდა და შესაძლებელია განგრენაში გადასულიყო. ავუხსენი მდგომარეობა, ვიცოდი, იმ დროს არანაირი ტრანსპორტი, ექიმი და სხვა საშუალებები არ არსებობდა, გამოსავალს ვერ ვხედავდი და ვკითხე თუ რა უნდა მექნა! ჩემდა გასაკვირვად, მითხრა, დამეწყო უწმინდესზე ლოცვა - "ღმერთო გააძლიერე და გააბრწყინე უწმინდესიო!"

გამიკვირდა, მეუფეს ჩემი ფიზიკური განკურნება თუ სურდა, წესით უნდა შემოეთავაზებინა უწმინდესის მიერ ნაჩუქარი წმინდა სერაფიმე საროველის სასწაულმოქმედი ხატის წინაშე ლოცვა, მაგრამ ამის ნაცვლად კურთხევა მომცა - ვილოცო უწმინდესისთვის. მე არ შევკამათებივარ, რადგან ჩემთვის მთავარი იყო ოთახიდან გასულიყო. მინდოდა ბრიტვის საშულებით ამეთალა დაზიანებული კანი და სისხლისთვის ძარღვებში მიმეცა თავისუფლად მოძრაობის საშუალება. მეუფის გასვლის შემდეგ დავიწყე ამის გაკეთება, მაგრამ იმდენად აუტანელი იყო ტკივილი, რომ დატანჯულმა თავი მივდე ბალიშზე და მივხვდი, ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი. ამ მომენტიდან (უკვე შინაგანად მივხვდი, რომ მეუფე სერაფიმემ ჩემზე მეტი იცოდა და ამ ფორმით გადაწყვიტა ჩემი შველა) მახსოვს, თუ როგორ წამოვიდა გულიდან ლოცვა, ვლოცულობდი უწმინდესისთვის და თან პატიებას ვთხოვდი. ამ ლოცვებში ჩამეძინა.

საღამოხანს გამეღვიძა და ჰოი, საოცრებავ! მკლავზე არანაირი გასიება, ტკივილი, სიწითლე სიშავეში გადასული აღარ მქონდა. შემეძლო მკლავის თავისუფლად მოძრაობა. მივხვდი, რომ მოხდა ჩემი სასწაულებრივი განკურნება, იმ დღიდან ჩემში ყველაფერი შეიცვალა. დავიწყე უწმინდესის პიროვნების დაკვირვება და შესწავლა.

ჩემმა მკლავმა დაიწყო ნელ-ნელა თავისით განკურნება, გამხმარმა ქსოვილებმა აძრობა და აღდგენა. ალბათ ხვდებით, რომ ჩაქუჩს აღარ ვირტყამდი ხელზე, რადაგანაც აღარ განვიკითხავდი უწმინდესს.

მახსენდება წმინდა ნიკოლოზ სერბის სიტყვები - განმკითხველი ადამიანები არ არიან მტრები, არამედ ულმობელი მეგობრები არიან, ამიტომ ყველას ვთხოვ, დაფიქრდეს როგორია ულმობელ, სასტიკ ქრიასტიან მეგობრად ყოფნა.



ბეჭდვა
1კ1