დღეს ჩვენ ვეძიებთ, როგორ გავხდეთ წმინდანები მცირე შრომით
დღეს ჩვენ ვეძიებთ, როგორ გავხდეთ წმინდანები მცირე შრომით
სიტყვა სოფლიდან განდგომასა და მწირობაზე
მამა ბართლომე 1860 წელს დაიბადა მთაწმინდაზე, სადაც ქალკედონის აჯანყებისას დედამისმა მრავალ ქალთან და ბავშვთან ერთად ნავსაყუდელი პოვა. დედამისმა ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიუძღვნა. მისი მემკვიდრე გახლდათ ბერდიაკონი ბასილი (დავილასი, +1979), რომელიც განდგომილი ცხოვრობდა და არასოდეს წასულა სოფელში.

სრულიად განუდგნენ სოფელსა და მის სიკეთეებს ღვთისმშობლის მიძინების კელიის ბერები - ღვიძლი ძმები (მოლივდოკლისი): ბენედიქტე, აღათანგელოსი, საბა და კარიესელი მღვდელმონაზონი გრიგოლი, წმინდა ნიკოლოზის კელიიდან. მათ მონაზვნად აღკვეცის მერე მთაწმინდა არ დაუტოვებიათ. მამა გრიგოლი მთაწმინდაზე ცხრა წლისა მოვიდა, სრულიად დაავიწყდა ქალის სახე და ბუნდოვნადღა ახსოვდა საკუთარი დედა.

90 წლის მამა - ნიკანორ კავსოკალიველი მიყვებოდა, რომ მათ კალივაში ცხოვრობდა მონაზონი თეოლიპტე, რომელიც სრულიად განუდგა სოფელს. 1924 წელს ის მცირე აზიიდან მოვიდა. იქ აღთქმა დადო, თუ ცოცხალი გადაურჩებოდა ამ ომს (იგულისხმება საბერძნეთ-თურქეთის კონფლიქტი 1921-22 წლებში, რომლის შედეგადაც საბერძნეთმა მთელი მცირე აზია დაკარგა, - კ.კ.), ათონზე წავიდოდა და სოფელში აღარ დაბრუნდებოდა. მართლაც, მისი ოცეულიდან მხოლოდ იგი გადარჩა სასწაულებრივად. სკიტში მოსვლისას თეოლიპტეს არავისთვის უთქვამს თავის წარმოშობაზე და არც არავის გასცნობია. მისი დები, რომლებიც საბერძნეთის მაკედონიის ქალაქ სერაში ცხოვრობდნენ, სამეთაურო პუნქტში მიდიოდნენ და ცდილობდნენ შეეტყოთ, ცოცხალი იყო იგი თუ მკვდარი. ორი-სამი წლის მერე მათ კოლიოს მომზადება და მისი მიცვალებულებში მოხსენიება დაიწყეს. ათი წლის მერე მამა იოაკიმეს კარიესში ერთი სერელი კაცი ეწვია და ასე შეიტყვეს მამა თეოლიპტეს ახლობლებმა, რომ იგი ცოცხალი იყო. სკიტში მისი ძმა მოვიდა. თეოლიპტემ უსაყვედურა, - რატომ მოხვედი, მე ხომ ახლა მონაზონი ვარო.

მას სთხოვეს ურანოპოლისში (ქალაქი, რომლის გვერდითაც ათონის ადმინისტრაციული საზღვარი გადის) წასულიყო, რათა დებს მისი უკანასკნელად ნახვა შესძლებოდათ.

დიდი მოთმინებით გაუძლო მამა თეოლიპტემ უამრავ სნეულებას. ეს მშვენიერი სულის ადამიანი გარდაიცვალა 1977 წელს.

სიტყვა სასოწარკვეთილებაზე. ერთი მონაზონი, რომელსაც სასოწარკვეთის სული ტანჯავდა, ამბობდა, - მეშინია, რომ არ ვცხონდებიო. ბრძენი მოძღვარი შეეპასუხა, - მაშინ ვინღა ცხონდება, თუ ჩვენ, ბერები არ ვცხონდებით? რისთვის შექმნა ღმერთმა სამოთხე? ჩვენ გადავრჩებით. ჩვენ უნდა გვიხაროდეს, თავს ცოდვილად უნდა ვგრძნობდეთ და ვადიდებდეთ ღმერთს. ღმერთზე მინდობაა განუწყვეტელი ლოცვა. გმობის გულისთქმები თვითმფრინავებივით დაფრინავენ ჩვენს გარშემო, სიმშვიდეს გვირღვევენ და მიდიან. როცა მინდა, მაშინ ვიტყვი, რომ ცოდვილი ვარ და არა მაშინ, როცა ეს ეშმაკს სურს (ეშმაკის ერთ-ერთი მახეა - კაცს გაახსენოს თავისი უამრავი ცოდვა, ამით დააჯეროს, რომ შეუძლებელია მისი ცხონება და სასოწარკვეთაში ჩააგდოს. წმინდა მამები გვირჩევენ, შევეწინააღმდეგოთ ეშმაკის ამგვარ "შთაგონებას" საკუთარ ცოდვებზე მაცხოვნებელი მწუხარებით, რომლის ნაყოფიც იქნება არა სასოწარკვეთა, არამედ სიმდაბლე და შემუსვრილი გული, - ავტ.).

მან ასევე თქვა:

- როცა კაცი გათავისუფლდება ძველი კაცის შფოთისგან, მის გვერდით სიმშვიდეს პოვებენ სხვადასხვანაირი ხასიათის ადამიანები.

ერთი მოსაგრე ამბობდა: - ღვაწლი, მოშურნეობა, საკუთარი სიგლახაკის შეგრძნება, იმედი (რომელიც სულიერი ჟანგბადია), ნუგეში და რწმენა ჩვენს წარმატებას მუდმივს ხდიან და არა პირქუშობა, ნაძლადევი მორჩილება და ლოცვა, ცრემლის გაშრობა და მწუხარება, რომელიც ეშმაკისგანაა. კარგია საკუთარ ცოდვებზე ღვთის რწმენითა და სიყვარულით ტირილი, მაგრამ არ დავუშვებ, მხოლოდ იმიტომ ვიტირო, რომ ეს ეშმაკს სურს. ხშირად ეშმაკი სასოწარკვეთით შემუსრავს ადამიანს და გამარჯვებული გამოდის. მაგრამ ასე არ შეიძლება. იცხოვრეთ უბრალოდ, მამის მკლავებში განაბული ბავშვივით. ღმერთზე მინდობაა განუწყვეტელი ლოცვა, რომელსაც კეთილი ნაყოფი აქვს. სასოწარკვეთა ეშმაკისგანაა. ნუ იტყვი: "რაც შემემთხვევა, ამას ვერ შევცვლი". ალალად მიენდე ღმერთს და მტიცედ გჯეროდეს მისი.

თქვა ბერმა: - მე ბევრი კითხვით სპეციალურად თავი არ შემიწუხებია - ცოტა რამ ვიცი წმინდა მამათა სიბრძნიდან და ვცდილობ მათ გამოყენებას... მაგრამ მივხვდი: ადამიანისთვის საწამლავი არ არსებობს. საწამლავი დატკბება, როცა მას სულიერად მიიღებ. ჩვენ ხშირად ვხედავთ, თუ როგორ სცოდავს ვიღაც. მაგრამ მას გული შეემუსრება, ნამდვილად ინანიებს, აღსარებას ამბობს და ღვთაებრივ ნუგეშისცემას იღებს. თუ ვინმე ნუგეშს ვერ იღებს, უნდა მიხვდეს, რომ მას შიგნით გამოსცდის რომელიღაც გულისთქმა და მართებს, წავიდეს და აღსარება უთხრას თავის მოძღვარს, რომლის მერე ნუგეშს პოვებს. ვინც თანაუგრძნობს ძმას ტანჯვისას და ლოცულობს მისთვის, ღმერთი ეხმარება.

სიტყვა მოსაგრეობაზე. ჩვენი ღირსი და ღმერთშემოსილი მამა პეტრე ათონელი, მთაწმინდის პირველი ისიქასტი, დასახლდა მღვიმეში, ათონის სამხრეთ მთისწინეთში. იქ გაატარა მართლაც ანგელოზებრივი და ზეციური ცხოვრება, შიშველ-ტიტველი დაითმენდა დემონთაგან მრავალრიცხოვან და სხვადასხვა სახის განსაცდელს და ორმოცდაცამეტი წლის მანძილზე ზეციური პურით საზრდოობდა.

წმინდა ანას სკიტის დამაარსებელი ღირსი გერონტი ადრე ვულევტირონის მონასტრის იღუმენი იყო. ჯერ ზღვისპირა მღვიმეში ცხოვრობდა, შემდეგ მეკობრეთა თავდახმებს გაერიდა და ძნელად მისადგომ კლდეზე დასახლდა. იქ ახლაც დგას წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ეკლესია, მის გვერდით კალივაში მრავალი ასკეტი დასახლდა, რომლებიც სრულ უპოვარებაში, ღვაწლში, ლოცვასა და უზრუნველობაში ცხოვრობდნენ.

ძმათა ნუგეშინისცემისთვის წმინდა მამამ ილოცა და მისი მოსაგრეობის ადგილას ამოხეთქა პატარა წმინდა წყარომ.

მისმა მემკვიდრემ გადაწყვიტა პატარა ბაღი გაეფართოებინა და ამ წყაროს წყლით მოერწყა. თუმცა ეს არ იყო სათნო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისათვის და როგორც წმინდა მამები ამბობენ, წყარო დაწყდა და წყალი ქვემოთ გამოვიდა. ვინაიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სურს, რომ მონაზვნები ბაღის დამუშავებას კი არა, ლოცვას იყვნენ მიცემულნი, განთავისუფლებულნი ყოველგვარი მიწიერი საზრუნავისაგან.

წმინდა გერასიმე ახალი თავიდან მთაწმინდაზე მოსაგრეობდა, ხუთი წელიწადი კაპსალის რაიონში მოღვაწეობდა, საზრდოობდა მხოლოდ უზეთო, მოხარშული ყაბაყით, შემდეგ კი კუნძულ კეფალონიაზე, ომალას უდაბნოში გადასახლდა, სადაც სავანე დააარსა.

წმინდა გერასიმემ მთაწმინდაზე მოიპოვა სულიერი კაპიტალი, გაიცნო მოსაგრე, სათნო და წმინდა მამები, შეავსო თავისი სამონაზვნე და სამოსაგრეო გამოცდილება და მადლის ჭურჭელი შეიქმნა, განუწყვეტელ მარხვასა და ლოცვაში იყო ისე, რომ ბოროტი სულები დააფრთხო. კაპსალის უდაბური ადგილისდა მიხედვით კაპსალისის (კაფსალელი) მეტსახელი მიიღო. ეშმაკები უყვიროდნენ, - შენ მოგვწვი, კაპსალისო!

ერთ მკაცრ ზამთარს უხვი თოვლი მოვიდა, ჩვენმა ღირსმა და ღმერთშემოსილმა მამამ, აკაკი კავსოკალიველმა გასათბობად ცეცხლი აანთო. მაგრამ რაც უფრო ახლოს მიდიოდა ცეცხლთან, უფრო მეტად იყინებოდა. მაშინ მიხვდა, რომ უზომო ყინვა, რომელსაც ის გრძნობდა, არ იყო ბუნებრივი და ეშმაკის მოქმედებით ხდებოდა. წმინდანმა ჩააქრო ცეცხლი, გამოვიდა მღვიმიდან და შიშველი თოვლში გაგორდა. ისეთი საკვირველი ძალა იგრძნო, რომ მოეჩვენა, თითქოს აბანოში იყო და არა თოვლში. გაოცება და აღფრთოვანება გვეუფლებოდა ყოველთვის, როცა ვესტუმრებოდით მის მღვიმეს და ვუყურებდით მის დღემდე შემორჩენილ საწოლს, რომელიც სქელი, გაუთლელი ნიჟარებისგან იყო გაკეთებული და ერთმანეთისგან შორიშორს გახლდათ დაკრული ისე, რომ თითქმის შეუძლებელი გახლდათ მასზე მოსვენება.

წმინდა საბა მთაწმინდელს, რომელიც მოსაგრეობდა კუნძულ კალიმნოსზე და იქ მოიპოვა სიწმინდე, უყვარდა მოსაგრეობა და შეჭირვება. საჭმელში ზეთს მხოლოდ შაბათ-კვირას უმატებდა. ყოველდღიურად მესამე ჟამამდე ჭამისგან თავს იკავებდა. ერთგვარ ძელაკზე ისვენებდა. ღამღამობით, წესისაებრ, ლოცვით მღვიძარებდა. როგორც კეთილი მწყემსი, სულის თვისის ცხოვართათვის დამდები, აღსარებას იღებდა ღვთის ხალხისგან, ღირსი საბა წინასწარმცნობელობის მადლსაც ფლობდა.

მთაწმინდიდან ის კუნძულ ეგინაზე გადასახლდა და დაემოწაფა წმინდა მღვდელმთავარ ნექტარიოსს, ეგინელ სასწაულმოქმედს. მანვე დაკრძალა ეს წმინდა მღვდელმთავარი. წმინდა საბას ჰქონდა წმინდა ნექტარიოსის ნაჩუქარი შესამოსელი, რომელსაც დიდ დღესასწაულებზე იცვამდა. მთაწმინდაზე ჩემი ღირსსახსოვარი მოძღვრის აღსარებას იღებდა კარულელი მოძღვარი, მღვდელმონაზონი ქრისტეფორე. იგი ერთგვარ "არწივის ბუდეში", თუნუქით გადახურულ პატარა კალივაში ცხოვრობდა. კალივის გარშემო უფსკრულები, მკაცრი და ციცაბო კლდეებია, რომლებიც ეგეოსის ზღვის სიღრმისკენ მიისწრაფვიან. ირგვლივ სრული მყუდროება სუფევს, იშვიათად მხოლოდ ჩიტები თუ დაარღვევენ მას მხიარული თუ სამწუხარო შეძახილებით. ადგილი მკაცრია. აქა-იქ მიმოფანტული ფურცლოვანღეროიანი კაქტუსები და გარეული ნუშის ხეები რამდენადმე ამწვანებენ ამ გაშიშვლებულ, უწყლო სივრცეს. საკვირველია, ამ მიუდგომელ კლდეებსა და უფსკრულებს შორის რომ ცხოვრობდა კოჭლი მოძღვარი მამა ქრისტეფორე. ერთი ჯანმრთელი ფეხით, ვითარცა ათლეტი და ალპინისტი, დაცოცავდა იგი ამ მართლაც საშინელ კარულის კლდეებზე!

ჩემი ღირსსახსოვარი მოძღვარი ხშირად მიყვებოდა, რომ ძველი მუდაბნოე თუ მონასტრის მამები ნავებით ჩადიოდნენ დაფნამდე, თან მიჰქონდათ წიგნები და საკმეველი, ნავში გალობდნენ ცისკარს, ანდა სკვნილზე ლოცულობდნენ.

თქვა ბერმა: - დღეს ჩვენ ვეძიებთ, როგორ გავხდეთ წმინდანები მცირე შრომით.

...დღეს ჩვენ გარდამოცემას დავცილდით. ვუცქერით არა პირველს, თუ როგორ აღმოჩნდა იგი პირველ რიგში, არამედ უკანასკნელს.
ბეჭდვა
1კ1