მისი ცრემლები იბადებიან ღვთის მხურვალე სიყვარულისგან
მისი ცრემლები იბადებიან ღვთის მხურვალე სიყვარულისგან
XXIX. მარიანა და კირი. 1. თავს მოვალედ ვთვლი, ვახსენო დედანიც, რომელთაც მათზე მეტი თუ არა, ნაკლები ღვაწლი არ აღასრულეს. ეს დედაკაცები იმით არიან უფრო მეტი შექების ღირსნი, რომ უფრო სუსტი ბუნების პატრონებს, მამაკაცებისნაირი მისწრაფება აქვთ და დაიხსნიან თავიანთ სქესს პირველშობილის (ევას) სირცხვილისაგან.

2. უპირველეს ყოვლისა, მოვიხსენიებ მარიანას და კირს, რომლებიც ყველა დანარჩენს მოთმინების ღვაწლით აღემატნენ. მათი სამშობლო ვერია იყო; დიდებული წარმოშობისა გახლდნენ და შესაფერისად აღზრდილნიც. თუმცა მათ მოიძულეს ეს ყველაფერი, ქალაქგარეთ ადგილი შემოღობეს, იქ ჩაიკეტნენ და კარები ქვითა და მიწით ამოავსეს. მსახურებს კი, რომელთაც მათი ღვაწლის გაზიარება სურდათ, მეზობლად ქოხი აუშენეს. ისინი ამ ღობიდან უცქერენ მარიანა და კირი თანამოსაგრეებს, აღძრავენ მათ ლოცვისკენ და განახურვებენ მათში ღვთაებრივ სიყვარულს.

3. კარის ნაცვლად გამოჭრილი აქვთ პატარა სარკმელი, საიდანაც იღებენ აუცილებელ საკვებს და ესაუბრებიან მათთან მისულ დედაკაცებს. ასეთი საუბრებისთვის გამოყოფილი აქვთ სულთმოფენობის დღეები; წლის დანარჩენ დღეებში კი დუმილს იმარხავენ. თუმცა მარტო მარიანა საუბრობს მოსულებთან, რამეთუ კირის ხმა არასოდეს არავის გაუგონია.

4. ისინი ატარებენ ჯაჭვებს, რომლებიც იმდენად მძიმეა, რომ კირი, რომელიც უფრო სუსტი აღნაგობისაა, წელშია მოდრეკილი და გამართვა არ შეუძლია. ამ ჯაჭვების ტარება მამაკაცებსაც კი გაუჭირდებათ. მათი სამოსია დიდი საბანი, რომელიც უკნიდან ბოლომდე ეშვება და ფეხებს უფარავს, წინიდან კი წელამდე ეშვება და სრულიად უმალავს სახეს, ყელს, მკერდს და ხელებს.

5. რამდენჯერმე მათ პატივი სცეს ჩემს მღვდელმთავრის ხარისხს, ბრძანეს კარების გახსნა, შიგნით შემიშვეს. ისინი დავარწმუნე, მოეშორებინათ ჯაჭვები. თუმცა, ჩემი წამოსვლის მერე კვლავ დაიდეს.

6. და ამგვარად ცხოვრობენ ისინი 82 წელი. ასე ხანგრძლივი ღვაწლის მერე მათ ისე უყვართ თავიანთი შრომა, თითქოს ახლახან შეუდგნენ მას. ჭვრეტენ რა ზეციური სასიძოს სილამაზეს, მსუბუქად და ხალისით ეწევიან ღვაწლს და ცდილობენ, მიაღწიონ მოღვაწების საზღვარს, მათი გამარჯვების გვირგვინებს. ამიტომაც მტკიცედ დაითმენენ ამინდის ყველანაირ ცვალებადობას. წვიმა, თოვლი და მზე არ ანაღვლებთ, არ ჯავრობენ და ძალუძთ ამ ხილულ შეჭირვებაშიც კი სამხიარულო ნუგეში იპოვონ.

7. ღვთაებრივი მოსეს მარხვის მიბაძვით, მათ სამჯერ დაჰყვეს საჭმლის გარეშე იგივე დრო, ორმოცი დღის გავლის მერე კი მცირეოდენი საკვები მიიღეს. მათ ასევე მიბაძეს ნეტარი დანიელის თავშეკავებას და მარხვაში გაატარეს სამი შვიდეული დღე, შემდეგ კი კვლავ მსუბუქად გამოკვებეს სხეული. ერთხელ მათ მოისურვეს ქრისტეს მაცხოვნებელი ვნების ადგილი ეხილათ და ელიასკენ (იერუსალიმს ასე დაარქვა ბარკოხბას აჯანყების მერე იმპერატორმა ანდრიანემ) გაემართნენ. მარიანას და კირს არაფერი უხმევიათ, მხოლოდ მას მერე იხილეს საჭმლის გემო, როცა ქალაქში შევიდნენ და სიწმინდეებს თაყვანი სცეს. უკანა გზაზეც მათ იმნაირივე მკაცრი მარხვა დაიცვეს, თუმცა ოცი დღის სავალი იყო. სხვა დროს წმინდა თეკლას კუბოს სანახავად ისავრიას გაემართნენ და ორივე გზა უსაზრდელოდ განვლეს. აი, ღვთაებრივი სიყვარული როგორ ავიწყებდა მათ საკუთარ თავს! აი. რამდენად მიჯაჭვულნი იყვნენ ისინი ზეციურ სასიძოს! მათ თავიანთი ცხოვრება ქალთა სქესის სამკაულად აქციეს, იქცნენ სათნოებათა მაგალითად და უფლისაგან ძლევის გვირგვინები მიიღეს.

XXX. დომნინა. 1. საკვირველი დომნინა ცხოვრებით ჰბაძავდა ნეტარ მარიანას. მან დედისეული სახლის ბაღში ფეტვის ჩალის ქოხი ჩადგა და მთელ დღეებს იქ ატარებდა და მოუკლებელი ცრემლით რწყავდა არა მარტო სახეს, არამედ თავის ფიჩვის სამოსსაც. მამლის ყივილის მერე ტაძარში მიდიოდა, რათა სხვა მამაკაცებსა და დედაკაცებთან ერთად შეეწირა ქება-დიდების მსხვერპლი ყოველთა მეუფისადმი. ასე იქცევა ის არა მხოლოდ დილით, არამედ საღამოსაც, სხვებსაც შთააგონებს, რომ ღვთისადმი მიძღვნილი ადგილი სხვა ყველაფერზე აღმატებულია. ამიტომაც, არა მხოლოდ თვითონ თვლის ღვთის ტაძარს ყოველგვარი ზრუნვის ღირსად, არამედ დედა და ძმებიც დაარწმუნა, ღვთის სახლის გამშვენებისთვის თავიანთი სიმდიდრე გაეხარჯათ.

2. საზრდოობს მხოლოდ წყალში ჩამბალი ოსპით. სხეული კი მარხვით აქვს მოუძლურებული და ცოცხალმკვდარია. მისი კანი აპკს ჰგავს: გადაკრულია გათხელებულ ძვლებზე, მარხვისაგან გამშრალ კუნთებზე. დომნინა ყველასთვის განცხადებულად ცხოვრობს, როცა ადამიანებს იღებს, სახეში არ უყურებს, არც თვითონ ანახებს პირს ვინმეს - საფარველითა აქვს დაფარული, რომელიც მუხლებამდე ეშვება. საუბრობს სუსტი და გაურჩეველი ხმით, სიტყვების წარმოთქმისას მუდმივად ცრემლებს ღვრის. ხშირად აიღებდა ჩემს მარჯვენა ხელს და მიიდებდა თვალებზე, ხოლო როცა გაუშვებდა, ხელი ისეთი სველი იყო, თითქოს ხელი ღვრიდა ცრემლს. რა სიტყვებით შეიძლება ღირსეულად შევაქოთ ეს ნეტარი, რომელიც სიბრძნისმოყვარების ასეთ დიდ სიმდიდრეს ფლობს და ტირის, მწუხარებს და ჯავრობს სიგლახაკეში მცხოვრებთა მსგავსად? მისი ცრემლები იბადებიან ღვთის მხურვალე სიყვარულისგან, განხურვებული და საღვთო ჭვრეტისკენ მიზიდული გონება აიძულებს, მთელი გულით ისურვოს ამა სოფლიდან განსვლა.

3. ამგვარად ატარებს დღეებსა და ღამეებს დომნინა და არც სხვა სახის სათნოებებზე ამბობს უარს: შეძლებისდაგვარად ემსახურება დიდ მოსაგრეებს. ზრუნავს მათზეც, რომლებიც მასთან მიდიან, მათ თავისი სოფლის სულიერ მწყემსთან ცხოვრებას სთავაზობს, თვითონვე მიაქვს მათთვის ყოველივე აუცილებელი, რამეთუ მის განკარგულებაშია მისი ძმებისა და დედის მამული, რომელზეც მისი წყალობით ღვთის კურთხევა გადმოდის. როცა მივდივარ მის ოლქში, დომნინა მეც მიგზავნის პურს, ხილს და წყალში ჩამბალ ოსპს...

...ამგვარად, ბევრი არის სიბრძნისმოყვარების სავანეები - მამათა და დედათა - არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ ასურეთში, პალესტინაში, კილიკიასა და მესოპოტამიაში... თუმცა შეუძლებელია ყველა მათგანზე მოთხრობა. ეს რომ შესაძლებელი იყოს, ჩავთვლი ზედმეტად და უსარგებლოდ. სულიერი სარგებლის მიღების მოშურნისთვის ჩემი ნათქვამიც საკმარისია. ამიტომაც ვთხოვ მკითხველს, ვინც დიდი ძალისხმევის გარეშე სხვის შრომას იყენებს, თავისი ლოცვებით გადაუხადოს ამ შრომისთვის. ვთხოვ მათაც, ვისი ცხოვრებაც უკვე აღვწერე, არ უარმყონ მე, მათი სულიერი ქოროსგან მოშორებით მცხოვრები, რათა შემაერთონ თავიანთ გუნდს, რომ არა მხოლოდ შევაქებდე სხვის სიმდიდრეს, არამედ თვითონაც მქონდეს რაიმე შექების ღირსი და სიტყვით, საქმით და ფიქრებით განვადიდებდე ყოველთა მაცხოვარს - ქრისტეს, ღმერთსა ჩვენსა, რომელსა შეშვენის დიდება მამით და სულიწმინდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ბეჭდვა
1კ1