ყველა ადამიანში ჩემს მშობლებს, ძმებსა და ნათესავებს ვხედავ
ყველა ადამიანში ჩემს მშობლებს, ძმებსა და ნათესავებს ვხედავ
სიტყვა სოფლისაგან განდგომასა და მწირობაზე
წმინდა საბა სერბი უფლისწული იყო, სერბეთის მეფე სტეფანე ნემანის ძე და ბერად შედგომამდე რაცკო ერქვა. მისი ოჯახი ძალზე ღვთისმოშიში გახლდათ. სიყრმიდანვე შეიყვარა წმინდანმა ანგელოზებრივი მონაზვნური ცხოვრება. როცა მის სამშობლოში მონაზვნები მოვიდნენ, მათ შორის იყო ერთი რუსი სათნო მამა და მან მისგან შეიტყო მთაწმინდელი მონაზვნების ცხოვრების ამბავი. რაცკოს გული ღვთაებრივი სიყვარულით მოიწყლა. გულშემუსვრილი ევედრებოდა სათნო მამას, უკან დაბრუნებისას მთაწმინდაზე წაეყვანა.

- ვხედავ, მამაო, რომ ღმერთმა, რომელმაც იცის სიღრმე ჩემი გულისა და სურვილი, გამოგგზავნა ჩემთან, ცოდვილთან, რათა დამარიგო ამ ღვთაებრივ გზაზე. გთხოვ, მასწავლე, როგორ მოვშორდე სოფლის ამაოებას და ღირსი შევიქმნე იმ ცხოვრებისა, რომლითაც ცხოვრობს თქვენი სიწმინდე. ჩემს მშობლებს ჩემი დაქორწინება სურთ, ამიტომაც აქედან წასვლა გადავწყვიტე.

ბერი დათანხმდა, მისი მეგზური და ხელმძღვანელი ყოფილიყო, ხვდებოდა ამაში ღვთის ნებას და ხედავდა რაცკოს მხურვალებას, რომელმაც გაქცევის გეგმა შეიმუშავა. მშობლებს მან უთხრა, რომ მთაში სანადიროდ წასვლა და გართობა სურდა. მამამ კურთხევა და იმდენი მსახური მისცა, რამდენიც აუცილებელი იყო. ღამით ნეტარი რაცკო, შემდგომში წმინდა საბა, როცა მსახურებმა დაიძინეს, შეხვდა ხსენებულ მამებს და ისინი ჩუმად წავიდნენ მთაწმინდაზე.

ძველ რუსიკში (სკიტია ათონზე) რაცკო გამოიწრთო, როგორც მხნე მეომარი და მოსაგრე. მამამ შვილის მოსაძებნად მსახურები დაგზავნა. ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რაცკო რუსიკში იყო. სამი სერბი თავადი მივიდა მის წასაყვანად. მაგრამ მორჩილი რაცკო მონასტრის კოშკში დაიმალა და სთხოვა თავის მოძღვარს, სასწრაფოდ შეემოსა იგი მონაზვნის სქემაში. შემდეგ კი მშობლებს წერილი მისწერა სამყაროს აღსასრულსა და საუკუნო სატანჯველზე. მისმა წერილმა ისე შეძრა და შეუმუსრა გული მის მშობლებს, რომ მათაც მონაზვნობა გადაწყვიტეს. დედამისი დედათა მონასტერში წავიდა, ანგელოზებრივი ხარისხი მიიღო, ღვთივსათნოდ იღვაწა და წარვიდა უფლის მიმართ. მამამისმა უარი თქვა სასახლესა და სამეფოზე, დაუტოვა იგი თავის მემკვიდრეს, სტეფანეს, მთაწმინდაზე მივიდა და შეხვდა თავის ძეს, საბას. გამოუთქმელია მათი სიხარული და გულის შემუსვრილება. მეფემ ასევე ითხოვა, სახელად სიმეონი მიეღო. ამგვარად, სიმეონი, ხორციელად მამა, გახდა სულიერი შვილი თავისი ვაჟის, საბასი! ორივენი ვათოპედის მონასტერში იღვწოდნენ და წმინდანები გახდნენ. მათ დააარსეს სახელგანთქმული სერბული მონასტერი ქილანდარი, რომლისთვისაც ადგილი გამოუყო ვათოპედის მონასტერმა 1198 წელს, რომელსაც თან ახლდა იმპერატორ ალექსი III ანგელოსის სიგელი.

* * *
ჭეშმარიტად საკვირველია ღირსი დამიანე, მეგობარი ღირსი კოზმა ზოგრაფელისა, რომელიც ესთიგმენუს სავანეში იღვწოდა. იგი წმინდად ცხოვრობდა და მცნებად ჰქონდა, თავისი კელიის გარეთ ღამე არსად გაეთია. ერთხელ წვიმამ და ნისლმა ქალანდარის მიდამოებში მოუსწრო. არ იცოდა, სად იყო. წმინდანმა უფალს შეჰღაღადა, - უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ვიღუპები. უფლის ანგელოსმა უმალ აღმოიტაცა და იგი აღმოჩნდა თავისი კალივის წინ, მთელი და უვნებელი. ღირსი დამიანეს გარდაცვალების მერე, ორმოცი დღის მანძილზე, მონასტრის ძმები კეთილსურნელებას გრძნობდნენ, რომელიც მისი კუბოდან მოდიოდა და სავანიდან ერთი მილით იყო დაშორებული.

* * *
- რომელი სოფლიდან ხარ, მამაო? - ეკითხებოდნენ მოძღვარს, ბენიამინ ყუთლუმუშელს, რომელიც 85 წლისა 1941 წელს გარდაიცვალა.

- მე ლტოლვილი ვარ, - უპასუხა მან, - გულისხმობდა მთელი კაცთა მოდგმის მწირულ ცხოვრებას და სწრაფწარმავლობას ამ დროებითი ყოფისა.

* * *
დაახლოებით 1835 წელს, საბერძნეთის თურქებისგან განთავისუფლებიდან ხუთი წლის თავზე, რამდენიმე სარდარი (ათონის მთის განსაკუთრებული მცველი, რომლებიც წესრიგს იცავდნენ, მათ ქუდებზე ჩვეულებისამებრ "ა.ო." აწერია, ანუ "მთაწმინდის პოლიცია", - ავტ.) დიდი ლავრის ტყიან რაიონში წავიდა გარეულ თხებზე სანადიროდ. ერთ დილას ერთ-ერთი მღვიმის სიახლოვეს სრულიად შიშველი პატივცემული მამა დაინახეს. "გვაკურთხე, მამაო", - მიმართეს მათ. "უფალმა გაკურთხოთ", - უპასუხა მან და გამოჰკითხა მთაწმინდის ამბები, - რა ხდება ახალი, როგორ ცხოვრობენ მონაზვნები და ა.შ. სიმშვიდეა თურქების დამარცხებისა და მათი უღლისაგან განთავისუფლების მერეო.

- ვინ თურქები იყვნენ და ეს რომელი აჯანყება იყო ბერძენთა? - ჰკითხა მეუდაბნოე მამამ.

- არ იცი, მამაო, რომ ჩვენ, მართლმადიდებელი ბერძნები, სისხლს ვღვრით თურქების უღლისაგან თავის დასახსნელად?

- არა, ჩემო შვილო. არაფერი არ ვიცოდი. ჩვენ აქ შვიდნი ვართ, არსად დავდივართ და ვერაფერს ვიგებთ, - უპასუხა ამ მიწიერმა ანგელოზმა და ზეციურმა კაცმა.

მონადირეებმა მისგან კურთხევა აიღეს და განცვიფრებულებმა ამ შეხვედრის შესახებ ამბის მოსაყოლად წმინდა ანას სკიტის მამებსა და ძმებს მიაშურეს. მამებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და რამდენიმე მათგანი სარდრებთან ერთად ათონის მთაზე ავიდა. გულმოდგინედ გამოიკვლიეს მთელი რაიონი, რათა მღვიმე და ის საკვირველი მამა ეპოვათ. მაგრამ ვერც მღვიმე და ვერც წმინდა მამა ვერ აღმოაჩინეს.

* * *
კარიესში, წმინდა სამების კელიაში, ცხოვრობდა მამა კირილე. ძალზე სასიამოვნო კაცი გახლდათ, უშუალო, კეთილშობილი, დარბაისლური ასაკისა, სრულიად თეთრი წვერითა და ნათელი სახით. მთაწმინდიდან ის სოფელში არასოდეს გასულა.

* * *
საკვირველების ღირსი იყო ქრისტეს მიერ მწირი, მომძულებელი ამა სოფლისა, წმინდა ანას სკიტელი მღვდელმონაზონი იოაკიმე ამერიკელი, რომელიც ღვთისმშობლის შობის კელიაში ცხოვრობდა. იგი სულიერი ძმა გახლდათ ჩემი ღირსსახსოვარი მამისა და ისიც ხშირად მიყვებოდა ამ იშვიათ კაცსა და მორჩილზე.

მამა იოაკიმეს დიდი დამსახურება ჰქონდა იერუსალიმის საპატრიარქოსა და ბერძნული არმიის წინაშე, ჰქონდა უამრავი მედალი, რომელიც არქიმანდრიტის ჯვართან ერთად წმინდა ანას ხატს მიუძღვნა.

ამერიკიდან ჩამოსული, სადაც მას უმაღლეს საეკლესიო პოსტებზე აყვანას უპირებდნენ, იგი მკაცრი მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მორჩილების მაგალითს უჩვენებდა. საკუთარი სურვილით მამა იოაკიმემ უარი თქვა თავის სამღვდელო მოვალეობაზე, რათა უბრალო მონაზონივით ეცხოვრა.

წვერი მიწამდე სწვდებოდა, როგორც ძველ წმინდა მოსაგრეებს. ტუბერკულოზით დაავადებული - უფლის მიერ მიიცვალა 1957 წელს.

* * *
სრულყოფილი მწირობა მოიპოვა გრიგოლ ისიქასტმა, წმინდა ანას სკიტში წმინდა მთავარანგელოზთა კალივის პატრონმა. მუდმივად ლოცულობდა და მოუკლებელ ლოცვას იყო მიცემული. ამბობდა, რომ ის სატანასთან ერთად გეენიაში იქნებოდა ჩაგდებული, უფლის მიერ ჯვარზე გაღებული მსხვერპლის არად ჩაგდების გამო.
იგი ყველას უყვარდა.

* * *
ერთმა მოსაგრე მამამ თქვა:

- როგორ უნდა გავიგოთ, რომ მონაზონი სოფლისთვის ჯვარს ეცვა? აი, მამა ს-მ მთაწმინდაზე 60 წელი იცხოვრა, ერთხელაც არ გასულა სოფელში.

შექება ვნებს მონაზონს. როცა ვინმე ქებას ეძებს, ის ჰგავს კაცს, რომელსაც თავისი აჩრდილის დაჭერა სურს.

"თუ ჩემი მოძღვარი მლანძღავს, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვუყვარვარ", - ამბობს მორჩილი. საიდან უნდა იცოდეს, რა უდევს გულში მის მოძღვარს?

* * *
ერთი ქილანდარელი (სერბი) მონაზონი 40 წლის მანძილზე თავისი კელიიდან არ გამოსულა!

* * *
წმინდა ლეონტიმ, დიონისეს მონასტრიდან, გარდაცვალებამდე არ იცოდა, სად იყო მონასტრის კარები, არადა იქ 75 წელი გაატარა.

* * *
ასი წლის წინ წმინდა ანას სკიტში მშვიდობით მიიცვალა სერბი უფლისწული, ბრანკოვიჩთა სახელგანთქმული გვარის წარმომადგენელი, მონაზვნობაში თეოკლიტე. იგი ძალზე ასკეტურად ცხოვრობდა, სრულიად მოსწყდა სოფელს და დიდ ღვაწლს ეწეოდა, რისთვისაც მოწყალე ღვთისაგან ღირსი შეიქმნა სულიერი ნიჭების მიღებისა.

* * *
თქვა ბერმა: - მონაზონი როგორც კი განუდგება სოფელს, საკუთარ ახლობლებს ღმერთს ჩააბარებს და ივიწყებს მათ. მაშინ ღმერთი მათი დახმარების ვალდებულებას იღებს. ასე გამოდის მონაზონი თავისი პატარა ოჯახიდან და შუერთდება ადამის დიდ ოჯახს. ის არც კი იხსენებს თავის შინაურებს და განსაკუთრებული სახითაც არ ლოცულობს მათზე, რამეთუ მათზე ზრუნვით იგი ეწინააღმდეგება ღმერთს, რომელმაც მის ახლობლებზე ზრუნვა იტვირთა. მე ყველა ადამიანში ჩემს მშობლებს, ძმებსა და ნათესავებს ვხედავ. ნათესავებთან ურთიერთობაც კი შევწყვიტე... როცა არ ვფიქრობ ჩემებზე, მაშინ ღმერთი იფიქრებს მათზე.

* * *
სულიერი დამრიგებლისა და განმსჯელი მოძღვრის კეთილი სახელი დატოვა მეცნიერმა და მთაწმინდელთა მრავალი ნაშრომის გამომცემელმა მღვდელმონაზონმა ექვთიმემ, ყუთლუმუშის მონასტრის პატიოსანი ჯვრის კელიის მკვიდრმა. ღირსსახსოვარი მამა მოჰყვა: "კრეტის განთავისუფლების მერე, 1912 წელს, თურქები იმ მიწებს ყიდდნენ, რომელსაც ისინი ფლობდნენ. მოვიდა ერთი კაცი, რომლის ძმაც ჩვენს სკიტში ბერად იყო შემდგარი და დაჟინებით სთხოვდა ფულს, რათა კუნძულზე მიწა ეყიდა. ძმას ფულის მიცემა არ უნდოდა. იცოდა, მონაზვნის ფული სიკეთეს არ მოუტანდა მის ნათესავებს. მონაზონმა თავი ღმერთს მიუძღვნა. მიუხედავად ამისა, სხვა თანამემამულეებისგან დარწმუნებული, იგი დათანხმდა, რომ ერისკაცი ძმისთვის მთელი ფული გადაეცა. მაგრამ როცა ძმა უკან ბრუნდებოდა, თესალონიკში მოკლეს და მთელი ფული წაიღეს".

* * *
ერთი ძველი მამა, ნეოფიტე წმინდა ანას სკიტელი, ერთი გადაუდებელი საქმის გამო მთელი წლით მოშორდა ათონის წმინდა მთას. იგი მეუბნებოდა: - კარგი იქნება, თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სოფელში კვლავ არ გამგზავნისო.

* * *
რამდენიმე წლის წინ საუკუნეს გადაცილებული (105 წლისა) გარდაიცვალა მამა ბასილი კარიესელი. ის არასოდეს გამოსულა თავისი კელიიდან კარიესში ჩამოსასვლელად. ამასთან, სავსებით ბედნიერი იყო: - ათი სიცოცხლე რომ მქონოდა, ყველას მონაზვნის ანგელოზებრივ ცხოვრებას მივუძღვნიდიო, - ამბობდა ბერი.
ბეჭდვა
1კ1