ნუ დამიტევებ, ღმერთო!
ნუ დამიტევებ, ღმერთო!
მამა იოსებ ვათოპედელი. მამა იოსებ ისიქასტის ცხოვრება
ხილვა. მამა იოსები ჰყვებოდა: "ერთ ზაფხულს , როცა ჩვენ (მამა იოსები და მის თანამოსაგრე მამა არსენი, - კ.კ.) ცხოვრებისეული საზრუნავისგან თავისუფალ ცხოვრებას ვეწეოდით , საშინელ ტანჯვას განვიცდიდი. ვცდილობდი, არ დამეთმო, მჯეროდა, რომ "თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად" (ფს. 9,18), მაგრამ რვა წლის მერე ხორციელი ბრძოლა განსაკუთრებით გაძლიერდა. დამცავი საშუალებები საკმარის შედეგს ვერ მაძლევდა, ვინაიდან მადლი მიდიოდა და ნუგეშს ლოცვის დახმარებითაც ვერ ვიღებდი. ასეთ შემთხვევაში დიდი დახმარება შეიძლება გაგიწიოს ადამიანურმა ნუგეშისცემამ, ის მომდინარეობს ჭეშმარიტი მამებისა და ძმებისაგან, რომელთაც აქვთ განსაცდელისა და ამგვარ მდგომარეობაში ყოფნის გამოცდილება. ჩვენთვის ეს მიუწვდომელი იყო, რადგანაც მყუდროების გამო ურთიერთობას გავურბოდით, ზოგი მოხიბლულად გვთვლიდა და არ ვსიამოვნებდით. უფრო უმეცარნი დაგვცინოდნენ კიდეც - ეს იყო ის, რაზეც ბრძანა დავითმა: "სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს" (ფს. 68,26). ერთადერთი, ვინც ჩვენ დაგვრჩა, იყო ღირსი პეტრე ათონელის კელიის მოძღვარი მამა დანიელი. ხშირად მივდიოდით იქ და დიდბერიც, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ გვანუგეშებდა, რომ ხედავდა ჩვენს გულწრფელ სწრაფვას ცხოვნებისაკენ.

ამ მძიმე ბრძოლის პერიოდში ერთ ზაფხულის საღამოს ჩვენს საყვარელ ადგილას ვიმყოფებოდით წმინდა ბასილის სკიტსა და კრია ნერას შორის. დიდ სიმძიმეს განვიცდიდი და მადლიც არ მიგზავნიდა ნუგეშს. არ ვიცოდი, კიდევ რა შეიძლებდა გამეკეთებინა გონს მოსასვლელად, ამიტომაც მოძღვართან წასვლა გადავწყვიტე და გზას დავადექი. ძალა არ მქონდა და გზაში შევჩერდი. ვაღიარე მის წინაშე, ვინც განიკითხავს გულსა და თირაკმელთა (შდრ. ფს. 7,9): "ყოვლადსახიერო უფალო, შენ აქ ხარ და ყველაფერს ხედავ. რა გინდა შენი საბრალო და უძლური ქმნილებისგან? შენ იცი ჩემი განზრახვა, კიდევ რა შემიძლია გავაკეთო? შენი შეწევნით არ ვუთმობ და იმედი მაქვს შენი მოწყალებისა, რომ არ მიმატოვებ. რატომ არის ასეთი იძულება? ხომ არ მოტეხს ჩემს ნებას? ნუ დამიტევებ, ღმერთო, მაძიებელთა შენთა ყოველთა იმედო".

გზის გასაგრძელებლად მოვემზადე, უეცრად თითქოს ჩემს წინ ჩიტის რაკრაკი გავიგონე და მაშინვე გაქრა ჩემი აუტანელი სიმძიმე, ასე რომ მთრგუნავდა და ვიგრძენი ნუგეშინისცემის ნიშნები. ჩემში მადლმა დაიწყო ზრდა, ძალა მომიზღვავდა და ჩემს გონებას, როგორც ყოველთვის, უკვე შეეძლო ღვთისთვის მადლიერებითა და ქებით მიემართა, რამდენადაც ამას მადლი აიძულებდა. ასე ხდება, როცა ის (მადლი) ამ დონეზე რჩება; მაგრამ თუ ის გამრავლდება, მაშინ გონებაც და გრძნობაც წყვეტს მოქმედებას და რჩება მხოლოდ ჭვრეტა, რომელიც მეუფებს ყველაფერ დანარჩენზე. უეცრად მეორედ გავიგონე რაკრაკი, პირველზე შეუდარებლად ტკბილი, და მომეჩვენა, სულ ახლოდან ისმოდა. ვიფიქრე, ცოტა წინ წავალ და გავიგებ, რა ხდება-მეთქი. ნაბიჯი უნდა გადამედგა, რომ კვლავ გაისმა იდუმალი ხმა. მაშინ გრძნობა გაჩერდა. სამყაროში, რომელსაც არც საზღვრები ჰქონდა და ვერც განიზომებოდა, ვიდრე ეს მოხდებოდა, ვგონებ, მოვასწარი ბილიკის პირას რაღაცას დავყრდნობოდი. ამის მერე კი, როგორც ამბობს წმინდა მოციქული პავლე: "გინა თუ ხორცთა, არა ვიცი, გინა თუ თვინიერ ხორცთაისა, არა ვიცი, ღმერთმან იცის", თითქოს ზემოთ მივუყვებოდი ფერდობს. განსაზღვრება, რომელსაც მე ვიყენებ, იხმარება ჩვენს საზომებთან, სახეებთან დაკავშირებით, მაგრამ იქ, სადაც ადამიანი მოხვდება ამ ზნეობრივ მდგომარეობაში, არ არსებობს ასეთი რამ, რომელიც ამ სამყაროს საგნებს შეედრება, თუნდაც ჩვენეული საზომები მრავალათასჯერ გავადიდოთ (ჩვენ დაჟინებით ვთხოვდით მოძღვარს, დაწვრილებით განემარტა ნანახი, მან კი ამგვარი სახით გვიპასუხა, - მამა ი.ვ.). მომეჩვენა, რომ აღმართს მაღალი მთისკენ მივყავდი, მწვერვალისკენ მივდიოდი, რადგან რაღაც მეუბნებოდა, - იქამდე უნდა მიაღწიოო. მივყევი ჩიტის ამ ტკბილ და მელოდიურ რაკრაკს, რომელიც წინ მიმიძღოდა და მომიწოდებდა, რომ გავყოლოდი. არ ვიღლებოდი, არც სხეულის სიმძიმეს ვგრძნობდი და ჩემი მოძრაობა დროის მიხედვით არ ხდებოდა. თვითონაც ვერ შევამჩნიე, ისე მივაღწიე მწვერვალს, რასაც მოჰყვა ახალი განმაცვიფრებელი მოვლენა - ხილვა ღვთის დიდებულებისა!

ჩემს წინ უზარმაზარი, უსასრულო, ზღვასავით ველი გადაიშალა. ნათელი შეუდარებლად გათეთრდა. ჩემდა უცნაურად, როგორც მომეჩვენა, აღმოსაველთისკენ მივიწევდი. სურვილი მქონდა შემეტყო, რა იყო ველის სიღრმეში, სადაც ჩემი რწმენით უნდა მიმეღწია, რამდენადაც ხმა, რომელიც მესმოდა, იქიდან მოდიოდა. იმდენად სწრაფად ვმოძრაობდი, რომ არ ვიცი, რა დროში გავიარე ეს უსასრულო სივრცე და მივაღწიე მის ქვედა ნაწილს, საიდანაც უზარმაზარი ქალაქის გალავანი გამოჩნდა.

მივუახლოვდი. უზარმაზარი კარების წინ აღმოვჩნდი, რომლის სილამაზემაც მაიძულა, შევჩერებულიყავი. განცვიფრებული ვუცქერდი. "რომელ კაცს შეეძლო ამგვარი ნაგებობის აშენება?" - ვფიქრობდი. უსასრულო დუმილი და ღვთაებრივი სიჩუმე გამეფებულიყო, მხოლოდ ჩიტის მელოდიური გალობა ისმოდა, რომელიც თითქოს კედლის მიღმიდან გამოდიოდა. ერთხანს აღფრთოვანებული შევყურებდი ამ ზებუნებრივ სიგნალთაგან შექმნილ ნაგებობებს, მაგრამ ცნობისმოყვარეობის წყურვილი მკლავდა, დამენახა, რა იყო შიგნით და შემეტყო, რომელი გახლდათ ის ტკბილად მგალობელი ზეციური ფრინველი. ვერავინ დავინახე, რომელსაც შევეკითხებოდი ანდა შესვლის ნებას ვთხოვდი. ჯვარი გამოვისახე და კარებში შევედი!

მაგრამ რაოდენ საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო ძალთაო! "საკვირველ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს გალობის შესხმად საკვირველებათა შენთა!" შევედი თუ არა, იქაური დიდებულება წარმომიდგა. ადგილზე გავიყვანე, ფიქრი აღარ ძალმიძდა, მხოლოდ მაოცებდა ამ კეთილმშვენიერი დიდებულების ხილვა, გულში კი ფიქრი აღმებეჭდა, რომ ეს ღვთის ქალაქი იყო. როცა ქვემოთ დავიხედე, დამატყვევა ამ მშვენიერი ნამუშევრის ჭვრეტამ, რომლის წარმოდგენაც კი არ შეუძლია ადამიანურ გონებას. იმდენად დიდებული სანახავი იყო, შეუძლებელი იყო მის ჭვრეტას მოსწყდომოდი, მხოლოდ მათ შორის რაღაც საგნების მოძრაობამ საშუალება მომცა, გავთავისუფლებულიყავი და მზერა სხვა რამისთვის მიმექცია. ამ წმინდა ქალაქის გალავნის კედლები იდუმალნი ჩანდნენ როგორ შენების წესით, ისევე უსაზღვრო სიმაღლით, რაც უფრო ზევით ვიხედებოდი, მით იზრდებოდნენ. თუმცა ჩემმა ინტერესმა უმაღლეს წერტილს მიაღწია და ბოლოს დავინახე ის ანგელოზებრივი ხმის ფრინველი.

ამ იდუმალი ადგილის ცენტრში, სადაც ტაძარი ანდა ქალაქი მდებარეობდა (ანდა სიმაღლეზე ფარფატებდა), - ეს მხოლოდ ღმერთმა იცის, ყოველივეს შემოქმედმა, - უზარმაზარი, მეტალისმაგვარი ბიზანტიური ქორედი, როგორიც შეიძლება იხილო ათონის მთაზე. მაგრამ ეს ნაგებობა არ იყო მეტალის, ანდა სხვა უსულო საგნისგან გაკეთებული, არამედ, გამოუთქმელი სილამაზის, უამრავი ჩიტისგან, რომლებიც ერთმანეთისგან ფერითა და შესახედაობით განირჩეოდნენ. ყველანი ერთი ხმით გალობდნენ, რომელიც ისმოდა, როგორ მელოდია, ჰიმნი. ის ჩემთვის მიუწვდომელი, მაგრამ იმდენად ტკბილი იყო, რომ მთელი ჩემი არსება ღვთაებრივი მადლით აივსო. ქორედის შუაში იმყოფებოდა ის კეთილმშვენიერი ჩიტი, რომლის ხმა თავიდანვე მესმოდა. იგი თანაბარი ხმით, როგორც კამერტონი, ტონს აძლევდა ამ გასაოცარ მელოდიას.

რამდენ ხანს ვიყავი იქ - მხოლოდ ღმერთმა იცის, მანუგეშებელმა ყოველთა. ღვთის დიდებულებით აღფრთოვანებულმა, კარებს იქით, რომელშიც შევედი, თითქოს ნაბიჯების ხმა გავიგონე. ვფიქრობდი, რომ შევხვდებოდი ვინმეს, ვინც ამ ყოველივეს აზრს ამიხსნიდა. მერე კი მოვბრუნდი და უკან გამოვედი, თუმც ვერ მოვასწარი ვინმეს დანახვა. მე მხოლოდ მომეჩვენა, რომ ჩრდილოეთისკენ დავიძარი და კვლავ ქვემოთ დავეშვი, თუმცა ამ დროს იმავე ადგილას ვრჩებოდი.

იქაც ვნახე საოცრებები. თითქოს ჩემს წინ ზეთისხილის ტევრები და დაბა გაშლილიყო, მაგრამ ეს ზებუნებრივი გახლდათ. როცა მივუახლოვდი იმ ადგილს, საიდანაც დავიწყე ასვლა ამ საკვირველ მთაზე, დავინახე, რომ მის ფერხთით გაშლილიყო უზარმაზარი კაშკაშა, მწვანე ველი, რომელიც ავსებული იყო ბავშვებით. ზოგი დიდი გახლდათ, ზოგიც პატარა - დიდი სიხარულით თამაშობდნენ. ამ სანახაობით დამტკბარი, მათი სიმრავლით, კეთილწესიერებითა და სიხარულით გაოცებული, მოვბრუნდი და გზას გავუყევი. როგორც მომეჩვენა, მივედი გასასვლელთან, სადაც მაღალი, ტოტებგაშლილი ხეები იდგა.

როცა მართლაც მივუახლოვდი გასასვლელს, რომელიც საღმრთო მშვენიერების ქმნილება გახლდათ, შევხვდი დიდებულ მამას, კეთილსა და მოყვარულს, უსაზღვროდ მშვიდს. იჯდა სავარძელში - მივედი და მუხლი მოვუდრიკე. მან ხელი გამომიწოდა და გამიღიმა უდიდესი მამობრივი სიყვარულით. ვგონებ, ხელში ჩამიდო სამი ნაწილი თეთრი პურისა, პატარა, ჩვენი ანტიდორის ხელა. მოვმუჭე, გამოვბრუნდი წამოსასვლელად და ამ დროს მოვედი გონს.

აღმოვაჩინე, რომ ვდგავარ კლდეს მიყრდნობილი, იმავე ადგილას, სადაც ვიმყოფებოდი, როცა საკვირველი გალობა მომესმა მოძღვართან მიმავალს. ღვთის სახიერების ამგვარი დიდებულებით, ღვთაებრივი სიხარულით აღვსებული და გაოცებული, რომელსაც ღირსმყო მისმა მოწყალებამ, დავბრუნდი უკან. გავემართე მამა არსენისაკენ, თან ვიმეორებდი ჩვენი დიდი დამრიგებლის მოციქულ პავლეს სიტყვებს: "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩვენდა მომართ (რომ. 8,18), რამეთუ, ჭეშმარიტად, "რომელ თვალმან არ იხილა და ყურსა არ ესმა და გულსა კაცისასა არ მიუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმა მოყვარეთა თვისთა" (1 კირ. 2,9). როცა გონს მოვედი, მუჭი ისევ შეკრული მქონდა, გავხსენი თითები, მაგრამ იქ პურის ნაწილები ვერ ვიპოვე. ეტყობა, ისინი სულიერნი იყვნენ, რამდენადაც ჩემი სული უსაზღვრო მხიარულებასა და სიხარულს გრძნობდა, ისე რომ, ერთი დღე-ღამე ხორციელი საჭიროება ერთხელაც არ მომგონებია, სიხარულის ცრემლით ვტიროდი და ვმადლობდი ღმერთს დიდი შემწყნარებლობისათვის, რომელსაც იჩენს თავმდაბალი ადამიანისადმი.
ბეჭდვა
1კ1