მე ვინა ვარ, რომ ჩემთვის საგანგებოდ მოამზადონ საჭმელი?!
მე ვინა ვარ, რომ ჩემთვის საგანგებოდ მოამზადონ საჭმელი?!
არქიმანდრიტი კრონიდი (XIX-XXს.ს.) მოგვითხრობს: "ერთხელ მოსკოვის გავლით ჩემს მშობლიურ კუთხეში დავბრუნდი და ბიძაჩემთან გავჩერდი, რომელიც სადგურის უფროსის თანაშემწე იყო. იგი მაღალი წრის საზოგადოებაში ტრიალებდა და ოთხშაბათ-პარასკევის მარხვას არ იცავდა. ბიძის სახლში ყოფნისას, როცა სატრაპეზოდ დავსხდებოდით, ვიცოდი, რომ ოთხშაბათი ანდა პარასკევი იყო, მაგრამ მაინც გეახლებოდით კვერცხსა და რძეს. ვამბობდი ხოლმე, - მე ვინა ვარ, რომ ჩემთვის საგანგებოდ მოამზადონ საჭმელი-მეთქი. ერთხელაც, ჩემს მონაზვნად აღკვეცამდე ერთი წლით ადრე, მესიზმრა, - თითქოს რომელიღაც ტაძარში ვდგავარ. ტაძარი უჩვეულო, ზეციური სილამაზისაა და ძალზე ფართოა. მარჯვენა კლიროსის უკან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დიდი ხატია ღვთაებრივი ყრმით ხელში. ქალწული მარიამის ხატი ადამიანის სიმაღლის იყო და ჩერნიგოვის ღვთისმშობლის ხატს მოგაგონებდათ. გაოცებულმა ცოდვილნი მუხლნი მოვიდრიკე მისი სახების წინაშე და უფალთან შუამდგომლობა ვთხოვე. ჩემდა შესაძრწუნებლად ვიხილე, რომ ღვთისმშობელმა მიიბრუნა ჩემგან თავისი უწმინდესი სახე. შეშინებულმა თრთოლით წამოვიძახე: "დედაო ღვთისავ, დედაო ღვთისავ, რით შეურაცხგყავი, რომ მიიბრუნებ შენს ღვთაებრივ სახეს ჩემგან - უღირსისგან-მეთქი. პასუხად მესმის: - შენ შეურაცხმყავი მარხვის დარღვევით, ოთხშაბათ-პარასკევს საკუთარ თავს სახსნილოს ჭამის ნებას აძლევ და პატივს არ მიაგებ ჩემი ძის ვნებას. ეს შეურაცხყოფს მასაც და მეც". ამით ხილვა დასრულდა და გაკვეთილად მექცა".
ბეჭდვა
1კ1