თუ ჩვენ მოვერევით ცოდვებს, მერე პრობლემების მოგვარებაში ღმერთი დაგვეხმარება
თუ ჩვენ მოვერევით ცოდვებს, მერე პრობლემების მოგვარებაში ღმერთი დაგვეხმარება
ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ნიკოლოზ ბითაძე:


- მამაო, როგორ მივიღოთ სიახლეები, ცივილიზაცია საშიშია?

- ცივილიზაციის არასწორი მიღება და გააზრებაა საშიში. ყველა სიახლეს თავისი პრობლემა მოაქვს. ეს იქნება ტექნიკური განვითარება, კომპიუტერიზაცია თუ სხვა რამ, მაგრამ ამისგან არსებობს დაცვის მექანიზმები. პირიქით, მსოფლიოს არ უნდა ჩამოვრჩეთ, მსოფლიოს ფერხულში ჩავებათ და რაც კარგია, ის მივიღოთ. ევროპაში საზღვარის გახსნამ ბევრი დადებითიც მოიტანა და უარყოფითიც. უცხო ქვეყნისგან პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ, როგორ შრომობენ, როგორი დამოკიდებულება აქვთ კანონის მიმართ, როგორ იციან დროის ფასი. განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, ამას ვერავინ გააჩერებს, ვერც მედიცინას, ვერც მეცნიერებას. ვერც კომპიუტერიაზაციას. ცუდზე უარის თქმა და კარგის მიღება ვისწავლოთ.


- რისი უნდა გვეშინოდეს ყველაზე მეტად?
- წმინდა მამები ამბობენ, არანაირი უბედურება არ არსებობს, ყველაფერი მოჩვენებითია, ერთადერთი უბედურება ადამიანის წარწყმედააო. ცოდვის უნდა გვეშინოდეს. ჩვენი სისუსტეებიდან გამომდინარე, ადამიანს სულ სხვა რაღაცების ეშინია. გაცივდება - ეშინია, ავად გახდება - ეშინია, ფული შემოაკლდება - ეშინია. წმინდანებს ეშინოდათ, ცოდვაში არ ჩავარდნილიყვნენ. XXI საუკუნეში საერო და სასულიერო მხრიდანაც გაუნათლებლობასაც უნდა ვებრძოლოთ. ვეცადოთ, ვიყოთ განათლებულნი. დღეს მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები, თუ არ გვაქვს სასულიერო, საერო განათლება, ან ეშმაკი მოგვატყუებს, ან კაცი. ჩამოვრჩებით და ძალიან მძიმე შედეგები გექნება. ამის უნდა გვეშნოდეს.


- სასულიერო პირის უარყოფითად წარმოჩენა დღეს თითქოს წესად აქციეს...
- ეს მარადიული პრობლემაა. ათეიზმი და ათეისტური აზროვნება რელიგიას მუდმივად ებრძოდა. თითქოს გააუბრალოვეს და არაფერს ნიშნავს სასულიერო ხარისხი. ამის საწინააღმდეგოდ ეკლესია უნდა გაძლიერდეს. სასულიერო პირები დავიხვეწოთ და ვიყოთ იმ სიმაღლეზე, რა მოთხოვნაც ეკლესიას აქვს. ჩვენი რელიგიური ცხოვრება არ დაწყებულა ბავშვობიდან, ალბათ არ ვართ იმ სიმაღლეზე, რომ საზოგადოება გვემხრობოდეს, მორწმუნე გახდეს. რაც მეტი მორწმუნე გვეყოლება, წინააღმდეგობა არ იქნება საზოგადოების ერთ ნაწილსა და ეკლესიას შორის. დღეს სოციალური ქსელებიდან და ტელევიზიებიდან ეკლესიის აქტიური კრიტიკა გვესმის და თავისებურად აშუქებენ მოვლენებს. სურთ გამოიკვეთოს, თითქოს ეკლესია, ზოგიერთი სასულიერო პირი სწორად არ იქცევა. ზოგჯერ კრიტიკა საფუძვლიანია, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები თითიდან გამოწოვილ მიზეზებს ეძებენ და სურთ, აუგი თქვან ეკლესიაზე. ღმერთმა ყველას აპატიოს. წმინდა დავით მეფსალმუნე ამბობს: "თქვა უგუნურმა გულსა შინა თვისსა, არა არს ღმერთი". ვინც ამბობს, ღმერთი, ეკლესია, სარწმუნოება არ არისო, უგუნურს ემსგავსება. ასეთი უგუნურები ყველა ეპოქაში იყვნენ. ღმერთმა გაუხსნათ გონება. ათეიზმის გაძლიერების პერიოდში ვცხოვრობთ. თუ ჩვენ მოვერევით ცოდვებს, ნაკლოვანებებს, სიძულვილს ერთმანეთის მიმართ, მერე პრობლემების მოგვარებაში ღმერთი დაგვეხმარება. ბრძოლის პირველი ფრონტია ბრძოლა საკუთარ ცოდვებთან. უწმინდესიც ამბობს, - გამოსწორება ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთო.


KARIBCHE




- დიდია მოძღვრის პასუხისმგებლობა?
- ცხადია. ექიმს ხომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მასწავლებელსაც, მაგრამ მღველი რასაც აკეთებს ან აფუჭებს, ეს მარადიულ ცხოვრებაში აისახება. სასულიერო ცხოვრება ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა. მღვდლობაში ისეთი დეტალები გამოიკვეთება, ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც, ჩემთან მოსულ ადამიანს დაუკვირვებლობით რაიმე არ დავუშავო-მეთქი. ასეთი სულიერი ბრძოლაც არის. თითოეული სიტყვა, საქციელი უნდა მოვზომოთ. თუ რაიმე შეგვეშალა, წინ დაგვხვდება. 1997 წლიდან სასულიერო პირი ვარ. მანამდე სკოლაში ვმუშაობდი მასწავლებლად. ლექციები მქონდა ტექნიკურ საგნებში. ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი ვიყავი, მყავდა მოძღვარი. მეუფე იობმა ბათუმიდან ჩვენს ეპარქიაში ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოიყვანა. მისმა ჩამობრძანებამ თითქოს ყველაფერი გამოაცოცხლა. მას მახვილი თვალი აქვს და ერთ დღეს სტიქაროსნის პირით საკურთხეველში დამიბარა. მაშინ 37 წლის ვიყავი. საკურთხეველში შევედი. მეუფემ მითხრა, - იქნებ იფიქრო სასულიერო პირობაზეო. მეუფე, ვმუშაობ, ოჯახი მყავს, ჩემი ჩამოყალიბებული საერო პოზიცია მაქვს-მეთქი. იქნებ წიგნის მკითხავად დაიწყო მსახურებაო - ხუცური ვიცოდი. თავიდან ვერ გადავწყვიტე, გამიჭირდა... რამდენჯერმე უარი ვუთხარი მეუფეს და ბოდიში მოვუხადე. მერე მოვლენები ისე განვითარდა, მიზანშეწონილად ჩავთვალე, სასულიერო გზა ამერჩია და რამდენიმე დღეში შევიმოსე კიდეც. ასე დაიწყო ჩემი სასულიერო ცხოვრება. 60 წლის ვხდები. ცხოვრებისეული გამოცდილებაც საკმაოდ დამიგროვდა და სასულიეროც. 90-იანი წლებში მრევლი გავხდი. როცა აღმოაჩენ, ღმერთი მოქმედებს შენს პირად ცხოვრებაში, საზოგადოების ცხოვრებაში, ერის, კაცობრიობის ცხოვრებაში, მერე ყველგან ხედავ ამას და გრძნობ ღვთის ხელს. ვიდრე ამას დაინახავ, ფაქტობრივად სიბრმავის პერიოდია. ღმერთმა დაგლოცოთ. ღვთის მადლი გინათებდეთ სავალ გზებს.

"კარიბჭის" რედაქცია ულოცავს მამა ნიკოლოზს 60 წლის იუბილეს. ღმერთმა გაგაძლიეროთ და დღეგრძელობა მოგცეთ, მამაო, დედა ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.


ბეჭდვა
1კ1