სიტყვა უპოვარებასა და ნებაყოფლობით სიგლახაკეზე
სიტყვა უპოვარებასა და ნებაყოფლობით სიგლახაკეზე
* უპოვარებით, უბრალო ცხოვრებით, სრული თავისშემოზღუდვითა და სურვილთა მოკვეთით გამოაჩინა თავი მამა კალენიკე კიპრიოტმა, რომელიც თავის ძმა გრიგოლთან ერთად წმინდა ანას სკიტში მოღვაწეობდა. თავისი ასკეტური ღვაწლი მან კვიპროსზე სტავრონუვის მონასტერში განაგრძო. აი, როგორი "მემკვიდრეობა" დატოვა მან სიკვდილის მერე(!): ბაღლინჯოებით სავსე, ნახევრადდამპალი ქვეშაგები, კონკებიანი სკივრი, ხოჭოებისგან ნახევრადშეჭმული წყვილი ფეხსაცმელი, მრავალგზის შეკეთებული, ღუმელში შესაგდებად რომ გამოდგებოდა მხოლოდ, საფულეში დავიწყებული ორი-სამი გროში. ცრემლმომდგარმა მისმა ხორციელმა ძმამ, იღუმენმა ბარნაბამ, მიმართა იქ მყოფთ: "შეხედეთ, მამებო, კალენიკეს სიმდიდრეს, რომელიც შეაგროვა მან ამდენი წლის მანძილზე, როგორც მონაზონმა და მონასტრის იღუმენმა. ჭეშმარიტად მონაზონი ის არის, ვისაც ქრისტეს გარდა არაფერი აქვს ახლანდელ ცხოვრებაში".

* მამა ნეოფიტეს უდაბნოს კელიაში ვერაფერს იპოვიდით, ორცხობილიანი ტომრის გარდა. მხოლოდ შაბათ-კვირას თუ მოდიოდა ის დანიელის საძმოში და მათთან ერთად ტრაპეზობდა. ამის მერე კი მთელი კვირა იკარგებოდა.

ამბობენ, როცა ლავრაში გარდაიცვალა მამა ნეოფიტე, სახე გაუბრწყინდაო...

* კარიესელი მონაზონი მამა ა-ი წმინდა ხარლამპეს კელიიდან იმდენად უპოვარი იყო, რომ თავისი მოძღვრის ანაფორის გარდა, სხვა არაფერი ეცვა.

* რუმინელი მამა ნექტარიოსი წმინდა ანას სკიტის ზემოთ ცხოვრობდა, წმინდა პანტელეიმონის კელიის გვერდით, წმინდა არტემის კალივაში. მონაზონს ერთხელაც არ დაუტოვებია მთაწმინდა. ზღვარი არ ჰქონდა მის სიგლახაკესა და უპოვარებას. ბერი ამზადება სარებსა და წნელებს ლობიოს ასასხმელად, რასაც კალივის მამები ყიდულობდნენ. სიცოცხლის ბოლო წლები მხოლოდ ლოცვასა და სრულ დაყუდებას დაუთმო.

* მონაზვნად აღკვეციდან სიკვდილამდე მონაზონი ამბაკუმი ფეხშიშველი დადიოდა. ფეხსაცმელს მხოლოდ მაშინ იცვამდა, როცა დიდი ლავრა დღესასწაულობდა (5 ივლისს, წმინდა ათანასე ათონელის ხსენებას).

* არასოდეს სცმია ახალი სამოსი მამა ავქსენტი გრიგორიატელს. მას ჰქონდა დაკემსილი პერანგი და ერთადერთი წყვილი ფეხსაცმელი, რომელსაც მხოლოდ მონასტრის საზღვრებში იცვამდა. სხვა დროს ფეხშიშველი დადიოდა ათონის გზებსა თუ ბილიკებზე, კლდეებზეც გაუვალ ადგილას. მცირე ხის საწოლი, პატარა სკამი თავთან ჩამოკიდებული რამდენიმე უბრალო ხატი და თაროზე დაწყობილი აუცილებელი ჭურჭელი - ეს იყო მისი ქონება.

* მიხეილ ინვალიდს ერთი ანაფორის გარდა არაფერი ებადა. იგი გახლდათ სრულიად უპოვარი, ხოლო როცა მიიცვალა, ღირსი შეიქნა, რომ წესი მღვდელმთავარმა აუგო. ამ დროს მისი ქარვასავით ყვითელი სახე ბრწყინავდა.

* ერთმა უპოვარმა მამამ თქვა:

- ცხოვრობდა ერთი ბერიკაცი, რომელსაც საკუთარი მეურნეობა არ ჰქონია. აი, კაცი როგორ თავისუფლდება, ვინაიდან ყველაფერი, რასაც ჩვენ კეთილმოწყობას, სიკეთეს ვეძახით, არსებითად არ არის სიკეთე, პირიქით, მოუხერხებელია. კეთილმოწყობაა - მაშინ, როცა იმარტივებ შენს ცხოვრებას და მხოლოდ აუცილებელით შემოიფარგლები, მაშინ ხდება ადამიანი თავისუფალი.

* ჩიტის ბუდესავით ღარიბული იყო კერასიელი ისიქასტის მღვდელმონაზონ მეთოდეს კალივა, რომელსაც არც წყარო ჰქონდა და არც ტაძარი.

თავის კურთხეულ მოწაფესთან, მორჩილ ბარტყთან ერთად იგი სრულიად უზრუნველ ცხოვრებას ეწეოდა, არაფერი აშფოთებდა, არც მიწიერ სიკეთეებსა და კომფორტზე ზრუნავდა. ორივენი ნეტარნი იყვნენ, უპოვარნი ზეცისა მკვიდრნი, ღარიბნი და დაგლახაკებულნი ქრისტესადმი სიყვარულისთვის. მოძღვარი მორჩილს ლავრაში გზავნიდა მოწყალების სათხოვნელად. ისინი იმით კმაყოფილდებოდნენ, რასაც აძლევდნენ.

მამა მეთოდე ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველებო ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო, მაგრამ ფასდაუდებელი სულის ცხონებისთვის დაუტევა ყოველგვარი ერისკაცული დიდება და ყოველგვარი მაღალი მდგომარეობა.

ამ წმინდა კალივაში საჭმელი, ჩვეულებისამებრ, ასე მზადდებოდა: ისინი ადუღებდნენ წყალს, ყრიდნენ მასში ცოტაოდენ ფქვილსა და მარილს და ფაფა მზადდებოდა. როცა ყურძენი ჰქონდათ, ძმები დებდნენ მას თიხის ჭურჭელში და წყალს უმატებდნენ.

ერთხელ მათ სანახავად ძმა მოვიდა. ისინი მას ასკეტური საჭმლით გაუმასპინძლდნენ.

- წმინდაო მოძღვარო, ეს რა არის? ჭარხლის სუპი? - ჰკითხა სტუმარმა ცნობისმოყვარეობით.

- ხუთმაგი წყლის კისელია, - უპასუხა მამა მეთოდემ. ანუ ხუთჯერ დაამატეს მასში წყალი.

სიცოცხლის ბოლო წლებში ის წმინდა ათანასე ათონელის მღვიმეში გადასახლდა. ჰიმნოგრაფი გახლდათ და არაჩვეულებრივად თხზავდა კილოებს და მელოდიებს.

გერასიმე სმირნაკისი წერს: "ის უკიდურესად მკაცრად ცხოვრობდა და მუდმივად საქმიანობდა".

1903 წელს მამა მეთოდე წმინდა კინოტის მდივნად აირჩიეს. გარდაიცვალა 1920 წელს.

* ღარიბი ასკეტი ანატოლი, რომელიც 1938 წელს მშვიდობით მიიცვალა, ათონის მწვერვალზე აგროვებდა მთის ჩაის და უკვდავას ყვავილებს. ამით ის არსობის პურს გამოიმუშავებდა.

- შენ ალბათ თავს ხიფათში იგდებ, როცა კლდეებსა და უფსკრულების პირას დაცოცავ? - ეკითხებოდნენ.

- არა, დალოცვილო, თავს თოკით ვიბამ. ეს ვისწავლე ჯერ კიდევ ერში, როცა მეზღვაური ვიყავი, - პასუხობდა იგი.

მამა ანატოლი კავსოკალივის სკიტის კირიაკონის გვერდით, პატიოსანი ჯვრის კალივაში ცხოვრობდა და ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი, უპოვარი და კეთილმოკრძალებული მონაზონი იყო. სკიტის მეწისქვილისაგან ყველაზე პირველი იღებდა ფქვილს (როცა წისქვილის ქვებს კოდავენ, პირველ ჩამოფქვას ბევრი ქვიშა მოჰყვება). კვირის იმ დღეებში, როცა სახსნილო საჭმლის ჭამა შეიძლებოდა, მცირეოდენ ზეითუნის ზეთს ჭამდა, რომელსაც ყავის ლამბაქზე ისხამდა. ზეთში პურის ნაცვლად ხახვს აწებდა... მომზადებულ საჭმელს მხოლოდ მაშინ ჭამდა, როცა სტუმარი ჰყავდა.

მამა ანატოლის ძალზე უყვარდა მაცხოვრის ჯვარცმის ხატი. მის წინ ის მოუკლებლად ცრემლებით ლოცულობდა, ხოლო ზოგჯერ თვითონ ხატიც ტიროდა... იმავე დროს მას უდიდესი კეთილკრძალულება ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. როცა ღამით, დასვენებისას გადაბრუნდებოდა ხოლმე მეორე გვერდზე, დაძინებამდე ხმამაღლა იგალობებდა "ღირს არსს". მან ცოტათი იცოდა ბიზანტიური გალობა და დაბალი, მეხისებრი ხმა ჰქონდა. ამ ჰიმნს ის მეორე ხმას გალობდა, სწორედ ისე, როგორც პირველად იგალობა იგი მთავარანგელოზმა. შეეძლო, ღამის განმავლობაში ათჯერ მაინც ეგალობა. მის მოწაფეს ეს თავიდან აწუხებდა, მერე მიეჩვია.

როცა მამა ანატოლი კარიესში ჩაის ჩასაბარებლად მიდიოდა, აუცილებლად მუხლი უნდა მოედრიკა "ღირს არსის" კელიაში (ეს კელია პანტოკრატორის მონასტერს ეკუთვნის), სადაც მოხდა მთავარანგელოზის გამოცხადება, რომელმაც ღვთისმშობლის ჰიმნი იგალობა. ის მუხლს მოიდრეკდა და მერე კრძალვით გალობდა "ღირს არსს". როცა ის გალობდა, ხატის წინ ჩამოკიდებული კანდელი რხევას იწყებდა! ერთხელ მამებმა უთხრეს, კანდელმა შენი მეხივით ხმის მიზეზით დაიწყო რხევაო. მაშინ მამა ანატოლი კარიბჭეში გამოვიდა და კვლავ იგალობა. კანდელმა კვლავ რხევა დაიწყო. იგალობეს სხვა მამებმაც, მაგრამ კანდელი უძრავად რჩებოდა.

აი, როგორი გასაოცარი და ღირსეული იყო მისი სული, უბრალო და ბავშვური. მასში მადლი იყო დავანებული და მოქმედებდა თვით "დიდ განზრახვითა და ძლიერ საქმეებითა ყოვლისმპყრობელი" უფალი.

* ქსეროპოტამის მონასტრის სკიტში ცხოვრობდა ერთი ღირსსახსოვარი მორჩილი, მამა თეოფილაქტე. იგი იმარხავდა ღმერთს და ღმერთიც იცავდა ნეტარს. ადრე მდიდარი მშობლების შვილმა თეოფილაქტემ დატოვა ამაოება და სიხარული ამა სოფლისა და უუბრალოეს ბერს, მამა კოზმას დაემოწაფა. დედამისმა 100 ლირა გამოუგზავნა, მაგრამ მან ამის აღება არ მოისურვა. თეოფილაქტე თითქმის მთელი ღამე ფეხზე მდგარი ლოცულობდა. გარეგნობით და შინაგანი თვისებებით ის ანგელოზთა მსგავსი იყო.

* იმავე სკიტში წმინდა მთავარანგელოზთა ქოხში ცხოვრობდა მამა ექვთიმე. თავისი ასკეტური საცხოვრისის შუაში იგი ორცხობილიან ტომარას კიდებდა.

* ერთმა მოსაგრემ თქვა:

- მარხვა, მღვიძარება, ლოცვა - ვისაც ცხოვრებაში ეს სამი საგანი ექნება, ბევრს მიაღწევს. სიცოცხლეში უბრალო იყავი. ხედავ ჩემს კალივას, რომელშიც ზედმეტი არაფერია? დაე, შინ მხოლოდ აუცილებელი რამ გქონდეს. საგნების სიმრავლე სულიერ ცხოვრებაში არ ეხმარება.

* ცოტა ხნის წინ (1986 წელს) მართალის ძალით მიიძინა ღირსსახსოვარმა "პაპამ" ახალსკიტელმა მამა თეოფილაქტემ - უბრალო, მდაბალმა, უბოროტო ბერიკაცმა. ყოველგვარი განსაცდელის წინაშე მოთმინებით აღვსებული სიცოცხლის ბოლოს ის დაბრმავდა, მაგრამ არასოდეს წუხდა იმაზე, რომ თვალის სინათლე მოაკლდა. მას გამოარჩევდა მოციქულებრივი უპოვარება და უზრუნველობა მატერიალურ სიკეთეთა მიმართ. მას არ ჰქონდა ხელსაქმე და არც ფულის შოვნაზე ზრუნავდა. ის მოუკლებლად ლოცულობდა და ყველაფრისთვის მადლობდა ღმერთს. ბერი მოწაფე გახლდათ ღირსსახსოვარი იოაკიმესი, მერე კი - მამა იოსებ მღვიმელისა.

ვიდრე დაბრმავდებოდა, სკიტის ფოსტალიონის მორჩილება ჰქონდა და ევალებოდა, ოთხი კანდელი აენთო კირიაკონის კიოტებში, რომელსაც ის ნებისმიერ ამინდში დღეში ორჯერ სტუმრობდა.

სიტყვა ბავშვების აღზრდაზე
ერთმა გამოცდილმა მოსაგრემ ბავშვების გაზრდაზე კეთილად დაარიგა მნახველნი.

- ძალზე ვწუხვარ მამაჩემის უყურადღებობის გამო, რადგან მოძღვართან აღსარებაზე მხოლოდ 18 წლისა მოვხვდი. მიაღწევს ბავშვი 6-7 წელს - მორჩა, მიგვყავს ის მოძღვართან... ამიტომაც როცა მთაწმინდიდან შინ დაბრუნდებით, თვალყური ადევნეთ შვილებს, განსწავლეთ ისინი რწმენაში. დაიცავით, პირველ რიგში, ლოცვით. ილოცეთ თქვენი შვილებისთვის მართალი იობივით. ილოცეთ ასე: "ყოვლადწინდაო ღვთისმშობელო, დაიფარე ჩემი შვილები, დაიცავი ისინი, შემეწიე მე, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო". გამოისახეთ ჯვარი, თქვენი შვილებისთვის უგალობეთ ღვთისმშობელს რაიმე ტროპარი. თვალყური ადევნეთ მათ - სად მიდიან ღამით, ვისთან მეგობრობენ, რამეთუ ცუდი საზოგადოება გარყვნის კეთილ ზნეს (1 კორ. 15,32). შენი ბავშვი შესაძლოა კარგია, მაგრამ სხვა გარყვნილია და შეუძლია დამღუპველად იმოქმედოს მასზე.
ბეჭდვა
1კ1