"იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ შეცოდებანი ჩემნი"
"იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ შეცოდებანი ჩემნი"
სიტყვა უპოვარებასა და ნებაყოფლობით სიგლახაკეზე. ასკეტთა დაკონკილი სამოსის ქვეშ იმალება სიმდიდრე სათნოებათა , მასში მჟღავნდება მატერიალური სიკეთეების უგულებელყოფა და ძლევა სულისა სოფლის საგანთმოყვარე განწყობილებაზე. სიამოვნებათა ნებაყოფლობით დათმენაში, თავისუფლებასა და მკაცრ ცხოვრებაში ძევს საგანძური სიმდაბლისა, აქ განცხადდება ქრისტეში სახარებისეული ცხოვრების ფილოსოფია.

სწორედ ამგვარ შესამოსელს ეძიებენ ჭეშმარიტი მოსაგრეები, მათ არ სურთ ახალი სამოსის ტარება, უარს ამბობენ ფულის აღებაზე, სიამოვნებაზე. ბოლოს და ბოლოს, ისინი უარყოფენ საკუთარ თავს და მისდევენ საუკუნო ღმერთის უცვალებელ სიტყვებს: რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ჰყავნ თავი თვისი" (ლუკ. 9,23).

მოსაგრენი მნიშვნელობას არ ანიჭებენ გარეგნობას, სამოსის გალამაზებას, ფეხსაცმელს, სახეს, თმას, სხეულს. მათი ყურადღება და გულმოდგინება მიმართულია ადამიანის არსების სიღრმისკენ, შინაგანი სამყაროსკენ, გონებისა და გულის ხელთუქმნელი სილამაზით, ზეციური ნათლით, ღვთაებრივი სილამაზით გამშვენებისკენ.

ამგვარ სულიერ სილამაზეს ფლობდა "სულითა და სხეულით გლახაკი" მოსაგრე პეტრე სიმონპეტრელი. მასზე გვიყვებოდნენ გერასიმე ჰიმნოგრაფი, ასევე მამა დანიელი, თომაიდე, ღირსსახსოვარი მამა პაისი, მამა იოაკიმე და სხვები.

პეტრე უბრალო და ალალი ადამიანი გახლდათ, სულმაღალი და ტანდაბალი (ამიტომაც ეძახოდნენ "პეტრაკისს"). ათონის მთაზე აგროვებდა მთის ჩაის, ქსოვდა სკვნილებს და ყიდიდა თავის სარჩენად. ზოგი მეტ ფულს სთავაზობდა, მაგრამ ის უარობდა.

ერთხელ, დიდი ხნის სიარულის მერე, იმ მონაზვნის კალივაში მივიდა, რომელსაც მისი მოწაფეობა სურდა და უთხრა:

- წმინდა პეტრეს მღვიმეში ჩემთან მოსვლისთვის აღარ შეწუხდე, რადგან მალე უნდა მოვკვდე.

როცა მონაზონმა ჰკითხა, რით გაგიმასპიძლდეო, პეტრემ მცირეოდენი ადუღებული წყალი სთხოვა. მერე აბგიდან ჩაის ტოტი ამოიღო და ჩადო წყალში, კოვზის წვერით შაქარი ჩაუმატა და დალია. 1 კგ შაქარი წელიწადზე მეტხანს ჰყოფნიდა!

ერთხელ მამა იოაკიმეს ესტუმრა კარიესში. უკვე ბნელოდა და ბერმა შესთავაზა, ამაღამ აქ გაათიეო. წავალ ქსიროპოტამში, - უპასუხა პატრაკისმა, - ვივლი, ვიდრე გზას დავინახავ, მერე კი წაბლის ხეზე ავძვრები განთიადამდეო.

ასეც მოიქცა. იმ ღამეს კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ბერი დასველდა და გაცივდა. თავის კალივაში დაბრუნებული, დაემშვიდობა მეზობლად მცხოვრებ მონაზვნებს და მალე მშვიდობით განისვენა.

კარიესში ერთ კავნიაში (კავნია ქოხია, სადაც მონაზვნები ძილს ებრძვიან და ძირს რომ არ დავარდნენ, თავს თოკებით იბამენ ძელზე, ამიტომაც ასეთ მონაზვნებს კავიოტებს ანუ თოკშებმულებს ეძახიან) ცხოვრობდა მოძღვარი მამა გერმანე. იქ იღებდა სოფლიდან მოსულ ერისკაცებსა და მუშებს, მათ ყველანაირად უმასპინძლდებოდა, არიგებდა, აღსარებას იღებდა და გააძლიერებდა ქრისტესმიერი ცხოვრებისადმი რწმენაში. მამა გერმანე თავის მნახველებს მატერიალურად ეხმარებოდა და არ სურდა, მზის ჩასვლის მერე კელიაში თუნდაც ერთი პარბსი (მონეტა) დარჩენოდა.

ერთ სულიერად უპოვარ მოხუც მონაზონს, მაკარს, ცელი ჰქონდა, ბალახს თიბავდა და ყიდიდა. არც საჩუქრებს იღებდა და მცირედით კმაყოფილდებოდა. სახლი და ეზო დაწკრილებული ჰქონდა. ამბობდა: - აქ, მთაწმინდაზე, ორი თვალი უნდა გქონდეს, სოფელში კი ოთხიო.

კატუნაკელ მამა ნიფონტი ზეიმთმოყვარეს კარგი ჩვეულება ჰქონდა - როცა რომელიმე კელიაში დღესასწაული ჰქონდათ, მიდიოდა მათთან, ულოცავდა და სიკეთეს უსურვებდა.

ერთ ქოხში ცხოვრობდა ორი მოსაგრე ძმა - ორესტე და კონსტანტინე, რომელიც შემდგომში კრია ნერაში გარდაიცვალა. კონსტანტინე ხორცშესხმული უპოვარება იყო. ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი დადიოდა.

ისიქასტურ კელიაში "იანიუპულაში" ცხოვრობდნენ ცნობილი მოსაგრეები - სოფრონი და გაბრიელი. ქრისტეშობის მღვიმეში ანგელოზთა დარად ცხოვრობდა მოსაგრე რომანოზი. მთელი სიცოცხლე სკვნილზე ლოცულობდა და ამ მამათა მოცემული მოწყალებით ცხოვრობდა.

წმინდა პეტრე ათონელის მღვიმეში (ამ ნესტიან მღვიმეში ისე ციოდა, რომ მღვიმის შესასვლელი დიდმა ლავრამ ამოქოლა და მისი ზუსტი ადგილსამყოფელი ახლა უცნობია) ცხოვრობდა მეუდაბნოე, რომლის უპოვარების აღწერაც შეუძლებელია. მთელი წელი ფეხშიშველი დადიოდა და სრულიად უზრუნველად ცხოვრობდა! ამ დროს ადამიანის სახის ხილვაც კი შფოთის შემომტანია.

ბერს არც ნაჯახი ჰქონდა და არც ხერხი შეშის მოსაჭრელად. იგი იყო ისიქასტისა და მჭვრეტელის მამა დანიელის მორჩილი. თუ ვინმე ორცხობილას, ცერცვს ანდა თევზს მიუტანდა, ის იყო მისი საკვები.

კარიესში ასევე მოღვაწეობდნენ სათნოებით აღსავსე მამები - მამა კოზმა მენივრე, რომელსაც კელია ტყეში ჰქონდა, რუმინელები: მამა ნეოფიტე და ბერი ნათანაილი, იოანე, დამრიგებელი მამა დანიელისა.

ეს მამები დროს მოუკლებელ ლოცვასა და სულიერ მოვალეობათა აღსრულებაში განლევდნენ. მათი ცხოვრება ავსებული იყო ლოცვითა და თავის იძულებით.

ღირსი დიონისე ოლიმპიელი (დაიბადა XV ს-ში ტრივალსის ახლოს, დაბა პლატინაში) ოლიმპოს მთაზე წმინდა სამების სახელობის საკვირველი მონასტრის დაარსებამდე ათონზე მოღვაწეობდა. მთელი სულით შეიყვარა მყუდრო საცხოვრებელი. ყარაყალის სავანის სკიტში პატარა ქოხში დასახლდა, მიწაზე ცხოვრობდა, ვითარცა უხორცო ანგელოზი, მარხვასა, მღვიძარებასა და ლოცვაში. მისი დღიური საკვები რამდენიმე ცალი წაბლი იყო, და იმასაც მხოლოდ დღის მესამე ჟამზე ჭამდა.

ამ ნეტარმა იმგვარი უპოვარება მოიპოვა, რომ კარებს არასოდეს კეტავდა - არაფერი ჰქონდა, ანაფორის გარდა. სკიტში სამი წელი ცხოვრობდა, "ევედრებოდა მხოლოდ ღმერთს, მიწიერის არაფრის შემძენელი, ვიდრე ღვთის განგებულებით ეს ადგილი არ დატოვა".

"იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ შეცოდებანი ჩემნი", - ამბობდა სულიერი მამა იაკობ ვიგლელი, ქრისტეშობის კელიიდან. მკაცრი იყო და მოსაგრე მისი ცხოვრება. ხუთი საათი ქვიშას ათრევდა სანაპიროდან, რათა ეკლესია აეშენებინა!

ღვთის გარდა, არავინ იცოდა, როგორ ცხოვრობდა, რით იკვებებოდა, სად შოულობდა მცირეოდენ ზეთს თავისი კელიის ლამპრისთვის ქრისტეს მიერ სალოსი მოსაგრე დიონისე. მით უმეტეს, რომ მოწყალების აღება გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრეღა დაიწყო. მამა დიონისე მთაწმინდაზე 1842 წელს მოვიდა და 1880 წელს მიიცვალა.

მიბაძვის ღირსმა მოსაგრემ იმდენად შეიყვარა უპოვარება, უზრუნველობა და სიღარიბე, რომ ლამის დიდმა ლავრამ გააგდო, რადგან სრულებით არ ზრუნავდა თავის მოციქულთა სახელობის კელიაზე კესარიაში. ვენახი, ხეხილიანი ბაღი, ყველაფერი აბალახებული იყო. სხვა მინდვრისკენ იყო მიმართული ამ კაცის სწრაფვა და ზრუნვა - ლოცვითი შრომისა და გონებისმიერი მუშაკობის მინდვრისაკენ.

იაკობი წარმოშობით ქიმარელი (ჩრდილოეთ ეპირი) იყო. 1912 წლის ომში მამულს ემსახურა. დიდი შრომით ააშენა წმინდა მღვდელმთავართა სახელობის ტაძარი. ძალზე ღარიბი იყო. მისი კალივა სულ ერთი ოთახისგან შედგებოდა. საწოლად ნამჯის ლეიბი ეგო, ერთიც ცალკე ჰქონდა შენახული იშვიათი სტუმრისთვის. ტანზე ჯვალოს იფარებდა. დილით დაახვევდა ლეიბს და ოთახის კუთხეში დებდა. ჩვეულებისამებრ მწვანილით და ორიოდ ორცხობილათი იკვებებოდა.

წმინდა პეტრე ათონელის მღვიმეში მოღვაწეობდა ნებაყოფლობით დაგლახაკებული, უპოვარი და ფეხშიშველი მამა ქრიზოსთომოს მეუდაბნოე, რომელიც წაბლით, მწვანილით და ორცხობილათი იკვებებოდა. მე ვიცნობდი სხვა ქრიზოსთომოსსაც, ჭეშმარიტად ოქროპირს, რომელიც კავსოკალივის სკიტის ერთ-ერთ კალივაში ცხოვრობდა და გაოცებდა თავისი უტკბესი საუბრითა და ქრისტესმიმბაძველი სიმშვიდით. ჩემი მოძღვარი მისი ხნისა იყო (ისინი ერთდროულად გავიცანი). არქიმანდრიტი ქერუბინი ამ კალივაში სწავლობდა ხეზე კვეთის ხელოვნებას, რაც აღწერილი აქვს კიდეც წიგნში "ნოსტალგიური მოგონებანი".

რა შეიძლება ითქვას ლავრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის კათიზმაში მცხოვრებ ასკეტ მამა გიორგიზე? დაფლეთილი კაბით, ფეხშიშველი, ყოველთვის იდგა ლოცვად, ვითარცა განსულიერებული ჩაუქრობელი სანთელი. მას ერთი დიდი სკამი ჰქონდა დასაჯდომად და ძილისთვის!

ორი უდაბნოს ყვავილი, ერთმანეთის მიმართ მშვიდი და ძმური სიყვარულით აღვსებულნი, გახლდნენ ათონელი ასკეტები ანტონი და სიმეონი. ერთი მშენებლობაზე მუშაობდა, მეორე კი ბაღში. სარწყავი წყალი შორიდან მოჰქონდა. ძალზე ღარიბულად ცხოვრობდნენ. მათგან ერთ ავ სიტყვას ვერ გაიგონებდით. მათი ციცქნა კალივა პანტოკრატორის მონასტრის ახლოს მდებარეობდა.

პირველი მამა სიმეონი მიიცვალა და მამა ანტონმა მარტომ განაგრძო დაყუდებული ცხოვრება. წაიყვანეს ყუთლუმუშის მონასტრის მოხუცებულთა პალატაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გაძლო და მალევე უკან დაბრუნდა. ძლივს მიათრევდა ფეხებს მიწამდე თავდახრილი, მაგრამ გახარებული. ასი წლის ასაკში განისვენა მოსაგრეობისა და ნებაყოფლობითი სიგლახაკის ღვაწლთაგან. არავინ გამოჩნდა, ვინც ამოიღებდა მის პატიოსან ძვლებს (ანუ გარდაცვალებიდან მესამე წელს მისი საფლავის გახსნისთვის არავის უზრუნია, - კ.კ.), იგი ბევრს გამოეცხადა და ამის შესახებ სთხოვა.

ერთი კინოვიური მონასტრის მონაზონი 60 წელი იმ ანაფორით დადიოდა, რომლითაც აღკვეცეს.

ეპისკოპოსი იეროთეოს მილოტოპელი, რომელიც წმინდა ანას სკიტში ცხოვრობდა (წმინდა ელეფთერის კალივაში), სრულიად უპოვარი იყო. მარხვის, მოთმინების, სიმშვიდის სანთოებებთან ერთად გამოირჩეოდა ღარიბ მოსაგრეთა მიმართ თანაგრძნობით - მათ თავის პენსიას ურიგებდა. 88 წლისა გარდაიცვალა.

წმინდა ანელი მამა ქრისანთე ჰყვებოდა, - როცა მათ სკიტში გარდაიცვალა სათნო მონაზონი მამა ხარიტონი, მის კელიაში მხოლოდ წყლის ჭურჭელი იპოვეს.
ბეჭდვა
1კ1