რწმენის ჭეშმარიტებას, როგორც სხვა მატერიალურ სიკეთეებს, მსოფლიო ბაზარზე ვერ იპოვი
რწმენის ჭეშმარიტებას, როგორც სხვა მატერიალურ სიკეთეებს, მსოფლიო ბაზარზე ვერ იპოვი
სარწმუნოების სიწმინდის დამარხვაზე
* ლათინადმბრძნობი ბიზანტელი იმპერატორის მიქაელ პალეოლოგისა და პატრიარქ იოანე ვეკას მოციქულები მთაწმინდაზე პაპისტებთან მართლმადიდებელი ეკლესიის ცრუ ერთობის ძალით დასანერგად მოვიდნენ.

ამ ცდას, რომელსაც პაპიზმისა და უნიის ისტორიის სამარცხვინო თანამგზავრთაგან თან სდევდა სისასტიკე, ძალადობა და სისხლისღვრა, მშვიდად და მტკიცედ აღუდგნენ მთაწმინდელი მონაზვნები, მართლმადიდებლობის საზღვრის მცველნი და მეომარნი.

პატრიარქ ვეკას მომხრეებმა პროტატში (ათონის ადმინისტრაციული შენობა კარიესში) ჩამოახრჩვეს კინოტის (ათონის ადმინისტრაციული ორგანო) წინამძღოლი და მარმარილოს ფილაზე, რომელიც დღემდეა შემონახული, თავი მოჰკვეთეს ცამეტ აღმსარებელსა და ახალმოწამეს. ისინი იმიტომ დასაჯეს, რომ ურყევი ერთგულება გამოაცხადეს გარდამოცემისა და მართლმადიდებელი ეკლესიისა და არ სცნეს პაპი, რომელსაც სინანულის გამოჩენა არ სურდა.

ეს ღირსი მამანი იყვნენ "მშვენიერი ლერწნი, ზედ ასხმული მწიფე მტევნებით, დაუღალავი მცველი და მზირნი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და წმინდა გარდამოცემისა".

მოციქულთა მსგავსად, თორმეტი ვათოპედელი ღირსმოწამე, თავიანთ იღუმენთან, ექვთიმესთან ერთად, ჩვენი წმინდა რწმენისთვის ეწამნენ. თორმეტი მონაზონი ჩამოახრჩვეს ფურკოფუნზე ("სახრჩობელა მთად" ითარგმნება სავანის ახლომდებარე ბორცვი), ხოლო ექვთიმე კისერზე ჯაჭვმობმული ზღვაში ჩაახრჩვეს.

მათთან ერთად ღირსნი არიან მოვიხსენიოთ ივერიელი ღირსმოწამენი, რომლებიც ასევე ზღვაში ჩაახრჩვეს ლათინადმბრძნობმა მიქაელ იმპერატორმა და პატრიარქმა იოანემ.

ზოგრაფის მონასტრიდან 26 ღირსმოწამე შეემატა მართლმადიდებლობისთვის მოწამეთა ღვთივრჩეულ დასს: ისინი დაწვეს, ვითარცა უხრწნელი მსხვერპლი, მონასტრის გოდოლში.

*ჩვენმა ღირსმა მამამ ნიკიფორემ, რომელიც ადრე ლათინი იყო, მიიღო აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატები, მოღვაწეობდა მთაწმინდის განმარტოებულ უდაბნოში. დაწერა ბრძნული თხზულება გონებისმიერი ლოცვის მეთოდებზე, რომელიც "სათნოებათმოყვარებაში" არის მოთავსებული.

*მართლმადიდებლობის დამცველი ღვთისმეტყველი, წმინდა მღვდელმთავარი გრიგოლ პალამა სამ დიდ კრებაში მონაწილეობდა, ეწინააღმდეგებოდა ლათინადმბრძნობ ვარლამს, აკინდინესა და გრიგოლს, რომლებიც უარყოფდნენ ღვთაებრივ ხელთუქმნელ ენერგიას.

*მონაზვნები - ქრისტეს მხედრები და ეკლესიის ჰეროიკული მომხრეები არიან. ისინი ყოველთვის იცავდნენ ჭეშმარიტ რწმენას და ვიდრე სიკვდილამდე ერკინებოდნენ ერესთა და საცთურთა სიცრუეს. მთაწმინდელი მონაზვნები მიმდევარნი არიან მრავალსაუკუნოვანი გარდამოცემისა და ახლაც მზად არიან, თავიანთი რიგებიდან აღადგინონ მართლმადიდებლობისთვის მოწამენი. კალენდარი მოიხსენიებს (ძვ.სტ.):

4 იანვარს: 12 ვათოპედელ ღირსმოწამეს

14 თებერვალს: დამიანე ღირსმოწამეს

22 მარტს: ექვთიმე ივერთა სკიტელს და ღირსმოწამე ლუკა სტავრონიკიტელს

16 აპრილს: ღირსმოწამე ქრისანთე ქსენოფონტელს

1 მაისს: ექვთიმესა და ეგნატეს, ივერთა სკიტელ ღირსმოწამეებს

7 მაისს: ღირსმოწამე პახუმს, წმინდა პავლეს მონასტრიდან

22 მაისს: ღირსმოწამე პავლე აგიოანელს (ანუ წმინდა ანას სკიტელს)

26 ივნისს: ღირსმოწამე დავით აგიოანელს

3 ივლისს: ღირსმოწამე გერასიმე ყუთლუმუშელს

6 ივლისს: ღირსმოწამე კირილე ქილანდარელს

10 ივლისს: ღირსმოწამე ნიკოდიმოს აგიოანელს

11 ივლისს: ღირსმოწამეებს ნიკოდიმოს ვათოპედელს და ნექტარიოს აგიოანელს

24 აგვისტოს: მღვდელმოწამე კოზმა აითოლელს

14 სექტემბერს: ღირსმოწამე მაკარი დიონისიატელს

20 ოქტომბერს: ღირსმოწამე ილარიონ აგიოანელს

22 სექტემბერს: კოზმა ზოგრაფელსა და ოცდაექვს ზოგრაფელ ღირსმოწამეს

6 ოქტომბერს: ღირსმოწამე მაკარი აგიოანელს

8 ოქტომბერს: ღირსმოწამე ეგნატე ივერთა სკიტელს

29 ოქტომბერს: ღირსმოწამე დამასკინეს ლავრელს

2 ნოემბერს: ღირსმოწამე ტიმოთე ესთიგმენელს

13 ნოემბერს: ღირსმოწამე დამასკინე ლავრელს

3 დეკემბერს: ღირსმოწამე კოზმა აგიოანელს

5 დეკემბერს: ნექტარიოსს, ფილოთეოსს, წმინდა პროტს კოზმა ვათოპედელს და მათთან ერთად კარიესელ ღირსმოწამეებს

26 დეკემბერს: ღირსმოწამე კონსტანტინე რუსს ლავრელს

30 დეკემბერს: ღირსმოწამე გედეონ ყარაყალელს

*უმკაცრესი მოსაგრე, მმარხველი და ქრისტესმიერ ფილოსოფოსი, ამსოფლურ სიბრძნეშიც განსწავლული, წმინდა მასწავლებელი იეროთეოსი 1686 წელს დაიბადა კალამატში (ქალაქია პელოპონესში). ის მამაცურად ებრძოდა წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის ერეტიკოს მოლინოსს. უფრო მეტი სიმყუდროვისთვის ათონის მოპირდაპირე მხარეს, კუნძულ იურაზე იღვწოდა და წარვიდა უფალთან 1745 წელს.

მისი წმინდა ნაწილები გასცემენ მადლს და განდიდებულ იქმნენ სხვადასხვანაირი სასწაულით.

*მონასტრის საქმეების გამო ერთ სოფელში მისულ მამა ვ-ს გარს შემოერტყნენ სოფლელები - ერთი სახარების მქადაგებლის წინაშე ჭეშმარიტების დაცვაში დაგვეხმარეო. მოსვენებას არ გვაძლევს, შეურაცხყოფს ეკლესიის რწმენას, უარყოფს წმინდანთა და ღვთის დედის თაყვანისცემას და ამასთან უამრავი ციტატა მოაქვს ბიბლიიდანო. უბრალო და თითქმის უსწავლელი საბრალო მონაზონი მცირე ხანს ჩაფიქრდა, გაიხსენა ის, რაც ხშირად წაუკითხავს წმინდანთა ცხოვრებაში და მოწინააღმდეგე სადისკუსიოდ გამოიწვია - მოდი, სოფლის მოედანზე დიდი კოცონი გავაჩაღოთ და თითოეულმა ჩვენგანმა ცეცხლში გაიაროს. ღმერთი თვითონ აჩვენებს ჩვენ შორის მართალსო.

უთენია შეაგროვა ფიჩხი ხალხმა და მოედანზე დააგროვა. მალე მამა ვ. გამოჩნდა, მაგრამ პროტესტანტი მქადაგებელი გაქრა - პირველივე ორთლქმავლით გაიქცა. მთელი სოფელი მხიარული შეძახილებით მიესალმა რწმენის ამ ბრწყინვალე ძლევას ადამიანური მოძღვრების სიცრუეზე.

მონასტერში დაბრუნებულ მამა ვ-ს ჰკითხეს, - შენ მზად იყავი ცეცხლში შესასვლელადო? მან გულწრფელად უპასუხა: - წამითაც არ დავეჭვებულვარ ჩვენი რწმენის სიმართლეში და ამიტომაც ვუთხარი საკუთარ თავს: ასე თუ ისე, შენ ცოდვილი და უმაქნისი ხარ ამ მიწაზე და საუკუნო ტანჯვის გარდა, სხვა არაფრის ღირსი ხარ. სჯობს აქ, მიწაზე ერთხელ დაიწვა, ვიდრე იქ საუკუნოდ იწვოდე. მოდი, ცეცხლში შევალ-მეთქი.

თავისი ღრმა სიმდაბლით ასე დაიცვა საკუთარი რწმენა ამ უბრალო მონაზონმა ისე, როგორც ამას აკეთებდნენ პირველი მონაზვნები და დიდსულიერი მამები.

*მთაწმინდელი მამები ამბობენ: - თუ ჩვენ დავდუმდებით მაშინ, როცა ჩვენს რწმენას საფრთხე მოელის უამრავი ერესისგან, რისთვისღა ვზივართ ამდენი წელი ამ კლდეებზე? რწმენის ჭეშმარიტებას, როგორც სხვა მატერიალურ სიკეთეებს, მსოფლიო ბაზარზე ვერ იპოვი.

*იმის პასუხად, რომ სხვა რელიგიებშიც არის სასწაულები, ერთმა ბერმა თქვა:

- ერთი განსხვავებაა. მოლასაც შეუძლია სასწაულები მოახდინოს სხვადასხვა მაგიური მოქმედებით. ხოლო როცა ეშმაკი "ნათელს" გვიჩვენებს, ჩვენ მას ზურგს ვაქცევთ. სხვები კი დაძაბავენ სმენას, მოჭუტავენ თვალებს და ჰალუცინაციებს ხედავენ. ჩვენ სასწაულს ღმერთს ვთხოვთ, არ ვთანამშრომლობთ ეშმაკთან და ერთხმად მას დღედაღამ ვებრძვით. მართლმადიდებელი ეკლესია სიმდაბლით მიჰბაძავს თავის მეუფე ქრისტეს. ერთი სათნო და სულიერი ნიჭებით აღსავსე მთაწმინდელი, რომელიც მრავალი წელი ამერიკაში ცხოვრობდა, ამბობდა, რომ მრავალი ერეტიკოსი ხედავს რა ჩვენი რწმენის თანამიმდევრულობას, დაუტევებს თავის ერესს და მართლმადიდებელი ხდება.

*"მათ დაუტევეს თავი და სკუფიას სცემენ თაყვანს", - თქვა ერთმა ბრძენმა მოსაგრემ გონებისმიერი მუშაკობისა კალენიკე ისიქასტმა, როცა სთხოვეს აზრი გამოეთქვა რუსულ "იმიასლაველთა" ერესზე.

*ერთმა მოხუცმა მონაზონმა რწმენის სიწმინდის სიყვარულზე თქვა:

- სამართლიანი მრისხანება საჭიროა, როცა საქმე ეხება ჩვენი რწმენის დაცვას და არა საკუთარი თავისას. ჩვენ უნდა განვრისხდეთ, როცა ვხედავთ, რომ თავს ესხმიან ჩვენს რწმენას. მე თუ განმიკითხავენ, მოვალე ვარ, მივიღო იგი. მაგრამ თუ ეს ხდება მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, საჭიროა მოშურნეობა გამოვიჩინოთ.

*ჩვენს ნორჩ გულებს რამდენჯერ დაუცხრიათ წყურვილი პატივცემული მღვდელმონაზვნის, ბრძენი ათანასე ივერიელის მოძღვრების კრისტალურად წმინდა წყაროთი. იგი ხშირად ამბობდა:

- ორი ბერძნული უნივერსიტეტის პროფესორთაგან მობერილმა ცივმა ქარმა განაგრილა ჩვენი აქაური კლიმატივით თბილი, შვილური გრძნობა ჩვენი უტკბესი დედის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. განდევნა ღვთისმშობელი ჩვენი ლოცვებიდან, როგორც უპირველესი შუამდგომელი და მეომარი თავისი ძის წინაშე. თვით სამღვდელონიც კი ლოცვაზე ქადაგებისას ხშირად ივიწყებენ, რომ "იგი უპირვლესია პირველთა შორის!" ამავე დროს, ჩვენი საეკლესიო ჰიმნოგრაფია აღსავსეა მისი სიხარულის მომგვრელი სახელით. საშინელებაა, რომ ელადის ეკლესია გამსჭვალულია ამ რაციონალური, გერმანული პროტესტანტული სულით...

მე მკითხეს: "რომელი უფრო სწორია: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ" თუ "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მეოხ გვეყავ ჩვენ". ვუთხარი: ძველთაგანვე დაუდგენიათ: "მაცხოვნე"... მოვიდა ჩემთან ოსლოელი ლუთერანი პასტორი, მართლმადიდებლობის მეგობარი და მკვლევარი. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მკითხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე. ვუთხარი, რომ ღვთაებრივ თაყვანისცემას მხოლოდ ღმერთს მივაგებთ, პატივისცემით თაყვანისცემას - ყველა წმინდანს, ხოლო მონურს - მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მისადმი წმინდა შვილური გრძნობით აღვსილნი, როგორც ჩვენი უტკბესი, მადლისმიერი დედისადმი. ჰოი, რამდენს კარგავთ თქვენ, რომ პატივს არ მიაგებთ ღმერთის მერე ღმერთს, რომელიც მეორე ადგილს იკავებს წმინდა სამების მიერ და ღვთის ნიჭებს ყველა სხვა გონიერ ქმნილებებს ურიგებს.
ბეჭდვა
1კ1