მე თვითონ მოვალ შენთან, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო!
მე თვითონ მოვალ შენთან, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო!
ღვთისმოშიში მეუდაბნოე სკიტად წოდებულ უდაბნოში მივიდა და დასახლდა ცარიელ კელიაში, რომელიც დროებით დაუთმო სკიტის მოძღვარმა. ორივე მოძღვარი თავიდან თანხმობით ცხოვრობდა, მაგრამ მერე მათ შორის მშვიდობა დაირღვა: ახალ ბერთან მრავალი ადამიანი მოდიოდა მისი მადლმოსილი ქადაგების მოსასმენად, ამან კი სკიტის მოძღვარში შური აღძრა. მოწაფე გაგზავნა სტუმარ მეუდაბნოესთან და კელიის დაცლა უბრძანა. ამის ნაცვლად ახალგაზრდა მორჩილმა თაყვანი სცა სტუმარს და უთხრა: "ჩემმა მოძღვარმა დამავალა მეკითხა, ხომ ჯანმრთელად ხარო". "უთხარი შენს მოძღვარს, ცოტათი ავადმყოფობს და ილოცოს ჩემთვისო". უკან დაბურნებულმა მორჩილმა კი უთხრა მოძღვარს, სტუმარმა სხვა კელია იშოვა და მალე გადავაო. ცოტა ხნის მერე მოძღვარმა კვლავ გაგზავნა მორჩილი სტუმართან და დააბარა: "თუ არ გამოხვალ, მოვალ და კელიიდან ძალით გამოგადგებო". მორჩილმა დანაბარები კვლავ არ გადასცა, არამედ უთხრა: "ჩემმა მოძღვარმა შეიტყო, რომ ავად გახდი და შენს სანახავად გამომგზავნაო". "უთხარი შენს მოძღვარს, რომ მისი ლოცვებით უკვე გამოვჯანმრთელდიო", - ბრძანა სტუმარმა. მორჩილმა კი გადასცა, სტუმარი მხოლოდ ერთი კვირით დარჩენის უფლებას გთხოვს ამ კელიაშიო. ერთი კვირის შემდეგ გაბრაზებული მოძღვარი თვითონ წავიდა სტუმრის გამოსაგდებად. მორჩილმა გაასწრო და მეუდაბნოეს უთხრა: "ჩემი მოძღვარი მოდის, რათა ტრაპეზზე მიგიწვიოსო". ეს რომ სტუმარმა შეიტყო, მაშინვე გამოვიდა მოძღვრის შესახვედრად გაშლილი ხელებით და სიყვარულით აღსავსე მზერით შეეგება მას და უთხრა: "მე თვითონ მოვალ შენთან, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო! ჩემთან მოსვლით შენ ნუ შეწუხდებიო". სტუმრის უბოროტობით სულშეძრულმა მოძღვარმა უნებურად დაივიწყა წყენა, ემაბორა სტუმარს, თავის კელიაში წაიყვანა და გაუმასპინძლდა.

როცა სტუმარი გააცილა, მოძღვარმა შეიტყო, როგორ ცვლიდა მორჩილი მის ბრძანებას. მუხლებში ჩაუვარდა მოწაფეს: - ამიერიდან შენ იქნები ჩემი მოძღვარი და მე - მოწაფე, რამეთუ შენი საქციელის გამო გადარჩა ჩვენი სულებიო.
ბეჭდვა
1კ1