შენ მიერ აღსრულებულმა მცირე მორჩილებამ გიჩვენა ის სულის სიტკბოება, რომელსაც განიცდიდნენ მამები
შენ მიერ აღსრულებულმა მცირე მორჩილებამ გიჩვენა ის სულის სიტკბოება, რომელსაც განიცდიდნენ მამები
წმინდა მღვდელმთავართა კალიველი მამა ნექტარიოსი

წმინდა მღვდელმთავართა კალივაში ახალგაზრდა მორჩილი ჰყავდათ, ნექტარიოსი. მისი მოძღვარი რუმინეთში დაიბადა და მდუმარებით გამოირჩეოდა.

სკიტელმა მამებმა, რომელთაც სულთა განხილვის ნიჭი მოიპოვეს, გადაწყვიტეს, ნექტარიოსი შეემოწმებინათ - შეეტყოთ, "მის კასრში ტკბილი ღვინო ესხა, მჟავე თუ ჩვეულებრივი".

ერთხელ მამა თეოდოსი რამდენიმე სხვა მონაზონთან ერთად ნავმისადგოისკენ გაემართა, მათ შეუერთდა მამა ნექტარიოსიც. მამებმა ჩათვალეს, რომ მისი გამოცდის დრო დადგა. მამა თეოდოსიმ უთხრა: "მამა ნექტარიოს, შენ ჩვენზე ახალგაზრდა ხარ,შეგიძლია ფეხით წახვიდე კარიესამდე და შენი ნაკეთობები ჩანთით წაიღო, ჩვენ კი დავბერდით, თანაც ბევრნი ვართ და ნავში შენი ადგილი აღარ არის". მამა თეოდოსი წინადაცვეთის კალივიდან იყო. მამა ნექტარიოსმა თავის დაცვა და წინააღმდეგობა დაიწყო. მაშინ მამებმა თავი გადააქნიეს - შენს კასრში ღვინო მთლად დაძმარებულაო. მამა ნექტარიოსი მიხვდა, ეს რასაც ნიშნავდა, დავარდა მიწაზე და ყველას წინაშე შეინანა. მათ უთხრეს, - ვფიქრობდით, რომ თავს დუმილს აიძულებდი, ახლა თუ მიხვდი, რომ ენა გესლიანი გაქვს და შხამი კეთილი გულისთქმების სიტკბოებით უნდა განაზავოო. მამა ნექტარიოსმა მადლობა გადაუხადა მამებს, რომლებიც მას ვნების შეგრძნებაში დაეხმარნენ. მას მერე იგი თავს მონაზვნური ღვაწლის აღსრულებას აიძულებდა და ცდილობდა, გული ყველაზე უმნიშვნელო ვნებისგანაც კი განეწმინდა. კითხულობდა ღირსი იოანე დამასკელის "საგანძურს". მცირე ხანს ეძინა, ღამისთევის ლოცვის მერე უბრალო დაფაზე წვებოდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შესთხოვდა, ამ მიწიერი ცხოვრებიდან ათონელ მამათა ხსენების დღეს გაეყვანა.

მართლაც ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ლოცვაში ითხოვდა. სწორედ ამ სასურველ დღეს ღამისთევის მერე გაემგზავრა იგი ზეციურ სავანეში. მთელი ცხოვრება მდუმარების მადლმოსილი ნიჭი განამშვენებდა, რომლის წყალობითაც ვერანაირი საცდური ვერ შეაწყენდა.

მამა ქრისანთეს მონათხრობი სხვა სკიტელ მამებზე
მე მღვდელი ვიყავი სკიტის ტაძარში. ერთხელ ჩემმა სულიერმა ხელმძღვანელმა, მამა ონუფრემ, ჩემთვის გაკვეთილის ჩატარება და სულიერ ღვაწლში გაძლიერება გადაწყვიტა.

მან ასეთი სწავლება წარმოთქვა: "ყურადღება მიაქციე თავს. გულგრილად ნუ მოეკიდები შენს მსახურებას, მოშურნეობითა და ხალისით აასრულე ყველა შენი სამღვდელო მოქმედება. დაიღალე თუ ავად ხარ - სიხარულით იმსახურე, შედი ტაძარში და გაიხსენე დიდებული ქრისანთე, მოწაფე მამა ანტონისა.

სამგზის ნეტარი ქრისანთე უდიდესი მორჩილებით გამოირჩეოდა. იგი მოძღვრის ყველა ბრძანებას აღასრულებდა, ტაძარში მღვდლად კი 18 წელი დაჰყო. იმ დროს ქრისტიანები კეთილკრძალულნი იყვნენ: კვირაში სამ-ოთხ ღამისთევასაც კი აღასრულებდნენ. ღირსსახსოვარი ქრისანთე ღვთისმსახურებას ფეხშიშველი აღასრულებდა - ყოველთვის გულმოდგინედ და კეთილმოკრძალებით. ღვაწლისა და ხშირად დგომის გამო ფეხები დაუჩირქდა და მოწამებრივად აღესრულა, უფლის მიერ სიხარულითა და მხიარულებით.

შენ ამ მამის სახელს ატარებ. მიჰბაძე მას, დაუზარებლად აღასრულე შენი მოვალეობა. ყურადღებით უსმინე წმინდა მამათა სწავლებას, რომელსაც ღვთისმსახურებისას კითხულობენ და ტროპარებსაც. სულს ამისგან დიდი სიკეთე აქვს.

იცი, რა შემემთხვა, როცა ტაძარში წიგნის მკითხველი ვიყავი? წმინდა ანას სკიტში რვა კანონს სათითაო ხმის მიხედვით კითხულობენ. თურქეთის ბატონობისას ყოველი კვირადღის წინ ღამისთევის მსახურებას აღავლენდნენ და ერთ-ერთ კანონს კითხულობდნენ. ჯვრისთაყვანსცემის კვირის კანონი შეცვლილი იყო მართალი ანას იმავე ხმის კანონით. ერთხელ, როცა მედავითნეობისას წმინდა ანას კანონს ვკითხულობდი, ყველაფერი მიწიერი დამავიწყდა და თავი ზეცაში ვიხილე. სამწუხაროდ, ახლა გააუქმეს წმინდა ანას კანონი და მეტად აღარ გალობენ.

როგორც კი მამა ონუფრემ დაამთავრა თავისი სიტყვა, ტაძარში მამა კონსტანტინე შემოვიდა, ღვთისმშობლის მიძინების კალივიდან. იგი მომიბრუნდა და მკითხა: "შენ ისევ მწუხარებ? რატომ? რაც საჭიროა ღვთისმსახურებისას, შენ კითხულობ, დაყუდებით ცხოვრობ - უკეთესს ვერ ინატრებ. შენი მოძღვარი - მონაზვნურ გზებზე დიდად გამოცდილი მამა ონუფრე მონაზვნური ცხოვრების ყველაზე სრულყოფილ პირობებს გასწავლის. ასე რომ, არაფერზე არ უნდა იჯავრო".

მაშინ მამა ონუფრემ აუხსნა, თუ რა მადარდებდა. მამა კონსტანტინემ გამიღიმა: "ჩემო თანამემამულევ, მისმინე ბერიკაცს. როცა ღვთისმსახურების რიგი მიდგება და სასაფლაოს ეკლესიაში მივდივარ ლიტურგიის ჩასატარებლად, გადმოცემა არ შემიძლია, როგორ კეთილსურნელებას ვგრძნობ. სასაფლაოზე არასოდეს მინახავს მწუხარების აჩრდილიც კი. იმდენად ძლიერი კეთილსურნელება მოედინება, რომ ღვთისმოშიშ მონაზვნებს იქიდან წამოსვლა აღარ უნდათ. ახლა კი მოგიყვები ერთ საკვირველ ამბავს, რომელიც ჩვენს დროში მოხდა.

ხომ გინახავს სასაფლაოზე საყარაულო. მასში დაყუდებით იღვწოდა მამა მათე, მოუკლებელი ლოცვის აღმსარებელი.

ერთხელ მამა მათემ ხმაური გაიგონა. გააღო კარი და სასაფლაოზე უამრავი მშვენიერი ახალგაზრდა იხილა. ერთნი სასაფლაოზე ძვლებს აწყობდნენ, სხვებს კი ისინი მიჰქონდათ.

მამა მათე გაშეშდა. მაშინ ერთ-ერთმა ნათლითმოსილმა ყმაწვილმა უთხრა: "რა გიკვირს, მამა მათე? ჩვენ უფლის ანგელოზები ვართ და ყველაფერს ღვთისმშობლის ბრძანებით ვასრულებთ. ჩვენ აქ მოგვაქვს მათი ძვლები, რომელთაც დიდი სათნოებები მოიპოვეს, გონებით ხშირად წარიტაცებოდნენ ათონის წმინდა მთაზე, სურდათ აქ დაესრულებინათ თავიანთი ცხოვრებისეული გზა, მაგრამ იმარხავდნენ რა სხვა მოძღვრის მორჩილებას, ვერ შეძლეს თავიანთი ძლიერი სურვილის აღსრულება. რადგანაც ნამდვილი იყო მათი სწრაფვა, ჩვენ აქ მოგვაქვს მათი ძვლები, რათა სწორედ აქ აღდგნენ მკვდრეთით უფლის მეორედ მოსვლისას.

ის ძვლები კი, რომლებიც სოფელში მიგვაქვს, ეკუთვნის იმ მონაზვნებს, რომლებიც ხორცით იყვნენ აქ, სულით კი სოფელში იმყოფებოდნენ. ისინი არ უჯერებდნენ მამათა რჩევებს და ურთიერთობას აგრძელებდნენ მშობლებთან და სხვა ერისკაცებთან. ამიტომაც საშინელი სამსჯავროს დღეს ისინი სოფელში იქნებიან და იქვე აღდგებიან მკვდრეთით".

ამ საშინელი ხილვის შემდეგ მამა მათე ჩვენ, ახალგაზრდებს, გვასწავლიდა ხოლმე, არ მიგვეცა ნება ჩვენი გონებისთვის მშობლებსა და ამაო სოფლის საქმეებზე ეფიქრა.

ის სხვა ბევრ რამესაც გვიყვებოდა..."

მამა კონსტანტინეს წასვლის მერე შევედი ჩემს კალივაში, დავფიქრდი მის გულისხმისმყოფელ მონათხრობზე და შემემუსრა გული იმის გამო, თუ რაოდენ საცოდავი მონა ვიყავი ვნებათა".

მამა გაბრიელი. ნეტარხსენებული მამა გაბრიელი ჩვენი წმინდა სამების კალივის გვერდით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების კალივაში ცხოვრობდა. მან მიამბო იმ სასწაულზე, რომელიც მასზე გამოაჩინა ხარება დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა.

ამ დღესასწაულის წინა საღამოს აწ განსვენებულმა მამა გენადიმ, ჩვენი სკიტის პროტოფსალმმა, მგალობელმა, რომელიც ყველას უყვარდა ვათოპედში, ის აკურთხა, პირნაში წასულიყო იმ მამებისთვის კენკრის შესაგროვებლად, რომლებიც სადღესასწაულო ღამისთევის ლოცვაზე მოვიდოდნენ.

მამა გაბრიელმა წესისამებრ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ ილოცა და კენკრის შესაგროვებლად წავიდა. ის მაღლა და მაღლა ადიოდა. ისეთ ციცაბო კალთაზე აღმოჩნდა, რომ უკვე აღარ იცოდა, იქიდან როგორ ჩამოსულიყო. შიშმა აიტანა.

მამა გაბრიელმა გაიხსენა, თუ როგორ არიგებდა მამა დამასკინი მამა მათეს, მონაზონი როცა ლოცულობს, ყოვლადმოწყალე ღმერთის გარდა, არაფერზე უნდა იფიქროსო, როცა ღვთაების სილამაზეს გაიხსენებ, მთელი გულით უნდა მიეცე მასო და გადაწყვიტა, - ახლა დადგა ჟამი სულიერი მუშაკობისა. ეს მოძღვრება ჩემს ცხოვრებაში უნდა გამოვცადოო. თვალები დახუჭა და მომავალ აღსასრულზე დაიწყო ფიქრი. ყოველივე მიწიერი მის წინაშე განქარდა და გაქრა. გული გაუფართოვდა და მთლიანად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ყოვლადწმინდა დედას მიენდო. სხვა არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ყოვლადწმინდა სამების სილამაზეზე, რომლის გულისთვისაც ყველა ძველმა მამამ დატოვა სოფელი და გაჭირვებასა და განსაცდელში საკუთარი ვნებების სრულიად დათმენით, ჭეშმარიტი ჭურჭელნი შეიქმნენ სულისა წმიდისა. ლოცვისას მამა გაბრიელმა ისეთი სიტკბოება იგრძნო, რომ გონებით მადლობდა თავის მოძღვარს მასზე დაკისრებული მორჩილებისთვის. მორჩილების წყალობით იგი ამ მიუდგომელ ადგილას აღმოჩნდა და შეუძლია სიცოცხლის ბოლომდე აქ ილოცოს. ლოცვა მიაცილებს მას უკანასკნელ ჟამამდე და მოამზადებს ძველ მამებთან შესახვედრად.

ჭვრეტის სიტკბოებაში მყოფს გულის სიღრმეში ხმა მოესმა: "შენ მიერ აღსრულებულმა მცირე მორჩილებამ გიჩვენა ის სულის სიტკბოება, რომელსაც განიცდიდნენ მამები".

და უეცრად მამა გაბრიელმა ტოტი შეამჩნია. თქვა: "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შემეწიე მე" - კალათა ჩააგდო და უხილავი ხელი დაეხმარა, ტოტს ჩასჭიდებოდა. მან კიდევ ერთხელ თქვა: "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შემეწიე მე" - და ქვემოთ დაეშვა. ტოტმა დააკავა და იგი მარჯვედ დაეშვა მიწაზე. კალათა აიღო და წავიდა გახარებული.

ამგვარ სასწაულზე მომითხრო მამა გაბრიელმა და დაუმატა: "ამგვარად, მამა ქრისანთე, თუ ლოცვის ჟამს მთლიანად მიუძღვნი თავს ღმერთს, უკვე აღარ ძალგიძს სულიერი სიტკბოების თაფლი შეჭამო. აი, ამის მაგალითი.

მაგალითად, მიდიხარ კარიესისკენ. ქსეროპოტამის მონასტერს უახლოვდები. მხოლოდ ერთზე ფიქრობ: იქ იდგება თუ არა ნავი, გზა რომ გააგრძელო. ამ მომენტში შენი ფიქრი ყოვლადსახიერი ღმერთის ჭვრეტაზე გადადის. ლოცვის წყალობით ყოველივეს ივიწყებ და განთავისუფლდები ყოველივე მიწიერისაგან. რამდენი ტვირთიც არ უნდა მიგქონდეს, შენ უცბად აღმოჩნდები ქსეროპოტამის ნავმისადგომთან და ლოცვის ფრთებით დაეშვები, ვითარცა არწივი. ჩაჯდები ნავში და ის წაგიყვანს, მაგრამ სულიერი ჭვრეტის სიტკბოება ნებას მოგცემს, მცირე ხნით მაინც შეიგრძნო, რა არის გულისმიერი ლოცვა.

უმაღლეს ჭვრეტათა და გულისმიერი ლოცვის სიტკბოების გემო უხილავს ყველა ადრინდელ მამას, რომლებიც მღვიმეებში მამა დამასკინის ხელმძღვანელობით მოსაგრეობდნენ. ამ მღვიმეებში მეც, როცა ახალგაზრდა ვიყავი, ავუყვებოდი კლდოვან საფეხურებს. მინახავს სადგომი, რომელზეც მამები წიგნებს დებდნენ კითხვისას. ამ მღვიმეებში ყოფნისას ახალგაზრდა მონაზონი ნანახით მონაზვნურ ცხოვრებას სწავლობს. ამ მღვიმეების მამები ყველანი იმარხავდნენ მორჩილებას, მოიკვეთდნენ საკუთარ ნებასა და გულისთქმებს, მტრის საცთურთათვის თავის არიდებას სწავლობდნენ. ამიტომაც ლოცვის ჟამს ისინი აენთებოდნენ სულით და ტკბებოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს უდიდესი სახელის წარმოთქმით, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ კენკრას ჭამდა და ამგვარი თავშეკავების წყალობით აღწევდა უვნებლობის სიმაღლეებს, თანაც ამ ყველაფერს ფარავდნენ სკიტელი მამებისგან. ყოვლადსახიერი ღმერთი ამ მამებს წმინდანობას უბოძებდა - ისინი ხომ სათნოეყვნენ მას და აღასრულეს მისი ნება. მას მერე ჰქვია ამ ადგილს წმინდა.
ბეჭდვა
1კ1