მათი მოღვაწეობის შესახებ მხოლოდ ღმერთის ყოვლისმხედველმა თვალმა იცის!
მათი მოღვაწეობის შესახებ მხოლოდ ღმერთის ყოვლისმხედველმა თვალმა იცის!
უცნობი წმინდანები და მეუდაბნოენი. ლავრასა და კავსოკალივას შორის რაიონში მრავალი წელი ცხოვრობდა მოხუცი ბერი პანარეტი. გადაწყვიტა, ხორციელი ღვაწლისთვის თავისი კალივის წინ პატარა ბაღი გაეშენებინა, რომლის ნაყოფნიც ერთგვარად ანუგეშებდა ამ მკაცრ უდაბნოში.

მრავალი წელი გავიდა შრომასა და ღვაწლში. ერთ დღეს მისი წერაქვი რაღაც ფილას მოხვდა. დიდი გაჭირვებით ასწია ქვა - ქვეშ აკლდამა აღმოჩნდა, შიგ გაუხრწნელი წმინდა ნაწილნი ესვენა. სამღვდელო სამოსით შემოსილი განსვენებული თითქოს გუშინ დაეკრძალათ და საკვირველ, ენით აუწერელ სურნელებას აფრქვევდა.

მამა პანარეტი აქ ნახევარი საუკუნე მოღვაწეობდა და არ გაეგონა, ამ ადგილას ვინმე დიდ მეუდაბნოეს ეცხოვრა, როგორიც უეჭველად იყო აკლდამაში დასვენებული წმინდანი.

"წმინდაო ღვთისაო, გამომიცხადე, ვინ ხარ და რამდენ წელს ცხოვრობდი ამ უდაბნოში. გმადლობ, რომ ღირსმყავ მე უღირსი და შენი სიწმინდე მახილვე", - ცრემლმორეული შეჰღაღადებდა განსვენებულს.

ბერმა მთელი ღამე ილოცა, უნდოდა, დილით ეს ამბავი ლავრაში შეეტყობინებინა. განთიადისას ჩაეძინა. ძილში ეს წმინდანი იხილა, რომელმაც მკაცრად ჰკითხა, - ამბა, რას აპირებო.

- წმინდაო ღვთისაო, მინდოდა, ლავრაში წავსულიყავი, რათა იქ წამესვენებინე, ვინაიდან აქ მივიწყებული და უპატიოდ ხარ, - უპასუხა თრთოლით.

- მათთან ერთად არ გვიმოღვაწია!.. მე აქ ორმოცდაათ წელზე მეტხანს ვმოღვაწეობდი. გთხოვ, ძველ ადგილას დამასვენო, კუბოს ფილა დააფარე და სანამ ცოცხალი ხარ, ნურავის ეტყვი.

მამა პანარეტი ასეც მოიქცა. განმარტოებული ცხოვრება განაგრძო და მუდამ ევედრებოდა უცნობ წმინდანს. სიბერეში კავსოკალივაში გადასახლდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ეს ამბავი მამებს მოუთხრო, თუმცა არ გაუმხელია საფლავის ადგილი.

* ათონის ტყის ხელუხლებელ ტყეებში მაღალსულიერად ცხოვრობდა და არ ვიცით, ახლაც ცხოვრობს თუ არა - შვიდი, სხვა წყაროთი - თორმეტი მეუდაბნოე, სრულიად შიშველნი, რომლებიც ზეციურ ფრინველთა მსგავსად ბალახით, ფესვებით, წაბლითა და კედრის გირჩებით საზრდოობდნენ.

ამბობენ, რომ ისინი წმინდა საიდუმლოებასთან ზიარებისთვის წმინდა პეტრეს მღვიმეში დადიოდნენ, ცნობილ მოძღვარ მამა დანიელთან.

ლავრელი განსწავლული მონაზონი სპირიდონ კაბანაოსი ამ მიწისა და ანგელოსთა და ზეცისა კაცთა წინაშე წერდა: "რა შეიძლება ვთქვათ კრია ნერას ("ცივი წყლები") რაიონში მცხოვრებლებზე, რომელთა მოღვაწეობის შესახებ მხოლოდ ღმერთის ყოვლისმხედველმა თვალმა იცის!"

* წმინდა ანას სკიტელმა დიდებულმა მეუდაბნოე დამასკინმა თავის ქსიროკალივაში მიწის თხრისას სამი მოსაგრის ხელუხლებელი წმინდა ნაწილნი იპოვა, რომელთაგანაც გამოუთქმელი კეთილსურნელება იფრქვეოდა. განიზრახა, ეს ამბავი სკიტის საძმოსთვის შეეტყობინებინა. იგი ლოცვაზე იდგა, ამ დროს თავის წინ სამი კაცი იხილა, რომლებმაც განრისხებული სახით უთხრეს:

- მამა დამასკინ, ჩვენ რომ გვდომოდა კაცთაგან დიდება, განა მოვიდოდით და ამ უწყლო კლდეებში დავსახლდებოდით? აიღე ჩვენი ძვლები და სხვა ადგილას გადაიტანე, სადაც დაჰყოფენ საყოველთაო აღდგომამდე.

მეუდაბნოე ასეც მოიქცა, მან შიშითა და კეთილმოკრძალებული სიხარულით წმინდა ნაწილნი საიდუმლო ადგილას გადაიტანა.

მღვიძარებაზე. ღირს აკაკის კავსოკალივის სკიტის უდაბნოში მოღვაწეობისას ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე. მან: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!

თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ ტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც - განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგან. ძილს ის სულის სახიფათო და მზაკვარ მტრად თვლიდა. საწოლიც ისეთი ჰქონდა, რომ მასზე მხოლოდ ჩაეთვლიმა. ცხოვრების აღმწერლის თანახმად, ღირს აკაკის დღე-ღამეში ერთი საათი ეძინა, სხვა ცნობებით - ოთხი საათი.

* წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან.

* ახალგამოცხადებული ათონელი წმინდანი სილუან რუსი, რომლის სიწმინდეც აღიარა ქრისტეს დიდებულმა ეკლესიამ (ანუ კოსტანტინოპოლის საპატრიარქომ, - კ.კ.) 1987 წელს, დაიბადა 1866 წელს და 1938 წელს აღესრულა. იგი წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მოღვაწეობდა. ღირსი მამა განვლიდა ცხოვრებას სიწმინდეში, ყველასადმი სიყვარულში, მოუკლებელ ლოცვასა და ღრმა სიმდაბლეში. მშვიდად აღესრულა და ღირსი კაცის სახელი დატოვა. მისი ცხოვრება აღწერა ინგლისის საპატრიარქოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სტავროპიტული მონასტრის წინამღვარმა არქიმანდრიტმა სოფრონმა.

ეს წმინდანი, სხვა სათნოებებთან ერთად, განსაკუთრებით მოიმუშაკებდა მღვიძარების სათნოებას, გამოცდილებით იცოდა, რამდენად ეხმარებოდა იგი გონების გაწმენდას, ლოცვისთვის ფრთაშესხმასა და სიხარულით განზავებული ტირილის გაღვივებას. ის ფეხზე მდგარი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებდა, ზოგჯერ სკამზე მცირე ხნით დაჯდებოდა. ეძინა 15-20 წუთი. ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძილი დღეღამეში ორ საათს შეადგენდა.

* კავსოკალიველ ბრმა მონაზონს, მამა სიმეონს ჰკითხეს, - რით განვიწმინდოთ სული არაწმინდა გულისთქმების, სურვილებისა და ვნებებისგანო. იმით, რომ არ ვიცოდეთ, თუ რა არის ძილიო.

* ივერიის მონასტრის სკიტში ცხოვრობდა ერთი ძალზე სახელგანთქმული მღვდელმონაზონი, მამა გერასიმე ჰიმნოგრაფი. იგი წმინდა ანას სკიტში მოსაგრეობდა, მთელ ღამეს ლოცვასა და წიგნის კითხვაში ატარებდა.

ღმერთმა ის ახალგაზრდა წაიყვანა, მცირე ხნის სიცოცხლის მანძილზე მან სრულყოფილებას მიაღწია, რამეთუ სული მისი სათნო უჩნდა უფალს.

* "ბევრი ძილისაგან ჩვენი გონება სუქდებაო", - ამბობდა ერთი მოსაგრე მეუდაბნოე.

* ჰაჯი-გიორგი ღამღამობით სტასიდიაზე მდგარი ისვენებდა. საკუთარი კელია მან თითქმის არ იცოდა. დღე თავისი გატანჯული ძმებისთვის ჰქონდა მიძღვნილი, ღამე კი ლოცვისთვის.

* ერთხელ ერთმა ახალგაზრდა მონაზონმა ჰკითხა 86 წლის მამა #-ს, - მამაო, რამდენ საათს უნდა ეძინოს მონაზონსო?

- მისმინე, ძმაო. წმინდა თეოდორე სტუდიელი და ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობენ, დღეში ხუთი-ექვსი საათი საკმარისიაო. მაგრამ მამა არსენი პატერიკში ამბობს, რომ მონაზვნისთვის ერთი საათიც საკმარისია, თუ ის მოსაგრეა. წმინდა აკაკი კავსოკალიველი ამბობდა, ნახევარი საათიო. მე ეს ცოტათი რთული მგონია, მაგრამ რადგან ამას წმინდანი ამბობს, უნდა ვცადოთ...

- თქვენ რამდენი საათი გაქვთ განკუთვნილი დასვენებისთვის?

- ეჰ, ძმაო, რა საჭიროა, ამას რომ მეკითხები?

- რათა თვითონვე მივიღო სიკეთე. მითხარით, ქრისტეს სიყვარულისთვის.

- გეტყვი, რომ დღე-ღამეში ერთი საათიც საკმარისია.

- ეს გყოფნით?

- ჰო, თანაც როგორ!

- ერთი საათი სრულად გძინავთ თუ შესვენებებით?

- რა თქმა უნდა, შესვენებებით, საათის მეოთხედი ახლა, მეოთხედი მერე...

- სამწუხაროდ, ახლა, როცა ორმხრივი თიაქარი მაქვს, მთელი დრო ფეხზე დგომა არ შემიძლია... ამიტომაც ვჯდები, რათა ფსალმუნი ან სახარება წავიკითხო, შემდეგ კი მცირეოდენი იესოს ლოცვა.

- მთელ ფსალმუნსა და სახარებას კითხულობთ?!

- რა თქმა უნდა, ხან ერთს, ხანაც მეორეს მთლიანად.

- ყოველდღე?

- ყოველდღე, ოღონდ ფეხზე მდგარს აღარ შემიძლია კითხვა. აი, რას ნიშნავს სიბერე!

* ათონზე თავისი ცხოვრების დასაწყისში მამა იოსებ ისიქასტმა მოძღვარი ვერ იპოვა. ერთხანს დიდი ლავრის სიახლოვეს, ღირსი ათანასე ათონელის მღვიმის გვერდით ცხოვრობდა და ძალზე მკაცრად მოსაგრეობდა. ერთხელ რვა დღე იდგა ფეხზე უსმელ-უჭმელი და უძილარი.

მამა იოსები ამბობდა:

- არაფერს მოაქვს იმდენი კურთხევა, რამდენიც ძილის მოკლებას. ჭეშმარიტად, მღვიძარება განაქარვებს სხეულს... ყველაზე საშინელი გამოვლინება - ძილისგუდობის ვნებაა. ეს მაშინ ხდება, როცა მადლი დაგვტოვებს, სულს სიზარმაცე და სიბნელე მოიცავს და მცირე ნუგეშსაც არ დაგვიტოვებს. ერთხელ სერიოზული გამოცდა დავითმინე. ყველანაირად ვცდილობდი მღვიძარებას, მაგრამ ძალა თითქმის გამომელია. მაშინ შევწყვიტე ღვაწლი, რათა დამწუხრებულსა და აცრემლებულს უფლისადმი მელოცა: "უფალო, მათ (ბოროტ სულებს, - კ.კ.) უნდათ, რომ შეასუსტონ ჩემი კეთილი მისწრაფება". მაშინვე მომესმა უტკბესი ხმა, - ეს შენ არ შეგემთხვევა ჩემი სიყვარულის გულისთვისო. მწუხარება უმალ გამიქრა, თვალცრემლიანი ბავშვივით ვხტოდი.

- დიახ, უფალო, შენი გულისთვის! შემეწიე უძლურებაში.

* ერთმა ბერმა თქვა, - ძილი მონა უნდა იყოს და არა ბატონიო.

აქედან წარმოდგება მთაწმინდური კანონი: "სულიერი ცხოვრება შეუძლებელია მღვიძარების გარეშე".

* თანამედროვეთა თქმით, მამა არტემ გრიგორიატელი ღვთისმსახურებისას არასოდეს ჯდებოდა სტასიდიაზე ხანგრძლივი ღამისთევის ლოცვისასაც კი. იგი ნამდვილი სვეტი გახლდათ, შეუდრეკელი მოსაგრე ღვთისმსახურებისა და ლოცვისა.
ბეჭდვა
1კ1