მოსაგრის წმინდა ნაწილნი მასთან რწმენით მისულებს სხვადასხვა სნეულებისგან კურნავს
მოსაგრის წმინდა ნაწილნი მასთან რწმენით მისულებს სხვადასხვა სნეულებისგან კურნავს
22. თალასე და ლიმნეა
1. დაბა თილიმაში ოდესღაც დათესილი იყო მარკიონის უწმინდურება, მაგრამ ახლა ეს ნათესები დამუშავდა სახარებისეული მოძღვრებით. ამ დაბის სამხრეთით, გორაკზე ააშენა თავისი სამოსაგრეო თავშესაფარი საკვირველმა თალასემ, კაცმა მრავალი კეთილი თვისებით განმშვენებულმა, უბრალო ზნისამ, სიმშვიდითა და სიმდაბლისმოყვარებით თანამედროვეებზე აღმატებულმა. ამის მოწმე მე ვარ, რადგან ხშირი სტუმარი ვიყავი ამ წმინდა კაცისა და არაერთხელ დავმტკბარვარ მისი ტკბილი საუბრებით.

2. მის თანამოსაგრეთა ქოროში მიღებული და ყველასგან განდიდებული იყო ლიმნეა, რომელიც ღვთისმოსაობის სასწავლებელში ძალზე ახალგაზრდა მოეწყო და აღიზრდა იქ, ამაღლებულ სიბრძნისმოყვარებაში. უპირველეს ყოვლისა, კარგად იცოდა ენის მიდრეკილება საცთურებისადმი, ამიტომაც ახალგაზრდობაშივე წესად დაიდო, ყოველთვის ჩუმად ყოფილიყო და დიდი ხნის მანძილზე ისე იცხოვრა, არავის გასაუბრებია. მოგვიანებით, როცა ლიმნეა უკვე საკმარისად განძღა ნეტარი მამის მოძღვრებით და შეითვისა მისი სათნოებები, გადავიდა დიდებულ მარონთან, რომელიც ადრე უკვე მოვიხსენიეთ. ეს იმ დროს მოხდა, როცა მთაზე სამოღვაწეოდ მივიდა წმინდა იაკობიც. ლიმნეამ აქ ბევრი რამ შეიძინა, შეიყვარა ღია ცის ქვეშ ცხოვრება და დასახლდა მთის მწვერვალზე, დაბა ტარგალას სიახლოვეს.

3. აქ ის დღემდე ცხოვრობს, არც სახლი აქვს, არც კარავი. ფარღალალა, თიხით ნაშენი ქვის ქოხის კედელში პატარა კარია ჩატანებული, რომელიც მუდმივად ტალახით არის გათხუპნილი. კარი სხვებისთვის არ იღება, მაგრამ მე ლიმნეა ყოველთვის მიშვებს. ამიტომაც, როცა გაიგებენ ხოლმე, რომ მე მასთან სტუმრობას ვაპირებ, უამრავი ადამიანი იკრიბება, რათა ჩემთან ერთად შემოვიდნენ მოსაგრესთან. სხვებს კი, ვინც მასთან სხვა დროს მიდის, კედელში დატანებული კვებოდან ესაუბრება და აკურთხებს, რომლითაც ბევრი მათგანი იკურნება სნეულებისგან. მაცხოვრის სახელის მოხმობით იგი სნეულებისაგანაც კურნავს, ეშმაკსაც განდევნის და მრავალ მოციქულებრივ სასწაულსაც აღასრულებს.

4. არა მხოლოდ მასთან მისულებს განკურნავს ლიმნეა, საკუთარი სხეულიც ბევრჯერ განუკურნავს. ერთხელ ჭვალი დაადგა. ამ დროს ავადმყოფი ტრიალებს ეშმაკეულივით, მოკეცავს და ჭიმავს ფეხებს; ხან ჯდება, ხანაც ადგება, ხანაც დადის და ცდილობს, ამგვარად შეიმსუბუქოს ტანჯვა; ხანაც აბაზანაში ჯდება, ამას მრავალგზის აკეთებს სიმშვიდის მოსაპოვებლად. ამ სნეულებით შეპყრობილ ლიმნეას ექიმების დახმარებით არ უსარგებლია, არც ლოგინზე დაწოლილა, კურნება და სიმშვიდე საჭმლითა და წამლებით კი არ მიიღო, არამედ მიწაზე დადებულ დაფაზე მჯდარმა მხოლოდ ლოცვის ძალითა და ჯვრის ნიშით განიკურნა სხეული და ღვთის სახელის მოხმობით შეიმსუბუქა ტანჯვა.

5. ერთხელ ღამე ფეხი მძინარე გველს დააბიჯა, რომელმაც კბილები ქუსლში ჩაარჭო; ბერმა ფეხის დაცვა სცადა და ხელი მიაფარა, ქვეწარმავალმა ხელზეც უკბინა. მაშინ მარჯვენა ხელს მარცხენაც მიაშველა. მასზეც უკბინა გველმა - ბერს ათი ნაკბენი დაუტოვა და სოროში შეძვრა. მას საშინელი ტკივილი ტანჯავდა, მთელი სხეული უთრთოდა. მაგრამ ახლაც არ მიმართა საექიმო ხელოვნებას, ნაკბენებს მხოლოდ სარწმუნებით უმკურნალა - ჯვრის ნიშით, ლოცვით და ღვთის სახელის მოხმობით.

6. მგონია, რომ უფალმა იმიტომ დაუშვა ბოროტი ქვეწარმავალი გაშმაგებით დასტაკებოდა წმინდანის სხეულს, რომ ყველას წინაშე გამოჩენილიყო მისი ღვთაებრივი სულის სიმტკიცე. როგორც ვიცით, ასევე მოექცა უფალი მრავალვნებულ იობს, დაუშვა მასზე მრავალი და სხვადასხვანაირი ქარიშხალი, რათა ყველას წინაშე განცხადებულიყო მესაჭის (ღმერთის) სიბრძნე. თუ არადა, როგორ გავიგებდით პირველის სიმამაცესა და მეორის სიმტკიცეს, მისთვის ღვთისმოსაობის მტერს, უფლის დაშვებით, სხვადასხვა სახის ისარი რომ არ ესროლა?

7. ვაჩვენეთ ნეტარი ლიმნეას სიმტკიცე, ახლა კი მის კაცთმოყვარებაზე ვისაუბრებთ. მან შემოკრიბა მრავალი ბრმა და გლახაკი, მთის აღმოსავლეთით და დასავლეთით თავშესაფრები ააშენა, ისინი იქ დააბინავა და მათთვის აუცილებელი საკვების მოტანა მის ხშირ სტუმრებს დაავალა. თვითონ კი მათ შორის დაყუდებული ყველას ფსალმუნთა გალობისთვის აღძრავდა. მასთან მისულთ ესმოდათ, თუ როგორ ადიდებდნენ მუდმივად უფალს. ლიმნეას ღია ცის ქვეშ მოსაგრეობა თანადროულია დიდებული იაკობის მოსაგრეობისა, რამეთუ ორივე უკვე 38 წელია, რაც მოსაგრეობს.

23. იოანე, მოსე, ანტიოქე და ანტონინე
1. ამგვარი ცხოვრების წესისადმი მოშურნეობით აღიძრა იოანეც, რომელიც სიმდაბლითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. საცხოვრებლად მან კლდის ჩრდილოეთი ფრიალო აირჩია, სადაც ყველა მხრიდან სასტიკი ქარი უბერავდა. იქ 25 წელი მშვიდად დაითმინა ყინვაც და ხვატიც. საჭმელი, ჩასაცმელი და რკინის ჯაჭვები - ყველაფერი იმნაირი ჰქონდა, როგორიც იმ მოღვაწეებს, რომლებზეც უკვე მოგითხრეთ. იგი იმდენად ამაღლდა ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებაზე, რომ ვერაფერში ხედავდა ნუგეშს, რაც ადამიანური სისუსტეებისთვის არის დამახასიათებელი. აი, ამის ერთი მაგალითი. კეთილმა კაცმა მისი საცხოვრისის სიახლოვეს ნუშის ნერგი დარგო. ხე გაიზარდა, იოანესაც მოუჩრდილებდა და თვალსაც ახარებდა. მან კი ეს ხე მოაჭრევინა, რათა მისით არ ენუგეშა.

2. ამგვარადვე ცხოვრობდა მოსე რამას სიახლოვეს ერთ მაღალ მწვერვალზე ანტიოქე, რომელმაც უდაბნოში ბოსტანი გააშენა და ანტონინე, რომელიც სიბერეშიც კი ახალგაზრდულად მუშაობდა. მათ ყველას ერთნაირი ჰქონდათ სამოსი, საკვები, ლოცვაზე დგომა და ღვაწლი, რომელიც დღედაღამ გრძელდებოდა. ვერც ღვაწლის ხანგრძლივობამ, ვერც ბუნებითმა უძლურებამ ვერ შეასუსტა მათი მოთმინება, პირიქით, მუდამ შრომისადმი სიყვარულით იყვნენ ავსებულნი.

სათნოებათა უმაღლეს მსაჯულს - ღმერთს ჩვენს მხარეში მრავალი სხვა მოსაგრეც ჰყავს, რომელთა ჩამოთვლაც ძნელია, ამიტომ ამ წმინდანებზე მივუთითებ ყველას, ვისაც სულიერი სიკეთის მოპოვება უნდა, მე კი მათგან კურთხევას გამოვითხოვ და სხვებზე თხრობით განვაგრძნობ.

24. ზებინასი და პოლიქრონიონი
1. ის, ვინც ღირსი შეიქნა ზებინასის ხილვისა, დღემდე მის ქებაშია. ამბობენ, ღრმა სიბერემდე მიაღწია და სიკვდილამდე ერთნაირ ღვაწლში იყოო. თანამედროვეებს მან წინაუსწრო ლოცვისადმი განსაკუთრებული მოშურნეობით. ლოცვაში ატარებდა დღესა და ღამეს, იგი არათუ ძღებოდა ამით, არამედ უფრო მხურვალედ სურდა ლოცვა. ამიტომაც, მცირე ხნით ესაუბრებოდა თავისთან მისულ სტუმარს, ნებას არ აძლევდა გონებას, ზეციურს მოშორებოდა. მალევე მიატოვებდა მნახველებს, კვლავ ლოცვას მიეცემოდა, რათა ყოველთა ღმერთს წუთითაც არ მოშორებოდა. სიბერეში, როცა ზებინასს აღარ შეეძლო უმტკივნეულოდ დაეთმინა განუწყვეტელი ფეხზე დგომა, კვერთხზე დაყრდნობილი განადიდებდა მეუფეს.

2. სხვა სათნოებათა შორის უცხოთშემწყნარებლობითაც გამორჩეული, მისულებს ნებას რთავდა, მასთან საღამომდე დარჩენილიყვნენ, თუმცა მისი ღამისთევის ლოცვით შეშინებულნი, ცდილობდნენ, საქმე მოემიზეზებინათ და ამგვარ ღვაწლს გასცლოდნენ. ზებინასი აოცებდა დიდებულ მარონს, რომელიც ყველა სტუმარს უბრძანებდა მისულიყვნენ დიდბერთან და კურთხევა აეღოთ მისგან. მარონი ზებინასს მამას, მოძღვარსა და ყოველ სათნოებაში სამაგალითოს ეძახდა; ითხოვდა კიდეც, ორივე ერთ კუბოში ჩაესვენებინათ. მოსაგრის თხოვნის შესრულება ვერ მოხერხდა მარონის წმინდა სხეულის მოტაცების გამო. ნეტარი ზებინასი მარონზე ადრე მოკვდა, დაკრძალეს მეზობელ სოფელ კიტიკაში და მის საფლავზე დიდი ტაძარი ააგეს. მოსაგრის წმინდა ნაწილნი მასთან რწმენით მისულებს სხვადასხვა სნეულებისგან კურნავს. ახლა მასთან ერთად ერთ საფარქვეშ დაბრძანებულია წმინდა მოწამეთა ნაწილები.

3. ზებინასის მოძღვრების გემო იხმია დიდებულმა პოლიქრონიონმა. ღვთაებრივი იაკობიც ამბობდა, რომ პირველად ამ მამამ შემოსა იგი ფიჩვით. მე, რომელსაც არასოდეს მინახავს დიდებული ზებინასი (ის ჩემს დაბადებამდე აღესრულა), ამ ღვთაებრივი კაცის სიბრძნისმოყვარებას აღბეჭდილს ვხედავ დიდებულ პოლიქრონიონში. ცვილზეც კი ასე ზუსტად ვერ აღიბეჭდება თითის გამოსახულება, როგორც პოლიქრონიონში აღიბეჭდა დამახასიათებელი თვისებები ამ ნეტარისა. პოლიქრონიონს, ზებინასის მსგავსად, მოსწვავს ღვთაებრივი სიყვარული და ამაღლებულია ყოველგვარ მიწიერზე. სხეულით შეკრულს ფრთაშესხმული სული აქვს და გონებით გადაუფრენს ზეციურ სივრცესა და ეთერს, აღიწევა ზეცაზე მაღლა და მუდმივად ღვთაებრივ ჭვრეტაში იმყოფება. თვით სტუმრებთან საუბრისასაც კი იგი თავის ფიქრებს გაფანტვის ნებას არ აძლევს.
ბეჭდვა
1კ1