ანგელოზის ხელთაგან ეზიარებოდნენ უფლის სისხლსა და ხორცს
ანგელოზის ხელთაგან ეზიარებოდნენ უფლის სისხლსა და ხორცს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 8-21 დეკემბრამდე ბევრ დიდებულ წმინდანს მოიხსენიებს: დიდმოწამე იაკობ სპარსს (10 დეკემბერი), წმინდა აბიბოს ნეკრესელს (12 დეკემბერი), წმინდა ანდრია მოციქულსა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს (13 დეკემბერი), წმინდა დიდმოწამე ბარბარეს (17 დეკემბერი), ღირს საბა განწმენდილს (18 დეკემბერი), წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს (19 დეკემბერი), წმინდა ამბროსი მედიოლანელს და სხვათა. შეგვეწიოს მათი წმინდა ლოცვა როგორც მათ სეხნიებს, ისე ყველა მართლმადიდებელს.

ამჯერად მართლმადიდებლური კალენდრის ერთი დღე 15 (2) დეკემბერი განვიხილოთ. ამ დღეს ჩვენი ეკლესია წმინდა ისე წილკნელს მოიხსენიებს.

წმინდა ისე წმინდა იოანე ზედაზნელის მოწაფე გახლდათ და ასურეთიდან ისიც გამოგზავნა ქართველი ერის განსანათლებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების მერე ევლავიოს კათალიკოზმა იგი მღვდელმთავრად აკურთხა და ეს ეპარქია ჩააბარა.

წმინდა მღვდელმთავრის მღვიძარებასა და მარხვას საზომი არ ჰქონდა. მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით შორს გაითქვა სახელი. ღირსი ისე მთელ ეპარქიაში მოგზაურობდა, სახარებას ქადაგებდა. წმინდანი განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა და წარმართებს ნათელსსცემდა.

ერთხელ წმინდა იოანე ზედაზნელმა გადაწყვიტა, თავისი მოწაფეები სათნოებებში გამოეცადა და მათ მიერ მოხდენილი სასწაულებით ქართველი ერი რწმენაში განემტკიცებინა. როცა წმინდა იოანემ და ღირსმა შიომ სასწაულები მოახდინეს, ჯერი წმინდა ისეზე მიდგა. წმინდა ისე მდინარე ქსნის პირას ჩავიდა. უკან გაჰყვნენ წმინდა მამები და უამრავი ხალხი. ღირსმა ისემ ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი დასცა და ქრისტეს სახელით გაყოლა უბრძანა. მდინარეს წყლის ტოტი გამოეყო და წმინდა ისეს კვერთხს შეუდგა. წმინდა ისე წილკნის საყდრამდე მივიდა, წყალიც მიჰყვა - მისთვის აღმართს ხელი არ შეუშლია.

წმინდა ისეს წინასწარ ეუწყა გარდაცვალების დღე. შეკრიბა მოწაფეები და ეკლესიის მსახურნი, დალოცა, დაარიგა ისინი და სული თვისი შეავედრა უფალს. წმინდა ისე წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს და დღემდე აღასრულებს ურიცხვ სასწაულს.

***
ამ დღეს იხსენიებიან ღირსნი იოანე ირაკლემონი, ანდრია და თეოფილე, ისინი დაიბადნენ შუა ეგვიპტეში, ქალაქ ოქსირიქში, ქრისტიანულ ოჯახებში. სიყრმიდანვე სულისმარგებელ წიგნებს კითხულობდნენ და მათი გავლენით აღეძრათ სურვილი უდაბნოში ღვთის გულისთვის განმარტოებულიყვნენ. აქ მათ ერთი მოხუცი ბერი ნახეს, მას დაემორჩილნენ ერთი წელი. მისი გარდაცვალების მერე იქვე დარჩნენ და სამოცი წელი მკაცრ მარხვაში გაატარეს, კვირაში ორჯერ ჭამდნენ ხილს. სადაგ დღეებში ცალ-ცალკე, მთებზე და მღვიმეებში გაიფანტებოდნენ, შაბათ-კვირას კი ერთად აღუვლენდნენ საგალობელს უფალს, უფლის ანგელოზის ხელთაგან ეზიარებოდნენ უფლის სისხლსა და ხორცს და ასე მშვიდობით განისვენეს. მათი ცხოვრება იხილა და აღწერა თებაიდელმა მეუდაბნოემ, ღირსმა პაფნუტი დიდმა.

***
15 დეკემბერს არის ხსენება წმინდა სტეფანე უროშისა, სერბეთის მეფისა. იგი გახლდათ შვილი სახელგანთქმული მეფის, სტეფანე დუშანისა. სამწუხაროდ, მასავით ძლიერი მეფე ვერ იყო. პატივმოყვარე დიდებულებმა შეამცირეს მისი გავლენა და ბოლოს მეფის ნომინალური ტიტულიღა შერჩა. ერთმა დიდებულმა, ვოლკასინმა მეფე სანადიროდ მიიწვია, მოაკვლევინა და ჩუმად დაამარხვინა. მერე კი გამოაცხადა, - ნადირობის დროს დაიკარგაო. მეუღლემ, დედოფალმა ანამ და მეფის დედამ, დედოფალმა ელენემ დაიწყეს ძებნა და ბოლოს პეტრიჩის ციხის ერთ აკლდამაში იპოვეს ნაწამები მეფის სხეული. მეფე სტეფანე ნემანიჩების გვარის უკანასკნელი მეფე გახლდათ. წმინდა სტეფანე ბოლოს თავის მიერ აშენებულ ზადუშბინაში დაკრძალეს, ქალაქ სკოპლეში.

***
ღირსი ათანასე მღვიმელი. კიევის მღვიმევის მონასტერში მოღვაწეობდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ძმებმა განბანეს მისი სხეული, თუმცა რაღაც მიზეზების გამო ბერის დაკრძალვა დაგვიანდა. ღამით იღუმენს გამოცხადებით ესმა: "ღვთის კაცი ათანასე ორი დღეა დაუმარხავია და ამისთვის არცა ზრუნავთ".

გათენებისთანავე იღუმენი ძმებთან ერთად გარდაცვლილთან შევიდა, რათა დაეკრძალათ, მათ კი ღირსი ათანასე ლოგინზე წამომჯდარი იხილეს, რომელიც გულსაკლავად ტიროდა და იძახდა, - თავი გადაარჩინეთო. ძმებმა სულისმარგებელი სიტყვის თქმა სთხოვეს და შეჰფიცეს, რასაც გვეტყვი, შევასრულებთო. "დაემორჩილეთ იღუმენს, ყოველ ჟამს შეინანეთ და ევედრეთ უფალ იესო ქრისტეს, რათა ამ სავანეში დაასრულოთ სიცოცხლე და მამათა გვერდით დაიკრძალოთ. ნეტარი იქნება, ვინც ყველაფერს წესისამებრ შეასრულებს და არ გაამპარტავნდება", - თქვა ეს, შევიდა მღვიმეში, ჩაიკეტა და იქიდან გამოუსვლელად ოცი წელი იცხოვრა. მას ამის მერე მზე აღარ უხილავს, დღედაღამ ტიროდა, მცირე პურსა და წყალს დღეგამოშვებით იღებდა. მთელი ეს ხანი სიტყვა არ წარმოუთქვამს. სიკვდილის წინ ძმები მოიხმო, კიდევ ერთხელ დამოძღვრა და და სული თვისი ჩააბარა უფალს.

გადაცვალების შემდეგ მან ძმებს თავისი სულის ნეტარ მდგომარეობაზე აუწყა. მონაზონ ბაბილას მრავალი წელი ფეხები სტკიოდა. ერთხელ მის კელიაში ღირსი ათანასე შევიდა და უთხრა: - მოდი ჩემთან და განიკურნებიო. ბაბილა ძმებმა ღირსი ათანასეს აკლდამასთან მიიყვანეს. ბერი შეეხო მის სხეულს და სრულიად განიკურნა. მაშინ გულისხმაყვეს ძმებმა, რომ ათანასე დაყუდებული სათნოეყო ღმერთს. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა სრულიად საქრისტიანოს. ღირსმა ათანასემ 1176 წელს შეისვენა უფლისა მიერ.

***
15 დეკემბერს წმინდა ქალწულმოწამე მიროპიას ხსენების დღეცაა. წმინდა მიროპია ედესაში დაიბადა ქრისტიანულ ოჯახში, ღვთის შიშით აღზრდილი განსაკუთრებული გულმოდგინებით მოილოცავდა წმინდა ფილიპე მოციქულის ერთ-ერთი ქალიშვილის, წმინდა მოწამე ერმინიას აკლდამას და იღებდა სასწაულმოქმედ მირონს, რომელიც წმინდანის ნაწილთაგან მოედინებოდა. მირონით კი სნეულებს კურნავდა.

იმ დროს მეფობდა ქრისტიანთა მდევნელი დეკიუსი. მიროპიამ და დედამისმა თავი კუნძულ ქიოსს შეაფარეს, შინ ჩაიკეტნენ და ევედრებოდნენ ღმერთს. ერთხელაც კუნძულზე თავადი ნუმერიანი მოვიდა. მისი ბრძანებით, ქრისტეს სარწმუნოების აღსარებისთვის აწამეს ნეტარი ისიდორე და მისი სხეული ტევრში გადაუგდეს მხეცებს და ფრინველებს. იქვე დარაჯებიც დაუდგინეს. ერთ ღამეს წმინდა ქალწულმა მიროპიამ, თავის მსახურთან ერთად, მოიპარა მოწამე ისიდორეს სხეული და ქრისტიანული წესით დაკრძალა მანამდე გამზადებულ ადგილას. თავადმა შეიტყო ეს ამბავი და ბრძანა, დარაჯებისთვის ბორკილები დაედოთ, შემოეტარებინათ კუნძული, ეწამებინათ და თუ ისიდორეს სხეულს ვერ იპოვიდნენ დანიშნულ დრომდე, თავები მოეკვეთათ.

წმინდა მიროპიამ ეს ამბავი შეიტყო, ბორკილდადებული დარაჯებიც იხილა, გაიფიქრა: - თუ ეს დარაჯები ჩემს გამო დაისჯებიან, მაშინ ჩემი სული განიკითხება ღვთის სამსჯავროზე უბრალო ხალხის დაღუპვის გამოო. ამიტომაც მოულოდნელად წამოიძახა:

- მეგობრებო, ნეშტი მე ავიღე მაშინ, როცა თქვენ გეძინათო.

ჯარისკაცებმა ის შეიპყრეს და ნუმერიანს წარუდგინეს. თავადმა ჰკითხა: - როგორ გაბედე ამის გაკეთება, წყეულო ქალო?!

წმინდა მიროპიამ უპასუხა: - გავბედე, რადგან მძაგს და შევნერწყვავ შენს უღმერთობასა და გულქვაობას.

განრისხებულმა თავადმა გააწკეპვლინა ქალწული, მერე ციხეში ჩააგდებინა. შუაღამისას მიროპიას სენაკი გაბრწყინდა და უფლის ანგელოზებთან ერთად წმინდა ისიდორე გამოეცხადა: "მშვიდობა შენდა, მიროპია! - უთხრა მოწამემ, - შენმა ლოცვებმა მიაღწია უფლის წინაშე და მიიღებ შენთვის გამზადებულ გვირგვინს".

როცა წმინდა ისიდორე ამას ამბობდა, წმინდა მიროპიამ სული თვისი სიხარულით ჩააბარა უფალს. სენაკი გამოუთქმელი კეთილსურნელებით აივსო. დარაჯები ძრწოლამ შეიპყრო. ერთმა მათგანმა, ამის მხილველმა და მსმენელმა, მღვდელს მიაშურა, ყველაფერს მოუყვა, ნათელიღო და თვითონაც მოწამის გვირგვინის ღირსი შეიქმნა. წმინდა მიროპიას სხეული კი ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს.

***
ამავე დღეს ხსენებაა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის, წმინდა ამბაკუმისა.

წმინდა ამბაკუმი ცხოვრობდა და წინასწარმეტყველებდა იუდეის ღვთისმოშიში მეფის ეზეკიას მერე, მანასეს დროს. მანასემ ბევრი უსამართლობა ჩაიდინა, თუმცა მერე შეინანა თავისი საქციელი, მაგრამ მისმა დათესილმა ბოროტებამ ფესვი გაიდგა ებრაელ ხალხში. მანასეს მერე ამონი ავიდა ტახტზე, რომელიც მამასავით კერპთაყვანისმცემელი იყო. წინასწარმეტყველი ამბაკუმი წუხდა თავის ხალხზე და უფალს ევედრებოდა ხსნას.

უფალმა აუწყა თავის რჩეულს, რომ მალე მოიწეოდა მთელ ერზე სასჯელი. ღვთის ბრძანებით, მან ხალხს უწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა და ბაბილონის ტყვეობა - ამას შეამთხვევენ ებრაელებს ქალდაველებიო. ასევე ისიც, რომ ქალდეველები თვითონვე დაემხობოდნენ სხვა ხალხისგან. უფალმა აუწყა, რომ თვითონ მოვიდოდა თავისი ერის სახსნელად, დადგებოდა დრო, როცა მთელი დედამიწა ღვთის დიდებით აივსებოდა (აქ წინასწარმეტყველებაა მესიის მოსვლაზე).

როცა ნაბუქუდონოსორმა იერუსალიმს შეუტია, წინასწარმეტყველმა ამბაკუმმა თავი არაბეთს შეაფარა. ქალდეველების წასვლის მერე წმინდა ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ტყვეობას გადარჩენილ თანამემამულეებთან ერთად დაიტირა სამშობლოს ხვედრი.

ერთხელ, მკისას, ამბაკუმმა საჭმელი მოუმზადა მუშებს და მინდორში წავიდა. გზად უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: - ეს საჭმელი ბაბილონში, ლომების ორმოში წაუღე დანიელსო.

იმ დროს ბაბილონის მეფის კარზე, ლომების ორმოში იყო ჩაგდებული წმინდა დანიელ წინასწარმეტყველი. "უფალო, არც ბაბილონში ვყოფილვარ და არც ლომების ორმო მინახავს", - უთხრა ამბაკუმმა. უფლის ანგელოზმა აღიტაცა ამბაკუმი და ლომების ორმოში ჩასვა. "დანიელ, დანიელ, აიღე საჭმელი, რომელიც ღმერთმა გამოგიგზავნა", - უთხრა მან წმინდა დანიელს. შემდეგ წმინდა ანგელოზმა ამბაკუმ წინასწარმეტყველი შინ დააბრუნა. წმინდა ამბაკუმი ვერ შეესწრო ბაბილონის ტყვეობიდან თავისი ხალხის განთავისუფლებას, გარდაიცვალა და საკუთარ მიწაზე დაკრძალეს.

ევსევი კესარიელი წმინდა ამბაკუმის აკლდამის სამყოფელად კეილს ასახელებს.

საეკლესიო ისტორიკოსის, სოზომენეს მოწმობით, წმინდა წინასწარმეტყველ ამბაკუმის ნაწილები, წმინდა მიქეას ნაწილთან ერთად, იპოვეს თეოდოსი II მცირის მეფობისას (408-450). ორივე წინასწარმეტყველის საფლავის შესახებ კი ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა ელევთერეპოლისის ეპისკოპოს ზებენეს.

15 დეკემბერს ხსენებულ წმინდანთა ლოცვა შეგვეწიოს ყველა მართლმადიდებელს.
ბეჭდვა
1კ1