ადამიანებისთვის ილოცო - ნიშნავს სისხლი დაანთხიო
ადამიანებისთვის ილოცო - ნიშნავს სისხლი დაანთხიო
სიტყვა ქრისტეს მიმბაძველ სიყვარულზე: ვათოპედის მონატრის მიდამოებში, კოლიცეს სკიტში მოღვაწეობდა ღირსი აღაპი, ღირსეული მუშაკი აღმატებული სიყვარულისა. იგი ტყვედ ჩაუვარდა თურქებს. 12 წლის მსახურების მერე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გაათავისუფლა საპყრობილიდან და დაბრუნდა ათონზე თავის მოძღვართან. თუმც მოძღვარმა უსაყვედურა, - ბატონს რად გამოეპარეო. ღირსმა აღაპიმ ჰყო მორჩილება, დაბრუნდა უკან. თავისი სიწმინდით აღძრა თურქი და იგი, თავის ორ ვაჟთან ერთად, მივიდა ათონზე, სადაც ისინი მოინათლნენ და მონაზვნად აღიკვეცნენ.
* როგორც გამოღვიძების მოწოდება, ისე ჟღერს ჩემს "მძიმედ მსმენელ" ყურებში და უგრძნობელ გულში სიყვარულითა და ღმერთთან ურთიერთობის წყურვილით აღვსებული სიტყვა ჩვენი დროის ბრძენი მასწავლებლის, მღვდელმონაზონ ათანასე ივერიელისა:

- ზეციური სიტკბოება და არაამქვეყნიური ყოფიერების გემოსხილვა არის ის წუთი, როცა კაცი ფიქრობს განკაცებული აღმშენებლობის საიდუმლოებაზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ კაცობრიობის გადარჩენის ღვთაებრივ ჩანაფიქრზე. მარიამი და იესო, იესო და მარიამი - ეს ორი უტკბესი და სასიხარულო სახელი, აი ეს არის სამოთხე.

* უფალმა ჭვრეტიდან მუშაკობამდე ჩამომიყვანა, - ამბობდა ერთი ასკეტი მორჩილი, რომელიც თავის ავადმყოფ მოძღვარს უვლიდა. ბერი მახსოვრობის დაკარგვითა და პროსტატიტით იტანჯებოდა, რომელსაც თან სდევდა ხშირი შარდვა. ყოველ ღამე ის ფხიზლობდა.

* მრავალი სათნოებით გამშვენებული ახალსკიტელი მამა გაბრიელი ამბობდა:

- ვინმე თუნდაც ყოველდღიურად ეზიარებოდეს წმინდა საიდუმლოს, თუნდაც მოწყალებაში გასცეს მთელი თავისი ქონება, თუნდაც გამოხმეს მარხვა-მუხლთა დრეკით და მხოლოდ ძვალი და ტყავიღა დარჩეს, არ ეღირსება ღვთისგან წყალობასა და სიუხვეს, თუ სიყვარულს არ შეიძენს. ამიტომაც შეასხმიდა ქებას სიყვარულს დიდებული მოციქული პავლე: "ენასა-ღათუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოდი, ხოლო სიყვარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილაი, რომელი ხმობედ".

* 150 წელი იყო გასული წმინდა ანას სკიტის დამაარსებლის, წმინდა გერონტის სიკვდილიდან. მისი ჩრდილოეთ ნაწილის ერთ-ერთ კალივაში მოღვაწეობდა ერთი სულიერი გოლიათი, მამა დამასკინი - სკიტის ერთ-ერთი უდიდესი სვეტი XVI საუკუნეში. ორცხობილა და წყალი გახლდათ მისი ჩვეული საკვები. ბერი იშვიათი თბილი სიყვარულითა და თანაგრძნობით ლოცულობდა მთელი მსოფლიოსთვის. სიყვარულით ანთებული, სანთელივით იწვოდა.

ლოცვისას ამბობდა: - ქენი ისე, ღმერთო, რომ ყველა წარმართი, ყველა ურწმუნო, უღვთო, ერეტიკოსი და სხვა რწმენისა მოიქცეს, შეიცნოს ჭეშმარიტება და გიწამოს შენ. რათა იყოს ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი (იოანე 10,16), რათა ისინი გადიდებდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ სამება ღმერთს, მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, და არავინ წარწყმდეს, ღმერთო ჩემო.

ხშირად სულიერად აღფრთოვანებული, ჭვრეტდა რა უდიდეს საიდუმლოებებს, აღივსებოდა ღვთაებრივი სიხარულითა და დიდებისმეტყველებით.

* ჩემმა ღირსსახსოვარმა მოძღვარმა მოისურვა დაეწერა წიგნი "მოგონებები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღზე", მაგრამ უკვე ავადმყოფს, წერა არ შეეძლო, ამიტომაც ჩემთვის დაუვიწყარ თავისუფალ დროს მიყვებოდა და მე, საცოდავი, მისი ლოცვებით გაძლიერებული, წიგნს ვწერდი.

* აი, რა მომითხრო ჩემმა მოძღვარმა თავის თანააღკვეცილ ძმა სტეფანეზე. მათი საძმოს უკანასკნელ მონაზონს ვიცნობდი და მიმოწერა გვქონდა, იგი ხშირად მმასპინძლობდა თავის კალივაში.

"კალივაში სასაპალნე ცხოველი არ გვყავდა, ტვირთი რომ გადაგვეზიდა. მაგრამ ჩვენთან იყო "სიყვარულის უღელდადგმული" ძმა, მამა სტეფანე. ზურგზე უზარმაზარი თოფრამოკიდებული სანაპიროდან მთაზე ამოდიოდა და "ლოცვას" (იესოს ლოცვა) წარმოთქვამდა. სკიტელი მამები მაშინვე იგებდნენ მის მოსვლას - შორიდანვე ისმოდა ყველასთვის ნაცნობი ხმა: "უფალო იესო ქრისტე... შემიწყალე მე". ხშირად სხვასთან საუბარს თავისი უბრალოებით იესოს ლოცვას ჩაურთავდა და ყურადღებას არ აქცევდა, რომ მასთან მოსაუბრე ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ხოლმე.

მამა სტეფანე მკაცრი და ურთიერთობისას უბრალო იყო (როგორც ჭეშმარიტი სპარტელი), პირდაპირი და გაუღიმარი, "საშინელი მონაზონიაო", შეიძლება გეფიქრა გაცნობისას. მაგრამ სული ჰქონდა დაუჯერებლად გულისხმიერი, აღსავსე სიყვარულითა და ალერსით (განსაკუთრებით ღარიბების მიმართ). მთაწმინდაზე ხასიათის გამოსწორება მარტივდება, ადამიანები ჩამოიშორებენ ერისკაცული თავაზიანობისა და ფარისევლური პატივისცემის ნიღაბს, განიწმინდებიან გულწრფელი, პირუთვნელი სიყვარულის ემბაზში, რომლის ძიებაშიც ქანცი გაწყდება ამ სოფელში. '

არასოდეს დამავიწყდება სიყვარული და თავდადება მამა სტეფანესი. მას ყოველთვის სურდა, ყველაზე უსახური სამოსი ჩაეცვა, ყველაზე მძიმე სამუშაო შეესრულებინა, ყველაზე ცუდი საჭმელი ეჭამა. ის წინადღის მორჩენილ საჭმელს იღებდა, ჩადებდა ქვაბურაში, დაასხამდა წყალს და მშვიდად მიირთმევდა. მხცოვანი მამა პაისი ხშირად გაეხუმრებოდა ხოლმე: - ეჰ, გერო სტეფანე (გერო - პატივისცემით მიმართვაა ხანდაზმული მონაზვნისადმი), გახსოვს, მშვენიერი კერძებით რომ ვნეტარებდით ამერიკაში, მეფეებივით? ახლა კი ამ ბალანდას ჭამ.

მამა სტეფანე დიდსულოვნად თითქმის გულგრილად უქნევდა თავს და ისე აცარიელებდა თავის ასკეტურ ქვაბურას, თითქოს მდიდრულ სადილს მიირთმევდა. მისი კალივა მისთვის ზეციური კარავი იყო, რომელიც თავისი სიმარჯვითა და კეთილდღეობით აღემატებოდა ამერიკის ყველა ცათამბჯენს, საჭმელი კი - ყველაზე გემრიელი მსოფლიოში..."

ღვიძლის ციროზით დაავადებული მამა სტეფანე თავის ასკეტურ კალივაში მოვინახულეთ. მაგიდაზე ეძინა! თესალონიკში სამკურნალოდ წაყვანა შევთავაზეთ, მაგრამ ცივი უარი თქვა. "თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩემს განკურნებას მოისურვებს, კარგი იქნება. დაე, იყოს, როგორც მას სურს და როგორც მან იცის. მე კი მთაწმინდის საზღვარს არ გავცდებიო", - გვითხრა ღირსსახსოვარმა მამამ, აგრე მკაცრმა საკუთარი თავისა და უაღრესად მოწყალემ - ღარიბი ძმების მიმართ. მისი უზარმაზარი თოფრა მოწმობს მისივე თანამგრძნობი სულის მოღვაწეობაზე, მასზე, თუ როგორ მიდიოდა იგი ფეხით უდაბურ და კლდოვან ადგილებში და მიჰქონდა საკვები და წამალი უმწეო ასკეტებისთვის, ხოლო ხშირად ღამღამობით გადაჰყავდა ისინი ვირით, რათა არ გამჟღავნებულიყო მისი სათნოება.

* ჩემი მოძღვარი მიყვებოდა: - წმინდა ანას სკიტში ცხოვრობდა ერთი ბერიკაცი, პეტრე. 95 წლისა იყო. იჯდა თავის აივანზე და ხან ერთ ძმას უკემსავდა წინდებს და ხან მეორეს. თან ცდილობდა, ეს შეუმჩნევლად გაეკეთებინა - ახსოვდა სახარების სიტყვები: "ნუ სცნობს მარცხენაი შენი, რასა იქმოდის მარჯვენაი შენი" (მათე 6,3).

- მოდი, ძმაო, ნახე, როგორი სიყვარული აქვთ მამებს. როცა კარს ვაღებ, ვხედავ ხოლმე, რომ შიგნით დაუტოვებიათ, რაც მჭირდებოდა - პური, ხილი, ყველი, თეფში. დიდება შენდა, ღმერთო. რამეთუ ყოველივეზე ზრუნავს ჩვენი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

* "ადამიანებისთვის ილოცო - ნიშნავს სისხლი დაანთხიო", - ამბობდა ღირსი სილუანი. მან ასევე თქვა: "ჩვენი ძმა ჩვენი სიცოცხლეა".

* ნაღდი, დაუცხრობელი, მთაწმინდური, სახარებისეული სიყვარული ჰქონდა ლავრელ მამა ამბაკუმს, რომელიც იქ სანიტრად მსახურობდა.

დღედაღამ, წლის ნებისმიერ დროს თავის ვარცლზე იყო დახრილი. არა მხოლოდ უდრტვინველად, არამედ სიხარულითაც ჰბანდა ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფებს, რომელთა შორისაც არა მხოლოდ მონასტრის ძმები იყვნენ, ასევე ყველასაგან მიტოვებული ერისკაცებიც. ვარცლიდან სამზარეულოში გარბოდა საჭმლის მოსამზადებლად, დააპურებდა სნეულებს, მერე კი მათ თეთრეულს უცვლიდა, რათა ყოველთვის სუფთად ყოფილიყვნენ.

* მე ღირსი შევიქენი იშვიათი ადამიანი გამეცნო - მამა მოდესტი, კოსტამონიტის მონასტრიდან. იგი დაუღალავი მოწაფე გახლდათ ღვთაებრივი სიყვარულისა. მთელი მისი საუბრები სიყვარულს, სულერი ცხოვრების ღერძს ეხებოდა. ხშირად ამბობდა:

"თუ არ ვიგრძნობთ, რომ ყველა ადამიანი ჩვენი ძმაა, ჩვენ კი მათი ძმები ვართ, სულიწმინდა არასოდეს ჩაგვისახლდება გულში. უფალს ყველანი ერთნაირი სიყვარულით ვუყვარვართ - ყველაზე ცოდვილნიც და ყველაზე წმინდანიც. ამიტომაც ჩვენი სული ყველას უნდა ჩაეკონოს, სიყვარული შემწყნარებელია, დამთმობია, მომთმენია... ღმერთი სიყვარული არს" (2 იოანე 4,8).

* ბერმა თქვა: - მას, ვისაც უყვარს ღმერთი, უყვარს არა მხოლოდ თავისი თანამოძმე, ადამიანები, ასევე ყველა ქმნილება - ხე, მცენარე, ყვავილები. უყვარს ყველა თანასწორი სიყვარულით.

* ახალსკიტელი მამები და ძმები ჰყვებიან, რომ მას მერე, რაც მონაზონი გახდა, ვიდრე მშვიდობიან აღსასრულამდე (ანუ 65 წლის მანძილზე), მამა ნეოფიტეს ერთხელაც არ დაუტოვებია ყოვლადწმინდა ღვთისმშობის ბაღი (ანუ ათონი, - კ.კ.) და სოფელში არ წასულა. ამასთან, სოფლიდან სულიად მოკვეთილი და განდგომილი მამა ყველას სიყვარულს უჩვენებდა, მოიკიდებდა მომლოცველთა უმძიმეს ტვირთს და ნავმისადგომიდან ზემოთ, კირიაკონში აჰქონდა.

* ერთმა ბერმა მიამბო: ძველი მონაზვნები ძღომამდე პურს არ ჭამდნენ და არ სვამდნენ სიუხვით წყალს, თავს არც გამოძინების და არც მოსვენების უფლებას არ აძლევდნენ, ამიტომაც ჰქონდათ გაუძღომელი სიყვარული და სწრაფვა ლავრისაკენ.

* ახალსკიტელი მამა ი. გამოცდილი სანიტარი იყო. მას ისეთი სიყვარული ჰქონდა მამებისა, რომ არ ეზიზღებოდა მათი წყლულები. იგი თავისი ბაგეებით ჩირქს ამოსწოვდა მამა სერაფიმე აბრაამელს ძველისძველი იარიდან, რათა მისთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა.

* მონაზონი ანდრია და მღვდელმონაზონი აბრაამი, ახალი სკიტის, აბრაამის საძმოელნი, რამდენიმე წელია უვლიან თავიანთ დავრდომილ მამას, მღვდელმონაზონ სერაფიმეს. გაოცებული ჩემი თვალებით ვხედავ მათ სიყვარულსა და თავგანწირვას. ყოველდღიურად კოვზით აჭმევენ საჭმელს, აბანავებენ, როგორც პატარა ბავშვს, აიყვანენ ხელში და ეტლით ასეირნებენ, ალერსიანად ეფერებიან თავზე... ის კი, რადგანაც საუბარი არ შეუძლია, მადლიერებას თვალებით გამოხატავს, ზოგჯერ იღიმება, ზოგჯერ სიხარულით ტირის.

ამასთან, ისინი სტუმართმოყვარეობას იჩენენ მომლოცველთა მიმართ, რომლებიც არასოდეს აკლია ამ ძველთაგანვე სტუმართმოყვარე კელიას, ამზადებენ საჭმელს, აღასრულებენ თავიანთ სულიერ მოვალეობებს. კალივის ეს ორი სკიტი თითოეული თავისებური ხასიათისა და განსაკუთრებული ნიჭის მქონეა: მამა ანდრია - დაუღალავი, გულღია, ალერსიანი, ღვთისმოსავი, ნამდვილი მორჩილია (ანუ პელოპონესელი); მამა აბრაამი სკიტის მარგალიტია - მდაბალი, მშვიდი, რბილი ხასიათით, უყვარს მდუმარება და საეკლესიო მსახურება.

* კარიესელი ღირსეული ბერის, მამა კირილეს მოწაფე, მღვდელმონაზონი პავლე წესისაებრ და დიდი მოკრძალებით მსახურობდა. ამასთან, ის არავის ამხილებდა და ცდილობდა, დელიკატურად გამოესწორებინა სხვისი შეცდომა.

* კარიესელი მამა კოზმა ჩუმი, შეუმჩნეველი მონაზონი იყო. როცა მოძღვარი ავად გაუხდა, ფეხით ჩადიოდა ხოლმე იერისონში მისთვის რძის ამოსატანად. წინ და უკან გზა კი ოთხი დღის სავალი იყო.

* ყუთლუმუშის მონასტრის იღუმენი მამა სოფრონე თავისი კერძის ნაწილს მოწყალებად არიგებდა.

* ყუთლუმუშელმა მამა ქრისოგონემ თითქმის მთელი სიცოცხლე ავადმყოფ და მოხუც მონაზონთა მსახურებას მიუძღვნა. როცა ის გარდაიცვალა, სახე აკვნის ჩვილისას მიუგავდა.

* მამა აგლაია კოსტამონიტელს სიხარულისგან სახე უბრწყინავდა, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აკათისტო ესმოდა. ის ყოველდღიურად შრომობდა თავისი მუშებისა და მათი ოჯახებისთვის.
ბეჭდვა
1კ1