მოაქციე ენაი შენი ჩემკენ, რომელიც მე გიბოძე, რათა მადიდო მე, ყოვლადწმინდა სამება ღმერთი შენი
მოაქციე ენაი შენი ჩემკენ, რომელიც მე გიბოძე, რათა მადიდო მე, ყოვლადწმინდა სამება ღმერთი შენი
წმინდა ანთიმოზ ბრმა. ივერონის სკიტში ცხოვრობდა შობითგან ბრმა მონაზონი ანთიმოზი. მან შეიტყო "კარიბჭისად" წოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მთელ მსოფლიოში მოხდენილი სასწაულების შესახებ და კურნება შესთხოვა. იგი ისეთი კეთილმოკრძალებით ფიქრობდა ამ წმინდა ხატზე, რომ ერთ ხატმწერს კარიბჭის ხატის ასლის შექმნა სთხოვა. ხატმწერმა მოამზადა დაფა, მაგრამ როგორც კი ნახშირი აიღო კონტურის მოსახაზად, ხელი გაუშეშდა. მამა ანთიმოზი რამდენიმე დღის მერე ხატმწერთან მივიდა - იფიქრა, ხატი უკვე მზად იქნებაო. მაგრამ ხატმწერმა უთხრა, რაც დაემართა.

მამა ანთიმოზი მიწაზე დაემხო და ცრემლთა ფრქვევით შესთხოვა ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს მხატვრის ხელის ამოძრავება, რათა შესძლებოდა მისი კარიბჭისად წოდებული და ათონის წმინდა მთის მფარველი ხატის დახატვა.

ღვთის დედამ არ უარყო მისი ვედრება, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა: ჯერ მამა ანთიმოზს აუხილა თვალი, მერე დაფაზე კარიბჭისად წოდებული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უხრწნელი ხატი გამოისახა. ამის შემდეგ კი ხატმწერი განიკურნა. ეს უნდა მომხდარიყო, რათა მამა ანთიმოზს მაშინვე ენახა ყოვლადუხრწნელი სახე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უბრწყინვალესი სახე უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და ეცნობებინა ეს სასწაული მთელი მსოფლიოსთვის.

მამა ანთიმოზმა, ჭეშმარიტად წმინდა ხატი რომ იხილა, უზომოდ გაიხარა. მაგრამ მალევე ღვთის ნებით, კვლავ დაბრმავდა.

მან, ისე როგორც მრავალმა მაშინდელმა მამამ, მოისურვა ათონიდან წასვლა მრავალთა საცხოვნებლად. თან წაიღო კარიბჭისად წოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც განაგრძობდა სასწაულქმედებას და გაემგზავრა დოდეკანსში, სადაც რამდენიმე დედათა მონასტერი დააარსა.

თვითონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შემოიკრიბა დები მონასტერში. ყოველი მონასტრის დაარსებას თან არეულობა სდევდა. როცა პირველი მონასტრის მშენებლობა დასრულდა, რამდენიმე მონაზონმა ცილი დასწამა მოძღვარს კუნძულელების წინაშე - არაწმინდა განზრახვით გვიახლოვდებაო. როგორც კი ხალხმა ეს შეიტყო, ბერი მაშინვე გააძევა კუნძულიდან. ის კი ხარობდა თავს მოწეული განსაცდელით. შემდეგ სხვა კუნძულზე გადავიდა. იქაც იგივე განმეორდა.

ბოლოს კუნძულ ასტიპალიაზე დასახლდა. იმ დროს იქ უამრავი გველი ბინადრობდა. წმინდა ანთიმოზს თან ჰქონდა კარიბჭის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ყველა გველი სადღაც გაქრა. ამ დაუჯერებელი სასწაულით განკრძალულმა ასტიპალიელებმა კეთილმშვენიერი ტაძარი ააშენეს, იქ მონასტერი დააარსეს და შიგ დაასვენეს ღვთისმშობლის ხატი. დღემდე ანგელოსთა დედოფალი უამრავ სასწაულს აღასრულებს თავისი ხელთუქმნელი ხატით.

მონასტერში მრავალი და შეიკრიბა. ბერი მათ საკუთარი თავის მიმართ ყურადღებას, გრძნობებისა და სხეულის განწმენდას ასწავლიდა, მაგრამ უპირველესად იმას, რომ მათ შორის არაწმინდა საუბარი არ ყოფილიყო. თუ დედაკაცები არ მოთოკავენ ენას, ისინი იწყებენ ეშმაკის შთაგონების დაჯერებას და ირგვლივ ყველანაირი ცილისწამების გავრცელებას. გავიხსენოთ, როგორ დაიჯერა ჩვენმა დიდედამ, ევამ ეშმაკის ცილისწამება. ეშმაკმა რაღა არ მოიგონა, თითქოს ყოვლადსახიერ ღმერთს ეშინოდა, ადამიანები მისი თანაწორნი არ გამხდარიყვნენ. ეს ცილისწამება ევამ ჩვენს დიდ პაპას ადამს შთააგონა და დაარწმუნა, თითქოს ეშმაკი სიმართლეს ამბობდა.

"გადაშალეთ წმინდა ევგენის სვინაქსარი, - ამბობდა იგი, - იქ წაიკითხავთ მონაზონ მელანტიას ამბავს, რომლის მონასტერზეც სულიერად ზრუნავდა იღუმენი ევგენი. ამ მონაზონმა ხმა გაავრცელა, - არაწმინდა ფიქრებით შეპყრობილ ევგენის ბილწი სურვილები აქვსო. ეპარქმა ფილიპემ იხმო იღუმენი, შემოახია შესამოსელი და გაოცდა, - იგი მისი ქალიშვილი ევგენია იყო, რომელიც უკვალოდ დაკარგული ეგონა.

ფილიპემ ამხილა მელატია ღვთის მონების ცილისწამებაში და მერე მოინათლა, რამეთუ მანამდე წარმართი იყო".

მამა ანთიმოზი დაუღალავად დამოძღვრიდა მონაზვნებს სულისმარგებელი სწავლებებით. ვიდრე წარვიდოდა უფლისა მიმართ, მოიხმო ყველა და უთხრა, ვკვდებიო - და სული მისი გაშორდა სხეულს, ზეციურ სავანეში გადასახლდა. ყოვლადსახიერმა ღმერთმა ყველა, ვინც ცილი დასწამა წმინდა ანთიმოზს, მძიმე ფორმის ეშმაკეულობით დასაჯა.

ჩვენს განათლებულ და განვითარებულ XX საუკუნეში საბერძნეთის მართლმადიდებელ სამღვდელოებას, განსაკუთრებით მონაზვნურ დასს, უწევს საშინელი ცილისწამებების მოსმენა, ეშმაკი ამით მრავალი ადამიანის დაშინებას და მათში მონაზვნობის სურვილის განქარვებას ცდილობს.

დაე, ცილისმწამებლებმა წაიკითხონ ამბავი წიგნში: "დარიგებები მოძღვარს". ერთმა ქალმა ცილი დასწამა მეორეს, რომელთანაც ნაჩხუბარი იყო და აღსარებაზე წავიდა. სინდისი აწვალებდა და ყველაფერი უთხრა მოძღვარს. მან კი: საშინელი არაფერი ჩაგიდენია, ეპიტიმიასაც მცირეს დაგადებ. ეს მამალი დაკალი, ბუმბული გზაჯვარედინზე მიმოფანტე, მამალი კი მომიტანეო. მალევე ქალმა მოძღვარს გაპუტული მამალი მოუტანა. მოძღვარმა გამოართვა და: ახლა წადი და ბუმბული შეაგროვეო. მან: - აბა, ახლა რაღას მოვძებნი, რა ვიცი, საით გაიფანტაო. მაშინ მეც არ შემიძლია ცოდვები მოგიტევოო. რა ვქნაო, - შეწუხდა ქალი. იტირე და იჯავრე მთელი სიცოცხლე, იქნებ უფალმა გაპატიოს მეზობლის ცილისწამებაო.

ამგვარად, უეჭველია, რომ სულიერი მამები - როგორც ერში მოღვაწე მღვდელმონაზვნები, ასევე ცოლიანი მღვდლები - ფხიზლად უნდა იყვნენ. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც მთაწმინდიდან იმისთვის მიდის, რომ მოძღვრად დაუდგეს მონაზონ დედებსა და დამრიგებლად - ერისკაცებს. თქვენ შემოკრებთ მონაზვნებს, ხოლო ისინი ცილს დაგწამებენ. ეს ცილისწამება კი ყოველჟამს შეგაშფოთებთ და დიდ განსაცდელში ჩაგაგდებთ. ამიტომაც, თუ მზად არ ხართ, თავი შორს დაიჭირეთ ქალებისგან, რომელთაც სურთ გამოგყვნენ და აცხადებენ, რომ აუცილებლად უნდა აღკვეცოთ მონაზვნად.

დიონისიატელი მამები. ერთხელ წმინდა ანას მონასტერში მამებისგან გავიგონე წმინდა დიონისეს კინოვიურ მონასტერში მომხდარი ამბავი.

იღუმენმა, მამა დოსითემ გადაწყვიტა, მონასტრის მღვდლებისთვის აეხსნა, - როცა ლიტურგიას ატარებთ, მიწიერზე არაფერზე არ უნდა იფიქროთ, ყოველთვის უნდა ჭვრეტდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვარზე შეწირვის საშინელ საიდუმლოს, რამეთუ მღვდელნი საკუთარი ხელებით შესწირავენ მსხვერპლსო.

ერთხელ, დიდმარხვისას, იღუმენმა კანონარქს უბრძანა, ტრაპეზობისას ყველა მონაზვნის თანდასწრებით წაეკითხა ჩვენი ღირსი და ღმერთშემოსილი მამის სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვა მღვდლობაზე.

როგორც კი წმინდა სიტყვებმა გაიჟღერა სატრაპეზოს კედლებში, საშინელ საიდუმლოებათა აღმსრულებელმა ყველა მღვდელმა (ესენი იყვნენ მამა ევგენი, მამა გერასიმე, მამა მათე, მამა მარკოზი და სხვები, რომელთა სახელებიც აღარ მახსოვს) კოვზები გვერდზე გადადეს და განაბულნი, ზეციერი, სულიერი სიტკბოებით განსცხრებოდნენ. ამგვარად მოქმედებდა მათზე ღვთაებრივი სიტყვა ღირსი და ღმერთშემოსილი მამის სიმეონისა.

ნატრაპეზევს ყველა თავიანთ კელიაში წავიდა მყუდროებისთვის, თხუთმეტი წუთის მერე ერთსულოვნად მივიდნენ იღუმენ მამა დოსითესთან და ცრემლითა და ტირილით უთხრეს: "მამაო, გთხოვთ და გევედრებით, ოლარი გაიკეთე და გაგვათავისუფლე მღვდლობისაგან. რამეთუ როცა ჩვენ მღვდელვმოქმედებთ, წმინდანი ანგელოსნი, უხორცონი და უცოდველნი, თრთიან და ვერ ბედავენ შეხედონ საშინელ საიდუმლოს. ჩვენ, ციდამტკაველა კაცნი, თუმცა ასე ძლიერ ვერ შევიგრძნობთ წმინდა ტრაპაზის მთელ დიდებულებას, მაგრამ მას მერე, რაც გუშინ მოვისმინეთ მღვდლობაზე საკითხავი, განა გავბედავთ, შევიდეთ წმინდა საკურთხეველში, ვაკმიოთ და განვადიდოთ სიტყვა და ძე ღვთისა, თვითონვე შეწირული და შემწირველი? სულის გონიერი თალებით ვხედავთ, რომ მღვდლობა ჩვენს ძალებს აღემატება".

მამა დოსითემ უპასუხა: "მე, უღირსი და საბრალო, ვერ გავბედავ რაიმე გითხრათ ამის შესახებ თქვენ, მაღალი ღმერთის მღვდლებს. მაგრამ მისმინეთ, რა გამოთქვა ღვთაებრივმა იოანე ოქროპირმა მღვდლობის შესახებ: "კაცო, გთხოვ, - ეუბნება ღმერთი ადამიანს, - გამოიწოდე ხელნი ჩემკენ. შენ საფუძველი ჩაუყარე, დაიცავ ხელნი შენნი წმინდად და მე, როგორც ღმერთი, განგაძლიერებ.

მოაქციე ენაი შენი ჩემკენ, რომელიც მე გიბოძე, რათა მადიდო მე, ყოვლადწმინდა სამება ღმერთი შენი. იმისთვის გიბოძე ენა, კბილები და ზეცა, რომლის დახმარებითაც წარმოითქმება გრძნობადი სიტყვა, რომ შენ განაცხადო დიდებულება ჩემი, სამება ღმერთისა".

განგიმარტავთ ღვთაებრივი იოანეს სიტყვებსაც. ზეცა - სიმბოლო მამა ღმერთისა, კბილები - სულიწმინდისა, ენა კი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც გამოგვეცხადა და განკაცდა. სიტყვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩაწერილია.

წერილის დასაწერად სამი საგანი გვჭირდება: სამელნე, ქარტია და კალამი. მათშიც შეიძლება ვჭვრეტდეთ სიმბოლოს სამჰიპოსტასიანი ღმერთისა.

როგორც სიტყვა უვნებოდ იშვება გონებისაგან და მერე ჩაიწერება და გამოსახულებას პოვებს ქარტიაზე, მერე წაიკითხება და ვითარცა მეხი, დაიქუხებს ვიდრე ქვეყნის დასალიერამდე მსმენელთა სასიკეთოდ, ასევე ღვთის სიტყვამ, უხორცომ ზეცაში, უვნებოდ შეისხა ადამიანის ხორცი ქალწულის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საშოში, რათა ასეთი გაკვეთილი მოეცა მთელი კაცობრიობისთვის: თუ ადამიანებს სურთ, მადლისმიერი ღმერთები გახდნენ, მთელი სიცოცხლე წმინდად უნდა დაიმარხონ.

ისმინეთ ეს მცირეოდენი, რისი თქმაც მოვასწარი, წარვედით და განმარტოვდით კელიებში. ოღონდ ნუ დაწვებით, საწოლზე ჩამოსხედით, დაიმარხეთ გულში ლოცვა და ფიქრი იმაზე, თუ რაოდენ დიდი სიკეთის ღირსი შეიძლება გახდეს კაცი ღვთისმსახურებისას, როცა მას განკრძალულად აღასრულებს დაწყებიდან დასასრულამდე. შენ გეხმარებიან ზეციური ძალნი, მუდმივად გაგაოცებს თითოეულის მიმართ ღვთის სიყვარული და ის მადლი, რომელსაც ღმერთი ღვთისმსახურს უბოძებს.

თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ "სათნოებათმოყვარების" II ტომში მამა თეოგნოსტეს სიტყვა მღვდლობაზე. ის ხელმძღვანელობს რა სამჰიპოსტასიანი ღმერთის დამოძღვრით, ამბობს: "თუ ღმერთი განგამართლებს შენ, ამიერიდან ნურვინ განგიკითხავს".

მღვდლად ხელდასხმის წინარე სრული განწმენდის მერე მღვდელმთავარი ამბობს: "აიღე წინდი ესე, რომელიც შეურყვნელად უნდა დაიცვა ღვთის სამსჯავრომდე", რომელიც უნდა მისცე საშინელ სამსჯავროზე შემწირველსა და შეწირულს, უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტეს. თუ დაიმარხავთ ამ წინდს, მაშინ მოისმენთ უფლისაგან: "კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ" (მათე 25,21).

იღუმენმა მრავალი სხვაც განუმარტა მღვდლებს და უხვად დაღვარა ცრემლი. მაგრამ ეს იყო ცრემლი არა სინანულისა, არამედ სიხარულისა, რომელიც ნაცნობია ნებისმიერი მღვდლისთვის, თუ ის კეთილკრძალულად ლოცულობს საშინელი საიდუმლოს აღსრულებისას. ასეთი მღვდელი სრულიად დაივიწყებს ყველაფერს და შეუძლია საკუთარ თავს მიაკუთვნოს სიტყვები, რომელიც ბრძანა რჩეულმა ჭურმა, ღვთაებრივმა მოციქულმა პავლემ: "გინა თუ ხორცითა, არა ვიცი, გინა თუ თვინიერ ხორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის" (2 კორინთ. 12,2).

ყველა ამ კურთხეულმა მღვდელმა ისწავლა სრულიად დავიწყება თავისა. ამ მიწიერი ცხოვრებიდან ისინი, ყველანი, ზეციურ სავანეებში გადასახლდნენ. ხარობენ იქ, ჭვრეტენ რა სილამაზეს ყოვლადწმინდა სამებისა, რომლის გემოსხილვაც მათ მანამდე მღვდელმოქმედებისას შეძლეს.
ბეჭდვა
1კ1