მან სიხარულით მიიღო სასჯელი ღვთის მცნების ზედმიწევნით დაცვისთვის
მან სიხარულით მიიღო სასჯელი ღვთის მცნების ზედმიწევნით დაცვისთვის
ღირსი მამა დანიელ კატუნაკელი ერთ-ერთ წერილში აღსარების წმინდა საიდუმლოებაზე აღნიშავს, თუ რამხელა პატივის ღირსი შეიქნება მოძღვარი , რომელიც შეურყვნელად დაიცავს აღსარების საიდუმლოს და მოჰყავს ერთი საგულისხმო მაგალითი, ამკარის მეტად მოსაგრე მღვდელმთავრის, ქრისანთეს ნაამბობი, რომელიც სულთან მაჰმადის დროს მომხდარა. ეს ამბავი მეუფე ქრისანთეს შეუტყვია თავისი მოძღვრისგან, ნიკოდიმოს მიტროპოლიტისგან.

"ერთი ქრისტეს მორწმუნე მმართველ ლოგოფეტის კონსტანტინოპოლის სახლის მსახურმა, მზაკვარი ეშმაკისაგან მოტყუებულმა, თავის ბატონს უძვირფასესი მარგალიტებით გამშვენებული სამკერდე ჯვარი მოჰპარა. სადღესასწაულოდ ლოგოფეტს უნდა ჩამოეკიდა ჯვარი, მაგრამ ვერ იპოვა და დაიწყო გამოძიება. პოლიციამ ქურდი ვერ იპოვა. ლოგოფეტმა საპატრიარქოს სთხოვა, ეპიტიმიის დადებით გამოემჟღავნებინა სიწმინდეთმპარავი, რამეთუ, როგორც ფაქტები მოწმობდნენ, ქურდობა შინაურს უნდა ჩაედინა.

ეპიტიმია კონტანტინოპოლის ყველა ეკლესიაში წაიკითხეს. ქურდმა გაიგო და შეწუხდა, სამკერდე ჯვარი მიუტანა ერთ სათნო მოძღვარს. დაემხო მის წინ, ქურდობა აღიარა, ცოდვათა მიტევება და განკვეთის გაუქმება შესთხოვა.

სულიერმა მოძღვარმა ჰკითხა: - ეს ამბავი ვინმესთვის ხომ არ მოგიყოლიაო. მხოლოდ თქვენს სიწმინდეს გავანდე დღესო. მოძღვარმა უთხრა: "იფრთხილე, შვილო, არავის გაანდო, თორემ საერო ხელისუფლება შეიტყობს და არა მარტო სირცხვილს მოიწევ, სასჯელსაც. ახლა კი, რადგანაც მიხვდი შენს დიდ ცოდვას და დააბრუნე ნაქურდალი, განთავისფლებული ხარ ეპიტიმიისგან, რადგანაც მიტევების ლოცვებს წაგიკითხავ, ოღონდ ამიერიდან თავი შეიკავე ამგვარი ბოროტი და ამაზრზენი ცოდვისგან, რადგან არა მხოლოდ ბოროტი სიკვდილით მოკვდები, არამედ საუკუნო სასჯელსაც მოიწევ. ქურდობა ჭეშმარიტად შეუნდობელია და საერო ხელისუფლება სამართლიანად მკაცრად სჯის მსგავსი საქმისთვის. უმადურად მოექეცი შენს ბატონს, რომელიც შვილივით განდობდა თავის სახლს. მაგრამ რადგანაც შეინანე, შეგინდობ. ეცადე, ამიერიდან ერთგული იყო შენი ბატონისა, შენი ჯამაგირიდან მოწყალებაც მიეცი ღარიბებსა და გლახაკებს".

დაამშვიდა ამგვარი მაცხოვნებელი რჩევებით და თავისი ჩადენილი უსჯულოებისადმი სიძულვილით აღძრა, მოძღვარმა ცოდვილს შენდობის ლოცვა წაუკითხა და გარკვეული კანონის აღსრულების მერე დაუშვა ქრისტეს წმინდა საიდუმლოებათა საზიარებლად. მას მერე მოძღვარი შესაფერის მომენტს ელოდა, რომ მეუფე ლოგოფეტი ენახა და ჯვარი დაებრუნებინა. ერთხელ საპატრიარქოდან მომავალი მეუფე დაინახა, თავის კელიაში მიიწვია და უთხრა: თქვენო უდიდებულესობავ, თქვენი სამკერდე ჯვარი გამოჩნდა. აიღეთ იგი და ადიდეთ ღმერთი, რამეთუ მის მომპარავს შეეშინდა ღვთისა და ეპიტიმიისა და მე გადმომცა თქვენთვის დასაბრუნებლად, თან შენდობაც გთხოვათ. მე ის დავარიგე, როგორც საჭირო იყო და მწამს, რომ სათანადო მონანიების წყალობით პატიოსანი კაცი გახდება".

მეუფემ მადლობა გადაუხადა მოძღვარს და უთხრა: "ჩემო მოძღვარო, ეს კაცი ჭეშმარიტად კეთილსინდისიერი ყოფილა, სათნო ქრისტიანთაგანი, რამეთუ ღვთის შიში რომ არ ჰქონოდა, არც ცოდვის შეეშინდებოდა და არც ეპიტიმიისა. ამიტომაც გთხოვ, გამანდო, ვინ არის იგი და გეფიცები ყველა სიწმინდეს, რაც გამაჩნია, თუ იგი ჩემი მონაა, მეტ პატივს მივაგებ მას, რამეთუ სინანული და კეთილსინდისიერება გამოიჩინა".

მოძღვარმა უპასუხა: "მეუფეო, ამას ჩემგან ვერ შეიტყობთ, რამეთუ ამით დაირღვევა ეკლესიის საღვთო დადგენილება, რომელიც სიკვდილამდე უნდა დავიცვა. დაკმაყოფილდით იმით, რომ ჯვარი დაიბრუნეთ და ადიდეთ ღმერთი". მან კი კვლავ უთხრა: "პატიოსანო მამაო, იმის დასამტკიცებლად, რომ მას კეთილად მოვექცევი და უფრო დავიმეგობრებ და მის სახელს არავის გავუმხელ, წერილობით თავდებობას მოგცემ; ამიტომაც უყოყმანოდ მითხარი მისი სახელი. არას ვავნებ, ცნობისმოყვარეობის გამო გეკითხები". მაგრამ მოძღვარი მტკიცედ იდგა ნათქვამზე. დამწუხრებული მეუფე პატრიარქთან მივიდა და სთხოვა, ეთქმევინებინა მოძღვრისთვის მპარავის სახელი და დაჰპირდა, შეუნდობდა შემცოდეს და დაიმეგობრებდა. ის სინამდვილეშიც ასე ფიქრობდა. პატრიარქმა პოლიტიკური მოსაზრებით გადაწყვიტა, სათნოყოფოდა ლოგოფეტს და დაჰპირდა, სათხოვარს შეგისრულებო. იხმო მოძღვარი - გთხოვ, გამიმხილო აღმსარებლის ვინაობა. იცოდე, რომ მას არაფერი მოუვა, რამეთუ მაქვს მეუფის ხელწერილი თავდებობისა და ასევე პირადად ჩემი შუამდგომლობაც. ამ ცოდვის ჩამდენის სახელს სხვა ვერავინ გაიგებსო. უწმინდესო, თქვენც ვერ გაგიმხელთო, - უთხრა მღვდელმა.

მღვდლის სიჯიუტემ გააბრაზა პატრიარქი: - წარვედ აქედან, ურჩო, ამიერიდან განგაყენებ მღვდლობიდანო. მან სიხარულით მიიღო სასჯელი ღვთის მცნების ზედმიწევნით დაცვისათვის, აიღო თავისი ნივთები და განსვენება ერთ სახლში ჰპოვა.

ამ საქციელმა უფრო გააბრაზა ლოგოფეტი, მივიდა დიდ ვეზირთან, თავის ახლობელთან, სთხოვა, ნებისმიერი მეთოდით ეთქმევინებინა მღვდლისთვის შემცოდის სახელი, თან პირობას დებდა, ქურდს ამნისტიას გამოვუცხადებო.

ვეზირმა ათ ჩაფარს მოაყვანინა მღვდელი და მკაცრად უბრძანა, - ახლავე მოიყვანე შემცოდე, თორემ ციხეში ჩაგალპობო. მან კი მხნედ უთხრა: "ჰოი, უდიდებულესო, მე რომ თანაზიარი ვყოფილიყავი ამ ქურდობისა, მაშინ არასოდეს გავამჟღავნებდი. ის, რაც ვერ შეძლო საერო ხელისუფლებამ, მე ის ეკლესიის წყალობით გავაკეთე, გონს მოვიყვანე ცოდვილი კაცი და ნაქურდალი დავუბრუნე. ამისთვის ბატონი ვეზირი მადლობას უნდა მიხდიდე, კი არ უნდა მემუქრებოდე". ვეზირმა ამგვარი გაუგონარი სიჯიუტე შეურაცხყოფად ჩათვალა, ბორკილდადებული მოძღვარი ციხეში ჩაამწყვდევინა და ბრძანა, დაპირებითა და მუქარით დაერწმუნებინათ იგი საიდუმლო გაემხილა, მაგრამ მღვდელთან ვერაფერი გააწყვეს.

ბოლოს და ბოლოს, ვეზირმა იგრძნო, რომ მოიწყლა როგორც მისი პატივმოყვარეობა, ისე სამოქალაქო ღირსება და გამოუცხადა ლოგოფეტს, ასევე პატრიარქს, რომ მღვდელს ჩამოხრჩობა მიესაჯა, რამეთუ მისმა წინააღმდეგობამ შეურაცხყო ხელისუფლების სახელმწიფოებრივი სახე. ერთ დღეს ოფიციალურად მოიწვია ლოგოფეტი და პატრიარქი, მრავალი ფაშა და თავისი სასახლის კარისკაცნი. ვეზირმა დამნაშავე მღვდლის მოყვანა ბრძანა, რომელსაც ყველას წინაშე უთხრა, - "უკანასკნელად გეუბნები, ან მეტყვი ქურდის სახელს, რომელიც სრულ ამნისტიას მიიღებს, ანდა ჩამოგახრობთ". მან კი ხალისით სიკვდილი არჩია საიდუმლოს გაცემას.

საღამოს ვეზირმა ერთი ერთგული მხედართმთავარი მოიხმო და უთხრა: "ხვალ დილით ეშაფოტამდე მიაცილებ დამნაშავე მღვდელს. ეს ძვირფასი ფარჩის სპარსული ხალათი ტომრით ჩუმად გაიყოლე. როცა დამნაშავე ეშაფოტის წინ დადგება, შეეცადე, ყველანაირი თხოვნა-დაპირებით დაარწმუნო, დაასახელოს ქურდი და უთხარი, რომ მას არას ვავნებთ. თუ სიკვდილის შიშით მღვდელი გასცემს შემცოდეს, მაშინ დაუყოვნებლად შეუდექი განაჩენის აღსრულებას და ის ხალათი შენი იქნება და დიდ პატივს გწევ, ხოლო თუ ის ბოლომდე გაუძლებს, გაათავისუფლე და დიდი პატივით მოიყვანე დიდებული სამსჯავროს დარბაზში.

ერთგული სარდლის ყველა ხერხი ამაო გამოდგა, რამეთუ მღვდელს მხოლოდ ერთი რამ სურდა, არ დაერღვია ღვთის მცნება. სთხოვა სარდალს, ლოცვისთვის ორი წუთი მიეცა. მხედართმთავარმაც დაუთმო, დაინახა რა მისი ღვთისადმი ალალი რწმენა. მღვდელმა აღაპყრო ხელნი და გონება ზეცად და ილოცა: "ყოვლადსახიერო მეუფეო, უფალო ჩვენო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისაო, გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ მე ცოდვილი, შენდამი სიყვარულისთვის დამეცვა მცნება აღსარების საიდუმლოსი და აწ მიიღე სული ჩემი". დაასრულა ლოცვა, თვითონ ავიდა ეშაფოტზე და ჯალათებს უთხრა, საქმეს შესდგომოდნენ. ეს რომ იხილა სარდალმა, მღვდელი ეშაფოტიდან ჩამოიყვანა, გახსნა ფუთა, ძვირფასი ხალათით შემოსა. მერე კი მოკრძალებით მოჰკიდა ხელი მარჯვენა ხელზე და სასამართლოს დარბაზში შეიყვანა, რამაც დიდად გააოცა იქ მყოფნი.

როგორც კი ღვთის კაცმა ვეზირის სახლში ზღურბლს გადააბიჯა, მის შესახვედრად ვეზირი გამოვიდა, გადაეხვია, ეამბორა და ყველასთვის გასაგონად უთხრა: "შემინდე მე, მოძღვარო, იმ სატანჯველისთვის, რომელსაც მოეწიე და გთხოვ, შენს უახლოეს მეგობართა შორის ჩამრიცხო, რამეთუ, ჭეშმარიტად, შენი სახით ქრისტიანი წმინდანი ვიხილე, - მერე პატრიარქს მიუბრუნდა: - ეს ადრე დასჯილი მღვდელი ღირსია ყველანაირი პატივისა და თქვენ, პატრიარქები და სხვა მღვდელმსახურნი, მას რომ ჰბაძავდეთ, გავბედავ და ვიტყვი, თქვენსკენ გადმოვიდოდა უთვალავი ხალხი". პატრიარქმა და მმართველმა ლოგოფეტმა მოუყარეს მუხლნი მღვდელს და შენდობა სთხოვეს. მას მერე ამ მოძღვარს ყველა პატივს მიაგებდა, ვითარცა ჭეშმარიტ ქრისტიან აღმსარებელს".
ბეჭდვა
1კ1