იზრუნეთ სულზე - უკვდავების მონაპოვარზე
იზრუნეთ სულზე - უკვდავების მონაპოვარზე
მოძღვარი და მისი მორჩილი ათონის მწვერვალზე. ერთხელ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულზე ნეტარხსენებულმა მამა ნექტარიოსმა გადაწყვიტა, რომ ათონის მწვერვალზე იგალობებდა მისი მორჩილი, არაჩვეულებრივი მგალობელი. მამა გორდიასსაც, მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა გიორგის, თვითონვე სურდა მწვერვალზე ასულიყო. მამა ნექტარიოსი წიგნის მკითხველი და მგალობელი იყო და ყოველთვის ქოროში გალობდა. გიორგის, როგორც ახალბედა მორჩილს, უნდა ეცადა, მონაზონთაგან არავის დაენახა, თორემ ჩვენს სკიტში ატყდებოდა მითქმა-მოთქმა, ახალბედა რომ გაემართა მწვერვალზე, ამან სხვა მონასტრის მამები არ აღაშფოთოსო.

ნეტარსახსენებელ მამა ონუფრეს, რომელიც მაშინ არტემელებთან ცხოვრობდა, ვკითხე, - რა ვქნა-მეთქი. იგი ჩაფიქრდა, მაგრამ არაფერი მიპასუხა, რადგან მე, როგორც მორჩილს, საუბარი პირველს არ უნდა წამომეწყო.

ჩვენ ბაბილოში შევიკრიბეთ. სხვა მონასტრებიდან მოსულნი ამბობდნენ, - როგორ ძლებთ ამ კლდეებშიო.

ავედით პანაღუდაზე და დაველოდეთ დიდი ლავრიდან მამების მოსვლას. ჩვეულებისამებრ, ისინი პირველნი მიდიან, დანარჩენები კი მათ მიჰყვებიან.

ვღელავდი ახალბედას გამო, რომელიც თან წამოვიყვანეთ. ძლიერი ქარი ქროდა და ჩვენ ის ნაძვის ხის ქვეშ დავსვით, რომ არ გაციებულიყო.

მოვიდნენ ლავრელი მამები და ავედით წმინდა მწვერვალზე თაყვანსაცემად. მე და მორჩილს დასაჯდომი ადგილი არ შეგვხვდა. მთელი ღამე დაღლილობით ძლივს ვსუნთქავდით. მამები სულიერ ჭვრეტას იყვნენ მიცემულნი, მხოლოდ მე ვიყავი მწუხარე, შრომითა და საზრუნავით გათანგული.

როცა ღამისთევის ლოცვა დასრულდა, ლავრის განკრძალულმა წინამძღვარმა მითხრა: "ეჰ, მამა ქრისანთე! გეტყობოდა დაღლილობა. შენი გული იმ საზრუნავს იყო დამონებული, რომელიც შენს თავს თვითონვე გაუჩინე. არას გარგია მწვერვალზე მორჩილთან ერთად სიარული".

ღამისმთევლებს სახეები უბრწყინავდათ. მე ვდუმდი, რადგან ისე მოვიქეცი, როგორც საჭირო არ იყო. მამა ონუფრემ ხომ არ მიპასუხა და შესაბამისად წასვლაზეც არ მაკურთხა. მე კი წავედი და ამან დამთრგუნა.

ერთხელ, როცა მამა ონუფრე მარტო მოვიხელთე, მოვუყევი, თუ რას ვგრძნობდი იმ ღამეს. მიპასუხა: - ნებისმიერი ქრისტიანი, მონაზონი და ერისკაცი, რომელმაც სათნოებათა მწვერვალს მიაღწია, თუ უყურადღებობით ამ მწვერვალზე თავს ვერ შეიკავებს, იმ ქვაბქუდას მიემსგავსება, რომელიც სკიტის იქით, ხრამში გადააგდეს და დაიჟანგა. ამგვარად: რაც შევიძინეთ, ის დავკარგეთ და მერე მათ საძებნელად ხრამში დავეხეტებით. ოფლს ვღვრით, ხელები გვისისხლიანდება, ფეხებს კი თიხა გვიბორკავს.

როცა მონაზვნის გულში სიმდაბლით ვარდივით გაფურჩქნული ლოცვა განხმება, მას ცოტა მეტი შრომა მოუწევს. უპირველესად, იგი ცოტათი უნდა დადუმდეს, უსაჭიროდ არ ისაუბროს, ყოველთვის გონებით ილოცოს და თვალწინ ჰყავდეს ყველა ის მამა, რომლებიც თავმაღლობის გამო ცდომილებასა და სხვა ბილწ ვნებებში ჩავარდნენ. გვმართებს მათი სინანულიც გაიხსენოთ, რომლის წყალობითაც ისინი დაუბრუნდნენ მაცხოვნებელ გზას და შეძლეს, გულში დაემარხათ მდუმარე ჭვრეტა და გულწრფელი ლოცვა.

ამიტომაც შენ მეტად დადუმდი, თორემ დადგება დღე, როცა გარდაუვალი განსაცდელი შეგემთხვევა და გვერდით მრჩეველი არ გეყოლება. უფრო მეტად შეევედრე ღირს ანას, არ დაუშვას შენზე დაუსრულებელი განსაცდელი.

ასე მეუბნებოდა მამა ონუფრე. მისი რჩევები დღესაც მიცავენ და ვიმეორებ სიტყვებს, რომელთა თქმა ძალზე უყვარდა: "წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა" (ფსალმუნნი 22,6).

მოკლედ მოგწერეთ ყოველივე ამის შესახებ. წერილს დავასრულებ დიდბერის სიტყვებით: "იზრუნეთ სულზე - უკვდავების მონაპოვარზე".

სულიერი დამრიგებელი მამა პანარეთი.
კატუნაკში, სადაც ნეტარხსენებული სულიერი დამრიგებელი მამა ეგნატე ცხოვრობდა, დგას ცხოველსმყოფელი წყაროს სახელობის კალივა. ამ კალივაში ცხოვრობდა ორი ძმა - პოლიკარპე და კალისტე. ერთი მათგანი კალივის მოძღვრად იყო დადგენილი. ისინი მუდმივად ლოცვას, მყუდროებას და ღვაწლს იყვნენ მიცემულნი და სულიერი ცხოვრების იმდენად მაღალ საფეხურს მიაღწიეს, რომ წინასწარცნობის მადლი მიენიჭათ. მამა პოლიკარპემ ცხოვრება დაყუდებულმა გაატარა.

მათთან სათნოებების სასწავლებლად სამი ახალგაზრდა მივიდა. ისინი მორჩილებად მიიღეს და მალევე აღკვეცეს. მათი სახელებია: კრიტელი პანარეთი, პოლიკარპე და საბა.

იმ დროს ათენში იყო ერთ ერისკაცი მქადაგებელი (მის სახელს არ გავამხელ, რათა კვლავ არ გაჩაღდეს ერესის ცეცხლი). ის მრავალი წელი ასწავლიდა, რომ ადამიანი სამ ნაწილად არის შედგენილი, რომ მეუფე ქრისტე სრულყოფილი მხოლოდ ღვთაებრივი ნათლისღებისას გახდა. "ქებათა-ქების" განმარტებისას ამბობდა, რომ მეუფე ქრისტე კვლავ მოვა მიწაზე ათასწლოვანი მეფობისათვის.

ორმა საკვირველმა მამამ, პოლიკარპემ და კალისტემ, დანიელ კატუნაკელთან ერთად, გაილაშქრა მისა შეხედულებათა განსაქარწყლებლად. მქადაგებელი იძულებული გახდა, ათენიდან წასულიყო და დედაქალაქში თავისი იდეები მეტად აღარ უქადაგია.

როცა ეს მქადაგებელი მოკვდა, ათენის საკათედრო ტაძარში მოინდომეს მისი დაკრძალვა, თუმცა მისი მოძღვრება ეკლესიის მიერ იყო დაგმობილი.

ძმათაგან ერთ-ერთს წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა. ლოცვისას ცხადად იხილა, რომ მქადაგებლის ნეშტი საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, ეშმაკი გვერდით ეჯდა და გარდაცვლილის ხელს ამოძრავებდა. ცხედარი ცივი იყო, ცხელი მხოლოდ მისი ხელი რჩებოდა.

ამ მქადაგებლის მომხრეებმა თბილი ხელის გამო ის მაშინვე წმინდანად გამოაცხადეს. ბერის ხილვის ამბავი რომ შეიტყვეს, ყველა ათონელი ბოროტად მოიძულეს.

მქადაგებლის ერთ-ერთმა მოწაფემ, რომელიც მისი სიკვდილის დროს უკვე მიტროპოლიტი იყო, ერთხელ, პავლე მოციქულის ეპისტოლეს განმარტებისას, ლანძღვა დაუწყო მთაწმინდასა და მის მკვიდრთ. მან დაივიწყა აღთქმა, რომელიც ათონელებს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მისცა. ამის შესახებ წავიკითხე ბასილიკა კაპროლიოტისის სახლში, როცა იქ ჩამოხტა არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ნასლიმისი) და გაოცებული გონს ვეღარ მოვდიოდი.

პოლიკარპემ და პანარეთმა კალივის მკაცრი ცხოვრება ვერ დაითმინეს და პოლიკარპესა და კალისტეს სიკვდილის მერე წავიდნენ და დასახლდნენ კავსოკალივაში, მაცხოვრის ფერისცვალების კალივაში.

მამა საბამ კი, მოძღვრის სიყვარულითა და კეთილმოკრძალებით აღძრულმა, მისი ხატის დახატვა სთხოვა პანარეთსა და კალისტეს. მთაწმინდა მაშინ ჯერ კიდევ თურქების ხელში იყო. მამა საბამ ხატი ცხოველსმყოფელი წყაროს კალივაში გადამალა და მის წინაშე ლოცულობდა.

როცა მთაწმინდა საბერძნეთის ხელში გადავიდა, მონასტერმა ის კრებაზე გამოიძახა. მას ხატის მოშორება უბრძანეს.

მას მერე მამა საბამ მამებთან ურთიერთობა შეწყვიტა. ის მხოლოდ მე მესაუბრებოდა, რადგან გაიგო, რომ ჩემი მოძღვარი იყო მისი ახლობელი მამა პანარეთი, ათენის პანკრატიონის ამაღლების სახელობის ტაძრიდან.

ის ბევრს მიყვებოდა და მე ვუსმენდი, მაგრამ ბევრი რამ არ დამამახსოვრდა, რადგან არ მსურდა სოფელთან ურთიერთობა და სოფლის საქმეებში გარევა. მაგრამ ჩემმა ცოდვებმა იქამდე მიმიყვანა, რომ ჩემი მორჩილები - ნექტარიოსი და გორდიასი ტუბერკულიოზით დასნეულდნენ და მეც მათთან ერთად მომიხდა სამკურნალოდ სოფელში გამგზავრება.

მამა პანარეთმა დამოუკიდებლად შეისწავლა ხატწერის ტექნიკა. იმ დროის რუსები მას წმინდანად თვლიდნენ.

მამა პანარეთი კავსოკალივიდან გადავიდა წმინდა სამების კალივაში, სადაც მეც ვცხოვრობდი და მისი კეთილგამშვენებისთვის ვზრუნავდი. იგი მერხებს წაბლის ხისგან ამზადებდა, სურდა, ყველაფერი საუკუნოდ ყოფილიყო გაკეთებული. ხატებს სრულ მყუდროებაში წერდა, მის გულში სურვილი მწიფდებოდა, წასულიყო სოფელში და ბერძენი ხალხი დაემოძღვრა, ამით ბაძავდა თავის სულიერ დამრიგებელს, მამა მათეს, რომელთანაც სააღმსარებლოდ ლამის მთელი საბერძნეთი დადიოდა. საჭირო იყო ჩვენება იმისა, თუ რაში ცდებოდა ეს ერისკაცი მქადაგებელი და წმინდა მამათა მაგალითით გაეძლიერებინა ხალხი ლოცვაში.

კალივის თხოვნით, მამა პანარეთს ხელნი დაასხეს კავსოკალივაში, რათა მერე აღსარების მიღების უფლება მიეღო და მოძღვარი გამხდარიყო. ამის მერე მან დატოვა მთაწმინდა, მოვიდა ათენში და იქ ორი წელი იცხოვრა სიმონპეტრას მონასტრის მეტოქიონში ამაღლების სახელობის ტაძართან.

მისი უმთავრესი საქმე იყო, აეხსნა ხალხისთვის, თუ რატომ არ უნდა ერწმუნათ ხსენებული მქადაგებლებისა. ბერის ახსნის მერე ბევრი პროფესორი კრიტიკულად უცქერდა იმ მქადაგებელს. მის მომხრეთა შორის დარჩნენ უვიცნი და ისინი, ვისაც მარხვა არ უყვარდა.

სამწუხაროდ, ასეთი განუსჯელი, ნებისმიერ ცრუ მასწავლებელს მინდობილი ხალხი ახლაც გვხვდება და უფრო გამრავლდა კიდეც.

მამა პანარეთმა მაშინ გაიცნო წმინდა ნექტარიოსი. საკუთარი ხარჯით ათენში 1911 წელს გამოსცა წმინდა ნექტარიოსის მეცნიერული გამოკვლევა დიდ სქემაზე.

ღამისთევის ლოცვას მამა პანარეთი ყოველ შაბათს მსახურებდა. ყველას, ვინც მასთან სააღმსარებლოდ მიდიოდა, ავალდებულებდა, თუ ყოველ მსახურებაზე ზიარება უნდოდათ, რაც შეიძლება ხშირად უნდა ეღიარებინათ ცოდვები.

ფიქრობდა რა თავისი მრევლის ღვთისმოშიშებაზე, იგი ყოველ შაბათს, მწუხრისა და ექვსფსალმუნის მერე დგებოდა სკამზე, რათა ტაძარში ყველას შესძლებოდა მისი დანახვა (ტანდაბალი იყო) და იწყებდა საუბარს იმაზე, თუ რა არის გონებისმიერი და გულისმიერი ლოცვა, რა სიკეთე მოაქვს მას და როგორ ხდება ამ ლოცვისას გონების აღტაცება.

ბევრმა გოგონამ, შეძლებული ოჯახებიდან, იწყეს სწავლა გონებისმიერი და გულისმიერი ლოცვისა. ღვთისადმი ლოცვისას ისინი სრულიად ივიწყებდნენ თავიანთ საჭიროებებს და ვნებებს.

ზოგიერთი მათგანი ეგინაზე, წმინდა ნექტარიოსის მონასტერში მოეწყო, სხვები კი პაროსის მონასტერში, რომელსაც ჩვეულებისამებრ "ქრისტეს ტყეს" ეძახიან.

მზაკვარმა ათენელებმა დაინახეს, რომ მონაზონთა რიცხვი იზრდებოდა და ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს მონაზვნობას. მათ ბერს უთხრეს, - თუ ათენელთათვის კარგი გინდა, მაშინ შენი სულიერი შვილები სამუშაოდ, მოწყალების დებად გაგზავნე ხარების საავადმყოფოში. ისინი იქ საქმით აჩვენებენ, რომ მათ გვერდით სიმართლეა და ადამიანებში ცოდვა შემცირდებაო.

ბერი ვერ მიხვდა მათ მზაკვრობას და საავადმყოფოში სამუშაოდ გაგზავნა სულიერი შვილები: ანგელიკა ალიფანტისი, ჩემი დეიდა, მარია გენტიმატი (მოგვიანებით ისინი მონაზვნად აღიკვეცნენ წმინდა ნექტარიოსის მონასტერში), ანასტასია დუკა, რომელიც გათხოვილი იყო და მისი გასათხოვარი და.

მზაკვარი ათენელები მიხვდნენ, რომ ამგვარი ხერხით ვერ შეაჩერებდნენ მონაზვნობისკენ სწრაფვას და სამონასტრო ცხოვრებას, რომ მონაზვნების რიცხვი უფრო გაიზრდებოდა. იმ დროს მთელი ათენი ორ პარტიად იყო დაყოფილი: ერთნი მეფეს ემხრობოდნენ, სხვები - ვენზელოსს. მამა პანარეთზე კი ათასგვარი ცილისწამება მოხლართეს და იძულებული გახადეს, ათენიდან წამოსულიყო. მან ლაკონიაში, მოლიაში შეიძინა დიდი სახლი. თან გაჰყვა უამრავი მონაზონი, ახალაღმოცენებულ მონასტერს კი დიდბერმა "ახალი ათონი" უწოდა. ყველა მონაზვნის სახელი არ მაგონდება, მახსენდება მხოლოდ მებაღის ორი ქალიშვილი, ერთ-ერთ მათგანს ევპრაქსიას ეძახდნენ.

ათი წლის მერე, 1928 წლის აპრილში, არქიმანდრიტმა პანარეთმა, რომელიც წარმოშობით კრიტელი იყო, პოლიკარპეს მოწაფე და კავსოკალიველი, დაუტევა მოლეაში თავის მიერ დაარსებული "ახალი ათონის" მონასტერი და ოცდაათ მონაზონთან ერთად დაფუძნდა კუნძულ ანდროსზე მდებარე თავის წარსულით სახელგანთქმულ, ცხოველმყოფელი წყაროს სახელობის მონასტერში. ეს მიგდებული მონასტერი ადრე მამათა სავანე იყო, ახლა კი აღორძინდა, როგორც დედათა მონასტერი. ექვსი წლის მერე მამა პანარეთმა განისვენა უფლისა მიერ.
ბეჭდვა
1კ1