ღვთისწყალობა მოიწია თამარის სახელზე
ღვთისწყალობა მოიწია თამარის სახელზე
წმინდა მეფე თამარმა მტერთან საომრად ბასიანის ველზე გაგზავნა ქართველთა ჯარი. თვითონ კი სამცხეში ელოდა ომის შედეგს. ახლდნენ თეოდორე ქართლის კათალიკოსი, ღირსეული სამღვდელონი და ერთობით აღასრულებდნენ ღამისთევის ლოცვებს. იქვე იყო იოანე შავთელი და ღირსი ევლოგი სალოსი. უეცრად "განკვირვება დაეცა" ევლოგის: ზემოთ იწყო ყურება. ძირს დაეცა შეწუხებული, წამოდგა, ისევ ზევით აიხედა, ისევ დაეცა. ასე - სამჯერ. უეცრად წამოხტა და იყვირა: - ღვთის წყალობა მოიწია თამარის სახელზეო. გაიქცა და ავიდა არაგანის მთაზე. მაშინ უთხრა ივლიანე შავთელმა წმინდა თამარს: "უწყოდე, მეფეო, რომ ჩვენება იხილა სულელ-საგონებელმან (ანუ სალოსმა! - კ.კ.) და ვფიქრობ, კეთილის მაუწყებელია ეს ჩვენება". დაინიშნეს დღე და საათი. გამოხდა მცირე ხანი და მოვიდა ქართველთა გამარჯვების მაცნე. სწორედ იმ დღეს უძლევიათ და სწორედ იმ საათს.

წმინდა ევლოგიზე რამდენიმე საუკუნით გვიან მოღვაწეობდა წმინდა პიმენ სალოსი, დავითგარეჯის მონასტრის ბერი. ქრისტესთვის სალოსი ამხელდა მეფეთა უკეთურებას როგორც სიტყვით, ისე წერილობით. ღირსი პიმენი ლეკეთში წავიდა საქადაგებლად და მრავალი ათასი სული მოაქცია ქრისტესკენ. ბოლოს დაღესტნის მთაზე მღვიმეში დაეყუდა და ასე დაასრულა თავისი ცხოვრება.
ბეჭდვა
1კ1