უფალს ვუყვარვართ როგორც თავისი შვილები
უფალს ვუყვარვართ როგორც თავისი შვილები
ერთხელ ნეტარ ევაგრე დიაკონს აუწყეს ხორციელი მამის სიკვდილი. უბედურების მაცნეს მან მიუგო:

- ნუ მკრეხელობ: მამაჩემი (ზეციური მამა - კ.კ.) უკვდავია!

* წმინდა სილუან ათონელი ამბობს: "უფალს ვუყვარვართ როგორც თავისი შვილები და მისი სიყვარული უფრო დიდია, ვიდრე სიყვარული დედისა, ვინაიდან დედას შეიძლება დაავიწყდეს თავისი შვილები, უფალი კი ჩვენ არასოდეს დაგვივიწყებს".

* ღირსი პაისი ათონელი ბრძანებს: "როცა მამა მიდის მოთამაშე შვილთან და ეფერება, ის ისე არის გართული თავისი სათამაშოებით, რომ ვერც კი ამჩნევს მას. ის მამის ალერსს მაშინ შეამჩნევს, ცოტათი თუ მაინც მოსწყდება თამაშს. ასე ვართ ჩვენც, საზრუნავებით გართულები ვერ შევიგრძნობთ ღვთის სიყვარულს. ჩვენ ვერ ვგრძნობთ იმას, რასაც ღმერთი გვაძლევს".

ნუ მწუხარებ, რამეთუ მე შენთან ვარ
წმინდა იოანე ქოზიბელს 6 თვისას დედა ჭირით მოუკვდა, მამა - სამი წლისას, გამზრდელი ბებია - 10 წლისას და დარჩა მთლად ობლად. ბიძამისს თვითონაც ბევრი შვილები ჰყავდა და მას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ერთ დღეს, აღდგომა საღამოს, როცა მთელი სოფელი სასაფლაოზე გაიშალა და გარდაცვლილ ნათესავებთან ერთად აღდგომის სიხარულს იზიარებდა, ხალხი ხარობდა, მხოლოდ პატარა ილია (ასე ერქვა წმინდა იოანეს ერისკაცობაში) ტიროდა ტაძრის გვერდით მდებარე ბებიის ახალთახალ საფლავთან. უსაშველო ტკივილით დაღლილი ყმაწვილი ანუგეშა ობოლთა მამამ, სახიერმა ღმერთმა. უეცრად ილიას ხმა მოესმა, ზარის რეკვის ექოს მსგავსი: "ნუ ტირი, ჩემო შვილო, ნუ მწუხარებ, რამეთუ მე შენთან ვარ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე".

შევაწუხე უფალი. მას კიდევ ჩემი შეწუხება უნდა?!
ეს ორი ამბავი ჩვენი ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) გავიხსენოთ. ლენინის პორტრეტის დაწვის გამო მამა გაბრიელმა ჯერ ციხის და მერე ფსიქიატრიული საავადმყოფოს საზვერეები გამოიარა. როცა გაანთავისუფლეს, მამა გაბრიელი თავისი ყრმობის საყვარელ წმინდა ბარბარეს ტაძარში მივიდა და ტაძრის დასუფთავებით ცდილობდა მიევიწყებინა განცდილი ტანჯვა. დაღლილი ბერი ქვის ფილაქანზე კუთხეში ჩამოჯდა, თვალები მიხუჭა. უცებ მოულოდნელად ხმა ჩესმა.

- გძინავს, გაბრიელ, დაიღალე? მე ვტირი შენთვის.

მამა გაბრიელი იგონებდა: "სასწრაფოდ გავახილე თვალი, მაგრამ ვერავინ დავინახე, მცირე ხნის ფხიზლობის შემდეგ ისევ წამიღო ძილმა. კვლავ განმეორდა ხმა: "გძინავს, გაბრიელ, დაიღალე? მე ვტირი შენთვის!" შევკრთი. წამოვდექი. ჩემს წინ ჯვარცმა იდგა. მივხვდი, მისგან მოდიოდა თანამგრძნობი ხმა. მივედი. ორთავე ხელით მივენდე. ხელები მთლიანად იესოს პატიოსანი ცრემლით დამენამა".

* ეს ამბავი მამა გაბრიელის (ურგებაძე) სიცოცხლის ბოლოს მოხდა. იგი წაიქცა და ბარძაყის სახსრის მოტეხილობა დაუდგინეს. მან ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა და უდრტვინველად დაითმენდა საშინელ ტკივილს. თვენახევრის მერე ტკივილები გაუორმაგდა, მოტეხილობის ადგილას ხელისგულის ზომა სისხლის ჩაქცევის მსგავსი ნახევარსფერო ამოეზარდა. ტკივილისგან ხანდახან გმინვა ამოხდებოდა. ერთხელაც ტკივილებით შეწუხებულმა მამა გაბრიელმა მაცხოვრის ხატი კედლიდან ჩამოხსნა და მტკივან ადგილზე მიიდო სასოებით. ტკივილისაგან რამდენიმე დღის თვალმოუხუჭავ მამა გაბრიელს ჩაეძინა და საკვირველი ჩვენება იხილა. გაღვიძებულმა ტირილით და საკუთარ თავზე ყვედრებით სულიერ შვილებს მოუყვა: "ფერისცვალების ტაძარში შევედი, საკურთხეველს ავხედე და ვხედავ, უფალი არ არის იქ. დავიჩოქე და ტირილი დავიწყე - სადა ხარ, უფალო, რა ვცოდე, რატომ არ მენახვები-მეთქი, მაგრამ პასუხი არ იყო. გოდებით გამოვედი ეკლესიიდან და რას ვხედავ, ტაძრის გვერდზე მინდორზე დიდი და ბრწყინვალე კარავია გაშლილი. წინ, კარვის შესასვლელთან, ანგელოზები და ქერუბიმ-სერაბიმები იდგნენ. მივედი, პატივი მივაგე და ვკითხე: ტაძარში ვიყავი და უფალი ვერ ვნახე, ვევედრე და არ მეჩვენა. ნეტავ რა დავაშავე, როგორ ვიხილო-მეთქი. მითხრეს: "აქ არის, კარავში შედიო". გარინდებული შევედი კარავში და რას ვხედავ, უფალი ფეხმტკივნეულად წევს, ისე რომ მარჯვენა ფეხი წამოწეულად აქვს. მიწაზე დავეცი და ამ ხილვით შეწუხებულმა ვკითხე: "რა არის, უფალო?!" მან ხელი ფეხზე მიიდო და მითხრა: "მეც მტკივა, გაბრიელ".

რამდენიმე დღე ტიროდა ამ ხილვის შემდეგ მამა გაბრიელი და ამბობდა: "შევაწუხე უფალი. მას კიდევ ჩემი შეწუხება უნდა?! ისედაც ამდენ ბოროტებასა და ტკივილს უყურებს დედამიწაზე კაცთა შორის". ამის შემდგომ ბერ გაბრიელს ყრუ გმინვაც კი არ დასცდენია.

ჩვენ ყველანი სრულიად არავის ვჭირდებით, ღმერთის გარდა
"ერთმა წმინდად მცხოვრებმა კაცმა თავის დროზე თქვა: "ჩვენ ყველანი სრულიად არავის ვჭირდებით, ღმერთის გარდა", - ამბობს არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი).

* 1913 წლის პირველ იანვარს წმინდა ბარსანოფი ოპტელს ქადაგება წარმოუთქვამს და სულიერი შვილები გაუფრთხილებია მომავალ განსაცდელებზე, უსაუბრია მათ მნიშვნელობაზე და ერთგან უთქვამს: "მორწმუნე ადამიანებმა სასო არ უნდა წარიკვეთონ: მწუხარებით (დათმენით - კ.კ.) ისინი ძეობის უფლებას იღებენ, რომლის გარეშეც შეუძლებელია ზეციურ სასუფეველში შესვლა".

* წმინდა კვიპრიანე ბრძანებს "მამაო ჩვენოს" ლოცვაზე: "ჰოი, რამხელა ლმობიერებაა ჩვენს მიმართ, რა სიუხვეა უფლის კეთილი ნებისა და სახიერებისა თვით ნებართვაში, ღმრთის წინაშე ლოცვისას ვუწოდოთ ღმერთს მამა, ხოლო ჩვენი თავი ღმრთის ძედ მოვიხსენიოთ, ვითარცა თვით ქრისტე არის ძე ღმრთისა! ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაბედავდა ამ სახელის ლოცვაში გამოყენებას, თვით მას რომ არ დაერთო ნება".

საღვთო ხელოვნებაში არ ჩერდებიან
*მას მერე, რაც მანტიით შემოსეს, წმინდა ნექტარიოს ოპტელი თითქმის აღარ გამოდიოდა კელიიდან. მთელი ამ დაყუდების ხანაში წმინდა მამა კითხულობდა და სწავლობდა არა მარტო საღვთო, სასულიერო, არამედ სამეცნიერო ლიტერატურასაც. იგი სწავლობდა მათემატიკას, ისტორიას, გეოგრაფიას, რუსულ და უცხოურ კლასიკურ ლიტერატურას, რათა უკეთ გაეგო მასთან მისული ადამიანებისთვის. შეისწავლა ლათინური და ფრანგული ენები. ფერწერას სწავლობდა მხატვარ ბოლტოვისგან, რომელიც შემდგომში ბერად შედგა ოპტაში დანიელის სახელით. სწორედ იმ წლებში დაიწყო მან სალოსობა. მონასტრის სულიერი მამობისასაც კი სათამაშოებით "თამაშობდა": მატარებლებით, თვითმფრინავებით, ორთქლმავლებით. სიცოცხლის ბოლო წლამდე ეცნობოდა თანამედროვე ლიტერატურას, ითხოვდა ახალი წიგნების მიტანას, აინტერესებდა, რას ასწავლიდნენ სკოლასა და უნივერსიტეტში. ერთხელ მასთან მისულმა სემინარიელებმა სთხოვეს, რაიმე ერჩია მათთვის. მამა ნექტარიოსმა უთხრა: "ახალგაზრდებო, თუ თქვენ ისწავლით და იცხოვრებთ ისე, რომ თქვენი განსწავლულობა არ შერყვნის ზნეობრიობას, მაშინ სრული წარმატება გექნებათ ცხოვრებაში".

ერთ მორწმუნეს უთხრა: "ღმერთი არათუ ნებას რთავს, არამედ მოითხოვს კიდეც კაცისგან, რომ ის წარემატოს შემეცნებაში. საღვთო ხელოვნებაში არ ჩერდებიან, ყველაფერი მოძრაობს და ანგელოსებიც კი ერთ ხარისხში არ იმყოფებიან და საფეხურიდან საფეხურზე ადიან, იღებენ ახალ გამოცხადებას. კაცი ასი წელიც რომ სწავლობდეს, ახალ-ახალი ცოდნისკენ (შემეცნებისკენ) უნდა ისწრაფოს მაინც.

* წმინდა მღვდელმთავარი ფილარეტ მოსკოველი გვაფრთხილებს: "განათლება კეთილ ნაყოფს მოუტანს საზოგადოებას მხოლოდ მაშინ, თუ საფუძვლად რწმენა უდევს".

საღვთო განათლებამ ბრძნად გამოაჩინა
მამა ანთიმოზი ათონზე 17 წლის ყმაწვილი ჩავიდა. "მე აქ იმისთვის კი არ მოვედი, რომ მონაზვნური ცხოვრება მინდა, - უთქვამს მაშინ, - არამედ იმისთვის მოვედი აქ, რომ მთაწმინდის კინოვიების და სკიტების უთვალავი ბიბლიოთეკის ყველა წიგნი წავიკითხოო". და მაინც დარჩა ათონზე, წმინდა ანას სკიტში. გავიდა ხანი, მღვდელმონაზონი გახდა, მაგრამ ცოდნის შეძენის წყურვილი არ გაჰქრობია. თავიდან ქსიროპოტამის უმდიდრესი ბიბლიოთეკის წიგნების შესწავლას შეუდგა. წიგნები იყო მისი ერთადერთი სიმდიდრე. მან ზეპირად იცოდა და წარმოთქვამდა კიდეც წმინდა წერილიდან და მამათა სწავლებიდან მთელ თავებს. იგი ყოველდღიურად ივსებდა გონების საგანძურს, საიდანაც საჭირო დროს, საჭირო მომენტში, შესაფერის სწავლებას წარმოთქვამდა. საღვთო განათლებამ, რომელმაც აღავსო იგი, სრულიად დაჰფარა მისი ერისკაცული განათლების ნაკლულოვანება და ბრძნად გამოაჩინა. მამა ანთიმოზი მშვენივრად ერკვეოდა არა მხოლოდ ღვთისმეტყველებაში, არამედ ფილოსოფიაში, მედიცინაში, ასტრონომიაში, მათემატიკაში, ისტორიაში, მეცნიერებს აოცებდათ მისი ცოდნის სიღრმე და უნიკალური ლოგიკა. იცოდა რა ღვთისმიერ მისთვის ბოძებულ ნიჭზე და ხვდებოდა, რომ ზოგიერთი ვერ ასწრებდა მისეულ მსჯელობათა აღქმას, მამა ანთიმოზი ხშირად ეკითხებოდა თანამოსაუბრეს: "გესმით ჩემი?" მრავალთა მოწმობით, მას სოფელში რომ ეცხოვრა, დიდი ბერძენი მეცნიერი გამოვიდოდა და საგრძნობლად ასწევდა ბერძნულ უნივერსიტეტებში სწავლის დონეს. განა მარტო ამქვეყნიური ცოდნით იყო აღსავსე ღირსი ანთიმოზი: ერთხელ წირვისას, როცა ის მსახურებდა, მღვდელმონაზონმა მამა ვარლამმა სასწაული იხილა: წინადაგებული ძღვნის გარდასახვისას მამა ანთიმოზი ცეცხლში გაეხვია. მამა ვარლამი გაიქცა და საბანი მოიტანა ცეცხლის ჩასაქრობად, მაგრამ ამ დროს განეხვნა თვალნი, უკუგადგა და ჯვარი გამოისახა.

მისი დახეული ანაფორა კეთილსურნელებას აფრქვევდა.

მთაწმინდაზე მოღვაწეობდა მეუდაბნოე პართენი, რომელსაც ერისკაცობაში დიდი საზოგადოებრივი ადგილი ეკავა. კარულის უდაბნოში გადასვლამდე "ბურეზარის" კელიაში მოღვაწეობდა. ერთხელ, როცა ტაძარს აშენებდნენ, ერთი რუსი დედაკაცის წერილი მიიღო, - ტაძრის მშენებლობის ამბავი რომ გავიგე, რადგან ფული არ მქონდა, გრძელი ნაწნავები გავყიდე. ეს ფული, გთხოვთ, ისე მიიღოთ, ვითარცა ქვრივის ორი წვლილიო. 'ამან შეძრა მამა პართენი და გადაწყვიტა კარულის კლდეების მკვიდრი გამხდარიყო. ამას რომ იხსენებდა, ამბობდა: "ამ წერილის წაკითხვისას გავიფიქრე: ზოგი ნაწნავს იჭრის, ზოგიერთი, თვითონ გაჭირვებული, ჩვენ ფულს გვიგზავნის. მე კი ვზივარ სავარძელში, ვსვამ ჩაის, ნუგბარს მივირთმევ და ყველა სიკეთე მაქვს... უნდა წავიდე კარულში ქრისტეს სიყვარულისა და სულის ცხონებისათვის-მეთქი.

ამბობენ, რომ მამა პართენს სახე უბრწყინავდა და დაფარულმცოდნელობის მადლი ჰქონდა, მხოლოდ უმი საკვებით საზრდოობდა. ზამთარში ღუმელს არ ანთებდა. ქვეშაგებად ტყავი ეფინა, თავქვეშ კი კუნძი ედო. მისი დახეული ანაფორა კეთილსურნელებას აფრქვევდა.

მიიღე მამებისგან კურთხევა და წადი
სინას მთაზე ცხოვრობდა ამბა სერგი განდეგილი, დიდი მოსაგრე მამა. სინას მთაზე ცხოვრებისას მამებმა განუკუთვნეს, მონასტერში მსახურებაზე ჯორცხენათი ევლო. ერთ დღეს ლომს გადაეყარა - შუა გზაზე იწვა. მეჯორეები და პირუტყვი მხეცის დანახვაზე გაიფანტნენ. ამბა სერგიმ ჩანთიდან ნაკურთხი პური ამოიღო, მივიდა ლომთან და უთხრა: მიიღე მამებისგან კურთხევა და წადი, რომ გზა გავაგრძელოთო. ლომმა პირი სტაცა ნაკურთხ პურს და განეშორა.

KARIBCHEერთი ახალგაზრდა, სახელად მაკარი, ტბასთან საქონელს მწყემსავდა. თამაშისას მეგობარი შემოაკვდა. ადგა, ჩუმად უდაბნოში წავიდა და იქ სამი წელი ღვთისა და კაცთა შიშით ცხოვრობდა. ეს ხანი ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა. ბოლოს ააშენა კელია და იქ ოცდახუთი წელი იცხოვრა. ისეთი მადლი მიიღო, რომ განმარტოებაში ჰპოვებდა ნეტარებას და სძლევდა დემონებს. უნებური მკვლელობა საბაბად მექცა, ცხონების გზაზე დავმდგარიყავიო, - ამბობდა.

ჯერ კიდევ არ შემიძლია ადამიანებთან შეხვედრა
მამა კაპიტონი ადრე ავაზაკი იყო და გამოცდილი მონაზონი შეიქმნა, - ჰყვება მეუფე პალადი, - მან 50 წელი იცხოვრა მღვიმეში, ქალაქიდან 4 მილის დაშორებით. არასოდეს დაუტოვებია იქაურობა, ნილოსთანაც კი არ ჩასულა. ამბობდა, ჯერ კიდევ არ შემიძლია ადამიანებთან შეხვედრა, რადგან მტერი ისევ მებრძვისო.

მამა კაპიტონის სიახლოვეს მღვიმეში ცხოვრობდა სხვა განდეგილიც. სიზმრისეული ოცნებებით მოტყუებული, თავისთან მისულებსაც აცთუნებდა, თუმცა სხეულით უბიწოება დაიმარხა, მაგრამ თავისი ხიბლით სათნოებათა სიბრძნე დაღუპა.

წმინდა მესვეტე ნათესავებმა მოკლეს
დიდად იღვაწა სვეტზე წმინდა ნიკიტამ XII საუკუნეში. იგი ადრე გადასახადების ამკრეფი იყო და ბევრი უბედურება მოაწია ადამიანებს. მაგრამ ერთხელ ყური მოჰკრა ბიბლიის სიტყვებს: განიბანეთ და წმინდა იყვენით (შეადარე ესაია 1,16) და ასევე ხილვა ჰქონდა - მისი ცოლი საჭმელს ამზადებდა, ქვაბი კი ადამიანის სხეულის ნაწილებით და სისხლით იყო სავსე. მაშინ ნიკიტა მონასტერში წავიდა და თავის სხეულს ყველანაირი შრომით თრგუნავდა. მერე კი წინამძღვრისგან კურთხევა აიღო, სვეტი აიშენა და იქ განაგრძო მოღაწეობა, სხეულზე ჯაჭვები შემოიკრა და ისე დადიოდა ღვთის მსახურებაზე. წმინდა მესვეტე ნათესავებმა მოკლეს, მათ მისი ჯაჭვები ვერცხლისა ეგონათ და წართმევა მოინდომეს.

ბერი უზარმაზარი ბებერი მუხის ფუღუროში ცხოვრობდა
სვეტზე ცხოვრობდა წმინდა საბა ვიშერსკი. მან ნოვგოროდის სიახლოვეს დააარსა მონასტერი, რომლის იღუმენიც ის იყო. მაგრამ განმარტოების მოსურნემ თავისი სავანის ახლოს აიშენა სვეტი და იქ ატარებდა მთელ კვირას. შაბათს ის ჩამოვიდოდა, დაესწრებოდა წირვას, ძმებთან ერთად გაიზიარებდა ტრაპეზს და თავის სვეტს დაუბრუნდებოდა.

წმინდა ტიხონ მედედს სახლი კი ჰქონდა, მაგრამ უზარმაზარი ბებერი მუხის ხის ფუღუროში ცხოვრობდა. საჭმელად ბალახი ჰქონდა და სასმელად იქვე თავის მიერ ამოთხრილი ჭის წყალი.

შემდგომში ღირსმა ტიხონმა სავანე დააარსა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.
ბეჭდვა
1კ1