როცა გამხელენ, უხმოდ დაითმინე
როცა გამხელენ, უხმოდ დაითმინე
მრისხანე სახე მაცხოვრისა ივერონის მონასტერში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატზე. ვიდრე ათონის შესახებ დამფუძნებელი სიგელი ამოქმედდებოდა, არაერთგზის გაჩაღებულა დავა , ეთანხმებოდა თუ არა ამ სიგელის პუნქტები ჩვენს მამათა წმინდა გადმოცემებს. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვუსმენდი ამ კამათს და ვდარდობდი, რომ ამდენი ძალა იხარჯებოდა დავაში, მინდოდა მათთვის მეთქვა, - რატომ არ გამძიმებთ ამაზე კამათი-მეთქი.

დადგა ოქტომბერი და მამა საბას მოწაფემ, მამა არეთამ წერილი გადმომცა, - კარიესის ვენახში სამუშაოდ უნდა წავსულიყავი. ნეტარხსენებული მამა ონუფრე შეწუხდა, მაგრამ ჩემი მოვალეობა უნდა შემესრულებინა! მამა არეთა ხომ ჩემი დიდი შემწე იყო სულიერ ცხოვრებაში.

დილითვე მოვამზადე ჩანთა და სანაპიროზე ჩავედი, რათა პირველივე ნავით გავმგზავრებულიყავი. ნავმისადგომთან შევხვდი სულიერ მოძღვარს მამა იანისს და სულით გავიხარე. ის და მამა იერონიმე სიმონპეტრელი პირველი ათონელები იყვნენ, რომლებიც ამაღლების ტაძარში გავიცანი და სწორედ მან ამიხსნა მონაზვნური ცხოვრების არსი.

ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მდუმარედ ავედი ნავში.

მე გამეგონა მამა გერასიმეზე, რომელიც კატუნაკში მამა კალენიკესთან განცალკევებით ცხოვრობდა. ყველა ამბობდა, სერიოზულად შეისწავლის "სათნოებათმოყვარებას" და არსობის პურს გამოიმუშავებსო.

წმინდა ანას მცირე სკიტელ მამა კირილესგან გამიგონია, საჭმელს, რომელსაც მამა გერასიმე ჭამდა, ჩვენ თვით დიდ პარასკევსაც კი არ შევჭამდითო.

მამა გერასიმეს ემსახურებოდა მამა იაკობი, რომელსაც თან დაჰქონდა საღებავებიანი ყუთი, რადგან ხატმწერი იყო.

როცა მასთან წარმადგინეს, თაყვანი ვეცი, მან მისურვა: "მამა ქრისანთე, დაე, გაგაძლიეროს ღვთისმშობელმა, რომელსაც მადლობა უნდა გადაუხადო იმის გამო, რომ ასეთი დიდებული სულიერი მოძღვარი გამოგიგზავნა ისეთი წარმოუდგენელი სატანჯველის მერე, რომელიც გამოიარეო".

ნავი დაფნისკენ მიცურავდა და მისი მგზავრი მონაზვნები მონაზვნურ ცხოვრებაზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ამბობდნენ, ძველ დროს ვინც მონაზვნობა მიიღო, არ ჰქონდა საკუთარი ნება და საკუთარი გულისთქმები. საზრუნავი არ იცოდნენ და ქონებით კი მხოლოდ სკვნილი და ორი წიგნი ჰქონდათ: ამბა ისააკ ასურის "სიტყვა" და მონაზონ ფიკარის "გოდება". მაგრამ ათონის საბერძნეთის ხელში გადასვლის შემდეგ ახალგაზრდა მონაზვნები თვლიდნენ, რომ საკუთარი ნებისა და გულისთქმების მოკვეთა ჭირდა.

მამა იანისმა თქვა: - სცადონ მაინც. ნახავთ, რომ იქნებიან სხვანაირი მონაზვნებიც, ისინი ათონურ სკუფიებსაც კი არ დაიხურავენ, თვითონვე გააკეთებენ მუყაოსგან და მრავალი სხვაც მოხდებაო.

ყველაფერი ეს დღეს ცხადი გახდა.

წმინდა სამების კალივაში მხოლოდ ქიოსელები ცხოვრობდნენ. როცა კალივა ჩამოინგრა, ქიოსელმა მამა ნიკიფორემ შეაკეთა. ამიტომაც მამა იაკობმა მიბრძანა, იმავე კალივის მამებისთვის მიმებაძა, სადაც ახლა ვცხოვრობ. მას მერე 58 წელი გავიდა, მაგრამ მისი სახე ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას. თითქოს ახლაც მესმის მისი აუჩქარებელი ნაბიჯების ხმა. როცა ის სახატე ფიცრებს იღებდა და კარიესში მიჰქონდა, მსუბუქად, არწივივით მიჰქროდა. ისეთი დიდებული სახე ჰქონდა, რომ მამები ყველგან კეთილმოკრძალებით ხვდებოდნენ.

ერთხელ მამა არეთასთან, მამა საბას მოწაფესთან მივედი და ვკითხე: "მაკურთხე, მამაო, რად ხარ ასე დამწუხრებული?"

მიპასუხა: დადე ტვირთი და მოგიყვები. ახლა კარიესში მღელვარებაა. ყველა ამბობს, ყრმა იესოს სახე კარიბჭის ღვთისმშობლის ხატზე შეიცვალაო. მას ადრე მშვიდი სახე ჰქონდა, ახლა კი განრისხებულია. წავიდეთ, დავესწროთ კვირის ღვთისმსახურებას, თაყვანი ვცეთ კარიბჭის ხატს და შენდობა ვთხოვოთ ყველაფრისთვის, რაც შევცოდეთ ჩვენს ქრისტიანულ და მონაზვნურ ცხოვრებაშიო.

კვირას, ათონური დროით 8 საათზე, მივედით ივერონის წმინდა მონასტერში. პირველ რიგში კარიბჭის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყაროსთან მივედი. როცა ეს წმინდა ხატი ზღვაში იპოვეს და ღირსმა გაბრიელ ივერიელმა ამ ადგილას დაასვენა, აქვე მაშინვე ამოხეთქა წყაროსთვალმა. შიშით და თრთოლით ვუცქერდი, როგორ წვეთავდა წყალი ნაპრალიდან, თასიდან კი უხვად მოედინებოდა! ნეტარმა არეთამ მითხრა: - იცი, მამა ქრისანთე, რამხელა მადლს გწია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა? ვუცქერით ამ წყაროს და ხატის ზღვაში მოპოვება გვახსენდება. როგორც კი ხატი მიწას შეეხო, უმალ მიწიდან წყარომ ამოხეთქა. იგი ჩვენ გვასწავლის, თუ რა არის მუშაკობა და რა არის ჭვრეტა. ამიტომაც, ვიდრე ახალგაზრდა ხარ, იღვაწე და მორჩილება დაიმარხე. მაშინ მოიპოვებ ცხონებას.

შევედით მონასტერში და ჩვენი დედოფლის, კარიბჭის ღვთისმშობლის ეკვდერისკენ გავემართეთ, თაყვანი ვეცით მას და შიგნით შევედით. აქ, კედელზე, შევნიშნეთ ძველ ფილოსოფოსთა გამოსახულებები - ხელში გრაგნილები ეპყრათ, ზედ წარწერილი გამონათქვამებით, საიდანაც ჩანდა, რომ მათაც გაუნათა გონება უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, თუმცა ისინი მას ვერ იცნობდნენ. ისინი გრძნობდნენ, რომ ღვთისმშობელი არჩეულ იქნა უფლის განკაცებისთვის და არ არის მასზე ცოდვა წმინდა სამების წინაშე. ღვთისმშობელმა მოისურვა თავისი მთაწმინდელი შვილებისთვის თავმდაბლობა ესწავლებინა. ამიტომაც თქვა უფალმა: "რამეთუ მივიხედავ ჩემს მდაბალ მონაზე". ამგვარად, ჩვენი მოვალეობაა, სრულყოფილი მორჩილება დავიმარხოთ ჩვენი მოძღვრის მიმართ. როდესაც აღსასრულის ჟამი დაგვიდგება, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა მიგვიღოს თავის წიაღში და უთხრას უფალსა და თავის ძეს: "აი, მე და შვილნი ჩემნი, რომელნი შენ მომეცი". მამა არეთამ ჩვეულებისამებრ სამჯერ მოიდრიკა მუხლნი და მერე მივიდა ზეციური დედოფლის ხატის სამთხვევად, რომელსაც ხელთ ეპყრა ყრმა იესო, მრისხანედ მაცქერალი ცოდვილთა. ამის ნახვამ შეაშინა და გაოგნებული უცქერდა. მეც მოვიდრიკე მუხლნი, სამადლობელი ლოცვა წავიკითხე ტახტრევანს დაბრძანებული ღვთისმშობლის მიმართ და თვალის გახელა ვერ შევძელი. როცა შევიგრძენი, რომ მე ყველაზე უარესი ვარ ათონის მკვიდრთა შორის, გონება თითქოს გამიცივდა და ენა დამება. კარიესში მიმავალი ვფიქრობდით, რას ნიშნავდა ეს და მისგან კაცობრიობას რა უბედურება ელოდა. მერე უკვე მოხდა ყველა უბედური მოვლენა, მიწისძვრა და ახალი ომები. მაშინ კი მამები მოშურნედ მსჯელობდნენ, თუ რატომ ჰქონდა მრისხანე სახე უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს ივერონის მონასტრის ხატზე. ყველას ესმოდა, რომ ეს ნიშანი დაქცევას მოასწავებდა. ჩვენ კი "მიწის მყიდველ" ვაჭრებს ვგავდით...

მამა არეთა უმადურობის ვნებაზე. ხშირად დავდიოდი სკიტიდან კარიესში. მაშინ წმინდა ხარლამპეს კელიაში ვცხოვრობდი, რომელიც ვათოპედის მონასტერსაა მიწერილი. იქ მოძღვარი იყო მამა კოზმა, წიგნით მოვაჭრე, სულიერი შვილი მამა საბასი, მისი მორჩილი კი იმ პერიოდში გახლდათ მამა არეთა ლიტოხოროელი. მათ დასახმარებლად მივდიოდი. მეც, როცა დამჭირდებოდა, ისინი მეხმარებოდნენ. ჩვენ ხშირი ურთიერთობა გვქონდა. ერთხელაც კადნიერად ვთქვი: დავიღალე აქ სიარულით-მეთქი. მამა არეთა ძალზე გონიერი კაცი იყო, მოძღვრის მიმართ პატივისცემა გამოიჩინა და მის წინაშე არაფერი მითხრა. იფიქრა, რომ მართლაც დავიღალე და გადაწყვიტა, რამდენიმე დღით დავესვენებინე.

კარიატებს ხომ სხვა ტიპიკონი აქვთ, მონასტერს - სხვა. ამასთან, იმ დროს ყოველთვის მოუძლურებული ვიყავი ახალგაზრდობისა და მიუჩვევლობის გამო: ძნელი იყო ერთი ტიპიკონიდან მეორეზე გადასვლა. არ ვიცი, რა იფიქრა მამა არეთამ, მაგრამ მითხრა, - ასე მხოლოდ უმადურნი იქცევიანო. კაცი ხომ თავის ნებით ტოვებს სკიტს და კარიესში მიდის სამუშაოდ. სხვა დროს კი გაბრაზებულმა მამა არეთამ ჩემთვის ვრცელი მოძღვრება წარმოთქვა. მე თავი უნდა დამეცვა უმადურობის ვნებისგან. სკიტში ხომ გვმოძღვრავდნენ, გავრიდებოდით ამ ვნებას, რამეთუ მას არანაკლები შფოთი შემოაქვს მონაზვნის გონებაში და განუხმობს გულში ლოცვას.

ერთ კვირა დღეს, როცა კელიაში განმარტოებას ვაპირებდი, მოძღვარმა დამიტოვა და ძუ დათვსა და გველზე იგავი მომითხრო, რომელიც, არ ვიცი, სად წაიკითხა. აი, ეს იგავიც.

ცივი ზამთარი იდგა. ძუ დათვის სქელ ბალანს ყინვა ვერას დააკლებდა. მასთან მივიდა გველი და სთხოვა, გამომაზამთრებინე - შენს ბალანში შემმალე და ყინვისაგან სიკვდილს გადამარჩინეო. დათვი დათანხმდა. გველი მთელი ზამთარი დათვის ბეწვში თბებოდა. გაზაფხულზე გამოძვრა და დათვს უთხრა: კი მთბილოდა, მაგრამ მყრალი ბეწვი გაქვს და აუტანელიო. დათვმა უპასუხა, - გმადლობთ, მეგობაროო.

მეორე წელიწადს გველმა კვლავ დათვის ბეწვში მოინდომა გამოზამთრება. მან კი უთხრა: - შარშან შეგიფარე, მერე კი მითხარი, შენი ბეწვის სიმყრალისაგან გამიჭირდა გამოზამთრება. ხელახლა ასამყრალებლად აღარ შეგიფარებ - ვაითუ გაიგუდო. ამიტომაც შენი გზით წადიო.

ამგვარად, ჩაუკვირდი საკუთარ თავს, - განაგრძო მამა არეთამ, - ვინაიდან უმადურობა უდიდესი ცოდვაა კეთილმყოფელთა მიმართ. შენ კი უმადურობა გამოიჩინე ჩვენდამი - თქვენთან სიარულით ვიღლებიო.

მან დაიწყო იმის ახსნა, რაც მოხდა. მე ცუდი მაგალთი გავხდი სხვებისთვის, განსაკუთრებით ათენელებისთვის - მე სხვებს ვასწვალიდი, ჩემსავით უმადურები ყოფილიყვნენ.

არაფერი მქონდა საპასუხო. ჩემმა მოძღვარმა მასწავლა, როცა გამხელენ, უჩუმრად დაითმინეო. მაგრამ შემდეგ განსწავლულმა მოძღვარმა, მამა არეთამ ძალზე გულისხმასაყოფელი რამ მითხრა: "მაპატიე ყველა ჩემი მხილება. შენ სხვა მონასტრიდან ხარ, ჩვენზე წყალობა მოიღე, დაუტევე შენი მყუდროება და აქ ჩვენს დასახმარებლად მოხვედი. მაგრამ მაინც გიმეორებ, თავი შორს დაიჭირე უმადურობის ვნებისგან.

პირველი ადამიანი, რომელმაც უმადურობა გამოიჩინა, - ჩვენი მამა ადამი იყო, ამის შესახებ შეგიძლია წმინდა წერილის განმარტებაში წაიკითხო. სახიერმა ღმერთმა ადამი უკანასკნელი შექმნა, რათა ყველა ქმნილებას მისთვის ეცქირა და საკუთარი სახელი მიეღოთ მისი გონიერი ნებისგან.

უფალმა ღმერთმა პეშვი მიწა აიღო და მისგან შექმნა ადამი, განასულიერა იგი და გახადა ცოცხალი სულისა. მერე სამოთხეში შეიყვანა და ამაღლებული ჭვრეტა ასწავლა, რათა ადამი ყოველთვის ღმერთთან ერთობაში ყოფილიყო. მერე ადამისგან ნეკნი აიღო და მისგან ჩვენი დიდი დედა, ევა შექმნა.

ჩვენმა პირველმშობლებმა, ადამმა და ევამ, უდიდესი უმადურობა გამოიჩინეს ღვთის მიმართ: დაუჯერეს ჩვენს მტერს ეშმაკს. დაკარგეს ადრინდელი ამაღლებული ჭვრეტა და იხილეს, რომ შიშვლები არიან. ამასთან, არ ითხოვეს შენდობა თავიანთი ურჩობისთვის, თუმცა მათი უმადურობიდან ჩანდა, რომ ისინი ეშმაკმა მოატყუა. უმადურობის გამოჩენისთანავე ისინი სამოთხის გარეთ აღმოჩნდნენ, ამ მიწაზე, რომელიც ცრემლის ადგილად ითვლებოდა. ხედავ, რას გვაგონებს უმადურობა? შენ უკვე 28 წლის ხარ. როგორ შეგხედავენ მამები? ისინი შენში ამხანაგს ეძებენ. შენ მათ ემსახურები მშვიდად და თავშეკავებულად და განა საშინელ უმადურობას გამოიჩენენ?

ამიტომაც იფრთხილე, არ დაკარგო შენი საზღაური. გაითვალისწინე, რომ შენი სულიერი მოძღვარი სამაგალთოა ათონისათვის და მის ნაკვალევს უნდა გაუყვე.

თუ მას გაჰყვება, მაშინ მოგესმება ღვთის ხმა, რომელიც გესაუბრება და გულს გატკენს ყოველივე, რაც უკვე სახარებაში თქმულია. ათი კეთროვანი იყო, ათივე განიკურნა, მაგრამ ცხრა ებრაელი წავიდა და მხოლოდ ერთი უცხოტომელი დაბრუნდა სამადლობლად.

ამიტომაც მოემზადე განსაცდელისთვის, რაც უმადური სოფლისგან შეგემთხვევა, შენ კი ჯერ სულ 28 წლის ხარ".
ბეჭდვა
1კ1