ეს ერთადერთი ოჯახია მთელს საზოგადოებაში, რომელიც ქრისტეს რჯულს აღიარებს
ეს ერთადერთი ოჯახია მთელს საზოგადოებაში, რომელიც ქრისტეს რჯულს აღიარებს
ბესარიონ ნიჟარაძე თავის ეთნოგრაფიულ წერილებში ჰყვება თავადის ქალ სალდათხან დადეშქელიანზე. 1860 წელს ის ცოლად გაჰყოლია ყაბარდოელ, სოფელ ბახსანის მკვიდრ ადინგერ ურუს-ბეის. სალდათხანი იმ პირობით დათანხმებულა ურუს-ბეის ცოლობაზე, უკეთუ უკანასკნელი ქრისტეს სჯულზე მოინათლებოდა. ადინგერისთვის ძნელი იყო ამ პირობის შესრულება, მაგრამ ქალიშვილი ისე მოსწონებია, რომ სიყვარულს რჯულისთვის უჯობნია, მონათლულა და სალდათხანი შეურთავს.

"კნეინა სალდათხანი მართლა რომ გასაგიჟებლად ლამაზია, ძლიერ ლამაზია ქმარიც და იმათი ოთხი შვილიც - ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი - ანგელოზებსა ჰგვანან. შვილებიც ყველა მონათლულნი არიან. ეს ერთადერთი ოჯახია მთელს საზოგადოებაში, რომელიც ქრისტეს რჯულს აღიარებს. როგორი უნდა იყოს ამ ერთადერთ ქრისტიან ოჯახის მდგომარეობა ორი ათას მაჰმადის მიმდევარს მცხოვრებთა შორის, ამას მკითხველი უჩემოდაც წარმოიდგენს. ვიტყვით მხოლოდ, რომ ამ ქრისტიან ოჯახს ზიზღით უყურებენ როგორც გარეულები, ისე შინაურები. თუმცა ამ პირობებშია ჩავარდნილი კნეინა სალდათხანი თავის ქმარ-შვილებითურთ, მაგრამ ის მაინც მაგრად დგას ქრისტეს რჯულზე. ყოველ წელს მოდის სვანეთში, მოჰყავს შვილები მარტო იმისთვის, რომ თავის სამშობლო-კუთხეში წმინდა საიდუმლო ზიარება მიიღოს და შვილებსაც მიაღებინოს. ყველა საეკლესიო წესებსა და მარხვებს ფრთხილად ინახავს, როგორც ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი. მე დამარწმუნეს, რომ კნეინა არაფერს ჰზოგავს, რომ ვინმე მაჰმადიანთაგანი მოაქციოს ქრისტეს რჯულზეო, მაგრამ ამაოდ, ამ მხრით ქრისტიან სვანის ქალს ცდა ტყუილად უვლის. მაგისთანა ფანატიკოს ხალხში, როგორიც ბახსნელები არიან და საზოგადოდ მაჰმადის მიმდევარი მთიულები, არათუ სვანის ქალი, პავლე მოციქულიც ვერაფერს გააწყობდა. ქმარი კნეინისა, ადინგერი, თუმცა გარეგნობით ქრისტიანია, მაგრამ, როგორც მითხრეს, ძლიერ გულგრილად ეპყრობა ახალ რჯულს. იგი გულით მაჰმადიანია და რომ კნეინა სალდათხანის ხათრი არ ჰქონდეს, გარეგნულ ქრისტიანობასაც მალე მიატოვებდა".
ბეჭდვა
1კ1