მე ღმერთს ვწირავ თავს, ეს ჩემი გზაა
მე ღმერთს ვწირავ თავს, ეს ჩემი გზაა
წმინდა იოანე-გიორგის (მხეიძე) ძმის პოლაქტიოსის სულში უეცრად გაუგებარი ცვლილებები მომხდარა: იგი ბერად აღიკვეცა, ყოველივე ამქვეყნიურს განშორდა და მოუკლებლად ლოცულობდა. მას რაღაც საიდუმლო ზეციური ხილვებიც ჰქონია. პოლაქტიოსი ძალზე მალე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ დედისთვის უთქვამს: "დედი, აი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი დგას და მე მასთან მივდივარ". ცრემლიანი დედა ემუდარებოდა: "სთხოვე, შვილო, ღვთისმშობელს, შენი თავი დამიტოვოს". პოლაქტიოსს კი უპასუხია: "როგორ შეიძლება შევაწუხო ღმერთის დედა იმისათვის, რომ აქ დამტოვოს?" მას სანთლები აუნთია, ყველა სახლში მყოფი მოუხმია და ლოცვად დამდგარა. სანთლები რომ მიილია, პოლაქტიოსს წარმოუთქვამს: "უფალო, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელო, მიიბარეთ ჩემი სული" - და სანთლების ჩაქრობისთანავე აღსრულებულა.

პოლაქტიოსს ჩანაწერები ჰქონია, რომელიც უმცროს ძმას, გიორგის, უნახავს და მასზე ძალზე უმოქმედია. დედამ ქალაქიდან ორი ძე გამოიძახა, თქვენი ძმა ჭკუაზე გადავიდაო. გიორგი ძმების შეგონებაზე ამას პასუხობდა: "არა, გადაწყვეტილია, მე ღმერთს ვწირავ თავს, ხმა მესმა ზეციდან, რომ ეს ჩემი გზაა". მართლაც, გიორგი დაადგა მონაზვნობის გზას, რომელმაც ღვთის შვილთა სამყოფელში, ზეციურ სასუფეველში შეიყვანა.
ბეჭდვა
1კ1