დიდ ხორციელ უძლურებასთან ერთად მასში მხურვალე გულმოდგინება და ღვთის სიყვარული იყო, რომელიც ყველაფერს უადვილებდა
დიდ ხორციელ უძლურებასთან ერთად მასში მხურვალე გულმოდგინება და ღვთის სიყვარული იყო, რომელიც ყველაფერს უადვილებდა
XVIII. ევსევი. 1. იმ წმინდანებს, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, შევუერთებ დიდებულ ევსევისაც. ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა საკმაოდ მხცოვანი. მან მრავალი და დიდებული ღვაწლი იტვირთა, შეიძინა ამ ღვაწლის შესაფერისი სათნოება და მიიღო ღვთისგან მრავალნაირი ნაყოფი; რამეთუ უმაღლესი მსაჯული თავისი ნაბოძები ჯილდოთი გარდაამეტებს ადამიანურ ღვაწლს. ევსევიმ თავიდან საკუთარ თავზე ზრუნვა სხვას ჩააბარა, მიდიოდა იქით, საითკენაც მიჰყავდათ, რადგან ის ღვთის კაცნი იყვნენ მოშურნენი და მოსაგრენი სათნოებებში (იგულისხმება კინოვიური ან ნახევრად კინოვიური მონასტერი, სადაც გამოცდილ მამათა ხელმძღვანელობით თავიდან მოღვაწეობდა ევსევი, - კ.კ.). იცხოვრა მათთან, შეისწავლა სიბრძნისმოყვარეობა, მერე კი განმარტოებით ცხოვრების მოყვარული ერთი მთის ქედზე მივიდა, რომლის სიახლოვესაც მდებარეობდა ძალზე დიდი დასახლება ასიხა, რომელსაც გალავანი ერტყა და გალავნის ქვები ერთმანეთში თიხითაც კი არ იყო შეკრული. აქ ევსევი ღია ცისქვეშ ცხოვრობდა და მუშაობდა, სხეულს ტყავის შესამოსელი უფარავდა და წყალში ჩამბალი ბარდითა და ცერცვით იკვებებოდა. ზოგჯერ ლეღვსაც ჭამდა და ცდილობდა, მოეძულებინა სხეულის სისუსტე. ღრმა სიბერემდე იცხოვრა და როცა კბილების უმეტესობა დაკარგა, მაინც არ შეიცვალა არც საკეთებელი და არც საცხოვრებელი. ზამთრის ყინვასა და ზაფხულის სიცხეს მართალი კაცი მოთმინებით დაითმენდა. მას სახე დანაოჭებული და გამხმარი სხეული ჰქონდა. შრომით საკუთარი სხეული ისე მოაუძლურა, რომ ქამარი წელზე აღარ უჩერდებოდა, რამეთუ კუნთები საერთოდ გაუქრა და ქამარი ძირს ვარდებოდა. ამიტომაც ევსევიმ ქამარი ქიტონს მიაკერა.

2. მოსაგრეს არ მოსწონდა ხალხთან საუბარი. რამეთუ მუდმივად ღვთაებრივ ჭვრეტაში იყო და არ სურდა აზრები განფანტვოდა. თუმცა ისე მხურვალედ შეიყვარა ჭვრეტა, რომ მაინც აძლევდა ზოგიერთ ნაცნობს კარის გაღებისა და მასთან შესვლის ნებას. როგორც კი განაძღობდა მათ საღმრთო სიტყვებით, ბრძანებდა კარის კვლავ ტალახით ამოქოლვას. როცა გადაწყვიტა ამ მცირე ხალხთანაც არ ჰქონოდა ურთიერთობა, კელიაში კარები ლოდებით ამოქოლა. რამდენიმე ძმათაგანს ხვრელის იქით ელაპარაკებოდა, რომელიც ისე იყო მოწყობილი, რომ მისგან სახის დანახვა შეუძლებელი იყო. სწორედ ამ ხვრელით მიიღებდა მცირეოდენ საჭმელს. ბოლოს ევსევი ყველას უარს ეუბნებოდა საუბარზე. მხოლოდ მე ღირსმყოფდა თავისი ტკბილი და ღვთივსაყვარელი ხმის მოსმენისა; ხშირად, როცა წასვლას დავაპირებდი, მოძღვარი მაჩერებდა და ზეციურ საგნებზე განაგრძობდა საუბარს.

3. მასთან ბევრმა იწყო მისვლა და კურთხევის თხოვნა, უკმაყოფილო იყო ამგვარი ხალხმრავლობისა და მიუხედავად სიბერისა და სისუსტისა, გადაახტებოდა გალავანს, რომელზე გადასვლაც ყმაწვილკაცსაც კი გაუჭირებოდა. ერთხელ ნეტარ კაცებთან სავანეში მივიდა და კედელზე მიდგმულ დაბალ მიწურში განაგრძო ცხოვრება და ღვაწლი.

4. ქრისტეს ამ ფარას წინამძღოლობდა ყოველგვარი სათნოებით გარდავსებული კაცი, მან ევსევის უთხრა, აქ გაეტარებინა დიდმარხვის შვიდი შვიდეული და ნებას აძლევდა, მხოლოდ 15 ლეღვი შეეჭამა. ამგვარ ღვაწლს შეუდგა უკვე 90 წლისა და ამასთან დაუძლურებული! მაგრამ დიდ ხორციელ უძლურებასთან ერთად მასში მხურვალე გულმოდგინება და ღვთის სიყვარული იყო, რომელიც ყველაფერს უადვილებდა და უმსუბუქებდა. ამგვარ შრომაში ოფლის მდინარეებით მორწყულმა, თავისი სარბიელის მიზანს მიაღწია, უცქერდა უმაღლეს მსაჯულს და იმედი უჩნდებოდა ზეციური გვირგვინების მოპოვებისა. მე კი ახლა მსურს ვისარგებლო მისი ღვთის წინაშე შუამდგომლობით, ისევე როგორც მის სიცოცხლეშივე ვსარგებლობდი. რამეთუ მწამს, რომ იგი ახლაც ცოცხალია და აქვს წმინდა კადნიერება ღვთისა მიმართ.

XIX. სალამანი. 1. ვფიქრობ, შევცოდებდი, თუ შთამომავლობას არ დავუტოვებდი ცნობებს საკვირველი სალამანის ცხოვრების შესახებ და მას დავიწყების ბნელში დავტოვებდი. ამიტომაც მასზე ძალზე მოკლედ მოგითხრობთ. სალამანი დაიბადა მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაპირას, დაბა კაპერსანში. მან შეიყვარა მყუდროება, მეორე ნაპირას პატარა თავშესაფარი მონახა და მასში ჩაიკეტა, არც კარები დაიტოვა და არც სარკმელი. წელიწადში ერთხელ გაძვრებოდა ხოლმე თავისი თავშესაფრის კედლის ქვემოთ და მთელი წლის საკვებს მოიტანდა, ამასთან ის კაცთაგან არავის ესაუბრებოდა. ასე იცხოვრა მან საკმაოდ დიდი ხანი.

2. ქალაქის მღვდელმთავარმა, რომელსაც ეკუთვნოდა ხსენებული დასახლება, შეიტყო ამ კაცის სათნოებების შესახებ და ერთხელ მივიდა მასთან მღვდლობის ნიჭის შესათავაზებლად. ბრძანა კედლის ნაწილის განგრევა, ხელნი დაასხა სალამანს, ლოცვა აღასრულა, ბევრი რამ უთხრა, აუხსნა, თუ როგორი მადლი მიეცა, მერე კი გაშორდა ისე, რომ მისგან საპასუხოდ ერთი სიტყვაც კი არ გაუგონია. ამის მერე კი მღვდელმთავარმა კედელში ნახვრეტის გაკეთება ბრძანა.

3. სხვა დროს კაპერსანელებმა ღამით გადაცურეს მდინარე, დაანგრიეს სალამანის ქოხი, ხელი მოჰკიდეს მას და სოფელში დაბრუნდნენ. სალამანი მათ არც შეწინააღმდეგებია და არც თანხმობა განუცხადებია. დილით სოფლელებმა სალამანს ძველის მსგავსი ქოხი აუშენეს და მასში ჩაკეტეს: ის კვლავ მდუმარებდა. ცოტა ხნის მერე მდინარის გაღმა მდებარე სოფლის მცხოვრებლებმა ასევე ღამით გადმოცურეს მდინარე, დაანგრიეს სახლი და დაყუდებული თავისთან წაიყვანეს. ის კი ამ შემთხვევაშიც მათ მცირედითაც არ შეწინააღმდეგებია. ამგვრად, მოკვდა რა ამ სოფლისთვის, სალამანს შეეძლო ზედმიწევნით ზუსტად გაემეორებინა მოციქულის სიტყვები: "ქრისტეს თანა ჯუარცმულ ვარ. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისათა, რომელმან შემიყვარა მე და მისცა თავი თვისი ჩემთვის" (გალ. 2,19-20). აი, ასეთი იყო ეს ნეტარი კაცი! ნათქვამი საკმარისია, რომ გაეგოთ მის მიერ ნებაყოფლობით არჩეული ცხოვრების არსი. მე კიდევ ამ მონათხრობიდან ჩემთვისაც სარგებელს ვპოვებ და სხვაზე მოგითხრობთ.

XX მარისი. 1. სოფელ ომირის სიახლოვეს პატარა ქოხი აიშენა ნეტარმა მარისმა, დაეყუდა და 37 წელი იცხოვრა. ქოხი ახლომდებარე მთიდან ბევრ სინესტეს იწოვდა: ზამთრის პერიოდში კედლებიდან წყალი ჟონავდა, მაგრამ წმინდა მარისი ამან ვერ აიძულა, საცხოვრებელი შეეცვალა.

2. სათნოებებში მოსაგრეობა მან ადრეულ ასაკიდან დაიწყო, მასთან შემოინახა სიწმინდე სხეულისა და სულისა. ამის შესახებ თვითონვე მომითხრო. ამბობდა, რომ მან სხეული გაუხრწნელად დაიმარხა და სწორედ ისეთია, როგორიც გამოვიდა დედის მუცლიდან. ჯერ კიდევ ყმაწვილი, მოწამეთა დღესასწაულზე თავისი ხმით აღაფრთოვანებდა ხალხს - მგალობლობდა საეკლესიო მსახურებაზე. მგალობლად დიდხანს დარჩა ხორციელი გაფურჩქვნის პერიოდშიც. მაგრამ ვერც ხორციელმა სილამაზემ, ვერც კეთილხმოვანმა მკაფიო ხმამ, ვერც მრავალ ადამიანთან ურთიერთობამ ვერ ავნო მისი სულის მშვენიერებას. მარისი სოფელში ტყვესავით ცხოვრობდა და მხოლოდ საკუთარ სულზე ზრუნავდა, ხოლო დაყუდების ღვაწლისას განამრავლა სათნოებათა სიმდიდრე.

3. ხშირად დავმტკბარვარ მასთან ურთიერთობით, რადგან ხშირად მრთავდა ნებას მისი სახლის კარი შემეღო. სტუმრად მისულს მარისი მომეხვეოდა და დიდხანს მესაუბრებოდა სიბრძნისმოყვარეობაზე. ის უბრალოებით გამოირჩეოდა, ვერ იტანდა მზაკვრობას, ხოლო სიღარიბეს უდიდეს კეთილდღეობად თვლიდა. 90 წელი იცხოვრა და მხოლოდ თხის მატყლის სამოსი ეცვა, ხორციელ ძალთა მოსამაგრებლად კი მცირე პურსა და მარილს იღებდა.

4. დაყუდებულად დიდი ხანი დაჰყო. მოისურვა ეხილა, თუ როგორ შეიწირება სულიერი და საიდუმლო მსხვერპლი, ამისთვის მთხოვა ღვთაებრივი ევქარისტია მის სახლში აღმესრულებინა. სიხარულით დავთანხმდი და ვბრძანე, წმინდა ჭურჭელი მოეტანათ (განდეგილის სახლი ჩემთან ახლოს იდგა). ტრაპეზად ვიხმარე დიაკონთა ხელები, ღვთაებრივი და მაცხოვნებელი მსხვერპლი შევწირე. მარისი ისეთი სულიერი მხიარულებით აღივსო, რომ ზეცა იხილა; მითხრა, არასოდეს განმიცდია ამგვარი სიხარულიო. ღირსი შევიქმენი რა მისი მხურვალე სიყვარულისა, უსამართლოდ მოვიქცეოდი სხვების მიმართაც, თუ არ შევთავაზებდი როგორც მისი მოშურნეობის მაგალითს მათ, ვინც კადნიერდება უმაღლესი სიბრძნისმოყვარეობისადმი მისაღწევად. ამიტომაც შევთხოვ მფარველობას ამ ღვთის კაცსაც და დავასრულებ მასზე თხრობას.
ბეჭდვა
1კ1