ვინც აქვე არ შეუერთდება უფალ იესო ქრისტეს, ის არასოდეს შეუერთდება მას
ვინც აქვე არ შეუერთდება უფალ იესო ქრისტეს, ის არასოდეს შეუერთდება მას
წმინდა ბარსანოფი ოპტელი
მადლმოსილება. ეს მოხდა გოლუტვინის მონასტერში, რომლის წინამძღვარი ღირსი ბარსანოფი გახლდათ. ის აღსარება-ზიარებისთვის მასთან მისულ ოცამდე მორწმუნეს ესაუბრებოდა: "ერთ ქალბატონს ვაჟი უყვარდა, ის კი სხვას ეტრფოდა. ქალმა შურისძიება გადაწყვიტა. ვაჟი ციგურებით სრიალებდა იმ მოედანზე, სადაც ქალიც დადიოდა. განიზრახა, - დავაკოჭლებ და არც სხვას დარჩებაო. ერთხელ, სრიალისას, ფეხი ისე "ოსტატურად" დაუდო, რომ ვაჟი წაიქცა და ხელი მოიტეხა. დიდება ღმერთს - ხომ შეიძლებოდა, ტვინი შერყეოდა ან მომკვდარიყო. ამგვარი შემთხვევები აღსარებაზე ავიწყდებათ". ამ საუბრისას ერთ-ერთ გოგონას ცივმა ოფლმა დაასხა, ნათესავს მხარზე დაეყრდნო და უჩურჩულა: - მოძღვარმა ხომ ჩემი ცხოვრება აღწერა! ეს ჩემი საიდუმლოებაა, საიდან უნდა სცოდნოდაო.

"შენ ახლა უკვე იცი?" მამა ბარსანოფის სულიერი შვილი, მონაზონი ალექსანდრა ჰყვებოდა: "ერთხელ მამა ბარსანოფიმ რამდენიმე სულიერი შვილი, მონაზონი შემოიკრიბა და მათთან საუბარი წამოიწყო ბოროტ სულებთან ბრძოლაზე. მე რატომღაც გვერდით მომისვა - მაიძულებდა კიდეც, მასთან ახლოს დავმჯდარიყავი. როცა იმ შიშებზე საუბრობდა, რაც შეემთხვევათ მონაზვნებს, უეცრად ცხადად დავინახე ახლოს მდგარი ეშმაკი. საშინელი იყო. უნებურად დავიყვირე. მამა ბარსანოფიმ ხელი მომკიდა და მითხრა: "აბა, რა! ახლა ხომ იცი?" სხვა დები ვერაფერს ხედავდნენ და ვერც მიხვდნენ, რა მოხდა".

ნათლითმოსილი. დედა ალექსანდრა ჰყვებოდა: "ერთხელ, მამა ბარსანოფის აღვლენილ ლიტურგიაზე, უცნაური და დიდებული რამ ვიხილე: მოძღვარი კაშკაშა ნათელში იყო გახვეული. ის თვითონვე იყო ამ ცეცხლის წყარო და ასხივებდა. მისგან მოფრქვეული ნათლით გაბრწყინებული იყო თანამსახური დიაკვნის სახე.

მსახურების მერე სხვა მონაზვნებთან ერთად მამა ბარსანოფისთან შევედი. ძალზე დაღლილი სახე ჰქონდა. ერთ-ერთ მონაზონს ჰკითხა: "შეგიძლია თქვა "დიდება ღმერთს"? მივედი მასთან და ვუთხარი: "მე შემიძლია ვთქვა, დიდება ღმერთს!" - "დიდება ღმერთს, დიდება ღმერთს!" სიხარულით გაიმეორა მოძღვარმა.

გულისხმავყოფ ამ საკვირველ მოწმობას და გულიდან აღმომხდება - ჭეშმარიტად "დიდება ღმერთს!"

მამა ბარსანოფი ჰყვებოდა: "მამა ბარსანოფი მეუბნებოდა, - წერს სერგი ნილუსი, - მამა ილიოდორთან არასოდეს მქონია ახლო ურთიერთობა, მხოლოდ საქმიანი, მშრალი ოფიციალური შეხვედრები მქონდა. მისი გარდაცვალების დღეს, კურთხევის მერე, არ ვიცი, რატომ, მოულონელად ვკითხე: - ძმაო, რამე თუ მოიმზადე სამგზავროდ-მეთქი. დაიბნა, არ იცოდა, რა ეპასუხა. მე კი ლანგრიდან ყინულკარამელები ავიღე, ხელში ჩავუდე და ვუთხარი: - აჰა, შენ ეს სამგზავროდ-მეთქი.

და ხედავთ, რომელი გზით წავიდა!"

მოძღვარი ამას ერთგვარად გაოცებული მიყვებოდა, რომ მისი სიტყვა აღსრულდა. მაგრამ როცა ასე ახლოს ვცხოვრობ ოპტის სიწმინდეებთან, აღარაფერი მიკვირს. გაოცებას გადავეჩვიე".

"ეს საფლავი ჩემი სულიერი შვილისაა, - ჰყვება მამა ბარსანოფი, - აქ არის დაკრძალული მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ლ-ი. ის მათემატიკოსი და ასტრონომი იყო! შეისწავლა უმაღლესი მეცნიერებები და ქედი მოუდრიკა ქმნილებისა და მათი შემქმნელის დიდებულებას. ცოლი და მეგობრები დასცინოდნენ. მისი ცოლი მედიცინის დოქტორი იყო, კლინიკაში მუშაობდა. იქ გაიცნო ერთი პროფესორი, შეუყვარდა და მასთან ერთად პარიზში გაიქცა, თან ბავშვები გაიყოლა. ლ-ი ძალზე დარდობდა. წლების მერე სულისთვის შვების მოსაგვრელად ჩვენთან მონასტერში ჩამოვიდა, სადაც, ღვთის დაშვებით, ფილტვების ანთება შეეყარა. მძიმე შემთხვევა იყო, ვხედავდი, რომ მალე გარდაიცვლებოდა და შევთავაზე, განშორებოდა სოფელს და ბერად აღკვეცილიყო. მან ხომ დიდი ხანია არაფერი იცოდა ცოლ-შვილის შესახებ. დაფიქრდა და დამთანხმდა. რამდენიმე თვის მერე სკიტში გამოგვეცხადა ერთი მეტად ეგზალტირებული ქალბატონი და ყვირილი მორთო: - მომეცით ჩემი ქმარიო. თავიდან ვერ მივხვდი, რა უნდოდა, შემდეგ გავარკვიე, რომ ლ-ს გულისხმობდა. შენი ქმარი ანგელოზთა შორისაა-მეთქი. გაღიზიანებულმა ქმრის საფლავის ნახვა მოინდომა. ვუთხარი, რომ დედაკაცებს სკიტში შესვლა აკრძალული ჰქონდათ. ამაყად დაიწყო თავის განსწავლულობაზე ლაპარაკი, - თორმეტი უცხო ენა ვიცი და ჩემი ნაშრომებით საზღვარგარეთ გავითქვი სახელიო. უმთავრესი - ანგელოზთა ენა არ იცით-მეთქი. ირონიულად მკითხა: - სად შეიძლება ვისწავლოთ ასეთი ენაო. საამისოდ წმინდა წერილი უნდა იკითხოთ. სწორედ ეს არის ანგელოზთა ენა-მეთქი. აქ უკვე აღარაფერი მესაქმებაო და გაემგზავრა შვეიცარიის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. ვუთხარი, ცხოვრებაში მძიმე დღეები როცა დაგიდგებათ, მომწერეთ. კიდევ მოხვალთ ჩემთან-მეთქი. გაიცინა და წავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ შვეიცარიიდან წერილი გამომიგზავნა, - ძალიან უბედური ვარ, ჩემმა მეორე ქმარმა მიმატოვა და თან ჩემი შვილებიც წაიყვანაო. მან ჩემი რჩევით სახარების კითხვა დაიწყო და იქ ბევრი რამ საინტერესო იპოვა. წერილში რამდენიმე კითხვა დამისვა. პასუხის გასაცემად ჩვენთან მოსვლა შევთავაზე. ის ჩამოვიდა და საკმაოდ დიდხანს იცხოვრა, მერე კი ყოველწლიურად ჩამოდიოდა. მორწმუნე და კეთილი გახდა, - ჰყვება სერგი ნილუსი, - ძალზე თავმდაბალი იყო. როცა მოძღვარი მისაღებში გამოვიდოდა, ფეხებში უვარდებოდა. ძალზე მდიდარი გახლდათ და მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა. აი, როგორ შეიცვალა".

სწავლანი: "გაღვიძებისთანავე ჯვარი გამოისახეთ, თქვენი პირველი სიტყვები კი იესოს ლოცვის სიტყვები იყოს. როცა ეს შესაძლებელი იქნება, იესოს ლოცვა სკვნილზე ილოცეთ, როცა საქმით იქნებით დაკავებული, მაშინ უსკვნილოდ. როცა რაიმე ზმანება გეწვევათ, თქვენით ნუ შეებრძოლებით, არამედ ქვა ესროლეთ, ქვა კი ქრისტეს სახელია, იესოს ლოცვაა... გულისთქმების განდევნა საკუთარი ძალით არ შეგიძლიათ, იესოს სახელით განდევნეთ. თუ ლოცვა ზოგჯერ უყურადღებოდ არის წარმოთქმული, განფანტულია ამის გამო, სასო არ უნდა წარიკვეთოთ. ლოცვის დროს ჩვენი ბაგეები უფალ იესო ქრისტეს სახელით იწმინდება. მუდმივად იმეორეთ იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე ძე ცოდვილი". იესოს ლოცვა ამსხვრევს ეშმაკის ყველა შემოტევას. მათ არ შეუძლიათ ქრისტეს სახელის ძალასთან შეწინააღმდეგება. ეშმაკის ყველა მზაკვრობა გაცამტვერდება. ეს რატომ ხდება, და ეს როგორ ხდება, ჩვენ არ ვიცით. მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს ასეა.

ზოგიერთნი ხიბლში ჩავარდნილად მთვლიდნენ, როცა ყურადღებით ვცხოვრობდი და იესოს ლოცვას ვლოცულობდი... ახლა ასე ამბობენ: "ილოცო, არ ილოცო - სულ ერთია, ლოცვას მაინც ვერ ისწავლი". იესოს ლოცვა აუცილებელია ზეციურ სასუფეველში შესასვლელად.

თუ ცუდად ცხოვრობ, არავინ გეხება, ხოლო როცა კარგად ცხოვრებას იწყებ, მაშინვე განსაცდელები და დაბრკოლებები შეგეყრება.

"ვინც აქვე არ შეუერთდება უფალ იესო ქრისტეს, ის არასოდეს შეუერთდება მას", - ამბობს ღირსი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი.

დედაკაცს რწმენის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. მცირე ხნის ურწმუნოების მერე ის კვლავ უბრუნდება ღმერთს.

მოწაფისა და მოძღვრის ურთიერთობაში უმთავრესი მოწაფის რწმენაა, თუ ის მოძღვარს რწმენით ეკითხება, მაშინ უფალი შემკითხველის რწმენისამებრ უმხელს მას თავის ნებას.

არსებობს ცოდვები სასიკვდინე და არასასიკვდინე. სასიკვდინე ცოდვა ისაა, რომელსაც კაცი არ ინანიებს. სასიკვდინე კი მას იმიტომ ჰქვია, რომ მისგან სული კვდება და ხორციელი სიკვდილის მერე ჯოჯოხეთში მიდის.

მონასტერში წასვლის ყველა მსურველმა რომ იცოდეს, როგორი ტკივილები ელოდება, მონასტერში არავინ წავიდოდა. ჩვენი მონაზვნური ცხოვრების არსი ვნებებთან ბრძოლაა...

თანამედროვე მონაზვნები ყველაფერში საკუთარი ნების აღსრულებას ისწრაფვიან. ამბა დოროთე ამბობდა: "საკუთარი ნების მიყოლაზე დიდი დაცემა მონაზვნისთვის არ არსებობს..." მონაზვნობა თავის გზას ასცდა. თუმცა სატანას ჩვენი დროის მონაზვნობაც არ მოსწონს, რადგან წინაღუდგება მას. მონაზვნობაზეა დამყარებული მთელი სამყარო. როცა მონაზვნობა აღარ იქნება, საშინელი სამსჯავროც დადგება...

ყველა კეთილ საქმეს ან წინ უსწრებს, ან უკან მოსდევს განსაცდელი. მწუხარების მოძლიერებისას საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ: "ალბათ ღირსი ვარ ყველა ამ განსაცდელის. ესე იგი, იგი მჭირდება ცოდვებისგან, უფრო მეტად კი სიამაყისგან განსაწმენდად. ცოტაა შეურაცხყოფის დათმენა, უნდა ვიზრუნოთ, რომ ამის გამო არ გავბოროტდეთ. მწუხარებები ყოველთვის იქნება, მაგრამ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. მწუხარე, მაგრამ შინაგან ლოცვას მიღწეული, მას ადვილად დაითმენს, რამეთუ მასთან ქრისტეა. ის გამოუთქმელი სიხარულით აღავსებს მოსაგრის გულს. და ამ უფლისმიერი სიხარულის დაძლევა არანაირ მწუხარებას არ შეუძლია. როცა შეგაწუხებენ მომავალ განსაცდელებზე შიშის გულისთქმები, მაშინ მათ არ უნდა გაესაუბროთ, არამედ თქვით: "დაე, იყოს ნება ღვთისა". ეს ძალზე ამშვიდებს.

ღირსი ბარსანოფის ანდერძი. ბოლოს და ბოლოს, დაუტევებს რა ამქვეყნიურ ზრუნვას ასე დაუძლურებული და გატანჯული სული ჩემი, მოკლედ ვეტყვი ჩემს უკანასკნელ სიტყვასა და ანდერძს ჩემს ძვირფას ყოფილ სულიერ შვილებს.

პირველად მდაბლად გთხოვთ: შემინდეთ ჩემი ნებსითი და უნებლიეთი შეცოდებანი თქვენს წინაშე და მეც ასევე შევუნდობ ყველა მწუხარებისა და გამწარებისთვის, რომელიც განვიცადე ზოგიერთისგან, ჩვენი ცხოვნების მტრის მიერ ჩაგონებით.

გწამდეთ ჩემი, წმინდანო მამანო და ძმანო, რომ ყველა ჩემი მოქმედება და სურვილი მხოლოდ იყო - დამეცვა წმინდა მცნებები და დადგენილებანი მოსაგრე მამათა და ჩვენი დიდი მოძღვრებისა, მათი მთელი ღვთაებრივი და საკვირველი სილამაზე ამ საუკუნის სხვადასხვანაირი გამხრწნელი გავლენისაგან, რომლის დასაწყისიც სატანური ამპარტავნებაა, დასასრული კი - ცეცხლი ჩაუქრობელი და ტანჯვა დაუსრულებელი.

შესაძლოა ცუდად ავასრულე ეს, ვინანიებ და შეუვრდები ღვთისმსახურების წინაშე და შეწყალებას შევთხოვ. თქვენ კი, ყველას, უფლისმიერ საყვარელნო, გთხოვთ და გევედრებით - დაიცავით ჩემი მდაბალი რჩევები. ნუ დაავსებთ სულს, უფრო მეტად განახურვეთ იგი მომთმენი ლოცვითა და წმინდა მამათა ნაწერებისა და წმინდა წერილის გულმოდგინე კითხვით, რომელიც განწმენდს გულს ვნებათაგან.
ბეჭდვა
1კ1