ჯვარი განდევნაა ყველა ვნებისა
ჯვარი განდევნაა ყველა ვნებისა
ახლა ავად ვარ, საწოლში ვწევარ და გწერთ. რატომ მოვისურვე მოწერა? წავიკითხე თქვენი წერილი. მწერთ, რომ მოუძლურდით და აღარ შეგიძლიათ ღვთაებრივი სიყვარულისა და ლოცვების მოპოვება.

მაგრამ მე თქვენში სულ მცირე ღვთაებრივ სიყვარულსაც კი ვერ ვხედავ. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენში მხოლოდ კაცთმოთნეობა და ადამიანების წინაშე შიშია. ხოლო თქვენზე სერიოზულებისადმი პატივისცემა არ გაქვთ. თუ ვინმე ჭორებს გიყვებათ, მათ უსმენთ და ცილისმწამებლებს არ აჩერებთ, თქვენი სულის მტრებსაც კი განამართლებთ და გონებით განიკითხავთ მათ, ვინც წმინდა კრებების საქმიანობაზე დაყრდნობით გიხსნით, რომ ყველა საეკლესიო საქმე პასუხისმგებლობით და განძლიერებული ლოცვით უნდა გადაწყდეს.

ასე არ არის, ძმანო? თქვენ კი წერილით მეკითხებით, რატომ არ მიგდით ლოცვა და ა.შ.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე გახდა კაცი უთესლოდ, უცვლელად და უცილობლად მიიღო რა ჩვენი ბუნება თავისი ყოვლადუბიწო დედის ხორცთაგან, რომლის შობასაც დღეს დღესასწაულობს წმინდა და კათოლიკე ეკლესია, ქვეყნის კიდიდან ვიდრე დასასრულამდე.

ჩვენს, მდაბალ მონაზონთა, დასამოძღვრად უფალმა ჩვენმა უდიდესი მორჩილება აჩვენა. მან ქადაგება მანამდე არ დაიწყო, ვიდრე კანონიერ ასაკს არ მიაღწია და მხოლოდ მაშინ გამოვიდა საქადაგებლად, თუმცა ეს იყო მამამისის ნება ყველა მორწმუნის საცხონებლად.

უფალი ჩვენი ხშირად გაშორდებოდა ადამიანებს და უდაბურ ადგილებში ლოცულობდა. ის იმარხავდა მორჩილებას და მორჩილების ჟამს უცოდველმა ჯვარზე სიკვდილი განიცადა. ამასთან, მამისადმი მორჩილება გვასწავლა, რათა არ აღგვესრულებინა საკუთარი ნება და საკუთარი გულისთქმისდა მიხედვით არ გვემოქმედა.

ჩვენ სიმდაბლის ჯვარზე უნდა ვაცვათ საკუთარი "მე". ჯვარი - განდევნაა ყვლა ვნებისა, სხეულის განწმენდა ვნებათაგან, როგორც მისგან უცხო რამისგან. ვნებათაგან განთავისუფლებული ჩვენი სული იხილავს სათნოებებს, რომლითაც ის განამშვენა ყოვლადსახიერმა ღმერთმა და მოიპოვებს სულისმიერ სიხარულსა და მხიარულებას. თუ ანგელოზთა სქემის შემოსვისას ჯვარს ვაცვამთ საკუთარ თავს და მოვკლავთ, მაშინ უეჭველად განვეშორებით სოფელს და ამიტომ არც კი ვიცით, რა ხდება ვნების სამყაროში.

რას გასწავლიდნენ პატარაობისას? თქვენ რომ სწავლების ის სული შეგენარჩუნებინათ, მაშინ, ვიდრე ძმები წამოდგებოდნენ, წყალს მოიტანდით, თუნდაც წყარო შორს იყოს და მოზიდავთ შეშას, თუნდაც ტყემდე გრძელი გზა გედოთ. ყველა წმინდანი ჰბაძავდა ღმერთს, რომელმაც, როცა განკაცდა, შეისწავლა დურგლობა და მუშაობდა, რათა გამოეკვება მის მამად წოდებული იოსები და თავისი ხორციელი ქალწული დედა.

ჩვენი თანამედროვეობის სასწაულად ითვლება წმინდა ნექტარიოსის ცხოვრება, ვიდრე მისი მონასტრის მონაზვნები გაიღვიძებდნენ, იგი დგებოდა და ფეხისალაგს წმენდდა, როგორც ამას მიყვებოდა ჩემი აწ განსვენებული დეიდა, დედა სინკლიტიკია.

ამიტომაც, თუ გსურთ, მოიკლათ სულიერი წყურვილი, მიჰბაძეთ წმინდანებს, რომლებიც ღმერთკაცის ნაბიჯებს მიჰყვებოდნენ. მაშინ მიხვდებით, თუ რა არის მონაზვნური ცხოვრება და როგორია მისი ნაყოფი. მონაზვნობის გულისთვის მეფეები მეფობას თმობდნენ, მეცნიერები - მეცნიერებას და ემორჩილებოდნენ უბრალო კაცებს, რომლებიც თავიანთი უბრალოებით მიჰყვებოდნენ ასეთსავე უბრალო წინასწარმეტყველებს და მოციქულებს და რამდენადაც ხელმისაწვდომია ადამიანისთვის, თვით ღვთის ხილვის ღირსნი შეიქნენ.

მოკლედ მოგწერთ დღევანდელ დღეზეც. დღეს მე ყუთლუმუშის მონასტრის სკიტში ღამისთევის ლოცვაზე ვიყავი მამა არეთასა და კალივის სხვა მამებთან ერთად, რომლებიც დღესასწაულს ზეიმობდნენ. უბრალო მამებმა წიგნის მკითხველად დამადგინეს. წავიკითხე წმინდა იოანე ოქროპირის მიერ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე წარმოთქმული სიტყვა. კითხვისას მაოცებდა წმინდა იოანეს სიტყვის უბრალოება და მისივე ღვთისმეტყველების სიღრმე, მიუხედავად იმისა, რომ უსწავლელი კაცი ვარ.

შეგეწიოთ ღმერთი, ილოცეთ ჩემთვის.

მამა არეთა და მისი წიგნი ქრისტეს ნაკვალევზე. სმირნაში (დღევანდელი იზმირი) თურქებმა ბერძნებს საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოუწყვეს. ცოტამ თავს გაქცევითღა უშველა. პატრიარქმა მელეტი მეტაქსაკისმა ბერძნების ტრაგედია თავის სასარგებლოდ გამოიყენა და გადაწყვიტა, ეკლესიაში შემოეღო 28 პარაგრაფი, სრულიად მტრული მართლმადიდებლობისადმი. კონსტანტინოპოლის წარჩინებულნი ხედავდნენ, რაც ხდებოდა ბერძნული მოსახლებისა და ეკლესიის თავს, ტიროდნენ და მწუხარებდნენ. ზოგიერთი გაიქცა, ზოგიერთი დაიბნა.

KARIBCHE

ერთ-ერთი გამოქცეული მეცნიერი და ეკლესიის მსახური, რომელსაც საპატრიარქოში თანამდებობა ეკავა, იყო მანუილ გედეონ ხარტოფილაკი, მრავალ ენათა მცოდნე, განათლებული დიდებული. ის კონსტანტინოპოლიდან ათონზე წავიდა. იგი მამა კოზმას მოწაფემ, მამა არეთამ და მისმა მორჩილმა, მამა საბამ მიიღეს.

მანუილ გედეონმა მათ მრავალ პირსა და მოვლენაზე მოუთხრო და მონასტერში კოლივადი მამების (ხშირი ზიარების მომხრე ბერები - კ.კ.) მოძრაობასთან დაკავშირებულ წიგნებს კითხულობდა. ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ და ერთხელ გამოირკვა, რომ ვათოპეტის მონასტრის კუთვნილ წმინდა დიმიტრის სკიტში კოლივადების დროს ცხოვრობდა სულიერი მოძღვარი დიონისე სიატისტე, მოძღვარი არაერთი სულიერი მამისა: წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელისა, იოანე ლინდოსელის და მრავალი სხვისა.

ერთხელ მამა დიონისემ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ წიგნი უნდა დაბეჭდილიყო მთელი ბერძენი ერის განსანათლებლად.

"მაგრამ ბერძნული რევოლუციის მერე, - ამბობდა მანუილ გედეონი, - ათონზე დატრიალებული არეულობის მერე, რაც კოლივადობაზე კამათს მოჰყვა, წიგნი აღარ დაბეჭდა. მისი ხელნაწერი უნდა ინახებოდეს ვათოპედის მონასტრის სკიტის მთავარ ბიბლიოთეკაში. თქვენ ხომ წიგნებით ვაჭრობთ კარიესში. ხელს რა გიშლით, დაბეჭდეთ ეს წიგნი. ის განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როცა ჩვენს ხალხს დევნიან თავიანთი ქალაქებიდან და სოფლებიდან. დაე, ყველამ წაიკითხოს და განმტკიცდნენ ღვთისმოშიშებაში".

მამა არეთამ წიგნის შესახებ აუწყა სკიტში და დიკეამ მამებთან ერთად მასვე უბრძანა ამ ხელნაწერის მოძებნა.

მალე საქმეების გამო წმინდა ანას სკიტიდან კარიესში გავემგზავრე და შევხვდი მამა არეთას. მთხოვა, მაღალსულიერი მამის, დიონისეს ხელნაწერის მოსაძებნად გავყოლოდი. ზამთარი იდგა. ძლიერი ქარი ქროდა, მაგრამ როგორც იქნა, მივაღწიეთ სკიტის ტაძრამდე. სკიტის დიკეა იყო მოხუცებული მონაზონი მამა ბართლომე. გვითხრა, თბილ სამოსს ვერ მოგცემთ და საჭმელიც ძალიან უბრალო გვაქვსო. მამა ბართლომე ხომ უპოვარი იყო და ზოგჯერ პურიც კი არ ჰქონდა.

დილით ტაძარში წავედით ლიტურგიაზე. ტაძარშიც ვერ ავცდით განსაცდელს. მამა პახუმის შვილმა, დიაკვანმა პახუმიმ არ მოისურვა პატრიარქ ბასილის მოხსენიება, იმის გამო, რომ მან გრიგორიანული კალენდარი მიიღო. ვხედავდი, რაც ხდებოდა და წირვის გამოსვლამდე ვლოცულობდი.

ლიტურგიის მერე მამა არეთასთან მოვიდა ერთ-ერთი სკიტის ღვთისმოსავი უფროსი და მითხრა: "გადმოცემით, ამ ადგილას ადრე წმინდა დიმიტრი მირონმდინარის ნათესავები ცხოვრობდნენ და მონასტერსაც ხალიკეს ეძახდნენ. ასეთი იყო წმინდა დიმიტრის მეტსახელი. ამიტომაც აიგო ვათოპედის წმინდა მონასტერი. სკიტის ბეჭედს ახლაც კი აწერია: "წმინდა დიმიტრი ხალიკელი".

ბიბლიოთეკაში უამრავი ხელნაწერი იყო, მათ შორის ბევრი ყდაშემოცლილი. წიგნის ბოლო გადამწერნი წყევლიდნენ მათ, ვინც ხალიკეს მონასტრიდან ამ ხელნაწერებს წაიღებდა.

მრავალ წიგნს შორის მამა არეთამ მართალი ანას სკიტელი წმინდა დიონისე რიტორის ხელრთვაც ნახა. წმინდანს საკუთარი ხელით მიძღვნის ბოლოს მიეწერა: "ვინც ამ წიგნს წაიღებს, დაე, ყველა წმინდანი იყოს მისი მსაჯული".

მამა არეთამ მითხრა: "ხედავ, მამა ქრისანთე, როგორი წინამორბედები გყავს". ვიპოვეთ წიგნი "ქრისტეს ნაკვალევზე". კარგად იყო შემონახული, ხელნაწერიც გაირჩეოდა. ნეტარი დიონისეს წიგნი ავიღე და დიდი სიხარულით კარიესში წავიღეთ.

ასი მეტრის გავლაც ვერ მოვასწარი, რომ მოხუცებული მონაზონი დავინახეთ. თუმცა ზამთარი იყო, ბერი თავისი კელიის ღია კარებთან იდგა, ხმამაღლა ასკეტიკურ წიგნს კითხულობდა და უხსნიდა მორჩილს მონაზვნობის არსს.

გამახსენდა ჩემი მამის რჩევები და ავტირდი. მე ხომ განდეგილობას ჩამომაცილეს და მორჩილები მომცეს, არანაკლები ვნება მომადგა და არ ვიცი, როგორი აღსასრული მექნება.

როგორც იქნა, კარიესში მივედით. როგორც კი ყუთლუმუშის მონასტრის ბიბლიოთეკარმა მამა დიონისემ შეიტყო, რომ წიგნი "ქრისტეს ნაკვალევზე" ვიპოვეთ, მისი გამოცემისთვის იშუამდგომლა. წიგნი გამოიცა და მის წაკითხვას დიდი სარგებლობა მოაქვს მთელი სოფლისთვის - განსაკუთრებით იმ გოგონებისთვის, რომლებიც კითხულობენ წმინდა მარინას შესხმას და მონაზვნობაზე იწყებენ ფიქრს.

ამბავი მორჩილების სიკეთეზე. გუშინ საღამოს, საყვარელო მამა ანტონი პანაღიელო, ერთი ყმაწვილი, ათანასე, მოვიდა და თქვა, - ახალი სკიტიდან დიდი ლავრისკენ მივცურავდი, რომ დავინახე მახვილა თევზი, რომელსაც მეთევზეები ძაღლთევზას ეძახიანო. მისმა ნათქვამმა გამახსენა, თუ რა შეემთხვა ერთ ურჩ ბერდიაკონს. იგი პატივმოყვარეობამ დაღუპა. როგორც კი დიონისეს მონასტერში ლიტურგია დასრულდებოდა, თვითნებურად მირბოდა ზღვაში საბანაოდ.

მაშინ იღუმენი წმინდა კაცი გახლდათ. მოწმობები მოჰქონდა პატერიკებიდან, რომ მონაზვნებს, განსაკუთრებით სამღვდელო ხარისხში მყოფთ, არ ეძლევათ ზღვაში შესვლისა და ბანაობის ნება. ამ დროს მონაზონი გონებით თავის მოძღვრის რჩევებს სანაგვეში ისროდა. და აი, ერთხელაც კვლავ საბანაოდ გაემართა.

ზღვაში შესვლაც ვერ მოასწრო, რომ ყველა ურჩის ჭკუის სასწავლებლად მახვილა თევზი გამოჩნდა. ბერი ცუდად ცურავდა და წყალში თავს ძლივს იკავებდა. წმინდა ნათლისმცემელმა სატანჯველისგან გადასარჩენად გონება განუნათლა. მონაზონმა დაიყვირა: "მამაო, შემინდე". იღუმენმა შესძახა: "შემინდვია". მან პასუხის მოსმენაც ვერ მოასწრო, ისე ეცა თევზი... ეს წმინდა ანას სკიტსა და დიონისეს მონასტერს შორის მოხდა.

ამის მერე მამებს ზღვაში ნავით შესვლისა ეშინოდათ. იღუმენი მოეთათბირა მონასტრის იღუმენებს და მათ გადაწყვიტეს მეტოქიონიდან ცხვარი მოეყვანათ, კაუჭზე გამოებათ და ამასთან ცხვარი თოკით შეეკრათ, თოკის მეორე ბოლო ჭადარზე გამოებათ, მხოლოდ ასე შესძლებდნენ თევზის დაჭერას. ასეც მოიქცნენ. მახვილა თევზი წყლიდან ამოათრიეს და გრიგორიატის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, ჭადართან დააგდეს, რათა ღვთისმსახურებაზე მიმავალ ყველა მონაზონს გაეხსენებინა, თუ რა მოაქვს უწესობასა და ურჩობას. ისინი ხედავდნენ საშინელი თევზის ჩონჩხს: ეს მათ სულზე ხვდებოდათ და ამბობდნენ: "რომელიმე მახვილა თევზმა არ შეგვჭამოსო". მეც მინახავს ეს ჩონჩხი, მაგრამ მერე სადღაც წაიღეს...
ბეჭდვა
1კ1