ეპისკოპოსობისას უფრო მსუბუქი ყოფა არ აურჩევია, არამედ მხოლოდ განამრავლა თავისი მოსაგრეობის ღვაწლი
ეპისკოპოსობისას უფრო მსუბუქი ყოფა არ აურჩევია, არამედ მხოლოდ განამრავლა თავისი მოსაგრეობის ღვაწლი
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
XVI. მარონი. 1. აკეფსიმეს მერე მოვიხსენებ მარონს - მან განამშვენა წმინდათა ღვთაებრივი დასი. შეიყვარა ღია ცის ქვეშ ცხოვრება
- საცხოვრებლად მთის მწვერვალი აირჩია, რომელსაც ძველად პატივს მიაგებდნენ წარმართები, განწმინდა ეს ადგილი საკერპოსგან, საღვთისმსახურო ადგილად გადააქცია და იქ ქოხი აიშენა, სადაც იშვიათად რჩებოდა. შეკრებდა სიბრძნისმოყვარების უხრწნელ სიმდიდრეს, მოსაგრეთათვის ჩვეული ღვაწლის აღსრულებასთან ერთად ახალიც გამოიგონა.

2. უმაღლესმა მსაჯულმა მარონს ღვაწლის მიხედვით შეუთანადა მადლი თვისი. დიდად მწყალობელმა ისე უხვად დააჯილდოვა კურნების ნიჭით, რომ მარონს სახელი ყველგან გაუვარდა. უამრავი ადამიანი აკითხავდა. ყველას თვალწინ ციებ-ცხელება ქრებოდა მისი კურთხევის მადლით, სიგიჟე მთავრდებოდა, ეშმაკები გარბოდნენ და სნეულებები ერთადერთი წამლით იკურნებოდნენ - წმინდანის ლოცვით.

3. მარონი სულიერ სნეულებებსაც კურნავდა: ერთს მომხვეჭელობისაგან ათავისუფლებდა, მეორეს - მრისხანებისგან, მესამეს უბიწოებას შთაააგონებდა, მეოთხეს სამართლიანობის გაკვეთილებს უტარებდა, მეხუთეს თავშეუკავებლობაში ამხელდა, მეექვსეს სიზარმაცისგან განაღვიძებდა. ამგვარად მიწათმოქმედებდა და სიბრძნისმოყვარების მრავალი ნაყოფი გამოზარდა და ღვთისთვის ის ბაღი გააშენა, რომელიც ახლაც ყვავის კირის მიწაზე. ღვთისმშობლის ამ სანერგეში გაიზარდა დიდი იაკობი, რომელსაც სამართლიანად შეიძლება მივუსადაგოთ წინასწარმეტყველის ნათქვამი: "მართალი, ვითარცა ფინიკი აყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს", და მრავალი სხვა, რომელთაც ღვთის შეწევნით მოვიხსენებ თავის დროზე.

4. მოსაგრეობდა რა ამგვარად ღვთაებრივი მიწათმოქმედი მარონი, კურნავდა სულსა და ხორცს, მცირე ხნის სნეულების მერე, რომელიც მას იმისთვის ეწვია, რომ შევიცნოთ სხეულის სისუსტე და სულის ძალა, განვიდა ამ ცხოვრებიდან. მის წმინდა ნაწილებზე კი მეზობლებს შორის დიდი დავა ატყდა. ერთი მეზობლად მდებარე ხალხმრავალი დასახლების მკვიდრნი მოვიდნენ ერთად და სხვების განდევნის მერე მოიტაცეს ეს სანატრელი საგანძური. ააშენეს მისთვის დიდი ტაძარი. ყველანი დღემდე დიდ სიკეთეს იღებენ და განადიდებენ ძლევაშემოსილ მარონს საერთო დღესასწაულისას. ჩვენ კი დაუსწრებლად მივიღებთ მისგან კურთხევა: ჩვენთვის საკმარისია კუბოს ნაცვლად ნეტარი გავიხსენოთ.

XVII. აბრაამი. 1. შევცოდავ, რომ არ მოვიხსენო საკვირველების ღირსი აბრაამი, თუნდაც იმიტომ, რომ მან განდეგილი ცხოვრების მერე განამშვენა მღვდელმთავრის კათედრა. ის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია იმის გამო, რომ თუმცა იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების სახე, წესი არ შეუცვლია და მიწიერი სარბიელის დასრულებამდე თავისი ცხოვრება განდეგილის ღვაწლსა და მღვდელმთავრის შრომაში გაატარა.

2. ის ასევე ნაყოფი იყო კირის მიწისა: იქ იშვა, იქ აღიზარდა და იქვე შეაგროვა მოსაგრეობის სათნოებათა სიმდიდრე. ამბობდნენ, რომ მან ღამისთევით, ლოცვაზე დგომით და მარხვით ისე მოიუძლურა სხეული, რომ დიდი ხნის მანძილზე სიარული არ შეეძლო. მერე კი ამ უძლურებისგან ღვთის განგებულებით განთავისუფლებულმა ღვთისადმი მადლიერების ნიშნად საკუთარი თავი მაცხოვნებელ განსაცდელებში ჩაიგდო და გადასახლდა ერთ დიდ დაბაში, ლიბანს, რომელზეც ამბობდნენ, უწმინდურობის ბნელით არის დაფარულიო. თავისი მონაზვნური წოდება ვაჭრის სამოსით დაფარა და სხვა ვაჭრებთან ერთად იქ ტომრებით მივიდა, თითქოსდა თხილის შესაძენად, მცირე თანხით დაიქირავა სახლი და აბრაამი იქ 3-4 დღე იყო დაყუდებული. მერე კი ნელ-ნელა ჩუმი ხმით დაიწყო ღვთისმსახურების შესრულება. როცა ლიბანელებს მოესმათ მისი ფსალმუნთგალობა, ქადაგმა მოუხმო მამაკაცებსა და დედაკაცებს; შეკრებილთ ამოქოლეს იმ სახლის კარები, სადაც აბრაამი ცხოვრობდა, მერე მიწა მოიტანეს და სახურავიდან სახლში ჩაყარეს. მაგრამ როცა დაინახეს, რომ შიგნით მყოფნი (აბრაამთან ერთად ლიბანელი ქრისტიანებიც იყვნენ) თავს არაფრით იცავდნენ და მხოლოდ ღვთისადმი გალობას განაგრძობდნენ, უხუცესთა ბრძანებით, გახსნეს კარები, გამოგავეს მიწა და იქაურობას გაშორდნენ.

3. ამ დროს სოფელში გადასახადის ამკრებნი მოვიდნენ. ზოგს ვალის გამო ბორკილები დაადეს, ზოგიც გაამათრახეს. აბრაამმა მიჰბაძა უფალს, რომელიც ჯვარზე გაკრული ჯვარმცმელებისთვის ლოცულობდა და გადასახადის ამკრეფთ სთხოვა, შემწყნარებელნი ყოფილიყვნენ. მათ ლიბანელების თავმდებობა მოსთხოვეს. ხალისით დათანხმდა და დაჰპირდა, რომ მალე მიუტანდა ას ოქროს, რომელიც აკლდებოდათ. ლიბანელები, რომელებიც ასე ცუდად მოექცნენ მას, განცვიფრდნენ აბრაამის კაცთმოყვარეობით, შენდობა სთხოვეს და ბატონად მიიწვიეს, რამეთუ იმ სოფელს ბატონი არ ჰყავდა. აბრაამი წავიდა ქალაქ ემესაში, ნაცნობებისგან ასი ოქრო ისესხა, სოფელში დაბრუნდა და აასრულა თავისი დანაპირები.

4. სოფლელებმა გულწრფელად სთხოვეს, გვიპატრონეო. აბრაამმა აღუთქვა იმ პირობით, თუ დათანხმდებოდნენ აქ ეკლესიის აშენებას. ლიბანელებმა შესთავაზეს, ახლავე დაეწყო მშენებლობა. მათ ნეტარ კაცს დაათვალიერებინეს იქაურობა. აბრაამმა საუკეთესო აარჩია, ჩაყარა ტაძრის საძირკველი, მცირე ხანში კედლები ამოიყვანა და გადახურა. მშენებლობის დასრულების მერე ნეტარმა დაარწმუნა იქაურები, მღვდელი მოეწვიათ. მათ უპასუხეს: შენ იყავი ჩვენი მოძღვარი და მწყემსიო. ნეტარმა აბრაამმაც მღვდლობის მადლი მიიღო. ასე იცხოვრა სამი წელი, ბრძნულად წარუმართავდა მათ გზას ღვთისაკენ, მერე თავის სანაცვლოდ მღვდელი მოამზადა, თვითონ კი მონაზონთა ნავსაყუდელს მიაშურა.

5. ამგვარი ღვაწლით გაბრწყინების მერე აბრაამმა მღვდელმთავრის კათედრა დაიკავა კასრაში. ეს ქალაქი ჯერ კიდევ უწმინდურებით იყო აღსავსე და შეპყრობილი გახლდათ ეშმაკეული უმეცრებით. მაგრამ ღირს იქმნენ ამგვარი მუშაკის ზრუნვისა და მიიღეს მისი მოძღვრების ცეცხლი, განიმარგლნენ ადრინდელ ეკალთაგან და ახლა უხვად გამოსცემენ სულიწმინდის ნაყოფს და მიართმევენ ღმერთს ღვთისმოშიშების თავწარსხმულ თავთავს. ასეთი უნაყოფო მიწა დაამუშავა ამ ღვთის კაცმა მრავალი ძალისხმევით: იგი ხან დაატკბობდა თავის სამწყსოს დამოძღვრით, ხანაც მწარე წამალს იყენებდა, ზოგჯერ სნეული ნაწილის მოწვითა და მოკვეთით უძლურებს ჯანმრთელობას უბრუნებდა. მწყემსის დამმოძღვრელ სიტყვასა და კურნების სხვა ხერხებს ეხმარებოდა მისი სათნო ცხოვრებაც.

6. მღვდელმთავრული მსახურებისას აბრაამი მცირეოდენი პურითა და წყლით კმაყოფილდებოდა. ზედმეტად მიაჩნდა საწოლი და არც ცეცხლი სჭირდებოდა. ღამე მონაცვლეობით ორმოც ფსალმუნს გალობდა და მათ შორის დროს ორმაგი რაოდენობის ლოცვით ავსებდა. განთიადისას ჯდებოდა სკამზე და წამწამებს დასვენების უფლებას აძლევდა. არა მხოლოდ ერთითა პურითა ცხონდება კაცი (II სჯული 8,3), - თქვა ეს ჯერ კიდევ სჯულმდებელმა მოსემ; დაამტკიცა იგი უფალმაც, ოდეს ეშმაკის საცთური უკუაგდო (მათე 3,4). ეს საკვირველი კაცი მღვდელმთავრობისას არც პურს ჭამდა, არც მწვანილს, არც ბოსტნეულს, არც ცეცხლზე მომზადებულს, თვით წყალსაც არ იხმევდა. აბრაამს საჭმელ-სასმელი შეუცვალა სალათამ, ვარდკაჭაჭამ და ოხრახუშმა, არ სჭირდებოდა ხაბაზ-მზარეულთა ხელოვნება. ალოობისას რომელიმე ნაყოფს შეჭამდა, მაგრამ ამასაც - ღამისთევის ლოცვის მერე.

7. დიდი შრომით იუძლურებდა სხეულს და სხვებსაც არ აკლებდა ზრუნვას. მწირებისათვის ყოველთვის გამზადებული ჰქონდა საწოლი და პური - თეთრი და გემრიელი, დიდებული ღვინო და თევზი, ხილი და ყოველივე მსგავსი. შუადღისას თვითონვე ჯდებოდა ტრაპეზთან და მეინახეებს კერძებს და სასმელს სთავაზობდა, თვითონ კი ჰბაძავდა თავის მოსახელე ანუ მწირების მასპინძელ პატრიარქს (შესაქმე. 18,1-8) და მათთან ერთად ჭამდა.

8. მთელი დღეები ესწრებოდა მძიმე სადავო საქმეებს და მოდავეებს შერიგებას არწმუნებდა. მათ, ვინც არ უჯერებდა მის მდაბალ მოწოდებას, არ თანხმდებოდა სამართლიან დათმობებზე, მათდა უნებურად აიძულებდა ამის ქმნას. მტყუანთაგან ვერავინ გამოდიოდა თავისი კადნიერებით გამარჯვებული, ვინაიდან თუ უსამართლოდ განაწყენებულთა მხარეს ღვთის კაცი დგებოდა, იგი უძლეველი ხდებოდა. იგი მსგავსი იყო კარგი ექიმისა, რომელიც ეწინააღმდეგება სხეულიდან სასიცოცხლო სითხის გამოდენას და ზრუნავს ორგანიზმში ელემენტთა თანასწორობისათვის.

9. მეფემ, თეოდოსი დიდმა, მოისურვა მისი ნახვა და იხმო. მიესალმა და უთხრა, შენი სოფლური ტყავის შესამოსელი აღმატებულია მეფის მეწამულ სამოსზეო. უფლისწულები, ყველანი, მიემთხვივნენ მუხლებსა და ხელებს ღირსი მამისა და კურთხევა სთხოვეს კაცს, რომელსაც ბერძულიც კი არ ესმოდა.

10. ამგვარი სიბრძნისმოყვარება პატივისცემას იმსახურებს როგორც მეფისგან, ისე ხალხისგან და მოსაგრენი სიკვდილის მერე არცთუ იშვიათად ღირსი შეიქნებიან ამგვარი პატივისა. როცა ის გარდაიცვალა, მეფემ ერთ-ერთ წმინდა აკლდამაში გადაწყვიტა მისი დამარხვა. მერე კი ჩათვალა, სამართლიანი იქნებოდა, მწყემსის სხეული სამწყსოსთვის გადაეცა. თვითონვე გააცილა გარდაცვლილი. ის ყველაზე წინ მიდიოდა, უკან მიჰყვებოდა დედოფალთა ქორო (მეფის და, დედოფალი და მეფის ასულნი), მერე კი ხელმძღვანელნი და ქვეშევრდომნი, სამხედრონი და უბრალონი. ასეთივე დღესასწაულით შეხვდნენ მას ყველა სხვა ქალაქში, ვიდრე მდინარე ევფრატამდე. მდინარის ნაპირთან უამრავი მოქალაქე და უცხოტომელი და საზღვრისპირა ქვეყნის მკვიდრი მოვიდა - ყველა გარდაცვლილისგან კურთხევის აღებას ცდილობდა. კუბოს მრავალი მცველი მიაცილებდა, რომლებიც შოლტებით აშინებდნენ გარდაცვლილის სამოსიდან ნაწილის მოხევის მსურველებს. ისმოდა ფსალმუნთგალობა და სამგლოვიარო საგალობლები: ერთი მწუხარე დედაკაცი მას მფარველს, გამომზრდელს, მწყემსს და მასწავლებელს ეძახდა, მგლოვიარე მამაკაცი - მამას, შემწეს და შუამდგომელს. ამგვარი შესხმითა და ცრემლებით მიაბარეს მიწას ღვთისკაცის წმინდა სხეული!

11. მე მიკვირს მისი, როგორც კაცს, რომ მიუხედავად ცხოვრების სახის შეცვლისა, ცხოვრების წესი არ შეუცვლია - ეპისკოპოსობისას უფრო მსუბუქი ყოფა არ აურჩევია, არამედ მხოლოდ განამრავლა თავისი მოსაგრეობის ღვაწლი. ამიტომაც მოვათავსე მისი ცხოვრება განდეგილთა ცხოვრებებში და არ გამოვყავი თავისი საყვარელი საზოგადოებისგან, რათა თვითონაც მიმეღო ამის გამო მისგან კურთხევა.
ბეჭდვა
1კ1