სულიერი მამის ნების აღმსრულებელი ღირსი შეიქნა უმტკივნეულო აღსასრულისა
სულიერი მამის ნების აღმსრულებელი ღირსი შეიქნა უმტკივნეულო აღსასრულისა
მონაზონი არეთა. როგორც უკვე ვთქვით, მონაზონ არეთასთან ერთად ამერიკიდან ერთი ახალგაზრდაც ჩამოვიდა, სახელად გიორგი. ის ძალზე მოშურნედ ბაძავდა არეთას სათნოებებში და ეს მოშურნეობა შურად ექცა. ამ ცოდვას სულიერ მამასთან არ აღიარებდა და ერთხელაც, როცა საზიარებლად წავიდა, მასში ეშმაკი ჩასახლდა. ეშმაკი იმდენად ბოროტი იყო, რომ რამდენიმე მამასაც კი უჭირდა სნეულის გაკავება. გველივით ცოცავდა ვერანდის კოჭებზე. ბოლოს ის ქსენოფონტეს მონასტერში წაიყვანეს და ღირსმა გიორგიმ, რომელიც მაშინ წინამძღვრობდა მონასტერს, სრულიად განკურნა. მას მერე ახალგაზრდა მორჩილი დიდ მორჩილებას იჩენდა და აღკვეცეს მონაზვნად, სახელად კი გალაქტიონი უწოდეს. მშვიდი ჰქონდა მას აღსასრული.

მესამე ყმაწვილს ოტონს ეძახდნენ, ნათლისღებით მას სხვა სახელი ერქვა, მაგრამ ეს დაირქვა, რათა არ ეპოვათ, რამეთუ მდიდარი ოჯახიდან იყო წამოსული. დიონისეს მონასტრის საძმოს შეუერთდა და სახელად ლაზარე უწოდეს. მტკიცედ ადგა მამა ისააკის კვალს, რომელიც, თავისი მორჩილების წყალობით, ვითარცა არწივი, ხუთ წუთში დაფარავდა კარიესიდან დიონისიატამდე მანძილს, თუმცა მათ შორის მთელი ხუთი საათის სავალი იყო. მას არასოდეს არავისთვის უწყენინებია, ყველაზე შეუმჩნეველი მონაზვნის მიმართაც კი უკიდურეს მორჩილებას იჩენდა.

მე მაშინ გავიცანი, როცა ამ მონასტერში საკმევლის წარმოებაზე შრომობდა. მას წინასწარ ეუწყა თავისი აღსასრული და მშვიდად გარდაიცვალა.

მამა ხარიტონი და მამა გრიგოლი (ალიფანტისი). მამა საბას მოწაფემ, მამა კოზმამ მითხრა, ყუთლუმუშის სკიტში არის ეგინელი მონაზონი, სახელად ხარიტონი. სრულყოფილი უპოვარია და ჩიტივით ცხოვრობსო. ის უშრომლად ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, წყალი კოკით მოჰქონდა მხოლოდ ტაძართან მდებარე წმინდა პანტელეიმონის წყაროდან. მამები აფასებდნენ მას, რჩევას ეკითხებოდნენ და მისგან ყოველთვის ბრძნულ დარიგებებს იღებდნენ.

ერთხელ, რთვლობისას, იმ კელიის ვენახში კრეფდნენ ყურძენს, სადაც მამა კოზმა ცხოვრობდა. მახსოვს, მტევნები ისეთი მძიმე იყო, რომ ვაზები მიწამდე დახრილიყო და ჭიგოები ჰქონდა შედგმული, მიწას რომ არ შეხებოდა.

კალათით მიმავალს მამა კოზმამ მიბრძანა, მამა ხარიტონის სანახავად ჩავსულიყავი.

წავედი და ძველი ათონური წესით მივესალმე - ქედი მოვუდრიკე და არაფერი მიკითხავს.

მან მიცნო. მიხვდა, ვისი ნათესავი ვიყავი და მომიყვა, თუ როგორ მოვიდა ათონზე, რომ აქ ჩამოვიდნენ მისი ნათესავი და ბიძაჩემი, რომელიც ფილოთეუს მონასტერში მოეწყო. იქ მან რაღაც წიგნების გავლენით დატოვა მონანიების სავანე და ერში წავიდა.

მამა ხარიტონმა ჩემი დამოძღვრა დაიწყო: - რომ იცოდე, როგორი მორჩილი იყო გრიგოლი ფილოთეუს მონასტერში! თუმცა მონასტერი იდიორითმული იყო, მაგრამ ის იმდენად ერთგული იყო თავისი მოძღვრისა, რომ სამუშაოდან დაბრუნებულს და მწყურვალს თუ მოძღვარი ეტყოდა, არ დაელია, მაშინვე კოკას გვერდზე გასწევდა. არ ვიცი, ვინ მისცა მას წიგნები, რომლითაც მხოლოდ უგუნურ იქმნა ამსოფლიური სიბრძნით, დაუტევა მონასტერი და ახლა სოფელში ცხოვრობს. სად არის ახლა, ვერ შევიტყვე.

ჩემო მამაო ქრისანთე, წმინდა სამების კალივაში ვცხოვრობდი, სადაც ახლა შენ ცხოვრობ, მაგრამ იქიდან წამოვედი. შენ კი გაიხსენე შენი მამა-პაპის სამშობლოში მცხოვრები წმინდათა ცხოვრება. ეს წმინდანები მხოლოდ მარხვასა და ლოცვას მისდევდნენ.

გახსოვდეს, არ დაივიწყო მამა მინას მორჩილი მამა ონუფრესეული წმინდა წერილის განმარტებები და რჩევები. სკიტში ცხოვრებისას ყოველთვის აღმაფრთოვანებდა მორჩილებით და ცხოვრებისეული უბრალოებით. რამდენადაც შესაძლებელია, მიჰბაძე მათ, მაშინ შენი წინაპრები უხილავად დაგინახავენ და გაიხარებენ.

იმდენად შეძრული ვიყავი, რომ ვერ ვკითხე, ვისი გვარიდან იყო მამა ხარიტონი: ძე იყო თუ ნათესავი პეტრესი და ანასი?

მერე მამები მეუბნებოდნენ, მას ისე გავხარ, ბებერი რომ იყო, ერთნაირი სახე გექნებოდათო. როცა სკიტში შევდიოდი, ვუდარებდი (დღემდე ვუდარებ) ჩემი წინაპრების ნაკვთებს მამა ხარიტონისას. ჩვენ სახით დიდად ვგავდით ჩვენს აღმზრდელ დიდედას.

კარიესში მუშაობისას ბევრს მესაუბრებოდნენ ბიძაჩემზე, მამა ხარიტონის უპოვარებაზე. როცა ის მოკვდა, ერთი კოკაღა დარჩა, მეტი არაფერი, როგორც მითხრა ნაკსოსელმა მამა ევგენიმ, ღვთისმშობლის შობის კალივიდან.

ერთხელაც ჩემი მორჩილი მამა გორდი ავად გახდა და სოფელში წმინდა ნექტარიოსთან წავიყვანე. იქ შევიტყვე, რომ ჩემი ბიძა, მამა გრიგოლ ალიფანტისი ქრიტოლეონტისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელი იყო. წავიყვანე მამა გორდი ამ მონასტერში. ბიძაჩემს, ღმერთმა სასუფეველში დაამკვიდროს, უკვე იღუმენის ხარისხი მიეღო. ჩვენ მას გავესაუბრეთ. მაშინ მან მომითხრო ყველა იმ განსაცდელსა და სატანჯველზე, რომლის დათმენაც მოუხდა მთაწმინდიდან წასვლის მერე. ისე ავფორიაქდი, რომ აღარც კი მახსოვს, როგორ წავედი ეკლესიაში სალოცავად.

ჩემი წასვლის მერე მთავარეპისკოპოსმა მონასტერში კიდევ რამდენიმე მონაზონი გამოგზავნა. ახლა მონასტერში ჩემი სამი დეიდა ცხოვრობს, ყველა მონაზონია და ალიფანტისის გვარს ატარებენ.

მიწების განაწილების დღეებში ნეტარხსენებული მამა გრიგოლი საგმატის მონასტრის იღუმენი გახდა. ეს მონასტერი თებესთან წმინდა კლიმენტი ათონელმა დააარსა. აქ ბევრი წმინდანის მრავალი წმინდა ნაწილი ინახება. მათ შორისაა ძელიცხოველის ნაწილი, რომელიც იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა სავანეს სამუდამოდ გადასცა.

ღვთისმოშიში იმპერატორი სამი მონასტრის ქტიტორი იყო: საგმატის მთაზე ღირსი კლიმენტი ათენელისა, მინუპოლეს მთაზე ღირსი მელეტისა და წმინდა ნათლისმცემლისა მთაწმინდაზე, რომელიც წმინდა დიონისემ და ღირსმა დომენტიმ დააარსეს.

გრიგოლმა (ალიფანტისი) ბევრი რამ დაითმინა მათგან, ვისაც მიწების განაწილება ჰქონდათ ჩაბარებული, მათ სურდათ, მონასტრისთვის ჩამოერთმიათ ბიზანტიის იმპერატორების ნაჩუქარი სანაწილე ლუსკუმა.

ბევრი მონასტერია საბერძნეთში. მაგრამ საგმატისა და მეტეორას მონასტრები განსაკუთრებულია. იქაური მოსაგრეები თავიანთი ღვაწლით თვით ადამიანურ ბუნებასაც კი აღემატებიან. მათი ცხოვრების წესი ბუნებრივ ძალებზე აღმატებულია.

ჩვენ მთაწმინდაზე ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მოვედით. ჩვენი მანუგეშებელი იყო: უხვი წყლები, ბაღები, ზეთისხილის ტევრები და საუკუნეების მანძილზე დაგროვილი უდიდესი მადლი. აქ თუ ღმერთი წვიმას არ მოავლენს, გამოცდილ მონაზონსაც კი, რომელიც საგმატის მონასტერში აღმოჩნდება, ესმის, გაჭირდება ცხოვრება ამ მღვიმეებში და დათმენა ზაფხულის სიცხისა და ზამთრის სიცივისა. მისი გონება განცვიფრდება მოსაგრეთა სითამამით. მათ არ ჰქონიათ არც თბილი სამოსი, არც ღუმელი, არც სახურავი, სადაც თავს შეაფარებდნენ. მხოლოდ მხურვალე სწრაფვა ღვთისკენ, რომელიც მათ გულებში ღვთაებრივი სიყვარულის ძალით მოქმედებდა და მათი გონება ზეციურ სავანეებში აჰყავდა. ასე რომ, მცირედითაც კი არ ინდობდნენ საკუთარ სხეულს.

მათ როგორ შევადარო თანამედროვე მონაზვნები! თანამედროვე მონაზვნები მოითხოვენ ტელეფონებს, ელექტრონულ მაცივრებს. იმ მონაზვნებს კი პურიც არ სჭირდებოდათ, რადგან არსობის პურის მორეწვა მოსწყვეტდა მათ ღვთის მუდმივ ხსოვნას.

რა ვქნათ ჩვენ, საცოდავებმა, ყველგან განსვენების მაძიებლებმა? ერთადერთი, რაც თვალწინ მიდგას - ჩემს დამრიგებელთა ცხოვრების მაგალითების ხსოვნაა. ერთი მათგანი მამა ონუფრე იმდენად იყო შეპყრობილი ღვთაებრივი სიყვარულით, რომ ტაძარში არასოდეს დაჯდებოდა. მუდმივად დგომისგან ფეხები დაუჩირქდა და ძლივსღა დაითმენდა ტკივილს. ჩემი მამა-მოძღვარი აზარია კი სირსველით იტანჯებოდა, როგორც მოწამე, დაითმენდა საშინელ ტკივილს და ერთხელაც არ დაუწუწუნია.

მე კი იმას ვეძებ, სად განვისვენო, სად ვჭამო გემრიელად. ჩემს მოვალეობებს გაჭირვებით ვასრულებ. მხოლოდ ჩემი დამრიგებლების ლოცვისა და შუამდგომლობის იმედი მაქვს, მათი და ჩვენი საერთო დედუფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვებისა.

მიწების გადანაწილების მერე მამა გრიგოლმა (ალიფანტისი) დატოვა საგმატის მონასტერი და მხცოვანი მონაზვნები. მისი ერთი მორჩილი მოგვიანებით წმინდა ანას სკიტში მოვიდა, სადაც ის აღკვეცეს კლიმენტის სახელით. თვითონ მამა გრიგოლი მიიცვალა 1969 წლის ორ აპრილს, ჩემს მშობლიურ სახლში, ეგინაზე, რომელიც მან ეგინის მიტროპოლიტს უანდერძა. ახლა იმ სახლში ეპარქიის სამმართველოა.

სრულყოფილი მორჩილი. სკიტში იმ დროს კატაფალკა არ ჰქონდათ. ერთმა მჭედელმა ძმამ მოამზადა კატაფალკა, რათა უფრო ადვილად გაეცილებინათ გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე. მან კატაფალკა ტაძარში შეაგორა. ძმები ამ მექანიზმის სანახავად მოვიდნენ. უეცრად დიკეამ იკითხა: "პირველს ვის წაასვენებენ ამ კატაფალკით სასაფლაოზე?" ყველამ შიშით შეხედა დიკეას. ერთ-ერთი ახალგაზრდა მიუბრუნდა თავის მოძღვარს: "მამაო, მაკურთხე, რომ პირველი მოვკვდე მამათა შორის". მოძღვარმა, რომელიც უმაღლეს საზომს იყო მიღწეული, უპასუხა: "გიბრძანებ". მამებმა მათი ეს საუბარი ხუმრობად ჩათვალეს.

მორჩილი კი მაშინვე შეუდგა სიკვდილისთვის მზადებას, დაიტირებდა თავის ცოდვებს, აღიარებდა მოძღვართან.

ორმოცი დღის მერე სამგლოვიარო ზარს შემოჰკრეს. ძმებმა ერთმანეთს გადახედეს, არავინ იცოდა, ვინ მოკვდა. როცა შეატყობინეს, რომ ის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ყველამ თქვა: "აი, ქურდი, მორჩილების აღთქმა დაიმარხა, კურთხევა გამოითხოვა მოძღვრისგან, ასე სწრაფად დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება და ახლა ზეცაში იხარებს. თავისი მორჩილებით მან სამოთხე მიიტაცა".

სკიტელმა მამებმა სიხარულით მიაცილეს ყმაწვილის ცხედარი საფლავამდე, თანაც კვირობდნენ, ჩვენს დროშიც კი სრულყოფილ მორჩილს სიკვდილისა არ ეშინია, სულიერი მამის ნების აღმსრულებელი ღირსი შეიქნა უმტკივნეულო აღსასრულისა და ზეციურ სიკეთეთა გამო მიწიერ სიკეთეთაგან მალე განშორებისა. მორჩილსა და მის მოძღვარს ყველა ნეტარად მოიხსენიებდა, მისი მორჩილების მაგალითი კი არ მინავლდება მომავალი თაობის მონაზონთათვის.
ბეჭდვა
1კ1