თუ ქრისტეს სიყვარულით აღიღებ ჯვარს, ის მსუბუქი იქნება
თუ ქრისტეს სიყვარულით აღიღებ ჯვარს, ის მსუბუქი იქნება
წავლანი. მოშურნეობა. ერთი საათიც არ დატოვოთ საკუთარი თავი უკონტროლოდ. ყოველ საათს დააკვირდი, გამოსცადე, აკონტროლე საკუთარი თავი, იმ დროს ყველაფერი თუ გაქვს წესრიგში.

* მე ხშირად ვეკითხებოდი მამა იოსებს, როგორ მიაღწიეთ ამ მდგომარეობას-მეთქი. ძალზე ჩავუღრმავდი, შევიცანი საკუთარი თავი, - მიპასუხა, - შენ ვინ ხარ? არავინ. მღილზეც კი უარესი. მოვიდა მადლი, წამოგაყენა და ანგელოზი გახდი. წავიდა მადლი და შენ ისევ ის ხარ, რაც იყავიო.

- დიახ, მაგრამ როგორ შევძლებთ ამ მადლის მოპოვებას?

* თქვენზეა დამოკიდებული, გონება რომ საღი და მშვიდი გქონდეთ. საცთურების შემოტევა კი არ არის დამნაშავე, არც შენი ძმის მოქმედება. შენ თვითონ ცხონდები და თვითონვე შეიძლება საკუთარი თავი დაიღუპო. როცა საკუთარი ცხონება გსურს და აიძულებ საკუთარ თავს - ლოცვით ყველაფერი მოდის.

* თავდაპირველად, როცა მონასტერში მოვდივართ, ათონის მთის სიმაღლე მოშურნეობა გვაქვს, შეინარჩუნეთ მოშურნეობა, რათა არ შემცირდეს, არ ჩაქრეს, თორემ საქმე ცუდად იქნება. შეგიძლია, ეს მოშურნეობა გაზარდო, გააძლიერო - მაშინ შექების ღირსი ხარ. მე ვგულისხმობ მოშურნეობას მორჩილებაში, ლოცვაში, თავის განკითხვაში, ყურადღებას ტაძარში ლოცვისას, ყურადღებას კელიაში, საკუთარი თავის კონტროლს. თუ ის ჩაქრება, ესე იგი ყველაფერი წესრიგში არ გაქვს. იჩქარე გამოასწორო, რომ არ გაცივდეს ეს მოშურნეობა. ნეტარია ის ძმა, რომელიც ღვაწლისადმი მოშურნეობას მთელი სიცოცხლე შემოინახავს, იმიტომ რომ არ იცი, რამდენი წელი იცხოვრებ მონასტერში.

გონების მოკრება. ერთ მონასტერში მღვდელი აკმევდა. როცა წინამძღვართან მივიდა, არ უკმია. მოგვიანებით წინამძღვარმა ჰკითხა, - მამაო, რატომ არ მიკმიეთო.

- მაპატიე, მამაო, სტასიდიაზე მჯდარი ვერ დაგინახე.

- მაგრამ მე სტასიდიაზე ვიყავი, მამაო.

- არა, მამაო, არ დამინახიხარ.

სხვებმა, რომელთაც ესმოდათ კამათი, წინამძღვარს უპასუხეს: "მამაო, მღვდელი დაფარულთმცოდნელია, იცის, რასაც ამბობს".

მან იფიქრა, იფიქრა და თქვა:

- არადა, მართალია მღვდელი, მე ხომ აქ კი არა, მეტოქიონში ვიყავი ფიქრებითო.

მიხვდით?

* წმინდა ნექტარიოს ეგინელმა მასთან მისულ მონაზვნობის მოსურნე მხევალს უთხრა: "აჰა შენ ათი ცხვარი და მწყემსე".

- მაკურთხეთ.

გავიდა ორი დღე. "მამაო, - ეუბნება ქალი წმინდა ნექტარიოსს, - გულისთქმები მაწუხებს, რომ მე აქ მონაზვნობისთვის მოვედი და არა მწყემსობისთვის".

- ჩემო ძვირფასო, როცა ტაძარში ვაკმევდი, შენ სტასიდიაზე დაგინახე.

მონაზონი (მორჩილი) ცხვარს მწყემსავდა და გონებით ტაძარში ლოცულობდა, ამიტომაც დაინახა წმინდანმა ის სტასიდიაზე.

* ვგონებ, ჩემი მოძღვრის დაკრძალვისას ერთი მონაზონი ჩამოვიდა კერასიიდან და თქვა: - აქ ჩამოსვლამდე სამჯერ წავიკითხე ღვთისმშობლის აკათისტოო. ხედავთ, როგორ მოღვაწეობენ მამები?

წმინდანობა, სათნოებები, ღვაწლი. კაცი, რომელიც განიკითხავს საკუთარ თავს და მოყვასს ეფერება, წმინდანობას მიაღწევს. თუ შენ სხვისგან, შენი შემაწუხებლისაგან, პატიების თხოვნას ელი, ესე იგი, არ მიდიხარ მონაზვნური გზით.

ამბა ნისტერიონს წმინდანის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ვიღაცამ ჰკითხა: "რომელ სათნოებაში იღვწი, მამაო, რომ ასეთ სიმაღლეს მიაღწიე?" - "მონასტერში მოსვლისთანავე საკუთარ თავს ვუთხარი, მე და ვირი ერთნაირები ვართ. რამდენსაც ამბობს ვირი, როცა მას ერეკებიან, იმდენს ვიტყვი მეც". ხედავთ, რა დაუდო მან საფუძვლად. იგი, როგორც არ უნდა დაემცირებინათ, მხოლოდ "შემინდეთ, მაკურთხეთო", - იძახდა. ჩვენ კი სიტყვის დათმენაც კი არ შეგვიძლია.

* ის, რაც ეშმაკისგან არის, ბადებს ერთგვარ სიცივეს, მერყეობას, ეჭვს, სიცარიელეს. ვერ გადამიწყვეტია რაიმე საქმის გვაკეთება. ასე რომ, თუ გრძნობ შინაგან მერყეობას, ის ეშმაკისგანაა.

* თუ კაცს ცხონება უნდა, მუდმივად უნდა იღვწოდეს. მისი პირველი ამოცანაა, სძლიოს საკუთარ თავს. თვითონვე კაცი, თავისი საკუთარი მზაკვრობით - მტერია საკუთარი თავისა, რადგან არ უსმენს სხვას და მხოლოდ საკუთარ გულისთქმებს უჯერებს. ეს მაშინ, როცა ჩვენ ამდენი წმინდა მამა გვყავს, შეგვიძლია წავიკითხოთ მათი ნაშრომები და მივბაძოთ მათ. მაგრამ ჩვენზე ხშირად საკუთარი "მე" ბატონობს. როცა კაცი სძლევს საკუთარ თავს - ის უდიდესი დიდმოწამე და ძლევამოსილია ღვთის წინაშე.

* ჯვარი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, იმიტომ რომ თავი ჩვენი (ქრისტე) ჯვარზე ავიდა - და ჩვენც ავალთ. ერთი მხრივ, ჯვარი ტკბილია და მსუბუქი, მეორე მხრივ კი მწარეა და მძიმე. ესეც ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ქრისტეს სიყვარულით აღიღებ ჯვარს, ის მსუბუქი იქნება, ვითარცა ღრუბელი, თუ არადა, მძიმე და ვერსატვირთავი.

* მე ეს გამოცდილებამ მასწავლა. დაე, იყოს ნება ღვთისა! ამაში პოვებ შვებას. ხოლო თუ დაიწყებ განსჯას, არა, მშვიდობას ვერ ნახავ...

* შიგნით სიხარული გიდუღს - ნუ აჩვენებ. შიგნით ჯოჯოხეთი თუხთუხებს, კაეშანი მოგერია - ნუ გამოაჩენ. აი, ეს არის მონაზონი...

* წმინდა წერილი არსად თავის მართლებას არ გვასწავლის. წმინდანები არათუ თავს არ იმართლებენ, არამედ ნებაყოფლობით იტანჯებიან სხვებისთვის.

* არა, მამაო, ასე არა. შენ საკუთარი თავი გამოასწორე და სხვების გამოსწორებას ნუ ელი. ყველაზე უქვემოესი იყავი, რათა ყველა გთელავდეს, მაშინ იქნები წესრიგში. თუ არადა...

მოთმინებით შეიჭურვე. ეს არის გოლგოთის გზა.

* კაცი როგორი ბრძენიც არ უნდა იყოს, სხვას მაინც უნდა ჰკითხოს მცირე რჩევა. ჩვენ ხომ უშუალოდ ღვთისგან არ ვართ განსწავლულნი. ანდა იქნებ შეგიძლია ღვთისაგან უწყება მიიღო? ჩვენ ასეთ სულიერ მდგომარეობაში არ ვართ. ესე იგი, რჩევა სხვასაც ვკითხოთ, მოვეთათბიროთ, განა შენზე უკეთესი არ არსებობს!

ლოცვა. სკვნილი - აი ეს არის სასწაულთმოქმედი.

* საუკეთესო ლოცვა ისაა, რომელიც შენში იშვა. გინდა, რომ ზიარების წინა ლოცვები წაკითხო და ეზიარო? არ არის საკმარისი. "შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა" - ვკითხულობთ, მაგრამ არაფერი გვესმის, რასაც ვამბობთ. შენ თვითონ იპოვე ლოცვა, მაშინ მიხვდები, ღვთისათვის რისი თქმა გსურს. ამაში უდიდესი ძალა იმალება, უდიდესი!

* ლოცვა - სარკეა მონაზვნისა.

* წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "კაცს, რომელსაც ეკლესიაში სიარულის საშუალება არა აქვს, შეუძლია ლოცვის მიერ საკუთარი თავი აქციოს საკურთხევლად.

ერში მყოფ ადამიანებს, მაგალითად, მეცნიერებს, შაბათ-კვირასაც არ შეუძლიათ ეკლესიაში წასვლა, რადგან ამ დროს რაღაც საქმეს აკეთებენ. მაგრამ შენ შეგიძლია იესოს ლოცვის წართქმით ამ დროს საკუთარი თავი აქციო საკურთხევლად.

* საკუთარ მოძღვარს ვუთხარი: - მამაო, თუ იესოს ლოცვას წავიკითხავ, ჯოჯოხეთში წასვლისაც არ მეშინია-მეთქი. იმდენი სიტკბოება, იმდენი სიხარული ძევს ამ პატარა ლოცვაში. პატარაა ეს ლოცვა, მაგრამ რამხელა ძალა აქვს. როცა მას წართქვამ, ჯოჯოხეთისაც კი არ გეშინია. მას ჯოჯოხეთშიც კი წავიკითხავ. დაგვიჯერეთ, რადგან ჩვენ ყოველივე ეს გამოვიარეთ და თქვენ გადმოგეცით.

* ჩვენ მაშინ წმინდა პავლეს მონასტრისთვის ტანსაცმელს ვკერავდით. ახალბედა ვიყავი და ჯერ არ ვიცნობდი მამა იოსებს. შინიდან გამოსვლისას სკვნილი ავიღე და წმინდა პავლეს მონასტრისკენ გავემართე. კატუნაკიდან წმინდა პავლემდე ორსაათნახევრის სავალია. გავიარე წმინდა ანას მცირე სკიტი, დავეშვი ახალი სკიტისკენ. როცა ხარების კალივის ზემოთ, წისქვილთან გავიარე, უეცრად გონს მოვედი: "ეს რა არის, აქ როგორ აღმოვჩნდი?!" - გავიფიქრე. ისე თავდავიწყებით მივეცი ლოცვას, რომ ვერც კი შევამჩნიე, სად ვიყავი.

* კელიაში ხელსაქმისას ანდა სამორჩილო სამუშაოების აღსრულებისას ნუ დაუტევებ იესოს ლოცვას, რადგან იგი განგწმენდს. პირველი, რასაც მამები გრძნობენ - სიხარულია! ეს სიხარული სხვა არაფერია, თუ არა კენჭი, სანაპიროზე დაგდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნიდან იწყება განწმენდა. ამიტომაც იმეორე იესოს ლოცვა და ნუ დაუტევებ მას. ეს მიგიყვანს იმ უფრო დიდ სულიერ მდგომარეობამდე, რომელზე ფიქრიც კი არ შეგიძლია.

სკოლის მოწაფეს გიმნაზიის საგნების გაგება არ შეუძლია, გიმნაზისტს - უნივერსიტეტისა. მაგრამ როცა მადლი შეგეხება, მაშინ მიხვდები, რომ შენ ახლა გიმნაზიის მოწაფე ხარ, ანდა უნივერსიტეტის სტუდენტი. შენ თვითონ მიხვალ აქამდე.

* ერთი მონაზონი ტუალეტში ყოფნისას ლოცვას კითხულობდა. მაშინვე გამოეცხადა დემონი: - ბინძურ ლოცვას კითხულობო. მონაზონმა კი უპასუხა: "მისმინე, ღვთის დიდებულებისაგან განდგომილო: სხეულიდან განმავალი ქვემოთ მიდის, ხოლო ის, რაც სულიდან გამოდის, ზევითკენ ისწრაფვის, ერთმანეთს ვერსად გადაკვეთავენ და ვერ შეერთდებიან".

* ზოგჯერ უფალი გამოგცდის, რათა გაგაღვიძოს ძილისაგან, გიგზავნის რაიმე განსაცდელს. უფალს შენი გაღვიძება უნდა: "ნუ გძინავს, ნუ გძინავს, ილოცე".

* დიდი ხნის წინ, ბრწყინვალე შვიდეულში, მამა იოსები მთაწმინდიდან იღუმენია ევპრაქსიას მოსანახულებლად გაემგზავრა. იღუმენიასა და დედებს უთხრა: - ერთი კარგი მოძღვარი ვიპოვეო (ჩემზე თქვა). მოეთათბირა მათ და სკუფია შემიკერეს. როცა მამა იოსები დაბრუნდა, დამმარილებელთან შეჩერდა. ყველანი დაბლა ჩავედით მასთან. მოძღვარი მეუბნება: "ეფრემ, აიღე ეს სკუფია". სკუფია დავიხურე და მაშინვე ლოცვითა და საღმრთო სიყვარულით ავენთე. "ეს რა სკუფიაა, მამაო?" - ვკითხე. "რომ იცოდე, რამდენი ილოცა იღუმენია ევპრაქსიამ ამ სკუფიისათვის", - მითხრა მან.

* იღუმენია ევპრაქსიამ მამა იოსებს ორმოცდაათმარცვლიანი სკვნილი გამოუგზავნა. მამაო, მაჩუქე ეს სკვნილი-მეთქი, - ვთხოვე, - აიღეო. სკვნილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატზე ჩამოვკიდე (მანამდე მან ეს ხატი და პარამანი მაჩუქა). როცა სკვნილი იწყებდა კეთილსურნელებას, ვიცოდი, რომ საღამოს ლოცვა მექნებოდა. ხოლო როცა სკვნილი კეთილსურნელებას არ გამოსცემდა, მაშინ ლოცვა არ მქონდა. დიდი ხნის წინ იყო ეს.
ბეჭდვა
1კ1