აკეფსიმამ დაიბარა, მისი სხეული იმავე ადგილას დაეკრძალათ, სადაც იღვწოდა
აკეფსიმამ დაიბარა, მისი სხეული იმავე ადგილას დაეკრძალათ, სადაც იღვწოდა
XIV. მაისიმე. 1. ვიცი, რამდენი ლამპარი ნათობდა ქალაქ ანტიოქიის მიდამოებში: დიდებული სევერო, პეტრე ეგვიპტელი, ევტიქი, კირილე, მოსე, მალქოსი და ბევრი სხვა, რომლებიც იმავე გზით მიდიოდნენ. მაგრამ ყველა მათი ღვაწლის აღსაწერად დრო არც მეყოფოდა, ამის გარდა მრავალ პირზე მოთხრობათა კითხვა ბევრს სწყინდება. ამიტომაც მათი ცხოვრების მიხედვით, რომელიც აღვწერე, დაე, იმსჯელონ დანარჩენებზე, დაე, ყველა განადიდონ, მათ მიბაძონ და საკუთარ თავს სიკეთე მოუტანონ. მე კი კირას მდელოზე გადავალ და შეძლებისდაგვარად ვეცდები, რამდენიმე იქაური კეთილსურნელოვანი და კეთილსახოვანი ყვავილის სილამაზე ვაჩვენო.

2. ასურულ ენაზე საუბრობდა მაისიმე. სოფელში გაიზარდა. ყველა სახის სათნოებაში წარემატა და ერთი დაბის სულიერი ხელმძღვანელობა მიიღო. მღვდელმოქმედებისა და ღვთის ფარის დამწყემსვისას ღვთაებრივი სჯულისამებრ იქცეოდა. თურმე წლობით არ იხდიდა დაბებკილ ქიტონს. მწირებისა და გლახაკებისთვის მისი სახლის კარები ყოველთვის ღია იყო. თურმე ორი ჭურჭელი ჰქონდა - ერთი ხორბლის მარცვლისთვის და მეორე - ზეთისთვის, ყველა გაჭირვებულს ურიგებდა საზრდოს, მაგრამ ჭურჭლები სარეფას ქვრივის მადლიანი ჭურჭლებივით ყოველთვის სავსე იყო. ყოვლის შემსმენელმა უფალმა ხომ უბრძანა სარეფას ქვრივის ჭურჭლებს, მუდამ სავსენი ყოფილიყვნენ და უბოძა მას სტუმართმოყვარების თესლის ნაყოფნი (შეადარე 3 მეფეთა 17,9.16), ასევე საკვირველ მაისიმესაც მისცა ღარიბებისადმი მისი ზრუნვის სადარი სისავსე.

3. ამ ნეტარ კაცს სასწაულთმოქმედების უდიდესი მადლი მიანიჭა უფალმა: ერთ კეთილშობილ და რწმენით გამშვენებულ ქალბატონს ავადმყოფი შვილი ჰყავდა. ექიმებმა ბავშვს სიკვდილი გადაუწყვიტეს. დედამ იმედი არ დაკარგა. შვილი ღვთის კაცთან მიიყვანა და ცრემლთაღვრით შეწევნა სთხოვა. მაისიმემ ბავშვი ხელში აიყვანა, მივიდა საკურთხევლის კვარცხლბეკთან, დაემხო ძირს სულთა და ხორცთა მკურნალისადმი ლოცვით და დედას შვილი ჯანმრთელი დაუბრუნა.

4. მაისიმესთან მივიდა იმავე დაბის მმართველი (იგი გახლდათ ლიტონიოსი, რომელსაც პირველი ადგილი ეკავა ანტიოქიის საბჭოში, მაგრამ შეპყრობილი იყო უწმინდურების ბნელით), რომელიც მკაცრად სთხოვდა მიწათმოქმედებს მოსავალს. ღვთის კაცი მას შთააგონებდა კაცთმოყვარებას და თანაგრძნობას, მაგრამ მმართველის გულს არაფერი ეკარებოდა. მალე მას ურჩობისგან ვნება მოეწია: უკან გამგზავრებისას ვერაფრით დაძრეს მისი ეტლი ჯორებმა. დასახმარებლად მისული მოსახლეობა ბერკეტებით ამაოდ ცდილობდა ბორბლების გადაბრუნებას. მაშინ ლიტონიოსს ახლობელმა, რომელიც თან ახლდა, აუხსნა უცნაური მოვლენის მიზეზი: ეს მოძღვრის ურჩობის ბრალია და ვევედროთ, რომ გული მოვულბოთო. ლიტონიოსი დაემხო ღირსი მამის ფერხთით და სთხოვდა, არ განრისხებულიყო. მაისიმემ უსმინა მდიდრის თხოვნას, ღმერთს შეევედრა და გაათავისუფლა ბორბალი უხილავ ბორკილთაგან.

5. მაისიმე და მისი მსგავსი ღვთისმსახურების მოშურნეები აჩვენებდნენ, რომ შეეძლოთ, სათნოებათა მწვერვალთათვის მიეღწიათ. მე კი ამ წმინდათა ლოცვის შემწეობით ნეტავ ამ სათნოებათა მთის კვარცხლბეკამდე მიმაღწევინა.

XV. აკეფსიმა. 1. იმავე დროს ცხოვრობდა აკეფსიმაც, რომელსაც მთელ აღმოსავლეთში გაუვარდა სახელი. იგი პატარა ქოხში დაეყუდა, სადაც სამოცი წელი ისე იცხოვრა, რომ არც არავის ესაუბრებოდა და არც არავის ნახულობდა. საკუთარ თავში ჩაღრმავებული ღვთის ჭვრეტაში პოვებდა სრულ ნუგეშს, სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა: "იშვებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს გულისაებრ შენისა" (ფს. 36) მოტანილ საჭმელს პატარა ღიობიდან იღებდა, რომელიც პირდაპირ კი არ იყო გახვრეტილი, არამედ რამდენადმე ხვეულად, რათა ცნობისმოყვარეებს ვერ მოეხერხებინათ შიგნით შეხედვა. საჭმელად კი წყალში დამბალი ოსპი ჰქონდა.

2. კვირაში ერთხელ, ღამით, თავისი ქოხიდან გამოდიოდა და საჭირო რაოდენობის წყალს მახლობელი წყაროდან იღებდა. ერთხელ ერთ მწყემსს სიბნელეში წყაროზე მიმავალი აკეფსიმა მხეცი ეგონა (ვინაიდან მძიმე ჯაჭვებაკიდებული მოხრილი დადიოდა). შურდული მოზიდა, მაგრამ ხელი გაუშეშდა და მანამ ვერ გაანძრია, ვიდრე ნეტარმა კაცმა წყალი არ აიღო და თვალს არ მიეფარა. მწყემსი მიხვდა შეცდომას, დილაუთენია მივიდა აკეფსიმას ქოხთან და შენდობა სთხოვა. მან თავის უნებურ შეცოდებაზე ხელის უბრალო მოძრაობით მიიღო შენდობა.

3. ერთმა ბოროტი ცნობისმოყვარეობით აღძრულმა კაცმა მოინდომა, გაეგო, რას აკეთებდა აკეფსიმა. მისი კელიის სიახლოვეს ხეზე აძვრა და მაშინვე დაისაჯა - სხეულის ნახევარი გაუშეშდა. მორჩილებით მივიდა აკეფსიმასთან და აღიარა თავისი საქციელი. მან უთხრა შემცოდეს, რომ მაშინ დაუბრუნებდა ჯანმრთელობას, როცა ის ხეს მოჭრიდა, ამის გაკეთება კი იმიტომ ბრძანა, რომ ვინმე სხვას არ ჩაედინა მსგავსი საქციელი და არ დასჯილიყო. მართლაც, ხის მოჭრის მერე დამნაშავე გათავისუფლდა. აი, ამგვარი მოთმინება მოღვაწეობისას და მადლი მიიღო ამ ნეტარმა კაცმა ყოველთა მსაჯულისაგან!

4. ის ემზადებოდა ამ ქვეყნიდან განსვლისთვის და იწინასწარმეტყველა, რომ მიწიერ რბოლას ორმოცდაათი დღის მერე დაასრულებდა. მისი ნახვის ყველა მსურველს იღებდა. სხვათა შორის, ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელი ევედრებოდა, პრესვიტერობის (ხუცესობის) უღელი ეტვირთა. ეუბნებოდა: "მამაო, ვიცი შენი სიბრძნისმოყვარეობის სიმაღლე და საკუთარი სულიერი სიგლახაკე, მაგრამ რადგანაც მე მერწმუნა ეპისკოსობის მსახურება - ამგვარი მოწოდების ძალით დავასხამ ხელთ და არა საკუთარი უძლურებით. მიიღე ნიჭი მღვდლობისა ჩემს მიერ ხელდასხმით და ყოვლადწმინდა სულის მადლის მოქმედებით". რაზეც აკეფსიმამ უთხრა: "რადგანაც რამდენიმე დღის მერე განვალ აქედან, ამიტომ არ შეგეწინააღმდეგები. მაგრამ დიდხანს ცხოვრების იმედი რომ მქონდეს, უარს ვიტყოდი მღვდლობის მძიმე და საშინელ ტვირთზე - მის გამო მომავალი სიტყვისგებისა მეშინია". აკეფსიმამ მაშინვე მოიდრიკა მუხლნი, მიიღო მღვდლობის მადლი, ეპისკოპოსმა ხელნი დაასხა, ვითარცა სულიწმინდის იარაღმა.

5. რამდენიმე დღის მერე ერთი ცხოვრება მეორით შეცვალა: მრავალნაღვლიანის ნაცვლად დაუბერებელი და უნაღვლო (უდარდელი) ცხოვრება მოიპოვა. ყველას სურდა მიეღო მისი წმინდა ნაწილები, თითოეული ცდილობდა, იგი თავის სოფელში გადაეტანა, მაგრამ ერთმა კაცმა წმინდანის ანდერძი წაიკითხა და შეწყდა დავა-კამათი: აკეფსიმამ დაიბარა, მისი სხეული იმავე ადგილას დაეკრძალათ, სადაც იღვწოდაო. სიცოცხლეშივე მოკრძალებული ზეციური მოქალაქენი არც დაკრძალვის მერე იღებენ პატივს, მათ ზეციურ სასიძოს უძღვნეს გულის მთელი სიყვარული, ვითარცა კეთილგონიერმა დედაკაცებმა, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეზე ზრუნავენ, - ისინი უყვარდეთ და პატივს სცემდნენ, მხოლოდ ქმრებისა და უცხოთა შექებას კი არაფრად აგდებენ, რის გამოც ზეციური სასიძო, რომც არ სურდეთ, სახელგანთქმულებს გახდის, უხვად უბოძებს მათ ადამიანთაგან შექებას: "ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ" (მათე 6,33). "და ყოველმან რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი ანუ დანი, ანუ მამაი, ანუ დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს" (მათე 19,29). მან ასე თქვა და ასევე მოიქცა. ნეტავი ჩვენც, წმინდა სიტყვითა და საქმით განსწავლულებმა, მათივე ლოცვის ძალით მივაღწიოთ სასურველ მიზანს - უფალ იესო ქრისტეში უმაღლესი წოდების პატივს.
ბეჭდვა
1კ1