ღმერთო, უშველე საქართველოს! ღმერთო, მოხედე საქართველოს!
ღმერთო, უშველე საქართველოს! ღმერთო, მოხედე საქართველოს!
იოანე ბატონიშვილი რამდენიმე მეუდაბნოესა და დაყუდებულ მამაზე მოგვითხრობს: ბასილი ათონელი ქართველი დიდებული იყო. მან შეიყვარა ღმერთი, დაუტევა ეს სოფელი და ათონზე ივერონში დასახლდა. "უკანასკნელი ცხოვრობდა განშორვებით დიდსა ღვაწლსა და მარხულობასა შინა... მას ფრიად პატივსა სცემდნენ მეფენი და თუ იხილის ნაკლულოვანება მეფეთა შორის, იყო მამხილებელი და განმმართველი მათი უწესობისა".

* გერმანე დაყუდებული იმერელი იყო. იგი მონაზვნად აღიკვეცა, რამდენიმე წელი განმარტოებით ცხოვრობდა მარხვითა და ლოცვით. მრავალგზის შეებრძოლნენ არაწმინდა სულნი და ვერ შეარყიეს. ბოლოს მიაღწია სასწაულმოქმედების მადლს - სიკვდილი წინასწარ ეუწყა ღვთისგან, მან ორმოცი დღე იმარხულა, ეზიარა ქრისტეს წმინდა საიდუმლოს და "სული თვისი შეჰვედრა ხელთა შინა ღმრთისათა".

* წმინდა გაბრიელ მცირე მოგვითხრობს წმინდა დიდსქემოსან ონისიფორეზე (ქარუმიძე). როცა გარეჯის მამათა ცხოვრება იხილა, ერთ ღამეს დაუტევა ცოლ-შვილი და წმინდა მამათა კრებულს შეუერთდა. იგი მყუდროების მოყვარე იყო და ლოცვისთვის მონასტრიდან ორ უტევანზე განშორდებოდა ხოლმე. ერთხელ ერთ მღვიმეში, მონასტრიდან სამ უტევანზე "შთაიგდო თავი თვისი", და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა, მეორე ორმეოცი კი წმინდა დავითის საფლავთან, ერთ ბნელ სენაკში იცხოვრა. მრავალი ღვაწლის შემდეგ დიდი სქემა შეიმოსა და უფრო მკაცრად იწყო ცხოვრება. დაეყუდა სენაკში და იქიდან მხოლოდ ლოცვის ჟამს გავიდოდა. სენაკში კი დაბლა ჭილი ეგო, შიშველ სხეულზე მოღვაწეთათვის გამზადებული ჯაჭვი შემოეხვია. მას მერე, რაც დიდსქემოსანი გახდა, ენა დაიდუმა და რაიმეს თქმა თუ უნდოდა, ქარტაზე წერდა. ამ სახით მიაღწია მან "სრულსა საზომსა" და სასწაულმოქმედების მადლს. სიკვდილი წინასწარ ეუწყა და წარვიდა უფლისა მიმართ. გაბრიელ მცირე აღწერს გარდაცვლილი მოსაგრის სხეულს: "ეგრეთ განკაფულ იყვნეს ხორცნი მისნი, ვითარცა ვინ ბროლისა მინის შინა შთააწყვნეს ლელწამნი და გარეგან ჭვირინ იგი, ეგრეთ იხილვებოდა პირსახე მისი და მკლავნი. კანსა მას შინა განსპეტაკებულნი სჩანდეს ძვალნი მისი, რომლისა მხილველნი განცვიფრებული ვიყვენით, რამეთუ არავის ეხილვა ხილვა ესევითარი". წმინდა ონისიფორე 1786 წელს გარდაიცვალა.

* პლატონ იოსელიანიც მოგვითხრობს XVIII საუკუნის მამებზე, რომლებიც ბრწყინავდნენ, ვითარცა მნათობნი უდაბნოთა: წმინდა გაბრიელ ბერი, მოწაფე წმინდა სერაპიონ გარეჯელისა. ის თავდაპირველად დოდოს მონასტერში ცხოვრობდა. ერთხელ 40 დღე იმარხულა, რათა წმინდა ანტონ მარტომყოფის მონასტერში ღვთაების ხატი ეპოვა. იგი 120 წლისა მოკლეს ლეკებმა 1802 წელს.

იმ დროსვე ცხოვრობდა მამა გენადი (თულაშვილი) სახლთუხუცესყოფილი დავით ერისთავისა. დიდად მოღვაწე, კვირიდან კვირამდე მმარხველი, ანუ კვირაში ერთხელ იღებდა საკვებს. 60 წელი არ ენახა სოფელი, არავის ეჩვენებოდა მონასტერში მოსულთ, იშვიათად - ეპისკოპოსთა და მეფეთა იქ მოსულთა. გარდაიცვალა 1721 წელს.

* მთავარეპისკოპოს ტიმოთეს (გაბაშვილს)O1755 წელს ათონის მთაზე უნახავს მოსაგრე ქართველები. წმინდა ანას სკიტიდან მოშორებით, კლდეზე მიდგმულ სენაკში მოღვაწეობდა მამა ანთიმოზ დაყუდებული, ჯავახი, ფრიად მოღვაწე და მშრომელი, სრულიად შიშველი და უპოვარი, ამიტომ სენაკიდან გარეთ არ გამოდიოდა. მის სენაკს კარი არ ჰქონდა, ქვით ამოეყორა. იქვე იყვნენ სხვა ქართველები: გერასიმე ატოცელი სამარღანიშვილი, ფცელი გერასიმე, საქარელი ქრისტედულო. "და იყო მუნ მცირისა ათონისა კლდეთა შინა შეყენებული ვინმე მონაზონი კეთილი, გრიგოლიოს კახი, საალავერდლო". დიონისეს მონასტრის სადაყუდებულო სენაკებში იყვნენ მონაზვნები: გაბრიელ იმერელი, ღვანკითელი ლეონტი დაღეთელი და სერაბინ ქართველი. აქვე უნახავს თეოდორე დაყუდებული. მამა თეოდორე სამთავისის ყმა ყოფილა სოფელ უსისტყიდან, ლეკებს მოუტაციათ და კონსტანტინოპოლში გაუყიდიათ. ბატონი მაჰმადინობის მიღებას აიძულებდა, თეოდორე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევედრებია. ორი წმინდა კაცი გამოსცხადებია და გაუმხნევებია. ერთხელ ტყვეობიდან გამოქცეულა და ეკლესიაში დამალულა, მდევარი დასწევია, მაგრამ საღვთო ძალას ისინი ეკლესიაში აღარ შეუშვია. ბოლოს დიონისეს მონასტერში მოხვედრილა, იღუმენს მონაზვნად აღუკვეცია და ამის მერე სენაკში მარტო დაყუდებულა.

* მე-19 საუკუნის დასაწყისში რაჭის მთებში განშორებული მოღვაწეობდა ბერი ზაქარია ჯაფარიძე, ფრიად წმინდა და მლოცავი, რომელიც კვირაში ერთხელ იღებდა საჭმელს. მან წმინდა სოლომონ მეფეს მოუთხრო ნანახი ხილვა, უწინასწარმეტყველა მეფობის დაკარგვა, მწუხარება და განსაცდელი და ის მომსვრელი ჭირი და შიმშილი, რომელმაც გაანახევრა იმერეთის მოსახლეობა.

* ბერი ვლასი "ათონურ ლიმონარში" წერს: ამბობენ, რომ ღირს გაბრიელ ივერიელს ორი მღვიმე ჰქონდა: საზაფხულო და ზამთრისა. ეს უკანასკნელი ივერთა სავანის სამხრეთ-დასავლეთით, ყარაყალის მონასტრის მხარეს იყო. აქ ის ზამთრობით ცხოვრობდა. კელია ზღვის პირას იდგა და ისეთი სიცივეც არ იცოდა, როგორიც მთებში. მისი საზაფხულო კელია კი მაღლა მთებში, წაბლნარშია. ეს მღვიმე ივერონის დასავლეთით, ნათლისმცემლის სკიტის ზემოთაა. მღვიმეში პატარა ეკლესიაა, რომელიც ცოტა ხნის წინ ივერონელმა მამა მაქსიმემ მოაწყო.

* წმინდა ილარიონ ქართველი (ყანჩაიშვილი) ბიძამისმა, ბერდიაკონმა სტეფანემ გაზარდა ტაბაკინის წმინდა გიორგის ეკლესიაში. 6 წლისა უდაბურ მთებში წაიყვანა და 12 წელი მასში ის თესლი ჩათესა, რომელმაც ნაყოფი უხვად გამოიღო. როცა მამა სტეფანემ მეუდაბნოე ცხოვრება მოისურვა, ტაბაკინელმა მამებმა ამის ნება 3 წლის მერეღა დართეს, ისიც - მკაცრი გამოცდის შემდეგ. ბერებმა ილოცეს და მონასტრიდან 6 კილომეტრით დაშორებულ ადგილას დასახლების უფლება მისცეს. მაგრამ სრულ განდეგილად 5 წლის მერე გაუშვეს. გამოცდისა და პირობების თანდათანობით გამკაცრების მერე, როცა მამა სტეფანე მოსაგრეობაში განმტკიცდა, ბერებმა მისი განმარტოების ურყევი წადილი ირწმუნეს და სრულ მდუმარებაში განდგომის კურთხევა მისცეს. 3 წელი ეულად ცხოვრების მერე მოისურვა მეუდაბნოური სულისკვეთებით თავისი დისშვილი აღეზარდა. მამა სტეფანემ თავისი გარდაცვალების ჟამი წინასწარ შეიტყოდა და დისწულს, იესეს, ანდერძად დაუბარა, - როცა ყველაფერი აღსრულდებოდა, მაშინვე დაეტოვებინა განმარტოების ადგილი, რათა უმოძღვროდ დარჩენილი ეშმაკს არ ეცდუნებინა.

* წმინდა ილარიონიც დაეყუდა, ოღონდ მრავალი წლის მერე, ათონზე. მანამდე ორწელიწად-ნახევარი ათონის უდაბნოში გაატარა. საშინელი ბრძოლა გაუმართა ბოროტმა, წმინდა ანასა და წმინდა ბასილის სავანეებს შორის ადგილი არ დარჩა, ცრემლით რომ არ დაენამა. ბოლოს, მნახველებისგან შეწუხებული, ახალი სავანის გოდოლში დასახლდა, სადაც სამწელიწად-ნახევარი დაჰყო, უმკაცრესი მარხვითა და მარადისი ლოცვით. ეშმაკები ეცხადებოდნენ, ხან წმინდანს ეძახდნენ და მისი ხიბლში ჩაგდება სურდათ. განდეგილობის ბოლო ხანს ეშმაკთა ურიცხვი ურდო დაესხა თავს და სასტიკად სცემა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. იგი ნახა მამა გერასიმემ, რომელსაც მასთან საჭმელი მიჰქონდა და უახლოეს სენაკში გადაიყვანა. გონს რომ მოვიდა, გოდოლში დაბრუნება მოინდომა. მაშინ მოუხმეს მის მოძღვარსა და მეგობარს, მამა ბენედიქტე ქართველს, რომელმაც განაცხადა, მისთვის განდეგილად ცხოვრება აღარ შეიძლებაო. მამა ილარიონიც დაეთანხმა მათ და დიონისეს მონასტერში, წმინდა იაკობის სენაკში დასახლდა.

განმარტოებით ცხოვრების გემო წმინდა ილარიონ ქართველმა დავითგარეჯის უდაბნოში იხმია, ხოლო სრული დაყუდებით - იორდანიის უდაბნოში იწყო ცხოვრება, სწორედ იმ მღვიმეში, სადაც ადრე თავს აფარებდა წმინდა ილია თეზბიტელი და შემდეგ წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მას, უცხო ტომისას, საჭმლის მიმტანიც არავინ ჰყავდა და უდაბნოს ბალახით იკვებებოდა, მაგრამ ყველაფერს დაითმენდა ქრისტეს სიყვარულისთვის. 17 წელი გაატარა ამ უდაბნოში. ალბათ საუკუნოდ იქ დარჩებოდა, ღვთისმშობელი რომ არ გამოსცხადებოდა. უფლის დედამ ის სამშობლოში გამოგზავნა ხორციელი დედის სანახავად, რათა იგი სიკვდილის წინ ენუგეშებინა.

* აფხაზეთის მთებში მოსაგრე ქართველ მამებს მამა იოაკიმე (შენგელაია, +1954) აკითხავდა. გზა გასაიდუმლოებული იყო. ერთ ზამთარს დიდი თოვლი მოსულა. მამა იოაკიმეს უფიქრია, ვინ მიხედავს ამ ბერებსო. მოუგროვებია სურსათი და გასდგომია გზას საიდუმლო გამოქვაბულისაკენ. მიარღვევს თურმე გაჭირვებით თოვლს. ამ დროს ტყიდან მისკენ დათვი წამოსულა. "გავშეშდი, - უთქვამს მამა იოაკიმეს, - დავხუჭე თვალები - ალბათ ეს არის ჩემი აღსასრული-მეთქი. ახლოს მოვიდა, ცხლად შემომასუნთქა და წავიდა. ცოტა ხანში გავახილე თვალები და რას ვხედავ, დათვი ოთხზე დამდგარა და გზას ტკეპნის. მელოდა, მელოდა და რომ არ დავიძარი, მომხედა, თითქოს მითხრა, - რას შვრები, რატომ არ მოდიხარო. მივხვდი, რომ ღვთისგან იყო და გავყევი. როცა გამოქვაბული გამოჩნდა, დათვი ლაწალუწით დაეშვა ქვემოთ. შევედი ბერებთან, ფერი არ მედო. რაო, მამაო იოაკიმე, შეგაშინა დათვმაო? - მკითხეს ღიმილით".

ერთხელ მორწმუნემ, სახელად თამარმა, მეუდაბნოე მამებთან ნობათი და მოსახსენებელი გაატანა. მიაწოდა ბერებს მოსახსენებელი, მათაც ლოცვებში მოიხსენიეს. უკან რომ დაუბრუნეს, თამარი ცოცხლების სიიდან ამოეშალათ და მიცვალებულებში ჩაეწერათ. ილორში დაბრუნებულ მოძღვარს თამარი გარდაცვლილი დახვდა.

მამა იოაკიმეს რამდენიმე სულიერმა შვილმა იცოდა გამოქვაბულის გზა. ერთხელ მისკენ მიმავალი სანოვაგით დატვირთული ყმაწვილები სოხუმის მილიციას საეჭვოდ მოეჩვენა, დაიჭირეს და უფროსს მიუყვანეს. ბიჭები დუმდნენ. უფროსმა მათი დაპატიმრება ბრძანა. იმავე ღამეს მილიციის უფროსი მოულოდნელად საშინელმა ტკივილმა ლოგინად ჩააგდო. უეცრად ხილვით სადღაც, მიყრუებულ ადგილას, უცნობ ხალხში აღმოჩნდა. ვინ ხართ, აქ რა გინდათო, - ეკითხებოდა მათ. ღმერთს ვემსახურებით და ვლოცულობთო, - უპასუხეს. რა ღმერთი, რის ღმერთი! ხომ არ გაგიჟდით, სად არის ღმერთიო. უცნობებს უთქვამთ: "თუ ღმერთი არ არსებობს, ვინ ჩაგაგდო მაგ დღეში? გირჩევნია, ის დამწყვდეული ბიჭები გამოუშვა, თორემ განკურნებას ვერ ეღირსებიო". მართლაც, გონს მოსვლისთანავე უბრძანებია დაჭერილთა გაშვება და განკურნებულა. ამბობენ, შემდგომში ეს კაცი ფარულად ეხმარებოდა ეკლესიასო...

ეს ღირსი მეუდაბნოე მამები მამა იოაკიმეს გარდაცვალების შემდეგ პატრონობდნენ მათხოჯის დედათა მონასტერს. ერთ-ერთ სტუმრობას შეესწრო პატარა გოგონა, რომელიც წლების შემდეგ ჰყვებოდა: საღამოხანი იყო, მონასტერს სამი გრძელწვერა, საწყლად ჩაცმული კაცი მოადგა. ერთ მათგანს ფეხსაცმელების ნაცვლად ნაბადი ჰქონდა შემოხვეული. თავიდან გლახაკები მეგონა და ძალიან გამიკვირდა, როცა მონასტრის მცველი ავი ძაღლი მათ კუდის ქიცინით შეეგება.

დედა იღუმენიამ მუხლი მოუდრიკა მათ და კურთხევა ითხოვა, დიდი პატივით მიესალმნენ სხვა დედებიც. ერთი მათგანი მივიდა ეკლესიის კარებთან, ჯვარი გადასახა და ის თავისით გაიღო, არადა, დაკეტილი იყო და გასაღები მე მქონდა.

შევიდნენ ეკლესიაში და ათონიდან მათხოჯში გამოგზავნილი ღვთისმშობლის "ღირს არსის" ხატი მოილოცეს. შემდეგ ერთი მათგანი უსიტყვოდ შევიდა საკურთხეველში, შეიმოსა სამღვდლოდ და მწუხრ-ცისკრის ლოცვა დაიწყო. დაღამდა, ჩამობნელდა. სასწაული ის იყო, რომ ერთი სანთელიც არ აგვინთია, ტაძარი კაშკაშებდა. მწუხრ-ცისკარს წირვა მოჰყვა. რა თქმა უნდა, დედებიც აზიარეს. როცა ის სამღვდლოდ შემოსილი გამოვიდა ბარძიმით დიდი გამოსვლისას და მოხსენიება დაიწყო, დანარჩენ ორს ამბიონის წინ მუხლი მოედრიკა და ხელაპყრობილი ღაღადებდა: "ღმერთო, უშველე საქართველოს, ღმერთო, მოხედე საქართველოს..."

დიახ, დანო და ძმანო, ჩვენი მეუდაბნოე მამა-დედათა ლოცვით ფეხზე დგას საქართველო.
ბეჭდვა
1კ1