ისე უნდა ევედრო ღმერთს, რომ მლოცველის სულსა და ღმერთს შორის არავინ და არაფერი იდგეს
ისე უნდა ევედრო ღმერთს, რომ მლოცველის სულსა და ღმერთს შორის არავინ და არაფერი იდგეს
წმინდა ამბროსის წერილებიდან
"იცოდე, მამათა ნაწერებისამებრ, ისე არაფერს აღუდგება წინ მტერი, როგორც იესოს ლოცვას. ამიტომაც იპყარ იესოს ლოცვა, არ დაუტევო, განაგრძე მისი წართქმა ღვთის მოწყალებისა და შეწევნის იმედით. ძლერი უფალი და ზეციური დედოფალი დაგვიცავენ სულიერი მტრის მიერ მოწევნული ბოროტებისა და განსაცდელებისაგან".

* "ბაგისმიერი ლოცვისგან ხიბლში არავინ ჩავარდნილა, გონებისმიერი, გულისმიერი ლოცვა კი დამოძღვრის გარეშე სახიფათოა. ასეთი ლოცვა მოითხოვს დამოძღვრას, ურისხველობას, მდუმარებას და ყოველი უსიამოვნო შემთხვევისას საკუთარი თავის თავმდაბლურად განკითხვას. და რადგანაც გვაკლია მოთმინება, ურისხველობა და სიმდაბლე, ამიტომ ბაგეებით ლოცვა გვმართებს".

* "ჩივი, რომ ხმაური იესოს ლოცვაში ხელს გიშლის. რას იზამ, როცა კინოვიაში ცხოვრობ, შეუძლებელია სრულიად განეშორო ხმაურსა და საზრუნავს. ასევე მწერ, რომ ხშირად ბაგისმიერი ლოცვა არ ძალგიძს, გონებისმიერი ლოცვის დაწყებისა კი გეშინია, ვაითუ ხიბლში ჩავვარდეო. წმინდა გრიგოლ სინელი "სათნოებისმოყვარების" მე-7, უკანასკნელ თავში ხიბლზე ამგვარად წერს: "ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს არც ამოოხვრის და არც ღვთის მოწოდების. თუ ზოგიერთებს გონება აერიათ და გზას ასცდნენ, იცოდე, ეს სიამაყისა და თვითნებობის გამო ევნოთ. რამეთუ ვინც სხვების რჩევის დაჯერებით და სიმდაბლისმოყვარებით ეძიებს ღმერთს, მას არაფერი ევნება მადლით იესო ქრისტესი, რომელსაც ნებავს ყოველი კაცის ცხონება. თუ ღვთის დაშვებით ასეთი განსაცდელი შეემთხვევა, ეს მისი გამოცდისა და გვირგვინით შემკობისთვის ხდება, რომელსაც თან ახლავს შეწევნა ღვთისა. რამეთუ ვინც სიმართლით ცხოვრობს და ყველას პირუთვნელად ექცევა, განეშორება კაცთმოთნეობასა და მედიდურობას, როგორც მამები ამბობენ, თუნდაც აღდგეს მის წინააღმდეგ ეშმაკთა მრავალრიცხოვანი არმია, ვერაფერს ავნებენ. ხოლო ვინც თვითნებობითა და თავისი თავის იმედით მოქმედებს, ვნებასაც ადვილად შეემთხვევა".

ღირსი ანატოლი (ზერცალოვი) ოპტელის ცხოვრება
ცხოვრება. ღირსი ანატოლი 1824 წელს, ნათლისღებას დაიბადა დიაკვნის ოჯახში. წმინდა ალექსი ღვთისკაცის პატივად მას ალექსი დაარქვეს. ღვთისმოშიში მშობლები ნატრობდნენ, რომ მათი შვილი ბერად შემდგარიყო და მკაცრად ზრდიდნენ. კალუგის სემინარიის დამთავრების მერე ალექსის ღვთისმსახურის რამდენიმე ადგილი შესთავაზეს, მაგრამ მან სახელმწიფო პალატაში დაიწყო მუშაობა. თავისუფალ დროს დასთან ერთად წმინდა ადგილებს მოილოცავდა. ხოტკოვოს დედათა მონასტერი ისე მოეწონა, რომ დას ურჩია, იქ მონაზვნად აღკვეცილიყო.

მალე ალექსის ჭლექი შეეყარა და აღთქმა დადო, - თუ გამოჯანმრთელდებოდა, მაშინვე მონასტერში წავიდოდა. ასეც მოხდა. მშობლებმა სიხარულით დალოცეს ბერობის გზაზე შემდგარი.

ოპტის უდაბნოში ალექსი ზერცალოვი მონაზვნად აღიკვეცა და მას წმინდა ანატოლი კონსტანტინოპოლელის სახელზე ანატოლი უწოდეს. მამა მაკარმა შეიყვარა ახალბედა მორჩილი, მის გამოცდილ მზერას არ დაჰფარვია ცხონებისათვის მისი მოშურნეობა. როცა მონასტერში ღირსი ანატოლის სანახავად დედამისი მივიდა, მამა მაკარმა უთხრა: "კურთხეულო და კეთილო ქალბატონო, რა კარგ გზაზე გაუშვი ვაჟი". მამა მაკარი იესოს ლოცვას ასწავლიდა ანატოლის და ისიც ლოცვისთვის შორს, ტყეში განმარტოვდებოდა ხოლმე. რადგანაც მამა მაკარს ბევრი საქმე ჰქონდა, მისი კურთხევით, ღირსი ანატოლი წმინდა ამბროსის მიმართავდა ხოლმე. "ის უფრო სწრაფიაო", - ასე აუხსნა მამა მაკარმა თავისი გადაწყვეტილება (წმინდა მაკარი ენას უკიდებდა და შესაძლოა, ესეც იგულისხმა).

აი, ასეთ დიდებულ სულიერ გარემოში უფრო და უფრო წარემატებოდა ღირსი ანატოლი. თუმცა ღირსი მაკარი შემთხვევას არ უშვებდა მოწაფის დასამდაბლებლად. ერთხელ მონასტერს მღვდელმთავარი წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ეწვია. მან იესოს ლოცვის შემსრულებელ მონაზვნებთან გასაუბრება მოისურვა. მიუთითეს ღირს ანატოლიზე. მეუფე დიდხანს ესაუბრა ბერს, ბოლოს გაოცებულმა ბრძანა: "მიხარია, რომ ასეთ განათლებულ ბერს შევხვდი, რომელიც სულიერ საგნებშიც არის გამოცდილი და საერო მეცნიერებებიც იცის". ამ საუბრის შემდეგ მამა ანატოლი სკიტში მიმავალ მონაზვნებით და სხვა პირებით გარემოცულ ღირს მაკარს შეხვდა. "აბა, რა გითხრა მეუფემ?" - ჰკითხა მოძღვარმა. ანატოლი ჩვეული უბრალოებით ყველაფერს მოუყვა. მაშინ მამა მაკარმა ყველას თვალწინ მას ჯოხით ცემა დაუწყო: "ოჰ, შე არამზდავ, როგორ დაიჯერე, რომ ეს მართალია? მეუფე არისტოკრატია, ქათინაური თავაზიანობის გამო გითხრა, შენ კი დაიჯერე". ხოლო როცა ანატოლი წავიდა, მამა მაკარმა მასზე თქვა: "ფხიზელი მონაზონია, გონიერი, განათლებული".

მამა მაკარის გარდაცვალების შემდეგ მამა ამბროსი და მამა ანატოლი განსაკუთრებით დაუახლოვდნენ ერთმანეთს. სწორედ ღირსი ამბროსის წარდგინებით დანიშნეს ის სკიტის ხელმძღვანელად. მამა ამბროსი მას თავის უფროსს ეძახდა, შამორდინოს დედათა მონასტრის დაარსებისას მამა ანატოლი მისი ერთგული და საიმედო თანაშემწე იყო. დედათა მონასტრის სულიერი ხელმძღვანელობაც მამა ანატოლის ჩააბარა.

თვითონ მხურვალე მლოცველი მამა ანატოლი დედებსაც შთააგონებდა, მოუკლებლად ემეორებინათ იესოს ლოცვა და თან გულის სიწმინდე დაემარხათ. იესოს ლოცვას ცხონებისთვის ის მთავარ საშუალებად თვლიდა: "ყველაფერს სჯობია თქვენს ნორჩ გულებზე გამოხატოთ უფლის უტკბესი სახელი - ნათელმომფენი იესოს ლოცვა. მაშინ იგემებთ აღმატებულ სიხარულს და მხიარულებას! როცა გულში იესო განმყარდება, აღარ მოგინდება არც რომი, არც იერუსალიმი. რამეთუ თვით მეუფე, თავის ყოვლადწმინდა დედასთან და ყველა ანგელოზსა და წმინდანთან ერთად, მოვა და დაივანებს შენთანო".

ერთი მონაზონი წუწუნებდა, - ლოცვა მიჭირსო. მამა ანატოლიმ მას ურჩია: "მოუკლებლად იმეორე იესოს ლოცვა და ხელს აღარავინ შეგიშლის. ბევრ ხალხშიც რომ იყო, ვერ შეამჩნევ, კელიებში ნუ ივლი, ფუჭ საუბარს ნუ გააბამ. ტაძარში ანგელოზივით იდექი, ნუ დაიწყებ აქეთ-იქით ცქერას და საუბარს. ეკლესია ზეცაა მიწაზე. როცა ეკლესიაში მიდიხარ, "გიხაროდენი" იმეორე... ნურავის გაესაუბრები, თორემ იმ ჭურჭელს დაემსგავსები, რომელიც სავსე იყო და გზაში დაიღვარა. როცა ზიარებისთვის ემზადები, მაშინ უფრო გულმოდგინედ ილოცე იესოს ლოცვა. როცა საზიარებლად მიდიხარ, მაშინ განსაკუთრებით აკონტროლე შენი თავი, არავის გაესაუბრო და ფიქრებითაც არსად წახვიდე. დამშვიდებული გულით მიდი საზიარებლად, შემწედ შენი სულიერი მამის ლოცვებს მოუხმე".

ლოცვაზე ის ამბობდა: "ისე უნდა ევედრო ღმერთს, რომ მლოცველის სულსა და ღმერთს შორის არავინ და არაფერი იდგეს. მხოლოდ ღმერთი და სული, რათა მლოცველი, ღვთის გარდა ვერავის გრძნობდეს, ვერც ზეცას, ვერც მიწას, თორემ ლოცვა არასრულყოფილი იქნება. როცა კარგი გალობის ან წიგნის კითხვის შთაბეჭდილების ქვეშ ლოცულობ, ეს ლოცვა ჯერ არ არის ჭეშმარიტი. აი ჭეშმარიტი ლოცვა: წინასწარმეტყველი ილია თავმუხლმოდრეკით ლოცულობდა. რამდენიმე წუთში უფალი მოალბო და მან თავისი რისხვა წყალობად შეცვალა".

ღირსი ამბროსი წმინდა ანატოლის უდიდეს მამად და იესოს ლოცვის მუშაკად თვლიდა: "მას ისეთი ლოცვა (გონება-გულისმიერი) და მადლი მიეცა, როგორიც ათასში ერთს მიეცემა". მამა ანატოლიმ სიცოცხლის ბოლოს დაფარულმცოდნეობის და სულიერი დამმოძღვრელის ისეთივე მადლი მიიღო, როგორიც მის მოძღვრებს - მაკარსა და ამბროსის ჰქონდათ.

ღირსი ანატოლი თბილი და მოწყალე იყო, ყველას პატიობდა, მკაცრობდა მხოლოდ მაშინ, როცა ტაძარში საუბრობდნენ. ამბობდა: "როცა ტაძრში ცუდი გულისთქმები შეგაწუხებს, ერთი მაგრად იჩქმიტე, რომ გეტკინოს და გახსოვდეს, სად დგახარ".

ერთმა მონაზონმა შესჩივლა: "მეშინია, განსაცდელი შემემთხვევაო". წმინდა ანატოლიმ უთხრა: "იცხოვრე ისე, არავინ განიკითხო, ყველას კარგი მხრიდან შეხედე, არ უთვალთვალო ადამიანებს და ღმერთი დაგიფარავს. და კიდევ: ვინც კითხულობს იესოს ლოცვას, განსაცდელი არ შეემთხვევა".

მოსაგრე ცხოვრების გზაზე ამბობდა: "საშუალო გზაზე იარე, ნურც წინ გაიქცევი და უკანაც არ ჩამორჩე".

ერთხელ ერთმა დამწუხრებულმა დედამ დაიჩივლა, - რატომ წავედი მონასტერშიო. მამა ანატოლიმ მიუგო: "ერში რომ იცოდნენ, რა ძნელია მონასტერში ცხოვრება, ჯოხით რომ ეცემათ, მაინც არ წავიდოდნენ მონასტერში. ჯობდა სოფელში დარჩენილიყვნენ, თუნდაც ფეხშიშველებს ევლოთ. ხოლო რომ იცოდნენ, რამხელა ჯილდო ელოდებათ ზეცაში მონაზვნებს, მაშინ ყველანი დაუტევებდნენ სოფელს და მონასტერში გაიქცეოდნენ". არ უყვარდა, როცა ვინმე შეჭირვებისას სიკვდილს ნატრობდა და ამხილებდა მათ, ერთი შეაშინა კიდეც, - თუ გინდა, ვილოცებ და მოკვდებიო. "არა, არა, სიცოცხლე მინდა", - დაუწყო ვედრება მოწუწუნემ.

მამა ამბროსის გარდაცვალების შემდეგ მამა ანატოლი სწრაფად დასუსტდა. დაფიქრებული და მწუხარე, მძიმედ განიცდიდა თავის სულიერ ობლობას და გრძნობდა თავის აღსასრულს. 1894 წლის 25 იანვარს, 71 წლისამ მშვიდად ჩააბარა სული უფალს.

სასწაული. ერთი შამორდინოელი მონაზონი ჰყვებოდა: "მონასტერში მისვლისას ავად გავხდი. ექიმებმა გულის მანკი და ყელის კიბო დამიდგინეს. მითხრეს, მალე მოკვდებიო. სიკვდილი კი არ მინდოდა. მამა ანატოლიმ მითხრა: - ზიხარ თუ წევხარ, რაც შეგიძლია, იკითხე იესოს ლოცვა და ყველაფერი გაივლისო. ასეც მოვიქეცი და მისი წმინდა ლოცვით გამოვჯანმრთელდი. მას მერე 23 წელი გავიდა და ცოცხალი ვარ. მორჩილებას ძალისაებრ ვასრულებ, კელიაში ყველაფერს ჩემით ვაკეთებ, დიდი ჯანმრთელობით ვერ დავიკვეხნი, თუმცა ადრე კელიაში სიარულიც კი არ შემეძლო".

სწავლებანი. მივიღე შენი წერილი, დიდად სნეულო დაო ა.ა., დამწუხრებული მწერ, რომ კელიაში პატიმარივით ზიხარ, მაშინ როცა სხვები ტაძარში მიდიან. ესე იგი, დედაო, ივიწყებ ჩემს სურვილსა და შეხსენებას, რომ რაც შეიძლება დიდხანს, ხმამაღლა წარმოთქვა იესოს ლოცვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო რჩები. ამ ყველაზე ძვირფას დროს ის ფესვს გაიდგამს გონებაში. შენ კი გონებით დახეტიალობ და ამიტომაც გწყინდება. იესოს ლოცვა კი გულს ახალისებს...

ის, რომ ცუდად ცხოვრობ, სასოს ნუ წარგიკვეთს. დამდაბლდი და უფალი შენს სიმდაბლეს უფრო მეტად მიხედავს, ვიდრე დიდ ღვაწლს. მშვიდობა შენდა და კურთხევა უფლისა მიერ.

* არ დამვიწყებიხარ, მეც ძალიან გამიჭირდა, მთელი მარხვა არ დამისვენია. სიძვის ვნება ყველას ებრძვის, საზვერეებში სიძვის ეშმაკი ბნელეთის ძალების წინაშე იმით შეიქებს თავს, რომ ყველაზე მეტი ნადავლი მოუპოვა ჯოჯოხეთს. მოითმინე და შეწევნა ღმერთს სთხოვე. თუ დებს ეტყვი მათივე სიკეთისთვის, კარგია, ხოლო თუ დადუმდები, უკეთესია. ასწავლე, რომ ხელმძღვანელები უყვარდეთ და პატივს სცემდნენ, ჩვენს შრომას ღირსეულად და სამართლიანად შეაფასებენ საყოველთაო სამსჯავროზე. აიძულე თავი, დაო, რამეთუ საკუთარი თავის მაიძულებლისთვის არის გამზადებული სასუფეველი ცათა. ის გულისთქმები უნდა აღიარო, რომლებიც ყველაზე მეტად შეგაწყენენ თავს. გონებისმიერი ლოცვის ცოდნა ჯერ ადრეა, ჯერ მხოლოდ ბაგეებით შეასრულე: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

* დედაო, რაოდენ ძნელია მცირე ხნითაც კი ახლობლებთან დაშორება. რა ბედი ელით მათ, რომლებიც ბოლო ჟამს თავიანთი უფლისა და ღმერთის მარცხნივ აღმოჩნდებიან. აი მაშინ, საუკუნოდ, განუმეორებლად და უიმედოდ, ჩვენი სიხარული, ჩვენი ნათელი, ჩვენი ცხოვრება - მაცხოვარი ჩვენი, საუკუნო დიდებით, ანგელოზთა და წმინდანთა გუნდებით გარშემორტყმული, სამოთხის კარიბჭეს გაივლის და შევა ზეციურ იერუსალიმში, მაშინ ისინი (მარცხნივ მყოფნი) იხილავენ ცხონებულთა მხიარულებას, თვითონ კი წარვლენ ჯოჯოხეთის უფსკრულში და დაფარავენ მათ მთანი ისე, რომ ვერასოდეს გამოაღწევს მათ შორის მცირე რამ სხივი ნათლისა და არც ხმა უტკბესი იესოსი! იფიქრე ამაზე. თუ ხშირად იფიქრებ, აღარ იქნები ასე ჭირვეული, გაღიზიანებული და მოწყალედ მოეპყრობი დებს!

* მშვიდობა და კურთხევა უფლისა მიერ! შენი წერილიდან ძველებური წუწუნი მესმის - ვბერდები და ვნებები კი არ მშორდებიანო. სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაზე ამდენი იცხოვრე - 25 წელი, ვნებები კი ვერ აღხოცე! როგორ იქცევი? ვნებების მყრალ ნეხვის გროვაში იქექები, წარბს მაღლა ვეღარ ასწევ.

იყავი თუნდაც ცოდვილი, მაგრამ მდაბალი - და მშვიდად იქნები. მდაბალთ კი უფალი მოხედავს.

* მაკურთხეთ მე, წმინდანო დედანო და დანო! უპირველეს ყოვლისა, შენ, ღირსო დედაო ჩვენო იღუმენია თ... და ყოველნო ღირსნო დედანო და დანო!

მსურდა პირადად მოვსულიყავი თქვენთან, მაგრამ უძლურებამ მძლია... ნესტიანი ამინდია, ჩემი სნეულება კი იცით, ამიტომაც შემინდეთ!

გმადლობთ მოსალმებისა და უფლისმიერი სიყვარულისთვის. დიდად გამახარეთ ამით! კარგ ამბავს შევატყობინებ ჩვენს კეთილ მამას და მოძღვარს. იღვაწეთ!

უპირველეს ყოვლისა, დაემორჩილეთ უფროსებს... ვინც შეძლებს მუდმივად იაროს ღვთის ტაძარში - მასში ძევს ჩვენი ცხოვრება.

ნუ გამოტოვებთ საერთო ტრაპეზს. "საერთო ტრაპეზზე იარეთ, საყვარელნო, - ბრძანებს ისააკ ასური, - მალულად ტრაპეზობა კი მრუშობის ტრაპეზია".

დაიცავით მამათა გარდამოცემები: ნუ ივლით კელიებში, ნუ მიიღებთ ერისკაცებს, განაკუთრებით მამაკაცებს, ერთმანეთს შორის ნუ იმეგობრებთ - ჩვენ ყველანი ახლობლები ვართ და განსაკუთრებული სიახლოვე უკანონოა!

მაპატიეთ მე უღირსსა და ცოდვილს და მეც, მსახური თქვენი წინაშე ღვთისა, გპატიობთ უფალ იესო ქრისტეს სახელით. ნუ იჯავრებთ, რომ პირისპირ არ გესაუბრეთ: გული ჩემი თქვენთან არის, და თქვენთან იქნება, ვიდრე დაიცავთ ჩვენი ნეტარი მამების - მაკარისა და ლეონიდეს მცნებებს. მშვიდობა თქვენ და ცხონება.
ბეჭდვა
1კ1