გულწრფელად მლოცველებს სათხოვარი ორმაგად აღუსრულდებათ
გულწრფელად მლოცველებს სათხოვარი ორმაგად აღუსრულდებათ
XIII. მაკედონი. 6. ნადირობის მოყვარული ერთი სტრატეგი გასართობად იმ მთაზე ავიდა, სადაც მაკედონი ცხოვრობდა. თან წაიყვანა მონადირეები, ძაღლები და მარეკები. შორიდან როცა თვალი მოჰკრა მაკედონს და თანამგზავრთაგან შეიტყო, ვინც იყო ის, ცხენიდან ჩამოხტა, მივიდა მასთან და ჰკითხა: აქ როგორ ცხოვრობ და რას აკეთებო. მაკედონმა კითხვა შეუბრუნა: აქ რომ მომიხტი, შენ რის გაკეთებას აპირებო? სტრატეგმა უპასუხა, - სანადიროდ მოვედიო. მაკედონმა უთხრა: მე აქ ჩემს ღმერთს მოვინადირებ, ვცდილობ, მივწვდე მას მთელი გულით, მისი ნახვა მსურს და არასოდეს დავუტევებ ამ მშვენიერ ნადირობასო. გააოცა სტრატეგი პასუხმა და განეშორა.

7. სხვა დროს, როცა ბოროტი ეშმაკისგან გახელებულმა ქალაქმა ანტიოქიამ დაამხო სამეფო ძეგლები და ორი რჩეული მხედართმთავარი მიდიოდა ქალაქის აოხრების განაჩენის აღსასრულებლად, მაკედონი მთიდან ჩამოვიდა და ისინი მოედანზე შეაჩერა. მხედართმთავრებმა იცნეს, ვინც იყო, ცხენებიდან ჩამოხტნენ, მას ხელებსა და მუხლებზე ემთხვივნენ და უსაფრთხოებას დაჰპირდნენ. მაკედონმა მათი პირით მეფეს შეუთვალა: "თვით მეფე ასევე კაცია და აქვს მის განმარისხებელთა მსგავსი ბუნება. ამიტომაც მართებდა მრისხანება ბუნებასთან გაეთანაბრებინა, მან კი, უზომოდ განრისხებულმა, თავის გამოსახულებათა განადგურებისთვის ღვთის ხატებათა აღხოცვა ბრძანა, ბრინჯაოს ძეგლების გამო ცოცხალთ სიკვდილი მიუსაჯა. ბრინჯაოს ძეგლების აღდგენა ჩვენთვის ადვილია, მაგრამ თვით მეფესაც კი არ შეუძლია სიცოცხლე დაუბრუნოს მკვდარ სხეულს. რა სათქმელია სხეული, როცა თმის ერთი ღერის შექმნაც არ შეგვიძლია", - ეს ყველაფერი მაკედონმა ასურულ ენაზე წარმოთქვა. მხედართმთავრებმა თარჯიმანის დახმარებით მოისმინეს ნათქვამი და განცვიფრებულები დაჰპირდნენ, რომ მეფეს ყველაფერს სიტყვასიტყვით გადასცემდნენ.

8. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ეს სიტყვები ღვთის სულის მადლით იყო აღმოთქმული - განა მას წარმოთქვამდა გაუნათლებელი, სოფელში აღზრდილი კაცი, რომელიც მთის მწვერვალზე ბინადრობდა, სულიერი უბრალოებით ცხოვრობდა და საღვთო წერილიც კი არ ჰქონდა ნასწავლი? ამგვარად, ვაჩვენეთ რა მაკედონის მართალი კაცისთვის შესაფერისი სულიერი სიბრძნე და კადნიერება, რამეთუ "მართალი, ვითარცა ლომი მყვირალი" (იგავი 28,1), გადავიდეთ ამ კაცის სასწაულმოქმედებაზე.

9. ერთი კეთილშობილი კაცის ცოლს გაუმაძღრობის სნეულება შეეყარა: ერთნი ამ სნეულებას ეშმაკის მოქმედებით ხსნიდნენ, სხვები კი სხეულის უძლურებით. ქალი ყოველდღიურად 30 ჩიტს ჭამდა, მაგრამ შიმშილს ვერ იკლავდა. რა არ სცადეს, მაგრამ სნეულს არაფერი ეშველა. შეწუხებული ნათესავები თხოვნით მიადგნენ ღვთის კაცს. მაკედონი მათ სახლში მივიდა, ღვთისადმი ილოცა, მერე კი ხელი დასდო მიტანილ წყალს, იგი მაცხოვნებელი ჯვრის ნიშით დაბეჭდა და დალევა უბრძანა სნეულს. ამგვარად განკურნა მან სნეულება და დააცხრო უზომო მადა, ამის მერე ქალს ფრინველის პატარა ნაწილიც კი ჰყოფნიდა დასანაყრებლად.

10. ერთი გოგონა, რომელიც ჯერ გათხოვების ასაკს არ იყო მიღწეული, უეცრად ეშმაკეული გახდა. მამამისი მაშინვე ღვთის კაცთან გაიქცა და ევედრა ქალიშვილის განკურნებას. მაკედონმა ილოცა, ეშმაკს უბრძანა, სასწრაფოდ დაეტოვებინა გოგონა, მაგრამ ეშმაკმა უთხრა, აქ ჩემი ნებით კი არ ჩავსახლდი, არამედ მაგიური შელოცვითო. გაამხილა შემლოცველის სახელი და ჯადოქრობის მიზეზიც - თურმე მავანს შეჰყვარებოდა გოგონა.

11. მამა განრისხდა. აღარ დაელოდა ქალიშვილის გამოჯანმრთელებას და უმაღლეს მმართველებს მიმართა, მოუთხრო მომხდარი და ხსენებულ კაცს ბრალი დასდო. მოპასუხე ყველაფერს უარყოფდა და ბრალდებას ცილისწამებას უწოდებდა, მამა კი მოწმედ, არც მეტი და არც ნაკლები, ეშმაკს ასახელებდა, როგორც ჯადოქრობის იარაღს... გაიქცა მაკედონთან, დაარწმუნა ბერი და სასამართლოზე მიიყვანა. მსაჯული წამოდგა სავარძლიდან. მოსამართლე მაყურებლად გადაიქცა, რამეთუ მსაჯულად გამოვიდა დიდებული მაკედონი და გამოაჩინა მასზე დავანებული ღვთის ძალა: მან ბრძანა, ეშმაკს ჩვეული სიცრუე დაეტოვებინა და სიმართლე მოეთხრო. და აი, დიდებული ძალისგან იძულებულმა, დაასახელა როგორც კაცი, რომელიც მას ჯადოქრული სიმღერების საშუალებით მართავდა, ასევე მოახლეც, რომელმაც საწამლავი შეაპარა გოგონას. მან ასევე სხვა საქმეებზე ილაპარაკა - როგორ აიძულეს სხვა ბოროტმა ადამიანებმა და ერთს სახლი დაუწვა, მეორეს ქონება გაუნადგურა, მესამეს რაღაც დაუშავა... მაშინ ღვთის კაცმა უბრძანა გაჩუმება გოგონას და ქალაქის დატოვება. ეშმაკიც, როგორც მორჩილი მონა, მაშინვე გაქრა.

12. ამგვარად, ღვთის კაცმა გოგონაც გაათავისუფლა სიგიჟისგან და კაციც დაიხსნა სასჯელისგან - სჯობს კაცს საშუალება მისცე სინანულის მიერ ცხონებისაო.

13. ერთი კეთილშობილი ქალი, სახელად ასტრია, ჭკუიდან შეიშალა. თავისიანებს ვერავის ცნობდა, არც ჭამა უნდოდა და არც სმა. ამ სიშმაგეში კარგა ხანი დაჰყო. მის მდგომარეობას ზოგი ეშმაკის მოქმედებად თვლიდა, ექიმები ამბობდნენ, ტვინის ავადმყოფობით იტანჯებაო, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ქალის ქმარი (იგი გახლდათ ავოდიანე - კაცი ღირსეული, ქალაქის კურიის წევრი) ღვთაებრივ მაკედონთან მივიდა და მეუღლის განკურნება სთხოვა. ღვთის კაცი დათანხმდა, მივიდა მის სახლში და გულმოდგინე ლოცვა აღუვლინა ღმერთს. ლოცვის დასრულებისას წყალი მაცხოვნებელი ჯვრის ნიშით დაბეჭდა და ავადმყოფს მისი შესმა უბრძანა. ექიმები შეეწინააღმდეგნენ, - ცივი წყალი სენს გაუძლიერებსო, მაგრამ ქმარმა ავადმყოფს წყალი მიუტანა. როგორც კი ქალმა წყალი შესვა, მაშინვე გონს მოვიდა და ჯანსაღი აზროვნება დაუბრუნდა. სნეულებისგან დახსნილმა იცნო ღვთის კაცი და მარჯვენა ხელის მიცემა სთხოვა, ხელი თვალებზე მიიდო. ამის შემდგომ საღ გონებაზე იყო.

14. ერთი მწყემსი თავის დაკარგულ ცხვრებს ეძებდა. მაკედონის საცხოვრებლის მხარეს მოხვდა. ბნელი ღამე იდგა და ხვავრიელად თოვდა. მწყემსმა ნეტარი მაკედონის სიახლოვეს ანთებული ცეცხლი და ორი თეთროსანი ახალგაზრდა დაინახა, ცეცხლს შეშას უკეთებდნენ. უფლისადმი ცეცხლოვანი სიყვარულით იგი ასე შეიქმნა ღვთის შეწევნის ღირსი.

15. მაკედონი წინასწარმეტყველების მადლსაც ფლობდა. ოდესღაც მასთან ერთი სტრატეგი მივიდა, რომელიც ღვთისმოშიშებით ბრწყინავდა და უთხრა, - მათზე ვწუხვარ, ვისაც დედაქალაქიდან ჩემთვის სურსათ-სანოვაგე მოაქვს. 50 დღეა, ნავსადგურიდან გამოვიდნენ, მაგრამ მათზე არაფერი გვსმენიაო. მაკედონმა უპასუხა: "მეგობარო, ერთი გემი ჩაიძირა, მეორე კი ხვალ შევა სელევკიის ნავსადგურშიო". ის, რაც მხედართმთავარმა წმინდანის ბაგეთაგან მოისმინა, მალე საქმითაც დადასტურდა.

16. ცამეტი წელი ცხოვრობდა დედაჩემი მამაჩემთან და დედა ვერ შეიქნა: იგი უნაყოფო იყო და ბუნებით მოკლებული გახლდათ შვილთასხმის უნარს. თვითონ ღვთისმოშიშებაში აღზრდილი, დიდად არ ჯავრობდა თავის უნაყოფობაზე - მასში ღვთის ნებას ხედავდა. მაგრამ მამაჩემს უშვილობა დიდად აწუხებდა. ყველა წმინდა მამას ევედრებოდა, მისთვის ღვთისგან შვილი გამოეთხოვათ. ყველგან ჰპირდებოდნენ ლოცვას, მაგრამ არწმუნებდნენ, ღვთის ნებას დამორჩილებოდნენ; მხოლოდ მაკედონი დათანხმდა ლოცვას და დაჰპირდა, ლოცვა შეისმინება და ყოველთა შემოქმედისაგან ერთი ვაჟი შეგეძინებაო. გავიდა სამი წელი. დანაპირები არ ასრულდა და მამა იმავე სათხოვარით მივიდა ბერთან. მაკედონმა მეუღლის გამოგზავნა უბრძანა. დედაჩემს ღვთის კაცმა უთხრა, რომ შევედრებოდა ღმერთს და ბავშვი შეეძინებოდა. ოღონდ შვილი მისთვის უნდა მიეცა, ვინც აჩუქა. დედაჩემმა უთხრა, რომ ეძიებდა მხოლოდ სულის ცხონებას და გეენიის ცეცხლისგან დახსნას. მაკედონმა მიუგო: "უხვადმოწყალე ღმერთი მოგცემს მაგასაც და ვაჟსაც, რამეთუ გულწრფელად მლოცველებს მიეცემათ, სთხოვარი კი ორმაგად აღუსრულდებათ". დედაჩემი ოთხი წლის შემდეგ დაფეხმძიმდა და მივიდა ღვთის კაცთან იმის სათქმელად, რომ მისმა კურთხევამ ნაყოფი გამოიღო.

17. მაგრამ ფეხმძიმობის მეხუთე თვეს ნაადრევი მშობიარობის საფრთხე დაემუქრა. წასვლის თავი თვითონ არ ჰქონდა და კაცი გაგზავნა თავის ახალ ელისესთან იმის სათქმელად, რომ დედობის იმედი კვლავ დაეკარგა და სთხოვდა, გაეხსენებინა თავისი აღთქმა. მაკედონმა შორიდან მოჰკრა თუ არა მაცნეს თვალი, იცნო, ვინც იყო და მისი მოსვლის მზეზიც, რამეთუ უფალმა ღამით გაუმხილა დედის სნეულებისა და გადარჩენის შესახებ. აიღო კვერთხი და ჩვენთან სახლში მოვიდა, მიესალმა დედაჩემს და უთხრა: "სასოს ნუ წარიკვეთ და ნუ გეშინია - მაჩუქებელი თავის საჩუქარს არ ართმევს, თუ შენ არ დაარღვევ წაყენებულ პირობას, შენ ხომ დაჰპირდი ნაჩუქრის დაბრუნებას და ვაჟის ღვთისადმი მიძღვნას". პასუხად დედამ მიუგო: "დიახ, მე მსურს და შევთხოვ ღმერთს მოწყალებას, გამხადოს დედა. მაგრამ ნაადრევ მშობიარობას ვარჩევ შვილის რწმენისთვის უცხო სულით აღზრდასო". ღვთის კაცმა მას წყალი მისცა: "დალიე და ღვთის შეწევნას იგრძნობ". დედამ წყალი შესვა და ნაადრევი მშობიარობის შიშმა გადაუარა. ასეთი იყო სასწაული ჩვენი ელისესი.

18. თვითონ მეც მრავალგზის ღირსი შევიქმენი მისი დარიგებებისა და კურთხევისა. ის ხშირად მარიგებდა და მეტყოდა: "შვილო, დიდი გაჭირვებით დაიბადე. მრავალი ღამე გავატარე ლოცვაში მხოლოდ იმისთვის, რომ შენს მშობლებს შენი შობის მერე ეგ სახელი დაერქმიათ (თეოდორიტე "ღვთის საჩუქარს" ნიშნავს). ამ ღვაწლის შესაფერისად იცხოვრე. ჯერ კიდევ დაბადებამდე ღვთისთვის იყავი მიძღვნილი. ამიტომაც არ უნდა უგდო ყური სულის ბილწ მოძრაობას, მხოლოდ ის უნდა იფიქრო და თქვა, რაც მხოლოდ სათნოებათა სჯულისმდებლის - ღვთისთვის არის სათნო". ამგვარ რამეს ღვთის კაცი მუდმივად შთამაგონებდა. ვევედრები ღმერთს, რომ ნეტარი მამის ლოცვით მომანიჭოს ღვთაებრივი შეწევნა და დარჩენილი ცხოვრება წმინდანის მცნებებისამებრ გავატარო.

19. ამგვარად, საკმარისად ვთქვით, თუ როგორი იყო მაკედონი და როგორი ღვაწლით მოიპოვა ღვთის მადლი. სიკვდილის შემდეგაც მიეზღო მას თავისი შრომის სადარი პატივი, რამეთუ ანტიოქიის ყველა მოქალაქე მიასვენებდა მის წმინდა სხეულს მხრებით. მაკედონი ძლევაშემოსილი მოწამეების ტაძარში დაკრძალეს, ნეტარი აფრაატისა და თეოდოსის გვერდით. მისი სახელი კი ჩაუქრობელია და ვერანაირი დრო ვერ აღხოცს. ჩვენ აქ ვასრულებთ ამ მოთხრობას და მისი კეთილსურნელებით დავტკბებით.
ბეჭდვა
1კ1