"სარწმუნოებისაებრ შენისა გეყოს შენ"
"სარწმუნოებისაებრ შენისა გეყოს შენ"
წმინდა იოანე კრონშტადტელის შექმნილ თავშესაფარში მივიდა ერთი ქალი, რომელმაც თან თავისი დავრდომილი პატარა ვაჟი მიიყვანა. წმინდა იოანემ უთხრა: "სარწმუნოებისაებრ შენისა გეყოს შენ" და ბავშვი მაშინვე განიკურნა.

* გარეჯის მონასტერში ცხოვრობდა ერთი პატიოსანი მონაზონი. დასნეულდა და სამკურნალოდ სოფელში წაიყვანეს. იქაურმა მკურნალებმა ხელი ვერ მოჰკიდეს - აზრი აღარ აქვსო. საწყალმა მონაზონმა პირი კედლისკენ მიაქცია, გაიხსენა ეზეკია მეფის სნეულება და სულთქმა-ტირილი დაიწყო. მიეძინა და ჩვენებით თავი სიონის ეკლესიაში იხილა. კარიბჭესთან თავმოდრეკით მდგომარე ღვთისმშობელს ევედრებოდა. მაშინ თითქოს თავისი საფლავიდან აღდგა წმინდა იოანე მანგლელი (მის საფლავზე დიდი თეთრი მარმარილოს ქვა ასვენია, იქვეა სიონის ღვთისმშობელიც), მანტიით მოსილი ღვთისმშობლის ხატის წინაშე წარდგა. ხატიდან მომავალი ნათელი ეფინებოდა და წმინდა მღვდელმთავარი სნეულისთვის ევედრებოდა, მოიხედავდა და უჩვენებდა უკან მდგომარე ბერს. ღვთისმშობელმაც მოხედა ყოვლადბრწყინვალებით სნეულს. განათლდა გული და გონება ბერისა.

გაღვიძებულმა თავი უკეთ იგრძნო და საჭმელი მოითხოვა, განძლიერდა, მცირე ხნის მერე საერთოდ განთავისუფლდა სნეულებისგან.

* წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვება მღვდელმთავარ ზენონ ალავერდელზე (სამწუხაროდ, ის აქამდე წმინდანად არ არის შერაცხული): ერთ კაცს თვალთა სინათლე ნელ-ნელა მოაკლდა და ბოლოს დაბრმავდა. მეუფე ზენონი მისი ახლობელი იყო და ძალზე ებრალებოდა, რადგან მოწყალე სულისა გახლდათ. ერთხელ ლმობიერი სულით ილოცა, ბრმას თავზე ხელნი დააწყო, ხანგრძლივი ლოცვის მერე ორივე ხელით პატიოსანი ჯვარი დასახა და კაცს მყისვე თვალნი აღეხილნა.
ბეჭდვა
1კ1