თუკი გნებავს, ჩვენ შენი განკურნება შეგვიძლია
თუკი გნებავს, ჩვენ შენი განკურნება შეგვიძლია
უვერცხლოდ მკურნალთა კალივაში ცხოვრობდა მამა თეოფილაქტე, ძალზე უბრალო და წმინდა ბერი. სულიერი თვალით იგი ხშირად ხედავდა თავის მფარველ წმინდანებს, განსაკუთრებით - მოძღვრის სიკვდილის მერე. ერთხელ, როცა მელანქოლიის ვნებამოძალებულმა ჩაიძინა, იხილა, თითქოს კირიაკონისკენ მიდიოდა და გზად უზარმაზარი, ლომივით ძაღლი გადაეღობა. მან შეწევნისთვის წმინდა უვერცხლოებს უხმო. პირის გაღებაც ვერ მოასწრო, რომ იქვე გაჩნდა ორი ახალგაზრდა და ძაღლი შეიპყრეს, გაკოჭეს ჯაჭვით, მას კი უთხრეს: "ხედავ, როგორ შევკარით? ვერაფერს დაგიშავებს. ნუ გეშინია, წადი და დაეყუდეო". თან თეთრი, ქათქათა პური გადასცეს. ბერს გახარებულს გამოეღვიძა.

ერთხელ სასოწარკვეთილმა მამა თეოფილაქტემ დაინახა მისი კალივისკენ საუბრით მომავალი ახალგაზრდები. უცხონი ეზოს კარებს მოადგენენ და თქვეს: "ჩვენს სახლში ხომ არ შევიდეთ?" მართლაც, გაიღო კარი და ერთმანეთის მიყოლებით შევიდნენ შიგნით, თან თავიანთ ტროპარს გალობდნენ. წინ წმინდა პანტელეიმონი მიუძღოდათ, ახალგაზრდა, ქერათმიანი, დიდებული. აუყვნენ კიბეს და ზედა სართულზე ტაძარში შევიდნენ. იწყეს ტროპართა გალობა მათდამი მიძღვნილი ღვთისმსახურებიდან. გალობის დასრულების მერე კალივიდან გამოვიდნენ, აკურთხეს და ანუგეშეს მამა თეოფილაქტე, შემდეგ კი სკიტის ზედა ნაწილისკენ გაემართნენ. ამის მერე რამდენიმე დღე მამა თეოფილაქტე დიდ სულიერ სიხარულს განიცდიდა.

მას კუჭი აწუხებდა. ტკივილით გაწამებული ხშირად ევედრებოდა უვერცხლოდ მკურნალებს განკურნებას. ისინი ძილში გამოეცხადნენ: - მამაო, თუკი გნებავს, ჩვენ შენი განკურნება შეგვიძლია, მაგრამ არ გამოგადგებაო. ამან მამა თეოფილაქტე დაამშვიდა და მოთმინებით განაგრძო თავის ჯვრის ტვირთვა.
ბეჭდვა
1კ1