"სამშობლოს დროშა გულზე დაიფინე და ზედ არ შედექიო შვილოო..."
 "სამშობლოს დროშა გულზე დაიფინე და ზედ არ შედექიო შვილოო..."
24 მარტს არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშიძე თავის ინტერვიუში ამბობს:

"კომუნიკაცია მქონდა მეორე მხარესთან და შემიძლია, თითქმის ზუსტად გითხრათ, რაც არჩილ ტატუნაშვილს დამართეს. იგი დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ყოფილი სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა ავღანეთისა და ერაყის სამხედრო მისიებში და მისთვის უნდა დაებრალებინათ დივერსიული ჯგუფების შექმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ. მთავარი აქ ის იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილს ოკუპანტებისთვის ვიდეოკამერის წინ უნდა მიეცა "ჩვენება" და "ეღიარებინა", თითქოს დივერსიულ ჯგუფს ნამდვილად ქმნიდა.

ტატუნაშვილი ახალგორში აიყვანეს ოსებმა, რუსები იქ არ ყოფილან! არჩილ ტატუნაშვილი არის იმ ტიპის გმირი, როგორი გმირობაც გიორგი ანწუხელიძემ ჩაიდინა, ანუ არჩილ ტატუნაშვილი ვერაფრით აიძულეს, კამერის წინ ჩვენება მიეცა და ცემით მოკლეს!...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთელი ძალოვანი უწყებები რუსეთის შესაბამის სტრუქტურებშია გაერთიანებული.
ამდენად, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს!"

(ქაღალდის ნაგლეჯი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში, ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა იპოვეს, ცხინვალის ტელევიზიამ გამოაქვეყნა.)

შინდისის ერთ-ერთი გმირის, კაპრალ მიხეილ დვალიშვილის ლექსი, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილი გულით ატარებდა:

"სისხლის გუბეში მწოლარე სხეულს,
წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება
ჩამორეცხილი სისხლის წვეთები
ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება

ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა
და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით
ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე
სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით.

თვალებს დავხუჭავთ კაცურად ყველა
ახალგორს მაინც არავის მივცემთ
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ.

გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს
გადაეკვრება როდესაც ბინდი
ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს
დარჩება გვამი, უცნობი ბევრის.

ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა
ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს,
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება."

KARIBCHE

ასე დახვდნენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მის მშობლიურ სოფელში

პოეტი ნინია სადღობელაშვილი:
დედა - შვილის ცხედართან, ცრემლებგამშრალი ტირის: "სამშობლოს დროშა გულზე დაიფინე და ზედ არ შედექიო შვილოო..."
მამა - ზღურბლთან დგას, უძლურებისგან გაქვავებული, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა...
რამდენწლიანი კადრია, რამდენი წელია ამას ვხედავთ, ამ დედებს და ამ მამებს, ამ ცხედრებს, ამ ჩამტვრეულ დროს - შვილები როცა სიკვდილის უფსკრულებში ილეწებიან...
ყველა სიტყვა უმოქმედოა, ყველა შეგრძნება - დაბლაგვებული.
დიდება გმირებს.


მამა პეტრე კვარაცხელია:
არჩილის ხსოვნას

შენ მოერიე რკინის მარწუხებს,
და შეასრულე შენი პირობა...
ღრმა ჭრილობაზე მეტად გაწუხებს
შენი სამშობლოს ყველა ჭრილობა...

მოყვრად მოსული მტერიც ამხილე,
ქრისტეს შეხვდები, ბრძოლით დაღლილი.
ქსნის ერისთავთა ამოძახილებს,
ერთვის შენი ხმის ამოძახილი..."


KARIBCHE
სოფელი შინდისი
არჩილ ტატუნაშვილი შინდისის ბრძოლის დროს დაღუპული ერთ-ერთი ჯარისკაცის ჩაფხუტით ხელში...


ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:
ვერ დააჩოქეს, წამებით კლავდნენ და ბრაზი ახრჩობდათ, რომ თავადვე იყვნენ ამ სიკვდილით დამარცხებულნი. ფეხით გათელე სამშობლოს დროშაო - უბრძანეს, მან კი გულში ჩაიკრა და ეამბორა.
იმ ასი ათასს შეემატა ასი ათას მეერთე...
სიკვდილი, რომელიც დიდი გამარჯვების დასაწყისი გახდება!
ბეჭდვა
1კ1