როცა სულის ჭურჭელი წმინდაა, მაშინ ღვთის მადლი თავისთავად აღავსებს მას
როცა სულის ჭურჭელი წმინდაა, მაშინ ღვთის მადლი თავისთავად აღავსებს მას
ლოცვაზე. მამა ეფრემი, უპირველესად, მორჩილებას ასწავლიდა და აქცენტს სწორედ მასზე აკეთებდა. კითხვაზე, თუ როგორ მოეხვეჭათ ლოცვა და როგორ მოეპოვებინათ მადლი, მან უპასუხა: "როცა სულის ჭურჭელი წმინდაა, მაშინ ღვთის მადლი თავისთავად აღავსებს მას. მორჩილება შობს ლოცვას, ლოცვისგან კი ღვთისმეტყველება იბადება".

- მამაო, როგორ წავიკითხოთ იესოს ლოცვა, მთლიანად: "უფალო იესუ ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"?

- არა, არა, ეს დამღლელია, საკმარისია ხუთი სიტყვა: "უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე" და შენი სულის თრთოლასთან ერთად ჩამოშორდება მას სხვა სიტყვებიც და იტყვი: "იესუ ჩემო, შემიწყალე მე", ანდა "უტკბესო იესუ, შემიწყალე მე". სიყვარულით ავსებულმა შეიძლება იმ მდგომარეობას მიაღწიო, რომ მხოლოდ ამას ამბობდე: "იესუ... იესუ..." თუ ზეაღსვლის ღირსი შეიქმნები, მაშინ მყუდროებაში გაინაბები, თითქოსდა მხურვალე მადლისგან ექსტაზში ჩავარდნილი იყო, რომელსაც იგრძნობ კიდეც.

- მამაო, როგორი განწყობით უნდა ვილოცოთ: დიდებისმეტყველებით, სიხარულით, გულისშემუსვრილებით, მადლიერებით, მწუხარებით, სინანულით - უკეთესი რომელია?

- იმავე განწყობით, რომელიც სულს იმ მომენტში აქვს. გიხარია - ილოცე სიხარულით, სინანულს გრძნობ - ილოცე მონანიებით.

- თუ სულში არანაირი განწყობა არ არის და გონებასაც უჭირს ლოცვაზე კონცენტრირება?

- გონება ყოველთვის ცდილობს გაიქცეს. ჩვენი ამოცანაა - ის უკანვე დავაბრუნოთ. ლოცვა ჩურჩულით ანდა ხმამაღლა დაიწყე, ვიდრე გონებას არ მოიკრებ და ლოცვას ყურადღებით წართქვამ. მერე კი გონებით ვლოცულობთ, ბაგეშეურხევლად. ამასთან ერთად, გამოცდილება ასწავლის თითოეულს.

რაც შეეხება განწყობას, თუ არ გვაქვს, უნდა მოვიპოვოთ, შევქმნათ ჩვენს გონებაში ერთგვარი სულიერი ხატი, რომელიც სულს შეგვიმუსრავს: მაგალითად, ჯვარცმა ჩვენი უფლისა, რომელიც გვაიძულებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ევნო ჩვენთვის, არარაობათათვის, ღმერთკაცი. მე მრავალგზის წარმოვიდგენდი: თითქოს უკვე მოხდა მეორედ მოსვლა, ქრისტე და მისი ანგელოზები უკვე მიდიან და მე მიშორებენ თავიდან. მეშინია, რომ ქრისტესა და მის სამეფოს საუკუნოდ არ განვშორდე. რა უნდა ითქვას იმ წუთიერ ლოცვის განწყობაზე? შეჰღაღადებ სულით: "იესუ ქრისტე, მაცხოვნე მე!" და ცრემლები ღვარად მოგდის.

- ესე იგი, იესოს ლოცვისას გონებაში ერთდროულად მასაც ვაჩერებთ და ამგვარ სურათსაც?

- არა, მხოლოდ დასაწყისში ვიყენებთ ამ ხერხს სულის განწყობის გასათბობად. როცა იესოს ლოცვას დაასრულებ, წარმოთქვი აუჩქარებლად და ყურადღებით, გონებით არაფერი არ წარმოიდგინო, არც სიტყვა, არც სახე, არც ხატი.

- როგორ შევიტყობთ, რომ ლოცვაში წარვემატეთ?

- პირველი, რაც ლოცვას მოაქვს, სიხარულია. თავი უფლისწული გგონია. მერე კი ცრემლი ყელში გებჯინება, გინდა, მთელი სამყარო, სულიერი თუ უსულო, გულში ჩაიკრა. მოციქული პავლე ხომ ამბობს: "ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხაული, მშვიდობაი, სულგრძელობაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, მყუდროებაი, მარხვაი, მოთმინებაი" (გალ. 5,22).

- მამაო, შეიძლება საკუთარი სიტყვებით ვილოცოთ?

- მე ხშირად ასე ვიქცევი. საკუთარი სიტყვებით ლოცვა, სულიერი ხატები და წარმოდგენები, რომელზეც უკვე გითხარი და საეკლესიო ტროპართა მცირე ხნით გალობა - სულს ეხმარება სათანადო მდგომარეობაში მოვიდეს. მერე კი ეს ყველაფერი აღარ გჭირდება და მოშურნედ ამბობ: "უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!" ზოგჯერ, სულის სათანადო მდგომარეობისას, თვითონ მის სიღრმეებში იბადება სულიერი ცნებები და სულს ისეთი ლოცვა სწყურია, როგორიც მას სურს. მაშ, დაე განძლიერდეს!

- ეს არის გონებისმიერი ლოცვა, მამაო? როცა ვლოცულობთ, სუნთქვა უნდა გამოვიყენოთ?

- არა, ეს მხოლოდ დასაწყისია გონებისმიერი ლოცვისა. გონებისმიერი ლოცვა - ეს მადლის მოქმედებაა. ნეტავ ღმერთმა იგი ყველა ლოცვაში მოღვაწეს მისცეს! როცა სული მომზადებულია, ღმერთი მას გონებისმიერი ლოცვის სიმაღლეზე ასწევს. მანამდე კი იესოს ლოცვაში უნდა ვივარჯიშოთ, საიმედო საფუძვლად მორჩილება უნდა გვქონდეს. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ლოცვასთან შერწყმა აუცილებელი არ არის. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ლოცვა გულის დარტყმებს არ უნდა შევრთოთ, გულში უნდა მოვათავსოთ.

- მორჩილების გარეშე შეუძლებელია ლოცვა?

- ერთ მამას ორი მორჩილი ჰყავდა. ერთი მონდომებით მორჩილებდა და ძლიერი ლოცვა ჰქონდა, მეორე კი ურჩი იყო, მაგრამ ლოცვისას ცრემლად იღვრებოდა. გაოცებულმა ბერმა მოძღვარს ჰკითხა რჩევა. ამ ბრძენმა კაცმა - ცოტა ხანი მოიცადეო. მართლაც, მცირე ხნის მერე სანაქებო მორჩილმა ლოცვის მადლი იგრძნო, სიხარულით და ცრემლებით აივსო. მეორემ კი, რაც ჰქონდა, ყველაფერი დაკარგა.

- მამაო, რამდენ ხანს შეიძლება შევაკავოთ მადლმოსილი ლოცვა?

- მე მადლმოსილი მდგომარეობა სამი საათის მანძილზე მიგრძელდება, შემდეგ კი თანდათანობით იკლებს და მერე ლოცვას მშვიდად განვაგრძობ, ხშირად ვგალობ საკუთარ ანდა საეკლესიო საგალობლებს. ცოტას ვკითხულობ, მერე კი გათენებამდე ვისვენებ. ძმებს კი ვაკურთხებ, მსახურება ეკლესიაში აღასრულონ. უკვე მრავალი წელია, საეკლესიო ლოცვებს სკვნილზე ჩამოვილოცავ ხოლმე.

ფული. მამა ეფრემს ფული არ უყვარდა, გაურბოდა თანხის გადანახვას და მხოლოდ ღვთის იმედი ჰქონდა. ძველ დროში, როცა მონაზვნებს შორის ფულზე, განსაკუთრებით ოქროს მონეტებზე საუბარი მოისმინა, ილოცა, რათა ღვთისაგან შეეტყო, თუ რა გავლენა ჰქონდა ფულს ადამიანზე. ლოცვა დაასრულა თუ არა, წარმოიდგინა, რომ ხელთ ერთი ოქროს მონეტა ჰქონდა და თითქოსდა საკუთარ თავს უთხრა, - ამ ფულის ქონებით შესაძლოა ჯოჯოხეთში წახვიდეო და პასუხადვე შიგნიდან მოესმა: - დაე, წავიდე ჯოჯოხეთში, სამაგიეროდ ლირა მექნებაო.

ბუღალტრული უნარი მამა ეფრემს საერთოდ არა ჰქონდა, ანგარიშს, შემოსავალ-გასავალს საერთოდ არ იწერდა. კარადაში ეწყო კონვერტში ჩადებული ფული, რომელსაც, მიუხედავად საჭიროებისა, ხელს არ ახლებდა.

- მამაო, რატომ არ იყენებ ამ ფულს?

- ეს ფული ორმოცდღიანი მოსახსენებლისთვისაა, თოთოეული როცა ჩამთავრდება, მაშინ ავიღებ.

დიდი ხნის თხოვნის შემდეგ დაიყოლიეს ძმებმა, ეს ფული მოეხმარა. მაგრამ მას ყოველთვის ახსოვდა და ზრუნავდა, "როცა მოკვდებოდა, ვალი არ დარჩენოდა". ბევრი ადამიანი გზავნიდა ორმოცდღიან მოსახსენებელს, მაგრამ მამა ეფრემი მათ არ აერთიანებდა და თითოეულისთვის ცალ-ცალკე ლოცულობდა.

ერთხელ ერთი მონასტრის სახელგანთქმული იღუმენი ესტუმრა ძმებთან ერთად. მამა ეფრემმა ერთ-ერთ ძმას ჩანთაში რამდენიმე სეფისკვერის ბეჭედი ჩაუდო. შინ დაბრუნებულმა იღუმენმა იფიქრა, - არ არის კარგი, საწყალ მეუდაბნოეს არსობის პური წავართვათო და ბეჭდების საფასურთან ერთად სამადლობელი წერილი გაუგზავნა. მამა ეფრემმა კი პასუხად მისწერა: "მაპატიეთ, მაგრამ "იწრო ბჭე" განა მარტო თქვენ გიშლით ხელს შესვლაში?"

მომსვლელები. უდიდეს პრობლემად ექცა მნახველთა მოსვლა. მოდიოდნენ ცალ-ცალკე და ჯგუფებად. ყველას იღებდა, ანუგეშებდა. მაგრამ ცდილობდა, მათგან აღსარება არ მიეღო. თავს უცოდინრად ვგრძნობო, - ამბობდა შემდგომში, არ იცოდა, ზოგიერთი რამ ცოდვა თუ იყო. მომსვლელები ხშირად თავიანთ ოჯახზე, ცოდვებზე ეკითხებოდნენ. მათ იმ მოძღვრებთან გზავნიდა, რომელთაც ამის გამოცდილება ჰქონდათ. მამა ეფრემი ხუმრობდა ხოლმე: "ერთი თავის ცოლზე მეკითხება, მეორეც... გინეკოლოგი მნახეს!"

ზოგჯერაც ამბობდა, - ვაი იმ მონაზონს, ვისმა სახელმაც ათენამდე ჩააღწიაო და ღიმილით ეუბნებოდა მომსვლელთ, - იცით, ვინ არიან მთაწმინდაზე წმინდანები? მამა პაისი და მამა ეფრემიო. დროდადრო ამოიოხრებდა: - ეშმაკის დახმარებით და ღვთის სასჯელით წმინდანად შემრაცხეს და სიმშვიდე დავკარგეო.

ახალგაზრდა სახალხო მსაჯული და ლოცვა. 1980 წელს ბერს ერთი ახალგაზრდა სახალხო მსაჯული ეწვია. მუხლი მოიდრიკა და იქვე სკივრზე ჩამოჯდა.

- აბა, რას მეტყვი? - ჰკითხა ბერმა ახალგაზრდას.

- პრობლემები მაქვს, მამაო.

- ხშირად ამბობ აღსარებას?

- არა, მამაო.

- მაშინ, ცხადია, პრობლემები გექნება.

- თუ არაფერი მაქვს სააღსარებო?

- თუკი გეტყვი, აღსარებას იტყვი? აი, ქუჩაში გოგონა დაინახე და სიბილწე გაიფიქრე. აბა, რას იტყვი?

- კარგი, მამაო, აღსარებაზე წავალ.

კაცი წავიდა და რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდა.

- კეთილი იყოს შენი მობრძანება. რა ქენი, აღსარება თქვი?

- დიახ, მამაო.

- მოძღვარმა ზიარების უფლება მოგცა?

- მაკურთხა, რომ ორ კვირაში ერთხელ ვეზიარო.

ახალგაზრდამ დაიწუწუნა, - სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ლოცვისთვის ვერ ვიცლიო. ბერმა გაიღიმა და საქმის ცოდნით უთხრა: - მე შენ გაჩვენებ, როგორ ილოცო და მერე მითხარი, შეძლებ თუ ვერაო.

ბერმა ხელსაქმე გვერდით დაიდო. წამოდგა, ხელსაბანთან მივიდა და თქვა: "ახლა დილაა და ძილისაგან წამოდექი". წყალი მოუშვა, ხელ-პირის ბანა დაიწყო და თან იწყო ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". პირსახოცთან მივიდა, ხელები გაიწმინდა, თან ლოცვას განაგრძობდა. მერე კი ახალგაზრდისკენ მოაბრუნა ნათელი სახე და ჰკითხა:

- ასე შეგიძლია?

- დიახ, მამაო, - აღიარა განიარაღებულმა ყმაწვილმა.

- ყურადღებით იყავი, - განაგრძო ბერმა, - ეს ყოველდღე უნდა გააკეთო. ისე არა, რომ ორი დღე ილოცო და ორი დღე - არა. რადგან როგორც ამბა ისააკ ასური ამბობს: "დიდი ძალა აქვს მცირე სწრაფვას, რომელიც მუდმივად გრძელდება". აი, კიდევ რა: დარბაზში, სადაც სხდომები იმართება, თუ არის მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები?

- არის.

- ვიდრე საქმეს შეუდგები, მიბრუნდი მათკენ და უთხარი: "ქრისტე ჩემო, განმინათლე გონება, რათა ჩემი უსამართლობით ამ ადამიანთაგან ვინმეს არ ვაწყენინო". შეგიძლია ასე?

- დიახ.

სხვას კი უთხრა: "თუ კატუნაკის სიმყუდროვეში დღეში ას ლოცვას ვკითხულობთ, თქვენ კი ქალაქის ხმაურში, ოჯახსა თუ სამსახურში მოვალეობათა შესრულებისას - სამ ლოცვას, ჩვენ თანაბარ მდგომარეობაში ვართო".

ძმებმა ჰკითხეს მამა ეფრემს: - ერისკაცისთვის ასე მცირე რაოდენობით ლოცვა განა საკმარისიაო? უპასუხა: "თუ კაცი მიეჩვევა, თუნდაც მცირეოდენ ხანს, მაგრამ ყოველდღიურად ილოცოს, მაშინ სულში ნელ-ნელა სიტკბოებას იგრძნობს და ლოცვის დროის დადგომას დაუწყებს ლოდინს. ხოლო როცა გული დატკბება, კაცს მეტი მოუნდება".

ასე დაემართა ამ ახალგაზრდა მსაჯულს. ნელ-ნელა ისე შეუყვარდა ლოცვა, რომ მერე მთაწმინდაზე ბერად შედგა.
ბეჭდვა
1კ1