სიხარულით იღებდა უსამართლობას
სიხარულით იღებდა უსამართლობას
მამა პაისი ათონელს სწამდა, რომ უსამართლობის შეგნებულად დამთმენი კაცი ამ სიცოცხლეშივე მიიღებდა ღვთისგან არა მარტო სულიერ, არამედ მატერიალურ საჩუქარსაც, შესაბამისად ადამიანის მდგომარეობისა. 1971 წელს პირად წერილში იგი წერდა: "ერთ-ერთი შემთხვევიდან მე დავინახე ღვთის უსაზღვრო სამართლიანობა. მონასტერში მორჩილად შედგა გოგონა, რომელსაც ერში ფრიად უსამართლოდ მოექცნენ და მთელ მის ნაშრომს ცოდვილი ადამიანები მოიხმარდნენ. მორჩილებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სულიერ ჭვრეტას მიაღწია და განიცადა ღვთაებრივი საიდუმლოებანი".

ღვთაებრივი სამართლიანობა აქცია მამა პაისიმ თავისი ცხოვრების კანონად. ამიტომაც არა მარტო სიხარულით იღებდა უსამართლობას, ის მოქმედთ თბილად ექცეოდა, მათთვის ლოცულობდა და საჩუქრებსაც კი უგზავნიდა. ამბობდა: "ხშირად ვთვლით, რომ უსამართლოდ გვექცევიან, მაგრამ არსებითად, თუკი უსამართლოდ გვექცევიან, ამით სიკეთეს მოგვაწერენ. არავის შეუძლია გვავნოს თავისი უსამართლო დამოკიდებულებით, თუკი ჩვენ არ ვიქენით უსამართლონი საკუთარი თავის მიმართ, საკუთარ თავს უსამართლოდ ვექცევით მაშინ, როცა სულიერად არ ვცხოვრობთ. სულიერად კი მაშინ ვიცხოვრებთ, როცა ღვთის მცნებებს ვიცავთ".

* წმინდა ამბროსი ოპტელი ამბობდა, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ საკუთარ შინაგან ცხვრებას, მაშინ სხვის განკითხვასაც თავს დავანებებთ. იგი ერთ ეპიზოდს მოჰყვა ოპტელ მამათა ცხოვრებიდან: "ოპტის მონასტერში მოსულმა ერთმა მონაზონმა თქვა, რომელიღაც ეპისკოპოსს ქრთამად 5 ათასი მანეთი მივეცი, მეორე მღვდელმთავარს კი 3 ათასიო. მამები მდუმარედ დასჩერებოდნენ მიწას და თავიანთი სიმდაბლით შეარცხვინეს ყბედი. მოციქულმა ხომ თქვა, რომ ახალი ცა და ახალი მიწა მოგველის, სადაც განისვენებს სიმართლე. ესე იგი მიწაზე სიმართლე არ არსებობს. ამიტომაც ძალზე არ უნდა შეწუხდე, როცა დედამიწაზე უსამართლობას ხედავ".
ბეჭდვა
1კ1