მესროლეთ, მე ვარ საქართველო!
მესროლეთ, მე ვარ საქართველო!
* თუ ჩვენ ღვთაებრივი სიმართლის კანონებით არ ვიცხოვრებთ, მაშინ სულიერად ვერ წარვემატებით, არც ჩვენი ლოცვა შეისმინება. "ხომ ამდენი ადამიანი ლოცულობს განბრძნობილად! - ამბობდა მამა პაისი, - სამყარო აქამდე უნდა შეცვლილიყო. მაგრამ რადგანაც მასში არ არის სიმართლე და სამართლიანობა, ღმერთი ამ ლოცვებს არ ისმენს, მაშინ როცა ერთი მართალის ლოცვაც საკმარისია იმისთვის, რომ ღმერთი მოწყალე ექმნეს მთელ ერს".

* მამა გაბრიელი (ურგებაძე) ამბობდა: "ბერი უნდა იყოს მტკიცე, ისე უნდა იყოს ქრისტეს წინაშე სიმართლისთვის, როგორც მოღრიალე ლომი, ოღონდ ამას დამსახურება უნდაო". "მესროლეთ, მე ვარ საქართველო!" - შეუძახა ბერმა გაბრიელმა ზუგდიდში საბრძოლველად მიმავალ, სამოქალაქო ომში ჩართულ ქართველებს, ისინი და მათი ლიდერი (ჯაბა იოსელიანი) ტაძრიდან გამოყარა, ვითარცა "მოღრიალე ლომმა".

ერთხელ, იმ პერიოდში, სამთავროში მაღალიერარქი მობრძანდა. მამა გაბრიელმა იქ მყოფებს უთხრა, ფეხი არ მოიცვალოთო, თვითონ კი სენაკში "მოსასვენებლად" შევიდა. როცა იერარქმა ტაძარი მოილოცა და გარეთ გამოვიდა, სენაკის კარიც გაიღო, მამა გაბრიელი გამოვარდა, დოინჯშემოყრილი წამოვიდა, კიბის თავში დადგა და გვერდულად, ცალი თვალით გახედა ტაძრიდან გამოსულ და კიბესთან მომდგარ იერარქს. მერე კი თვალი თვალში გაუყარა... ის იყო მკაცრი და საშინელი! ეს პიროვნება უეცრად მოიხარა, თითქოს უცებ დაპატარავდა და შეშფოთებულ-შეშინებული მანქანაში სასწრაფოდ ჩაჯდა, მანქანაც მყისვე დაიძრა და ეზო დატოვა. ამის მოწმემ მამა გაბრიელს გაოცებულმა ჰკითხა:

- მამა გაბრიელ, როგორ შეეშინდა თქვენი?

მამა გაბრიელი მოტრიალდა, ზეცად ხელები აღაპყრო და თქვა:

- ჩემი არა, ღმერთის.
ბეჭდვა
1კ1