მართალი კაცი ქრისტეს წინაშე, როგორც პირდაღებული ლომი, ისე დგას
მართალი კაცი ქრისტეს წინაშე, როგორც პირდაღებული ლომი, ისე დგას
ერთი სულიერი შვილი ჰყვებოდა, რომ მამა გაბრიელის სენაკში ჯვარცმის ფერხთით პირდაღებული ლომის სურათი იდო. ჰკითხა, ეს რას ნიშნავსო.

გაბრიელ ბერმა პირჯვარი გადაისახა, ფეხზე წამოდგა და წარმოთქვა:

- მართალი კაცი ქრისტეს წინაშე, როგორც პირდაღებული ლომი, ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ, რომ იცის, მართალია. ღმერთს უყვარს ასეთი კაცი. იგი ქრისტეს ძმა არის, მას, როგორც ტოლსა და სწორს, უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან მონანი უფლისა, შვილნი უფლისანი და ძმანი უფლისანი.

***
დედოფალმა იუსტინამ უბრძანა ვინმე ექვთიმეს, წმინდა ამბროსი მედიოლანელი შეეპყრო და გადაესახლებინა. ექვთიმემ წმინდანის წასაყვანად მარხილი მოამზადა. მაგრამ მოულოდნელად, ღვთის მართლმსაჯულებით, მეფის ბრძანებით, ის ექვთიმე იმავე მარხილით სამშობლოდან შორს გადაასახლეს.

***
გარეჯელი მონაზონი აკაკი სხვებთან ერთად ტყვედ წაიყვანეს. ტყვეებმა ერთხელ ხელსაყრელი დრო ნახეს გასაქცევად და მასაც შესთავაზეს, გავიქცეთო. მან ეს კაცობრივ სიმართლედ ჩათვალა და ღვთაებრივი სიმართლისა შეეშინდა: "აბა, ეგ როგორ შეიძლება? ამას კი არ შევუპყრივართ, ამ წარმართმა ჩვენში ფული გადაიხადა და პურიც ამისა ვჭამეთ. თუ გავიქცევით, ფული დაეკარგება და ვაითუ ამის გამო ჩვენზე განრისხდეს უფალიო". რომ იხილა მისი სიწრფელე და მართალკაცობა, "მსწრაფლ განათავისუფლა ღმერთმან სათნომყოფელი თვისი".

***
სხვა არის კაცობრივი სიმართლე და სულ სხვაა ღვთაებრივი სიმართლე. აღათონ დიდი, ვიდრე გარდაიცვლებოდა, სამი დღე მუდმივად ზეცას შესცქეროდა.

- რას უცქერი, მამაო? - ჰკითხეს ბერებმა.

- ვდგავარ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, - უპასუხა დიდბერმა.

- ნუთუ შენ, ღვთისკაცსაც, ღვთის სამსჯავროსი გეშინია? - ჰკითხეს გაოცებულებმა.

- რამდენადაც შემეძლო, ღვთის მცნებებს ვიცავდი, - მიუგო მათ ბერმა, - მაგრამ როგორც კაცმა, არ ვიცი, სათნოვეყავი თუ არა ღმერთს.

- მამაო, შენ შენი კეთილი საქმეების იმედი უნდა გქონდეს.

- ვერ დავიმედდები, ვიდრე არ ვიხილავ უფალს, - ამოიოხრა ღირსმა აღათონმა, - რამეთუ ღვთის სასამართლო კაცთა სამსჯავროს არ ჰგავს.
ბეჭდვა
1კ1