სნეულებათა მკურნალი ღმერთია, რომელიც ყოველთვის მზად არის მორწმუნეთა ვედრების აღსასრულებლად
სნეულებათა მკურნალი ღმერთია, რომელიც ყოველთვის მზად არის მორწმუნეთა ვედრების აღსასრულებლად
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
IX. პეტრე. 3. დატკბა სასურველით, ანტიოქიაში მივიდა და იხილა ღვთისმოსავი ქალაქი და ეს უცხო მხარე მშობლიურს არჩია, თანამოქალაქეებად ჩათვალა არა თანატომელნი და ერთსისხლისანი, არამედ თანამოაზრენი, ერთმორწმუნენი და ისინი, ვისაც მისნაირი ღვთისმოსაობა ჰქონდა. გადაწყვიტა აქ დასახლებულიყო, მას არც კარვები გაუშლია, არც ქოხი აუგია, არამედ მთელი ეს ხანი სხვის აკლდამაში ცხოვრობდა, რომლის ზემოთაც დაფებისგან შეკრული ნაგებობა იყო, სადაც კიბით ასვლა შეეძლო ყველა მსურველს. აქ დაეყუდა პეტრე დიდი ხნით, იღებდა მხოლოდ ცივ წყალს და პურს, იმასაც დღეგამოშვებით...

4. ერთხელ პეტრესთან უგონო და შმაგი კაცი მოვიდა, რომელსაც არაწმინდა სული ტანჯავდა. ბერმა იგი ლოცვით გაათავისუფლა ეშმაკის ხელმწიფებისგან. განკურნებულმა წასვლა აღარ მოინდომა. პეტრემ ნება დართო დარჩენისა. ვიცნობდი ამ კაცს, ვხედავდი, რა მადლიერი იყო პეტრესი და მოწმეც გავხდი მათი ჩემზე საუბრისა. დანიელი (ასე ეძახდნენ განკურნებულს) ამბობდა, რომ მეც მონაწილე გავმხდარიყავი ამ კეთილმსხურებისა (ანუ მონაზვნობისა). მაგრამ ნეტარმა კაცმა ანგარიში გაუწია მშობლების ჩემდამი სიყვარულს და არ დათანხმდა. ხშირად დამისვამდა მუხლებზე და ყურძენსა და პურს მაჭმევდა. დედას გამოცდილი ჰქონდა მისი სულიერი მადლი და ნებას მაძლევდა, კვირაში ერთხელ მისგან კურთხევა მიმეღო.

5. დედაჩემს ეს მადლი სატკივარმა შეაცნობინა - თვალი ასტკივდა. ექიმებმა ვერა უშველეს რა. გაწამებულს ერთმა ნაცნობმა ქალმა ღვთის კაცსა და მის მიერ მოხდენილ ერთ სასწაულზე მოუთხრო: აღმოსავლეთის მაშინდელი მმართველის (ეს იყო პერგამოსი) მეუღლე ამავე სნეულებით იტანჯებოდა და პეტრემ ლოცვითა და ჯვრის ნიშით განკურნაო.

6. დედაჩემმა მაშინვე ისწრაფა ღვთის კაცისაკენ. მაშინ ის ოქროს სამკაულებს ატარებდა, ტანთ ეცვა აბრეშუმის ჭრელი კაბა, ახალგაზრდობით თავს იწონებდა - არ მოეპოვებინა სრულყოფილება სათნოებებში. ეს რომ შეამჩნია, ღვთისმოსავმა კაცმა იგი ჯერ კოხტაობის ვნებისგან განკურნა. დაარიგა: "შვილო, გამოცდილმა მხატვარმა სურათი რომ დახატოს და ყველას სანახავად გამოფინოს, მავანმა ფერწერის უცოდინარმა ამ სურათის შერყვნა მოინდომოს, იწყოს პორტრეტის შეცვლა, წარბებისა და წამწამების გაგრძელება, სახის გათეთრება და ღაწვებზე წითელი ფერი წაუსვას, განა სამართლიანად არ განაწყენდება მხატვარი მისი ხელოვნების ასეთი შეურაცხყოფისა და ყველა ცვლილების გამო? დამერწმუნეთ, - ბრძანა ნეტარმა, - რომ შემოქმედი ყოველთა და ჩვენი ბუნების შემქმნელი და მხატვარი განაწყენდება იმით, რომ მის გამოუთქმელ სიბრძნეს არასრულყოფილებას აბრალებთ: ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ არ იცხებდით წითელ, თეთრსა და შავ ფერებს, რომ არ ფიქრობდეთ, რომ იგი გაკლიათ. არ ვფიქრობ, რომ თქვენს სხეულს რაიმე აუცილებელი აკლდეს, მაშინ როცა შემოქმედს ერთგვარ უძლურებას აბრალებთ, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ იგი თავისი სურვილის სადარ ძალას ფლობს. რამეთუ, როგორც ამბობს დავითი, "ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ჰქმნა" (ფს. 134,6), და ყველას მხოლოდ სასარგებლო მიანიჭა და არ მისცა, რაც საზიანოა. ამიტომაც ნუ შერყვნით ღვთის ხატებას, ნუ ეცდებით, მიუმატოთ ის, რაც ყოვლადბრძენს არ მოუცია, ნუ გამოიგონებთ ყალბ სილამაზეს, რომელიც უმანკოებს განხრწნის და ვნება მოაქვს მნახველთათვის.

7. კეთილზნიანმა ქალმა ეს რომ მოისმინა, მაშინვე გაება პეტრეს ბადეში (რამეთუ იგი თავის სეხნია მოციქულივით ასევე თევზაობდა ცხონების ბადით). დაემხო მის ფეხებთან, იწყო ტირილი და თვალის განკურნებას შესთხოვა. ნეტარმა პეტრემ ვედრების პასუხად უთხრა, რომ ისიც კაცია, იმავე ბუნებისა, ცოდვებით არის დამძიმებული და ამიტომ არ აქვს კადნიერება ღვთის წინაშე. თვალცრემლიანმა დედამ შევედრა, - არ წავალ, ვიდრე არ განვიკურნებიო. მან უთხრა: "სნეულებათა მკურნალი ღმერთია, რომელიც ყოველთვის მზად არის მორწმუნეთა ვედრების აღსასრულებლად. ის ახლაც აღასრულებს შენს სათხოვარს ჩემთვის მადლმოუცემლად. შენ თუ გულწრფელი, მტკიცე და სრულიად დაუეჭვებელი რწმენა გაქვს, მაშინ დაემშვიდობე ექიმებსა და წამლებს, მიიღე ეს ღვთივმოცემული წამალი და გამოჯანმრთელდები", - ხელი თვალზე დაადო, მაცხოვნებელი ჯვრის ნიში გამოსახა და სნეულება უმალ გაქრა.

8. შინ დაბრუნებულმა დედაჩემმა გადაყარა ექიმებისგან გამოწერილ წამლები, მოიშორა მორთულობა და მას მერე იმ წესით იწყო ცხოვრება, რომელიც მკურნალმა განუსაზღვრა. ის მაშინ ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდა იყო, ოცდასამი წლისა. ამ ამბიდან შვიდი წლის მერე გავჩნდი მე. ხედავ, რამხელა სიკეთე მოუტანა მას დიდებული პეტრეს დარიგებამ, მან ორმაგი კურნება პოვა: ეძებდა სხეულის კურნებას და სულის სიჯანსაღეც მოიპოვა. აი, რა მოიმოქმედა სიტყვით, აი, რის გაკეთება შეეძლო მას ლოცვით!

9. სხვა დროს დედაჩემმა პეტრეს თავისი მზარეული მიუყვანა, რომელიც ბოროტი ეშმაკისაგან იტანჯებოდა. წმინდანმა ილოცა და ეშმაკს უბრძანა, გაემხილა, თუ რა მიზეზით ხელმწიფობდა ღვთის ქმნილებაზე. ეშმაკმაც, როგორც მკვლელმა ანდა მძარცველმა, მსაჯულის წინაშე წარმდგარმა, თავისი ჩვეულებისა და ნების საწინააღმდეგოდ, ყოველივე აღიარა: "ილიოპოლში ამ მონის ადრინდელი ბატონი ავად იყო და ქალბატონი ქმრის სასთუმალთან იჯდა. ახალგაზრდა მსახურებმა ისარგებლეს ბატონთა არყოფნით და იწყეს საუბარი ანტიოქიაში სიბრძნისმოყვარებით მოღვაწე მონაზონთა ცხოვრებასა და ხელმწიფებაზე, რომელიც მათ ეშმაკების მიმართ ჰქონდათ. შემდეგ ცეტებივით დაიწყეს მასხარაობა და ეშმაკეულებად თავის მოჩვენება. ამ მონამ თხის ტყავი მოისხა, თავი ბერად გამოაცხადა და მათი შეფუცვა დაიწყო. ამ დროს კართან ვიდექი, ვეღარ მოვითმინე მონაზონთა შექება, მოვისურვე გამომეცადა ძალა, რომელსაც მათ მიაწერდნენ. ამ კაცში ჩავსახლდი, რათა შემეტყო, თუ როგორ გამაძევებდნენ იქიდან მონაზვნები. ახლა ეს უკვე გავიგე. სხვა რამის გამოცდა აღარ მჭირდება. შენი ბრძანებით ახლავე გამოვდივარ". ეს თქვა ეშმაკმა, გამოვიდა მონისაგან და კაცმა კურნება პოვა.

10. სწორედ ასევე, ჩემმა გამზრდელმა დიდედამ პეტრესთან მიწათმოქმედი მიიყვანა, რომელიც ასევე ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი და ამ უბედურისთვის დახმარება შესთხოვა. პეტრემ ამ ეშმაკსაც ჰკითხა, საიდან იყო და როგორ დაეუფლა ღვთის ქმნილებას. მაგრამ ეშმაკი დუმდა. მაშინ ბერმა მოიდრიკა მუხლნი, დაიწყო ლოცვა და ღმერთს შესთხოვდა გამოეჩინა ძლიერება. მან დაასრულა ლოცვა, მაგრამ ეშმაკი კვლავ ჯიუტობდა და დუმდა ვიდრე მეცხრე ჟამამდე. ბოლოს პეტრემ უფალს მხურვალე და გულმოდგინე ლოცვა აღუვლინა, წამოდგა და ეშმაკს უთხრა: "პეტრე კი არ გიბრძანებს ამას, არამედ ღმერთი პეტრესი - მიპასუხე, რამეთუ გაიძულებს შენ ამას ძალა ღვთისა". ურცხვ მაცდურს წმინდანის სიმშვიდისა შერცხვა და ხმამაღლა შეჰღაღადა, და თქვა, რომ იგი ამანის მთაზე ბინადრობდა. ერთხელ დაინახა ეს კაცი - წყაროდან წყალს იღებდა და სვამდა. ამ კაცში დაბინავება მოისურვა. "განვედ მაგისგან, - უთხრა მას ღვთის კაცმა, - რამეთუ გიბრძანებს შენ ის, ვინც ჯვარს ეცვა მთელი სამყაროსთვის". ეს რომ გაიგონა, ეშმაკი გავიდა და მიწათმოქმედი გათავისუფლდა.

11. ბევრი რამ ვიცი ამ ნეტარზე, მეშინია მათი უძლურებისა, რომლებიც საკუთარი თავის მიხედვით მსჯელობენ და არ სჯერათ ღვთივსაყვარელ კაცთა სასწაულმოქმედებისა და მხოლოდ ორიოდ ამბავს მოვყვები.

12. იყო ერთი გარყვნილი ყოფილი სტრატეგი. მის მოახლეთა შორის იყო ერთი გაუთხოვარი გოგონა, რომელმაც დაუტევა დედა, ნათესავები და გაიქცა მოსაგრე დედათა საზოგადოებაში (ვინაიდან ქალები, მამაკაცების მსგავსად, მოსაგრეობენ და სათნოებათა სარბიელზე იღვწიან). სტრატეგმა შეიტყო ეს, დაუწყო დედამისს ცემა-წამება და ბორკილდადებული იმ დრომდე ჰყავდა დაჭერილი, ვიდრე მან არ გაამხილა ღვთისმოშიშ ქალთა სავანის ადგილსამყოფელი. კაცმა მოიტაცა გოგონა, შინ მიიყვანა და განცხრომა მოისურვა. მაგრამ მან, ვინც ფარაონი სასტიკად დასაჯა სარას გამო და ის უმანკოდ დაიცვა (შესაქმე 12,17), ვინც სიბრმავით განგმირა სოდომელები, როცა ისინი მწირთა სახით მოსული უსხეულო ანგელოზების შეპყრობას ცდილობდნენ (შესაქმე 19,11) - მანვე დასაჯა სიბრმავით სტრატეგი, მის ნადავლს კი ბადიდან გაქცევის ნება მისცა. როცა სტრატეგი საძინებელში შევიდა, ქალი, რომელსაც იცავდნენ, გაქრა და დაიმალა თავის სასურველ სავანეში. ამგვარად შეიტყო ამ უგუნურმა, რომ ვერ შეძლებდა დაუფლებოდა მას, ვინც ღმერთზეა დაწინდული და იძულებული გახდა, დამშვიდებულიყო და მეტად აღარ დაეწყო ძებნა მისსავე მიერ მოტაცებულისა, რომელიც ღვთის ძალით განეშორა მახეს.

13. მერე ქალი ძლიერ დაავადდა (კიბოთი): მკერდში გაჩენილი სიმსივნე საშინელი ტკივილით ტანჯავდა. ტკივილის გაძლიერებისას იგი დიდებულ პეტრეს მოუხმობდა ხოლმე და მისი სიტყვებით, როგორც კი წმინდა პეტრეს ხმა მოესმებოდა, ტკივილი უცხრებოდა. ამიტომაც იგი ძალზე ხშირად ეძახდა, რათა ნუგეში მიეღო. როცა ქალი გარდაიცვალა, პეტრემ იგი სადიდებელი ჰიმნებით გააცილა.

14. ასევე დედაჩემიც, რომელიც სიკვდილის პირას იყო მისული ჩემზე მშობიარობის მერე, ბებიაჩემის თხოვნით გამოიტაცა პეტრემ სიკვდილის ხელთაგან. როგორც ჰყვებიან, დედაჩემი დიდი სიცხით შეპყრობილი, თვალებდახუჭული იწვა და ახლობელთაგან ვერავის ცნობდა; ექიმებს იმედი დაჰკარგვოდათ, სახლეულნი კი ტიროდნენ და მის სიკვდილს მოელოდნენ. მაგრამ როგორც კი მოვიდა ეს კაცი, მოციქულის სხეულისა და მადლის ღირსქმნილი, დედაჩემმა მაშინვე თვალნი გაახილა, დაჟინებით შეხედა მას და კურთხევა სთხოვა. შეკრებილი ხალხი სიხარულით ხმამაღლა ატირდა.

ღვთის კაცმა უბრძანა ყველას, ლოცვაში მონაწილეობა მიეღოთ: ასე გამოჯანმრთელდა ტაბითა, როცა ქვრივები ტიროდნენ, დიდებულმა პეტრემ მათი ცრემლები შესწირა ღმერთსო (საქმე მოციქულთა 9,36-4), - ბრძანა პეტრემ. ქალებმა ილოცეს, როგორც მათ პეტრემ უბრძანა და პოვეს ის, რაც მან იწინასწარმეტყველა. დაასრულეს ლოცვა და დასრულდა სნეულებაც: ავადმყოფს მთელ სხეულზე ოფლმა დაასხა, ცხელების ცეცხლი დაცხრა და ამას გამოჯანსაღების ნიშნებიც მოჰყვა.

15. ასე სასწაულთმოქმედებს ჩვენს დროშიც უფალი თავისი მონების მიერ! ამ კაცის სამოსიც კი შეხებით ისევე მოქმედებდა, როგორც ღვთაებრივი პავლესი (საქ. მოც. 19,11-12). ამას გაუზვიადებლად ვამბობ და მისი ჭეშმარიტების მტკიცებულება მაქვს. მან თავისი სარტყელი ორად გაყო (მკვრივი ქსოვილისგან დაწნული ქამარი იყო ფართო და გრძელი). ერთი ნახევარი წელზე შემოიხვია, მეორე - მე შემომხვია. დედა კი, როცა მე ან მამა ავად გავხდებოდით, ყოველთვის ამ ქამარს გვადებდა და ვიკურნებოდით. თვითონაც იყენებდა ამ ქამარს თავისი ჯანმრთელობის აღსადგენად. ასევე ბევრ ნაცნობსაც, როცა შეიტყვეს ამის შესახებ, მუდმივად მიჰქონდათ ქამარი ავადმყოფთა დასახმარებლად. ყველასთვის ცნობილი გახდა ამ ბერში მოქმედი მადლმოსილი ძალის შესახებ. მავანმა გამოგვართვა ქამარი, უმადურად მოგვექცა კეთილისმყოფელებს და დაგვიკარგა. ასე დავკარგეთ სიწმინდე.

16. გააბრწყინდა ამგვარი სხივებით ანტიოქია და ამით პეტრემ თავისი მიწიერი ღვაწლი დაასრულა და მოელოდა მისთვის გამზადებულ ძლევის გვირგვინს. აქ დავასრულებ მასზე თხრობას და ვევედრები, რომ იმ კურთხევის ღირსი გამხადოს, რომლითაც მის სიცოცხლეში ვტკბებოდი.
ბეჭდვა
1კ1