მონაზონი ჭვრეტის სიმაღლეზე უნდა იდგეს
მონაზონი ჭვრეტის სიმაღლეზე უნდა იდგეს
მამა მინა ჩერნოგორიელი (გაგრძელება). იფიქრე კურთხეულ მოსაგრეებზე. ისინი მაძღარნი იყვნენ მცირე საკვებით და როგორც კი იხმევდნენ, მამა მინა მათ ეკითხებოდა: "რამე ჭამეთ?"

თვითონ კი მხოლოდ იმას ჭამდა, რაც მის მორჩილებს მორჩებოდათ - სამ-ოთხ კოვზს. ის ჭამდა მშვიდად, აუღელვებლად, რათა არავის ეფიქრა, რომ მშიერი იყო.

ვიდრე მოსაღამოვდებოდა, მამა მინა თავის მორჩილებს გულისმიერი ლოცვის ხერხებს ასწავლიდა და უხსნიდა, თუ რაოდენ დიდ ნაყოფს აძლევს ამგვარი ლოცვა სრულყოფილ მორჩილს.

ერთხელ, ამგვარი დამოძღვრისას, მამა ბიკენტი კრეტელს ჰკითხა, - ახლა რაზე ფიქრობ და გონებით სად ხარო. მან უპასუხა, ამგვარი გულისთქმა მაქვს: "რა კარგი იქნებოდა, რომ კრეტაზეც გამოჩნდნენ ამგვარი მოძღვრები. მაშინ მთელი ხალხი და იქაური მონასტრები გამოეთხოვებოდნენ იმ სიტლანქეს, რომლითაც გამოირჩევა ეს კუნძული".

მამა მინა შეეპასუხა: "უფალმა შეგიწყალოს! ეს საიდან მოგივიდა თავში. მამა ონუფრი კვიპრელის ბრძანებით გასწავლით და შენ კი კრეტაზე ფიქრობ. მამა ონუფრი არასოდეს ფიქრობდა ამსოფლიურ საქმეებზე, რადგან ყოველთვის განიკითხავდა საკუთარ თავს და როცა საუბრისას ჩემზე ვუყვებოდი, დიდი სიხარულით მისმენდა და არაოსოდეს მაწყვეტინებდა. შენ კი თავმაღლობით განიცდები და ერისკაცთა მასწავლებლობა გაქვს განზრახული.

ერისკაცებს თავიანთი მასწავლებლები ჰყავთ და ისინი წარუძღვებიან მათ სულებს ცხონების გზაზე. ჩვენ კი, ამ კლდეებს შორის დასახლებულებს, გვყავს მფარველი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა, წმინდა ანა. ჩვენ მისი მსახურები ვართ და მეტი არაფერი. როგორ არ შეგვემუსრება გული, საკუთარი თავის შემყურეს? თუკი მოვისურვებთ, მართალი ანა ჭვრეტის გზით აღგვამაღლებს არსებული მოვლენებიდან ღვთის უზადო ჭვრეტამდე.

ხოლო როცა მივაღწევთ ამ უზადო ჭვრეტას, მაშინ ვეზიარებით წმინდა გერონტისა და სოფრონის და ყველა წმინდათა ცხოვრებას, რომლებიც განმარტოებით ცხვრობდნენ სრულ მორჩილებაში. შეხედე მამა დამასკინს, რა სრულყოფილ სათნოებებს მიაღწია მან საკუთარი თავის განკითხვის წყალობით. იგი ღირსი შეიქნა, გაეხსნა ჩვენი კალივის გალავნის გარეთ მდებარე წმინდათა საფლავები და ბევრი იზრუნა იმ წმინდათა გადასვენებისათვის.

ამ ყველაფრის შესახებ მოკლედ გწერ. ხშირად ეზიარე ქრისტეს წმინდა საიდუმლოებას, იმ ტიპიკონის მიხედვით, რომელიც მე დაგიდგინე.

სახელდობრ: როცა გაემართები სკიტის ტაძრისკენ, ლოცვის დაწყებამდე "კურთხეულ არს მეუფებამდე", ნუ დაიგვიანებ, თორემ ლიტურგიის წინ მუშაკობას სიკეთე არ ექნება: ეს მუშაკობა - თავმდაბლური ფიქრი და თავის განკითხვა ძალზე სასარგებლოა.

პატიებას გთხოვ, რომ ახლა ბევრს გწერ და ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ შენი ცხონებისთვის ვზრუნავ.

იფიქრე იმაზე, თუ რა შემემთხვა ჩემი ურჩობის გამო. თუკი ადრინდელივით ვიცხოვრებდი, მაშინ მოვიპოვებდი უბრალოებას და უბოროტობას და იმის განხილვას არ დავიწყებდი, რაც სოფელში ხდება.

გთხოვ, ილოცე ჩემთვის, არარაობისთვის. შესაძლოა ჩვენმა ზეციურმა მფარველმა წმინდა ანამ მოიღოს წყალობა და აცხოვნოს ჩემი სული".

მას მერე, რაც მამა მინამ ძველელინური კილო ისწავლა, თავისუფალ დროს სხვას არაფერს აკეთებდა, წმინდა მამათა საღვთისმეტყველო და ასკეტურ თხზულებათა კითხვის გარდა. როცა ის ათონელ მოსაგრეთა ცხოვრებას კითხულობდა, მისი გონება სრულიად აღიტაცებოდა, მოშორდებოდა მიწიერ გულისთქმებს და აღიწეოდა მეშვიდე ზეცამდე. მამა ონუფრემ, ხედავდა რა, რამდენს კითხულობდა იგი, კითხვების დასმა დაუწყო. მაგრამ მამა მინა ყოველთვის პასუხობდა: "არ შემიძლია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა".

ერთხელ, როცა საჭმელს ჭამდნენ, მამა მინას უეცრად ხელიდან კოვზი გაუვარდა, ვინაიდან ამ წამს მისი გონება აღიტაცა ზეციური სიმაღლეებისკენ. როგორც კი გონს მოვიდა, მამა ონუფრემ თვალზე ცრემლმორეულმა და გულშემუსვრილმა კრძლავით ჰკითხა: "მამაო, შენ იცი, რომ კარიბჭის ღვთისმშობელმა მოგიყვანა ჩემთან. მხოლოდ ერთს გთხოვ: მასწავლე და მითხარი მე ღვითის სიტყვა, რათა იგი ნუგეშად მექცეს მწუხარებისა და სულიერი ტანჯვის ჟამს".

მამა მინა პატივს მიაგებდა მოძღვრის კეთილმოკრძალებას და ცრემლებს, არ შეეძლო მისი თხოვნა არ შეესრულებინა. მოძღვართან მისი ურთიერთობა ხომ მთლიანად საკუთარი გულისთქმებისა და ნების მოკვეთისგან შედგებოდა. მან განახვნა ბაგენი და თავმდაბლურად დაიწყო მისი სწავლება: "მამა ონუფრე, მონაზონთა ცხოვრება - ანგელოზთა ცხოვრებაა. თუმცა მონაზონი ხორციელი სხეულითაა შემოსილი, ის ყურად იღებს ჩვენს ძველ მამათა სწავლებებს და მაგალითების მიბაძვით მიწაზე მყოფ ანგელოზად შეიქნება. ლოცვის ანდა ტრაპეზობის ჟამს ის გაიხსენებს, თუ როგორ მაღლა იდგა ადამიანი და როგორ დაეცა თავისი ურჩობის გამო.

მონაზონი ჭვრეტის სიმაღლეზე უნდა იდგეს. ამგვარ უმაღლეს ჭვრეტას ჰქვია ზესთამშვიდობითი და ღვთისადმი სიყვარულისგან წარმოიშობა. როცა გონება მიაღწევს ღვთაებრივი სიყვარულის საფეხურს, მას უკვე აღარ შეუძლია ამქვეყნიური მშვიდობით დაკმაყოფილება. მას მხოლოდ ზესთამშვიდობით გონებასთან სურს ურთიერთობა, მადლობს და განადიდებს თავის გულში დავანებულ ყოვლადწმინდა სამება ღმერთს. ამგვარი ზეციური ჭვრეტა ხომ მონაზვნებს მთელი დღეები უგრძელდებათ, სხვებს კი თვალის დახამხამებაში განეშორებათ". "მამაო, ამიხსენი, რა არის გონების აღტაცება და ეს როგორ ხდება..." "მონასტერში დასახლებულმა მონაზონმა, - განაგრძო მსჯელობა მამა მინამ, - თავი არარაობად უნდა ჩათვალოს. მან უნდა იფიქროს, რომ მოძღვარი, რომლის მორჩილებაშიც ის არის, წარმოუდგენს მას ღმერთკაცის, უფალ იესო ქრისტეს ნებას, ამიტომაც ყურადღებით უნდა ისმენდეს ყველა მის რჩევას. ხედავ, რამხელა წყალობის ღირსი შეიქნა მოციქული პეტრე მეუფე ქრისტესადმი თავისი მორჩილების წყალობით. როცა მას იესომ ტბაში ბადის ხელახლა ჩაგდება უბრძანა, მან უთხრა: "მოძღვარო, მთელი ღამე ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ დავემორჩილები შენს ბრძანებას და ბადეს ჩავაგდებ". ასე წარმოთქვა მოციქულმა. მისმა მორჩილებამ, რომელიც შვილია სიმდბალისმოყვარეობისა, უხვი ნადავლი მოირეწა. ასევე მორჩილმაც, რომელსაც სურს შეიტყოს, თუ რა არის გონების აღტაცება და სურს დაივანოს ზესთასოფლიურ იერარქიათა სამყოფელში, უნდა დაუჯეროს თავის სულიერ მამასა და მოღვარსა, რომელსაც ღმერთმა მისი სული ჩააბარა.

მორჩილების წყალობით მოძღვრის მოწაფე თავდაპირველად განიწმენდს თავის გულს და მას ცრემლებით განბანს. ხოლო ცრემლნი სინანულისა მერმე გარდაიქცევიან ცრემლად სიხარულისა და მხიარულებისა და სული უკვე უმაღლესი მყუდროებისკენ ისწრაფვის. სულიერი მოძღვარი დარწმუნდება, რომ მისმა მოწაფემ თავი ანება ამგვარ განსჯას - "ასე რატომ და არა სხვანაირად", თავი ანება ამნაირად ფიქრს. მას ისე წყურია უფალი, ვითარცა ირემს "წყაროთა მიმართ წყალთასა". იგი შესთხოვს ყოვლადსახიერ ღმერთს, განუნათლოს გონება, როგორც სულის უმნიშვნელვანესი უნარი და უბოძოს მას, რაც აუცილებელია.

როცა მორჩილი ეკლესიაში დგას და უწმინდესი საიდუმლოს აღასრულების ჟამს "წმინდაო ღმერთოს" გალობა ისმის, იგი გრძნობს, რომ მისი სული ჯერ კიდევ სხეულში იმყოფება, გონებას კი მიწიერ საქმეებთან აღარაფერი აკავშირებს, შეუძვრელად დგას, ვითარცა აუმღვრეველი წყალი და სულიერი გახელების ჟამს ყველა ქმნილებას ისე ხედავს, როგორც თავიდანვე არსებობდნენ. განახლებული გონება სულისმიერ უსმენს საეკლესიო გალობას. მას ამავე დროს ესმის მირიადი და მირიადი ანგელოსთა ხმები, რომლებიც მეომარ ეკლესიასთან ერთობით სამწმინდა არსობის საგალობელს გალობენ. სული მისი აღფრთოვანდება და ხარობს, გონება კი ჭვრეტით დატკბება. ის ყოველივეს მიმოიხილავს და მიწაზე დაბრუნება აღარ სურს. ხოლო სადღაც მის გვერდით მოაღწევს გალობის სიტყვები: "რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით..." აი, პირველი ნიჭი სრულყოფილი მორჩილისა. მას თვალყურს აევნებენ მისი მოძღვარი, ძმები და თანამოსაგრე მამები და განცვიფრდებიან იმით, თუ როგორი დიდებული გონების აღტაცების ღირსი შეიქნა იგი. როცა ამგვარი აღტაცება ხდება, მისი ღირსქმნილი მონაზონი უდიდეს სიმშვიდეს მოიპოვებს და დიდი განსაცდელებიც კი იმდენად უმნიშვნელოდ ეჩვენება, როგორც ჩვენი ფერისცვალების ტაძრის გვერდით დავარდნილი ლომინის ხის ფოთოლი.

მიაქციე ყურადღება, როგორ მოიქცა წმინდა გრიგოლ პალამა თესალონიკელი. როცა საკვირაო წირვა სრულდებოდა, რომელიც დიდ ლავრაში ღამისთევის ლოცვას მოჰყვებოდა, იგი მაშინვე მიდიოდა. თან არც პურს და არც წყალს არ გაიყოლებდა, იგი წმინდა საბას სადაყუდებლო კელიაში მიდიოდა სალოცავად, რომელიც ახლა ცნობილია, როგორ წმინდა მღვდელმთავრის სამოსაგრეო ადგილი. აქ ის მთელი კვირა იყო დაყუდებული, გონებით კი ჭვრეტას მიცემული. მის შინაგან კაცს ღვთაებრივი სილამაზის გარდა სხვა აღარაფერი ანუგეშებდა.

როცა წმინდანი მონასტერში ბრუნდებოდა, სახე მზესავით უბრწყინავდა, ჩვენი მამები სიხარულით უცქერდნენ მას და ერთმანეთს ეტყოდნენ: "ხედავთ მორჩილების ნაყოფს? ხედავთ გონებისა და გულისთქმათა მოკვეთის ნაყოფს? იგი კონსტანტინოპოლში არხონტი იყო, მაგრამ გარეგნული სიბრძნის მცოდნესთან კი არ წავიდა სასწავლებლად, არამედ ბერთან, რომლის შინაგანი კაციც ღვთაებრივი სიბრძნით იყო შემოსილი. ეს სიბრძნე - გულისმიერი ლოცვა გახლდათ. თავისი სულიერი ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე სიცხეში ენას წვეთი წყლითაც კი არ გაიგრილებდა. და მან რამდენად დიდი მადლი შეიძინა! იგი ღირსი შეიქნა ანგელოზთა პურის ხმევისა, რომელიც ენატრება ყოველ კაცს. რა არის ანგელოზთა პური? უტკბესი სახელი მეუფე ქრისტესი, გულისმიერი ლოცვით გამეორება იესოს ლოცვისა.

ამიტომაც წმინდა მღვდელმთავარი გრიგოლი თავისი მაგალითით, იდუმალი მუშაკობით და გულისმიერი ლოცვით სულიერად ასაზრდოებდა ირგვლივ მყოფ მამებს. მრავალმა მისი მიბაძვაც იწყო".
ბეჭდვა
1კ1