ნეტავ, რომელი თეოდორე იყო, ტირონი თუ სტრატილატი?
ნეტავ, რომელი თეოდორე იყო, ტირონი თუ სტრატილატი?
სნეულება, ღვაწლი, საღვთო გამოცხადება. იშვიათია, რომ ვინმე ხანდაზმულობაში სნეულებით არ იტანჯებოდეს. სულიერი ადამიანებისთვის სნეულება კიდევ ერთი მადლმოსილი ასპარეზია ბრძოლისა, "რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განძლიერდები" (2 კორ. 12,10).

მამა ეფრემი ალერგიით იტანჯებოდა. გიმნაზიის დამთავრების მერე ჯარში გაიწვიეს, მაგრამ მარჯვენა ფეხზე ეგზემა ჰქონდა. ორი წლით გადაუვადეს ჯარში წასვლა და ასეთი დიაგნოზი ჩაუწერეს: "სჭირს ტროფიკული წყლული, რომელიც დროთა განმავლობაში იკურნება". სწორედ ამ გადავადების წყალობით აღმოჩნდა ის მთაწმინდაზე. სნეულება მთელ სხეულს მოედებოდა ხოლმე. რა წამალი და მკაცრი დიეტა არ სცადა, მაგრამ მოთმინება და შესაფერისი მოვლა თუ ახდენდა მხოლოდ ეფექტს. სიცოცხლის ბოლო წლებში განსაკუთრებით იტანჯებოდა. ამბობდა: "მე ღმერთისთვის განკურნება არ მითხოვია, მხოლოდ მოთმინების მონიჭებას ვევედრებოდიო".

მართლაც, რა ძნელი იქნებოდა, ამ დასნეულებული ფეხით ევლო წმინდა ანაში, ზღვისპირას, მთებზე... მოევლო ორი მოხუცი ბერისთვის. უნდა მოეზილა ცომი, ისიც თითებით, რადგან წყლის ერთი წვეთიც რომ მოხვედროდა ხელზე, აუტანელ ტკივილს ჰგვრიდა. ერთხელ მართლაც სიკვდილის პირას მივიდა. ეტყობა, ალერგიული ეგზემა სჭირდა. მთელი კანი გაწითლებული ჰქონდა, სხეული ჩირქოვანი მუწუკებით დაეფარა, რომლის ფხანისგან სისხლი სდიოდა. სახე დაუმახინჯდა, ქუთუთოები დაეხურა. ხშირად და ძლიერად უვარდებოდა კანკალი. ერთიანად იწვოდა (ეს მოხდა გერმანელების ოკუპაციის დროს). "აბა, თესალონიკში როგორ წავიდოდი ექიმის საძებნელად! - იხსენებდა მამა ეფრემი, - ტაძარში შევედი და ღვთისმშობლის ხატის წინ დავდექი, სტასიდიაზე. ცრემლები მდინარესავით მომდიოდა. "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, - დავიწყე ლოცვა, - შენ დაგვპირდი, რომ იქნებოდი ჩვენი მფარველი, მზრუნველი და ექიმი. გევედრები, აღასრულე შენი დაპირება..." მაშინვე ვიგრძენი, რომ გული სიმშვიდით ამევსო. ეკლესიიდან 10-12 მეტრის დაშორებით სამკერვალო სახელოსნო იდგა. იქითკენ გავემართე, გზაში სხეული გამიგრილდა. საკუთარ ხელს დავხედე - პატარა ბავშვის კანი მქონდა. ღვთისმშობელმა სასწაული მოახდინა. ამის მერე ტკივილი უკვე ასატანი გახდა.

მრავალი წლის მანძილზე, მამა ნიკიფორეს გარდაცვალებამდე, მამა ეფრემი ერთადერთი ახალგაზრდა მორჩილი იყო წმინდა ეფრემის კალივაში. დროდადრო მოდიოდნენ სხვებიც, მაგრამ იქაურობას ვერ ეგუებოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. თანაც, მამა იოსებმა ურჩია, არავინ მიეღო მამა ნიკიფორეს სიცოცხლეში. მოკლედ, დასნეულებული მამა ეფრემი საოჯახო საქმეებსაც ასრულებდა და საგარეოსაც. თვითონ იყო ტვირთმზიდიც, მზარეულიც, ეკონომოსიც, მებაღეც. საბერო კანონებსაც მოუკლებლად აღასრულებდა. მაგრამ ღმერთი არ ტოვებდა მძიმე წუთებში. ერთხელ ტყეში, ცივ წყლებთან მარტო მუშაობდა და სეფისკვერების ბეჭდების დასამზადებლად ბილიკისკენ ალვის ხის კუნძს მიათრევდა. სიმძიმისგან წელი ეტკინა. ამ დროს ვიღაც ყმაწვილი გამოჩნდა, რომელიც კუნძის გამოტანაში დაეხმარა და მერე უეცრად უკვალოდ გაქრა. მუშაობისას ყმაწვილმა უთხრა, თეოდორე მქვიაო. მამა ეფრემი ფიქრობდა: "ნეტავ, რომელი თეოდორე იყო, ტირონი თუ სტრატილატი?"

ერთხელ სამორჩილო საქმის გამო ქსენოფონტეს სკიტში წავიდა. დაფნიდან ფეხით გაემართა. თუმცა კი ამ მხარეს საერთოდ არ იცნობდა. კატუნაკელი მღვდელმონაზონი დაემგზავრა და არწმუნებდა, აქაურ ბილიკებს კარგად ვიცნობო. სკიტამდე მიაღწიეს თუ არა, თანამგზავრი უკვალოდ გაქრა. გაოცებულმა მამა ეფრემმა ესღა წამოიძახა: "დიდება შენდა, ღმერთო!"

მამა ეფრემს განსაკუთრებულად უყვარდა წმინდა ნექტარიოს ეგინელი. ლიტურგიაზე ხშირად დააბრძანებდა ხოლმე მის ხატს და წინ სანთელს აანთებდა. ხშირად მიდიოდა ხოლმე წმინდა ანას მცირე სკიტში, მამა გერასიმე ჰიმნოგრაფის კელიაში დიდი მღვდელმთავრის მირონმდინარე წმინდა ნაწილების თაყვანსაცემად. როცა ეკითხებოდნენ, წმინდა ნექტარიოსი ასეთი დიდი რატომ არისო, პასუხობდა: - იმიტომ, რომ დღესაც არ შეუწყვეტიათ მისი ცილისწამებაო. ერთხელ მამა ეფრემმა შეამჩნია, რომ საწყობში შენახულ ხორბლის მარცვალში ბეღლის გრძელცხვირა გამრავლდა. გაუჭირდებოდა ავადმყოფ ბერს ხორბლის გადარჩევა. წმინდა ნექტარიოსს შეევედრა, მის წმინდა ნაწილებზე ბამბა ჯვრის სახით დაფინა. მერე კი ფთილა ხორბალში ჩადო და ყველაფერი უფალს მიანდო. გამოხდა ხანი. საჭირო გახდა ხორბლის დაფქვა. აღმოჩნდა, რომ ხორბალი სრულიად გაწმენდილიყო, წმინდა ნექტარიოსს სასწაული მოეხდინა! ასევე დიდი სიყვარული ჰქონდა წმინდა დიდმოწამე მინასი და წმინდა ირინე ქრისოვალანდოსი. წმინდა მინას მაშინ ევედრებოდა, როცა რაიმეს პოვნა უნდოდა, წმინდა ირინეს კი მშვიდობის მოტანას შესთხოვდა იქ, სადაც აკლდათ.

ერთხელ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მღვდელმა, თავის მოშურნეობით მოისურვა, დიდხანს შეენარჩუნებინა ლიტურგიით მიღებული მადლი. კატუნაკელ მამებს სთხოვა, შეეწყვიტათ წირვის შემდგომ ლიტურგიის ცეცხლის გამნელებელი უბრალო საუბრები. მამებმა უარი უთხრეს. "გავცხარდი, - ჰყვებოდა მამა ეფრემი, - ორი-სამი დღე წყენისგან მაკანკალებდა. ბოლოს დიდი სულიერი მოძალებით ვილოცე: "წმინდაო ბასილი, წმინდაო თეოდორე სტუდიელო, წმინდაო ირინე ქრისოვალანდო, მე ვმოსაგრეობ, როგორც თქვენ მასწავლით, მაგრამ შედეგად ამგვარ მდგომაროებაში ვვარდები". სული მაშინვე მშვიდობით ამევსო ყველა მამის მიმართ და ვიგრძენი, რომ უდიდესი გამარჯვება მოვიპოვე.

"შენ ანგელოზი ხარ". რამდენიმე ხნით ადრე მამა ეფრემს უფლისგან ეუწყა იმ სნეულების შესახებ, რომელიც მამა ნიკიფორეს შეეყარა. როცა მამა ნიკიფორეს სნეულების პირველი სიმპტომები გამოაჩნდა, მამა ეფრემმა უფალს შესთხოვა, მოძღვრის ავადმყოფობა მისთვის შეეყარა. მართლაც, რამდენიმე დღე მამა ნიკიფორე თავს ჩინებულად გრძნობდა, მისი მორჩილი ეფრემი კი უკუნმა სიბნელემ მოიცვა. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით შეისმინა მისი უფალმა.

თანდათანობით მამა ნიკიფორემ მეხსიერება დაკარგა, მხოლოდ ეფრემსღა ცნობდა. ხშირად თითქოს პროსკომიდიაზე იხსენიებდა ათანასიას და სოტირისს, თავის მშობლებს. მამა ეფრემი ამის გამო ძალზე წუხდა, ბევრს ლოცულობდა, თავისსა და მოძღვრის საბერო კანონს მოუკლებლად აღასრულებდა. მას მოძღვრის კელიაში იატაკზე ეძინა და როცა ლიტურგიას ატარებდა, საკურთხეველში შეჰყავდა. ადრეც ეუბნებოდა მამა ნიკიფორე, რომ მისი მზრუნველობით კმაყოფილი იყო, ახლა კი აღაპყრო ხელნი და მამა ეფრემს მიმართა: "უფალმა გაკურთხოს! უფალმა გაკურთხოს! კაცი კი არა, ანგელოზი ხარ!" ნაცნობი ბერები ამბობდნენ: "მამა ეფრემი დიდი ხანი ელოდა ამ კურთხევას თავისი მოძღვრისა და მიიღოო". აქვე გვინდა ავხსნათ, თუ რას ნიშნავს "მოძღვრის კურთხევის მიღება". სიკვდილის წინ, როცა მოძღვარი ხედავს, რომ მორჩილი მოსაგრეა (სათნოა) და მის მცნებებს ასრულებს, აკურთხებს თავისი მორჩილის დარჩენილ სიცოცხლეს. მაგალითად, ეტყვის: "როგორც მე შენ მემსახურე, ისე გემსახურონ ანგელოზებიო".

მამა ნიკიფორე 1973 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა. მეორე დღეს მამა ეფრემმა ერთ-ერთ სულიერ შვილს მისწერა: "გწერ ამ წერილს, თუმცა ჩემგან უსულო სხეულიღა დარჩა. ჩემმა მოძღვარმა, ჩემმა კეთილმა მოძღვარმა შეისვენა. გუშინ ის დავკრძალეთ. ნუ დაიზარებ და ეს ამბავი მის ახლობლებს შეატყობინე".

ერთი სულიერი შვილი სალონიკში ზღვის პირას სეირნობდა. დაინახა ათონისკენ მიმავალი იალქნიანი გემი. ბაზარში გაიქცა და უგემრიელესი ვაშლით სავსე ყუთი გაუგზავნა მამა ეფრემს. მალე მან მისგან მადლიერებით აღსავსე წერილი მიიღო. თურმე მამა ნიკიფორეს ორმოცის აღსანიშნავად აღაპის სუფრა გაეშალა და ამ ვაშლით გაუმასპინძლდა კატუნაკელ მამებს (ვაშლი კი იშვიათი ხილი იყო იმ დროის კატუნაკისთვის).

მარტო. დარჩა მარტო მამა ეფრემი თავის მწარე მოგონებებთან ერთად. ნუგეშს ჰგვრიდა ხორციელ ძმასთან მიმოწერა, რომელიც ყველა საჭირო ნივთს უგზავნიდა. გაახსენდა მოძღვრის ნათქვამი, - ეფრემ, შენ ანგელოზები მოგემსახურებიანო.

500 ლირა, რომელიც მამა ნიკიფორეს გარდაცვალების მერე დარჩა, მოწყალებად გასცა თავისი მოძღვრის სულის საოხად, ორმოცამდე ორმოცი ლიტურგია აღასრულა. დილა-საღამოს ღვთისმსახურების დროც გაზარდა, მთლიანად მიეცა გარდაცვლილის სულისთვის ლოცვას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მამა ნიკიფორეს შეწყალებას შესთხოვდა. მადლმა იგი მრავალგზის მოიხილა. ბოლოს ეუწყა კიდეც, რომ მისი მოძღვრის სული ცხონდა.

მაგრამ განგრძობილი ლოცვისა და მარხვის გამო ჯანმრთელობა შეერყა. ერთხელ ნედლმა ცერცვმა მოწამლა. მამების დაჟინებული მოთხოვნით, სამკურნალოდ სალონიკში გაემგზავრა. ძალზე წუხდა, რომ ორმოცი წლის მერე ათონის მთის მიტოვება მოუხდა. ახლობლები ეუბნებოდნენ, რამხელა სიკეთეს მოუტანდა მისი სტუმრობა სოფელში მცხოვრებთ. მამა ეფრემი კი ამბობდა: "სანთელი ანათებს, მაგრამ თვითონვე იწვისო".

სალონიკში ყოფნისას მასთან უამრავი ხალხი მივიდა, მათ შორის ერთი დედაკაცი, რომელიც მამა ეფრემის ახლოს დაჯდა. "ეფრემ, მიცანი?" "ვერა", - უპასუხა ბერმა. "აბა, კარგად დამაკვირდი, მე შენი და ვარ, ელენე". ქალის გვერდით ერთი ბატონი იჯდა. "ეს ვინ არის, შენი ქმარია?" - ჰკითხა დას მამა ეფრემმა. კაცმა დაასწრო ელენეს: "ეფრემ, ვერც მე მცნობ? შენი ძმა ვარ, ეპომენონდი". მართლაც რომ ძალზე ამაღელვებელი იყო ორმოცი წლის უნახავ და-ძმასთან შეხვედრა.

როცა მამა ეფრემი კატუნაკში დაბრუნდა, ძველებურად მარხვა გააგრძელა.

- როგორ, კვლავ ორცხობილა უნდა ჭამო? - ჰკითხა გაოცებულმა "მეზობელმა ბერმა".

- რატომაც არა, ამდენი წელი ამით ვიკვებებოდი, ანდა მაკარონს მოვიხარშავ.

- ხომ ხედავ, ავად ხარ. თავს მიხედე, თორემ მალე მოკვდები. შენ რძე და ყველი გჭირდება...

- აქ ხომ კატუნაკია და სოფელში არ ვარ.

- დაბერდი. სოფელში ამდენი ადამიანი გემსახურებოდა და შენც რამდენს დაეხმარე. მიხვდი, როგორ სჭირდები ადამიანებს?

- სოფელში ხომ არ წავალ?

- რატომაც არა, მრევლი გეყოლება. რა, წერა-კითხვა არ იცი?

- როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე არ შემიძლია... არა, წავალ, მრევლს ავიყვან, - უეცრად თითქოს გონს მოეგო, - ოჰ, შე წყეულო ეშმაკო, რამდენი ხანია, რაც თავს დამესხი?!

"მეზობელი ბერი" გაქრა, მამა ეფრემმა ექვსი თვის მერეღა დაიბრუნა ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც სოფელში წასვლამდე ჰქონდა.
ბეჭდვა
1კ1