გმართებს სინანული, ღვთისადმი ვედრება
გმართებს სინანული, ღვთისადმი ვედრება
სულიწმინდის მადლით იყვნენ ავსებულნი ქართველი მამები, მათ უხვად ჰქონდათ წინასწარმეტყველების მადლი. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი:

დავითგარეჯის წინამძღვარი მამა სვიმონი (სინაურიძე) "იყო ფრიად ღირსი და წმიდათა შორის შესარაცხი. ამან სცნა სულითა", რომ მეფე თეიმურაზისა და ერეკლეს მხედრობა დამარცხდებოდა ჭარელთაგან და აუწყა მეფეებს, არ წასულიყვნენ მათთან საომრად, მაგრამ მათ არ უსმინეს და "იძლივნეს მათგან". ბოლოს ის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც მას "ღვთისმშობლისა ხატი გამოელაპარაკა".

იმერეთის აჯანყების ჩახშობის მერე რუსებმა მღვდელმთავარნი: ქუთათელი დოსითეოსი და გაენათელი ექვთიმე რუსეთში გადაასახლეს, თუმცა ნაწამები წმინდა დოსითეოსი გზაში მოუკვდათ და ანანურის ეკლესიაში დაკრძალეს. წმინდა ექვთიმე კი რუსეთში სვირის მონასტერში აღესრულა. "და აღსრულდა წინასწართქმული" წმინდა ანტონ ჭყონდიდელისა, რომელმანცა უწინასწრმეტყველა იმერთა სამღვდელოთა ესევითარის განსაცდელის მოსვლაი და თვით შეისვენა", - ეს ამბავი თვითმხილველს უამბია დავით ბატონიშვილისთვის.

იმერთა კათალიკოსს მაქსიმეს (აბაშიძეს) კიევში ახლდა ერთი ბერი, რომელიც მისი გარდაცვალების მერე სამშობლოში დაბრუნდა და რაჭის მთებში დაეყუდა, იგი დიდად მლოცველი იყო და საზრდელს კვირაში ერთხელ იღებდა. მასთან სათაყვანოდ მივიდა წმინდა მეფე სოლომონ II. ბერმა უთხრა: "მეფეო, ვიხილე ჩვენება: მოვიდა დიდი წითელი ვეშაპი, რომელმაც გშთანთქა შენ და მხოლოდ ფეხები გიჩანდა". იქვე განუმარტა ეს ჩვენება: "აღდგება შენი მეფობა და დიდ მწუხარებასა და განსაცდელს მიეცემი, გმართებს სინანული, ღვთისადმი ვედრება, რათა განეშორო ამ განსაცდელს, ხოლო შენი სამეფოს მცხოვრებნი "იქნებიან დიდსა ჭირსა და ვალალებასა", რადგან საშინელი სენი გაჩნდება და შიმშილობა ჩამოვარდებაო. მართლაც, მალე იმერეთში სენმა მოსახლეობა გაანახევრა.

ბაგრატ დევნოსაძე ჰყვებოდა ვარძიაში XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მათე ბერზე: - თუ სოფელში რაიმე სენი მძვინვარებდა, იგი არ უშინდებოდა და თვითონვე კურნავდა ხალხს. მათე ბერს თხის ტყავი ემოსა. ხშირად აგვიანდებოდა მონასტერში მისვლა და კარიც დაუკეტავთ, დილით კი იგი ყველას განსაცვიფრებლად თავისი სენაკიდან გამოსულა. გაკვირვებულებს პასუხობდა: "კარი ღია დამხვდა და შემოვედიო". 1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ხალხში ქადაგებდა უღმერთო ადამიანების გამოჩენაზე, რომლებიც დაანგრევდნენ ტაძრებს, აცდუნებდნენ და აწამებდნენ ხალხს და მოუწოდებდა ყველას, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნოებაზე. რევოლუციის შემდგომ მამა მათე წასულა ამ მონასტრიდან და მას შემდეგ არაფერი სმენიათ მის შესახებ.
ბეჭდვა
1კ1